logo_geo
ნინო ქორიძე: ირაკლის პირდაპირ ეთერში ვუყურებდი - ჩემთვის საკმაოდ ამაღელვებელი იყო!
- +

16 მარტი. 2018. 01:10



ახალგაზრდა ქართველ მსახიობ ირაკლი კვირიკაძეს ევროპაში დიდი წარმატება ეწვია - რეჟისორ რეზო გიგინეიშვილის ფილმ „მძევლებში" შესრულებული როლისთვის ის ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალზე ათ სხვა მსახიობთან ერთად ევროპის ამომავალ ვარსკვლავად დაასახელეს. ეს ცნობა, რა თქმა უნდა, ძალიან გაუხარდათ საქართველოში, რომელიც განებივრებული არ არის ქართველი მსახიობების ევროპული ჯილდოებით.


ირაკლი კვირიკაძე ცნობილი ოჯახის წარმომადგენელია. მისი პაპა, კახა ქორიძე, რეზო ჩხეიძის ფილმ „ღიმილის ბიჭებში" თემოს როლით ახსოვს საზოგადოებას. დედა, ნინო ქორიძე კი ახალგაზრდობაში მოდელი და მსახიობი გახლდათ. თავად ირაკლი ამჟამად ამერიკაში ცხოვრობს და სწავლობს. გასული წლის ზაფხულში მოდელ ელენე მახარაშვილზე იქორწინა, რომელიც უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის, მინდია უგრეხელიძის, შვილიშვილია. ირაკლის წარმატებაზე „სარკესთან" ნინო ქორიძემ ისაუბრა.

 

- ნინო, გილოცავთ შვილის წარმატებას. როგორი ემოციით შეხვდით ამ აღიარებას?


- გახარებული ვარ, როგორც დედა და არამარტო.

 

- ელოდით ირაკლის ამ წარმატებას?


- ვიცოდი, რომ ეს წარმატება ხვდებოდა წილად, რადგან ადრე გაგვაფრთხილეს. გახარებული ვიყავი, მაგრამ არ მეგონა, ასეთი პომპეზური დაჯილდოება თუ იქნებოდა. ფილმი ფესტივალებზე დადიოდა და ირაკლის გამორჩეულობა ჩემთვის იყო ცნობილი. ისიც ვიცოდი, რომ ბერლინალეზე იყო წარდგენილი.


რა გითხრათ, ძალიან გამიხარდა. თუ შეიძლება ითქვას, თან ველოდი, თან არა - ასეთი ემოცია მაქვს, თან ცოტა დაუჯერებელიც იყო რაღაც თვალსაზრისით. პირდაპირ ეთერში ვუყურებდი ცერემონიალს და ჩემთვის საკმაოდ ამაღელვებელი იყო.


- ირაკლის რა შეამჩნიეთ, ღელავდა?


- ნამდვილად ღელავდა და არ მგონია, რომ იქ ვინმე არ ღელავდა.


- ახლა რას ელოდებით მისგან?


- რას უნდა ველოდებოდე? მეტ წინსვლას, ეს არის ერთ-ერთი ნაბიჯი ცხოვრებაში სხვა დიდი ნაბიჯების გადასადგამად. ეს საწყისი ეტაპია.

 

- საქართველოში როდის აპირებს ჩამოსვლას?


- არ ვიცი. როცა იქნება შემოთავაზება... მისი გეგმების შესახებ არაფერი ვიცი.

 

- როგორ აფასებთ ფილმ „მძევლებს"? ის თვითმფრინავის გამტაცებელი ბიჭების ტრაგიკულ ისტორიას ეხება, რომელშიც თქვენი ვაჟი გეგა კობახიძის როლს თამაშობს.


- ფილმი ძალიან მომწონს, ეს ისტორია ჩვენთვის, ქართველებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია. ამ ფილმთან დაკავშირებით ბევრი აზრი არსებობს. რაღაც ნაწილს გვინდოდა, ფილმი ყოფილიყო უფრო ღრმა, ყველა პერსონაჟის ცალ-ცალკე გაშლა, მაგრამ, მგონი, როგორიც არის, ოპტიმალური ვარიანტია.


- ირაკლიმ საკმაოდ საპასუხისმგებლო როლი ითამაშა - გეგა კობახიძის ცხოვრების დეტალები გააცოცხლა.


- მართლაც საკმაოდ საპასუხისმგებლო როლი იყო. დედის პოზიციიდან მიჭირს საუბარი და იმის თქმა, კარგად ითამაშა თუ ცუდად. ვთვლი, რომ თავისი საქმე კარგად შეასრულა, ამ საპასუხისმგებლო როლს თავი გაართვა და ასე არამარტო მე ვფიქრობ, როგორც აღმოჩნდა, სხვებმაც დაინახეს.


პრემიერის დღე ძალიან ამაღელვებელი იყო. ნებისმიერი მშობლისთვის შვილის გამოჩენა, მისი შრომის შედეგის დანახვა მნიშვნელოვანია. შეფასების დროს რთულია იყო ობიექტური, არადა ძალიან ვცდილობდი, ასე ყოფილიყო. რთული იყო ამის ერთი ნახვით აღქმა. სხვათა შორის, რამდენჯერმე ვუყურე და ყოველ ჯერზე რაღაც ახალი აღმოვაჩინე.


- ირაკლის ამ წარმატებაში, რა თქმა უნდა, თქვენი როლი დიდი იქნება.


- არ ვიცი, ასე ზუსტად ვერ გეტყვით, მის წარმატებაში ჩემი რამე წვლილი და დამსახურება თუ არის. მსახიობობა მისი გადაწყვეტილებაა. ჩემთან ერთად პატარაობიდანვე დადიოდა გადაღებებზე. შეიძლება ამან გარკვეულწილად გავლენა მოახდინა მასზე.


ხელი არ შემიწყვია, არ მითქვამს, ან ეს გზა აირჩიე, ან ის-მეთქი. ეს მისი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ არც ხელი შემიშლია.


ირაკლიმ აქ ჩააბარა. სხვათა შორის, პირველ წელს ვერ მოხვდა თეატრალურში, რასაც არ ველოდი, მაგრამ მეორე წელს გიზო ჟორდანიას ჯგუფში მოხვდა. წელიწადზე მეტი აქ ისწავლა, მერე წავიდა ამერიკაში საცხოვრებლად და სასწავლებლად.


- თქვენ როგორი შემფასებელი ხართ მისთვის, თქვენს აზრს ითვალისწინებს, იღებს შენიშვნებს, მითითებებს?


- შენიშვნისა და მითითების სახით არაფერს ვეუბნები, უბრალოდ ჩემს აზრს ვუზიარებ, რომელიც შეუძლია გაითვალისწინოს ან არ გაითვალისწინოს.


- თქვენს დედაშვილობაზე გვიამბეთ.


- ძალიან კარგი, მეგობრული ურთიერთობა გვაქვს. მისთვის დედაც ვარ და მეგობარიც. მის მიმართ არანაირი სიმკაცრე და მოთხოვნები არ გამაჩნია, საკმაოდ დიდია ამისთვის. პატარა რომ იყო, დიდი სიმკაცრით არც მაშინ გამოვირჩეოდი. მასთან კომუნიკაცია შემიძლია რჩევით, თხოვნით, შეგნებული ადამიანია.


- როგორ შეხვდით მის დაქორწინებას?


- ელენე არაჩვეულებრივი გოგოა და ძალიან მიხარია, რომ ერთად არიან.


 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი