logo_geo
„ჩემი მეუღლე ქართველი იქნება!“ - ზურმუხტის გურული დედოფალი მსოფლიოში ცნობილი საიუველირო კომპანიიდან!
- +

1 მარტი. 2018. 22:02


 

 

კრიშტიანუ რონალდუ, დეივიდ და ვიქტორია ბექჰემები, ჯენიფერ ლოპესი, ადრიანა ლიმა - ეს იმ ვარსკვლავების მცირე ჩამონათვალია, რომლებიც მსოფლიოში ცნობილი საიუველირო კომპანია Jacob&Co-ს ძვირად ღირებული საიუველირო ნაწარმის ხშირი მომხმარებლები არიან. ჩვენი თანამემამულე, 27 წლის თია ივერიელი (ჩხიკვაძე), ამ ფირმის სახე გახდა. კონტრაქტის გაფორმებამდე ბრენდის ხელმძღვანელს, ჯეიკობ არაბოს უთქვამს, ეს გადაწყვეტილება უპირველესად შენი მწვანე თვალებისა და იმის


დამსახურებაა, ტუჩები რომ არა გაქვს დაბერილიო. „კვირის პალიტრა" თიას ამერიკაში დაუკავშირდა.


- ცნობილი საიუველირო კომპანიის სახე შემთხვევით გავხდი. ფირმის ხელმძღვანელს სოციალურ ქსელში უნახავს ჩემი ფოტო და თვალებით დაინტერესებულა. მწვანე თვალები მაქვს და ფერს სამოსის ან სამკაულის მიხედვით იცვლიან. დაუკავშირდნენ ჩემს მენეჯერს და დაინტერესდნენ,­ მოვიხმარდი თუ არა ლინზებს და მაქვს თუ არა გაკეთებული პლასტიკური ოპერაცია. მენეჯერმა აუხსნა, თვალებიც და გარეგნობაც ბუნებრივი აქვსო, თუმცა კომპანიის დირექტორს უთქვამს, არ მჯერა, მინდა პირადად შევხვდეო. ასე აღმოვჩნდი პარიზში, მიუხედავად იმისა, რომ შენგენის ვიზა არ მქონდა, 5 საათში მომიწესრიგეს საბუთები და მივედი ქასთინგზე, რომელზეც 100 პრეტენდენტს მოეყარა თავი. პირველ ეტაპზე ქირურგები გვამოწმებდნენ, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ პლასტიკური ოპერაცია არ გვქონდა გაკეთებული. მეორე ეტაპი რიგაში ჩატარდა, უნარ-ჩვევები, ინტელექტი და საუბრის მანერა შეგვიმოწმეს... 13 იანვრიდან კომპანიის ოფიციალური სახე ვარ.


ვალდებული ვარ, ბეჭედი, საყურე და საათი, რომლებიც მაჩუქა კომპანიამ, ყოველდღიურად ვატარო. პრეზენტაციებზე ბრენდის ნაწარმით წარვდგები ხოლმე.


- რამდენი ციფრით გამოისახება სამკა­ულების ღირებულება?

 

- ექვსციფრიანია, ამიტომ სამკაციანი დაცვა დამყვება. კომპანიას კიდევ რამდენიმე სახე ჰყავს. მე თვალების გამო მეტწილად ზურმუხტისთვლიან სამკაულს მარგებენ, "ზურმუხტის დედოფალს" მეძახიან, რადგან თითქმის ყველაფერი, რაც პრეზენტაციაზე მეკეთა, გაიყიდა - თავზე 15-მილიონიანი გვირგვინი მედგა, ბეჭედი, ყელსაბამი და საყურე 100-მილიონიანი მეკეთა. თავიდან გოგონები გაშტერებული შევყურებდით ერთმანეთს, პირველ დღეს სუნთქვა გვიჭირდა, მერე კი ბურგერებს მივირთმევდით ასე მოკაზმულები. ახლა ექსპერტის დონეზე ვერკვევი სამკაულებში, რომ შევხედავ, ვიცი, რა ღირე­ბულების, რომელი ფირმისა და ოსტატის ნახელავია.


- ცნობილი სახეებიდან ვის გაიხსენებთ, ვინც ამ კომპანიის პროდუქციით იწონებს თავს?


- კრიშტიანუ რონალდუს, დეივიდ და ვიქტორია ბექჰემებს, ჯენიფერ ლოპესს, ადრიანა ლიმას... ჯერ ქართველი მომხმარებელი არ შემხვედრია, თუმცა ახლახან­ ჟენევაში პრეზენტაციაზე საქართველოდან იყო ჩამოსული ერთი ბერძენი მამაკაცი, კონსტანტინე ერქვა. რომ გაიგო, ბრენდის სახე ქართველიაო, გამეცნო. ალბათ, ქართული არ იციო, ივარაუდა. როგორ არა-მეთქი. მე პატარა ქალაქიდან ვარ, ალბათ, არც გაგიგია ქობულეთიო, მითხრა. ამ დროს მეც ქობულეთში ვარ დაბადებული. ბოლოს მეზობლები აღმოვჩნდით და თურმე დედამისი და ბებიაჩემი ერთ დროს თანამშრომლები ყოფილან. დამშვიდობებისას მითხრა, პენტაგონში ვიქნები და თუ იქ მოხვდებით, ერთმანეთი ვინახულოთო.


- მაშ, ქობულეთში დაიბადეთ და მოსკოვში ცხოვრობთ?

 

- წარმოშობით გურული ვარ. ქობულეთში დავიბადე. დედამ და მამამ 16 წლის ასაკში იქორწინეს, მერე მოსკოვში წამოვიდნენ საცხოვრებლად. მე ორი წელი ქობულეთში დავდიოდი სკოლაში, მერე მოსკოვის ქართულ სკოლაში გადავედი, მე-8 კლასიდან კი რუსულ სკოლაში გადამიყვანეს და ძალიან გამიჭირდა, ჩინურივით იყო ჩემთვის რუსული გრამატიკა. საბოლოოდ სკოლა მედალზე დავამთავრე. ჯერ უცხო ენების ინსტიტუტი დავამთავრე, მერე ლომონოსოვის უნივერსიტეტში ვცადე ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარება, მაგრამ არ მიმიღეს, რადგან პუბლიკაციები არ მქონდა პრესაში. ამიტომ ოსტანკინოს ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის ინსტიტუტში ჩავაბარე. მაინც ხინჯად მქონდა ლომონოსოვის უნივერსიტეტის ამბავი და ვერ მოვისვენე, სანამ არ ჩავაბარე. 2 თებერვალს 27 წლის გავხდი. ვიცი, რომ ამისრულდება ნატვრა, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი. ჩემს მთავარ საქმედ ჟურნალისტიკას ვთვლი. იმედია, 29 წლის ასაკში მექნება საკუთარი პოლიტიკური პროგრამა.


- რომელ ქვეყანაში?


- რუსეთში. ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე სწავლისას ლექტორმა მითხრა, პოლიტიკური გადაცემები მოგიხდებაო...

 

- არავინ ცდილობს შენი გულის მოგებას?

 

- ფუჭი ურთიერთობით თავს არ შევიწუხებ. ჩემი მეუღლე ქართველი იქნება!


- საქართველოში როდის იყავით ბოლოს?

 

- გასული წლის მაისში. 20 წელი არ ვყოფილვარ, აეროპორტიდან რომ გამოვედი, ბედნიერებისგან ტირილი მომინდა. დალაი-ლამა ამბობდა, რომ ადამიანი წელიწადში ერთხელ მაინც უნდა ჩავიდეს სამშობლოში, რათა დადებითი ემოციებით შეივსოს. სწორედ სამშობლოში მოგზაურობის შემდეგ მივაღწიე წარმატებას - ერთმანეთის­ მიყოლებით მიხდება ოცნებები. არ ვიცი, ეს დამთხვევაა თუ დალაი-ლამა იყო მართალი.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი