logo_geo
ბაჩო წიკლაური: სოფელში უფრო მეტია, ვიდრე ქალაქში - არსად წავალ!
- +

27 თებერვალი. 2018. 00:28



ბაჩო წიკლაური გუდამაყრის სოფელ მაქართის დაწყებითი სკოლის მეექვსე კლასში სწავლობს. არა მხოლოდ კლასში, ის სკოლაშიც ერთადერთი მოსწავლეა. ბიჭუნას არც კლასელი ჰყავს, არც - სკოლელი. სამაგიეროდ, ჰყავს ორი მასწავლებელი...

 

- რომ გითხრან, ცირკშიც ხშირად ივლი, თეატრსაც ნახავ და ყველა სურვილი აგისრულდება, ოღონდ გუდამაყრიდან უნდა აიყარო და ქალაქში წამოხვიდეო, რას იზამ?

 

- არ წავალ. აქ უფრო მეტია, ვიდრე ქალაქში.


- რა არის მეტი?

 

- მთები - მშვიდი და ძლიერი... ვუყურებ და ხანდახან ვფიქრობ, რომ მეც მთა ვარ, ოღონდ პატარა და თუ აქედან წავალ, დიდი ვერ გავიზრდები.

მთები არ ტოვებენ თავის ადგილს, თუ დატოვებენ, ჩამოიქცევიან...


- ვინ უნდა გამოხვიდე დიდობაში?


- ჯარისკაცი.


- რად გინდა ჯარისკაცობა, უნდა იომო?

 

 

 

 

 

- მარტო ომისთვის უნდა იყო ჯარისკაცი? დავიცავ ამ მთებს და მთელ გუდამაყარს, მესაზღვრე ვიქნები.


- საზღვარი რა არის?

 

- ეზოს ღობესავით არის, მაგრამ ღობე შეიძლება მოშალო, საზღვარს კი ვერ მოშლი.


- რატომ?

 

- საზღვარი შენს სამშობლოს იცავსო, მამამ თქვა, ღობე კი ეზოს, რომელიც შეიძლება ძმას გაუყოო...


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი