logo_geo
„ძალიან აფორიაქებული ვარ...“ - კომპოზიტორ ნოდარ ნიკოლაიშვილს ვარსკვლავს უხსნიან
- +

28 თებერვალი. 2018. 16:40



5 მარტს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ კომპოზიტორ ნოდარ ნიკოლაიშვილს ვარსკვლავს გაუხსნიან.


არაერთი ცნობილი სიმღერის ავტორს ხუთი საავტორო და საიუბილეო კონცერტი აქვს ჩატარებული. სამი მათგანი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართა, ერთი - ოპერის თეატრში, ორს კი მუსიკალურმა ცენტრმა „ტრიუმფმა" უმასპინძლა.


5 მარტს თბილისის „ივენთ ჰოლში" ნოდარ ნიკოლაიშვილის სიმღერებს კიდევ ერთხელ შეასრულებენ მომღერლები მერაბ სეფაშვილი, ნუგზარ კვაშალი, ეკა კვალიაშვილი, ლელა წურწუმია, მიშიკო ზაქარიაშვილი, თათია გიორგობიანი, მამუკა ონაშვილი, ზურაბ კობეშავიძე, ნინო ძოწენიძე, ზაზა მამალაძე, ტატო გოდერძიშვილი, „4 გია" და ანსამბლი „იმერეთი".


საესტრადო სიმღერების გარდა, კონცერტზე წარმოდგენილი იქნება ნაწყვეტები კომპოზიტორის ოპერიდან „ხვედრი მეფისა", რომელიც ერეკლე მეფეს ეძღვნება. ფრაგმენტებს ოპერიდან შეასრულებენ ოპერის მომღერლები სულხან გველესიანი, ხათუნა ჭოხონელიძე, ჯარჯი ასათიანი და თამაზ საღინაძე. კონცერტზე დაუკრავს ბენდი ირაკლი მენთეშაშვილის, გია მაჭარაშვილის, მერაბ სანოძისა და თეიმურაზ ნიკოლაიშვილის შემადგენლობით.


ნოდარ ნიკოლაიშვილისთვის ვარსკვლავის გახსნის ინიციატივით კულტურის პალატას საქართველოს ეროვნულმა აკადემიამ მიმართა. ბატონი ნოდარი უკვე წლებია ამ აკადემიის ნამდვილი წევრი-აკადემიკოსია.


როგორია წინასაკონცერტო სამზადისი და რა პროგრამით წარსდგება მსმენელის წინაშე კომპოზიტორი, ამ თემებზე „ახალი თაობა" ნოდარ ნიკოლაიშვილის ესაუბრა.


- ჩემთვის ვარსკვლავის გახსნის ინიციატივით ეროვნულმა აკადემიამ ისე მიმართა კულტურის პალატას, რომ მე არაფერი ვიცოდი. ყველაფერი მაშინ გავიგე, როცა უკვე ფაქტის წინაშე დავდექი. არასდროს მიფიქრია ვარსკვლავის გახსნაზე. ახლა კი, რადგან ქალაქში ყველამ გაიგო, უარის თქმა აღარ გამოდიოდა.


- როგორია წინასაკონცერტო განწყობა?

 

- ძალიან აფორიაქებული ვარ, ამხელა აუდიტორიის წინაშე წარდგენა არ არის მარტივი საქმე. გამალებული სამზადისია. ბევრი ადამიანი მეხმარება და სასწაულებს აკეთებს. არ მინდა, ვინმე გამომრჩეს, ამიტომ ჩამოთვლას არ დავიწყებ და მადლობას გადავუხდი ყველას, ვინც მცირე წვლილი მაინც შეიტანა ჩემი ვარსკვლავის გახსნის ინიციატივასა და კონცერტის ჩატარების ორგანიზებაში.

 

- როგორ შეარჩიეთ ამდენი ნაწარმოებიდან საუკეთესოები?

 

 - ეს ყველაზე მძიმე საკითხია. ჩემი მეუღლე მუსიკოსია და საკონცერტო პროგრამაზე მუშაობის დროს სახლში ვხოცავთ ერთმანეთს. ჩემს შვილსაც კარგად ესმის მუსიკა, ამიტომ... საკონცერტო პროგრამა მინიმუმ 15-ჯერ ავატრიალე. არადა, პროგრამის დალაგება უმნიშვნელოვანესია. როგორც იქნა, დავლაგდი და არაფრის შეცვლას აღარ ვაპირებ. საკონცერტო პროგრამაში ყველა ცნობილი სიმღერა შევიტანე, რომლებიც მაყურებელს განსაკუთრებით უყვარს.


- თუ შეიცვლება თქვენთვის რამე ვარსკვლავის გახსნის შემდეგ?

 

- სულ ამას ვამბობ და ახლაც გავიმეორებ: ჩემი მეგობრების ვარსკვლავი ვარ პიროვნულადაც და მეგობრულადაც ისევე, როგორც ჩემი მეგობრები არიან ჩემი ვარსკვლავები. ყველაზე ვიცი, რომ მათ ძალიან გაუხარდებათ. ცუდი არ არის, ვარსკვლავს რომ გაგიხსნიან, მაგრამ, რომ გითხრათ, თავს ვიკლავდი და ოდესმე ამაზე მიფიქრია-მეთქი, ასე ნამდვილად არ ყოფილა. ვინც მიცნობს, იცის, რომ არ მიყვარს საზოგადოების შეწუხება, არც ჟურნალისტებს ვაწუხებ ხოლმე, ჩემი დისკი გამოაქვეყნეთ, ჩემზე დაწერეთ-მეთქი.


- თითქმის არასდროს ჩანხართ ტელევიზიებში...


- ტელევიზიებში, რომლებიც არაქართულზე მუშაობენ, იქ არაფერი მესაქმება და ალბათ, არც ჩემი თაობის კომპოზიტორებს, რომლებიც ქართულ სიმღერას წერენ. ახლანდელებს არ უნდათ ქართული არაფერი, მაშინვე ინგლისურად იწყებენ სიმღერას, გეგონება, ეს იყოს მათი დედა ენა. ინგლისელზე კარგად ვერავინ ვერცერთ პროექტში ვერ იმღერებს მათ სიმღერებს. ჯობია, ქართველებმა ქართული ვიმღეროთ.


ის კი არა და, ერთი-ორ მაგარ მომღერალს რომ ვუთხარი, ქართული სიმღერა ჩავწეროთ-მეთქი, პირდაპირ მითხრა, მიჭირს და ვერ ჩავწერ, არ გამომივა და ხომ არ გაგიფუჭებ სიმღერასო.


- ახლა დაიწყო „რუსთავი 2"-მა პროექტი „მხოლოდ ქართული".


- და ამას მხოლოდ მივესალმები. აღარ შეიძლებოდა ასე გაგრძელება. ეს სირცხვილია. საერთოდ, ვინ ზის ხოლმე მუსიკალურ პროექტებში ჟიურიში? აქა-იქ თუ დავინახავ პროფესიონალს... რატომ ჰგონიათ, რომ მუსიკის შეფასება შეიძლება განათლების გარეშე? მაგრამ ეს არის ამათი ბიზნესი, ამით ფულს შოულობენ. ვისაც ქართული სიმღერა უყვარს, ყველას ვენაცვალე. ჩემი შვილიშვილის თაობა ნელ-ნელა უბრუნდება ქართულ სიმღერას და ეს ძალიან მიხარია.




 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი