logo_geo
გახმაურებული გვარები და ახალი გარემოებები გიორგი სანაიას საქმეში
- +

19 მარტი. 2018. 12:21



17 წლის შემდეგ მთავარმა პროკურატურამ ჟურნალისტ გიორგი სანაიას მკვლელობის საქმეზე ხელახალი გამოძიება დაიწყო. ამის საფუძველი პატიმარ კოტე ციხისთავის სკანდალური ინტერვიუ გახდა, რომელიც შოთაძის უწყებამ ახლად გამოვლენილ გარემოებად მიიჩნია და ამ სკანდალურ საქმეზე დაკითხვების სერია დაიწყო... ციხისთავი, რომელიც 90-იან წლებში ცნობილი კრიმინალის შოთა ჭიჭიაშვილის ბანდის წევრი იყო, ამტკიცებს, რომ ჟურნალისტის პოლიტიკური მკვლელობა მთავრობაში დაიგეგმა და რეალურად, გიორგი სანაია საქართველოს ნომერ პირველ ტერორისტად აღიარებულმა შოთა ჭიჭიაშვილმა მოკლა. ციხისთავი იმასაც ჰყვება, როგორ დაგეგმა და შექმნა მაშინდელმა მთავრობამ მკვლელობის ფალსიფიცირებული მოტივი წინასწარ, ჯერ კიდევ გიორგი სანაიას სიცოცხლეში. მკვლელობა კი საკუთარ თავზე გრიგოლ ხურცილავას, იგივე „გრიცკოს" ააღებინეს.


„პრაიმტაიმის" ინფორმაციით, პროკურატურაში უკვე შედგენილია დასაკითხ პირთა წრე. საკმაოდ ვრცელ სიაში მაშინდელი ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები და საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი ადამიანებიც ფიგურირებენ, მათ შორის ყოფილი გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი, შს ყოფილი მინისტრი კახა თარგამაძე, ყოფილი დეპუტატი ელენე თევდორაძე და საქმის არაერთი პირდაპირი თუ ირიბი მოწმე...


როგორ ყალბდებოდა გიორგი სანაიას საქმე და რა მნიშვნელოვანი გარემოებები დაიმალა საქმეში? „პრაიმტაიმი" ესაუბრა საექსპერტო და საგამოძიებო მოქმედებებში უშუალოდ ჩართულ პირებს, ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილს და გამომძიებელ სერგო ძაგნიძეს. მათ პოზიციებს ოდნავ ქვემოთ გაგაცნობთ, მანამდე კი მკითხველის ყურადღებას რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზე შევაჩერებ.


ცნობილია, რომ იმ დღეს, 2001 წლის 26 ივლისს გიორგი სანაიას ოჯახი სახლში არ იმყოფებოდა. მეუღლე და ბავშვი დასასვენებლად ჰყავდა გაგზავნილი. გამოძიების ოფიციალური ვერსიით, გიორგი გვიან ღამით ბინაში გრიგოლ ხურცილავასთან ერთად დაბრუნდა, რომელმაც მოგვიანებით ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით ჟურნალისტს საკუთარ ბინაში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა. ერთი შეხედვით გამოძიებას ყველაფერი „დალაგებული" ჰქონდა: დამუშავებული მოწმეები, რომლებიც ოფიციალურ ვერსიას ამყარებდნენ, შემთხვევის ადგილზე წაშლილი დანაშაულის კვალი და დამნაშავის აღიარება... ეს სცენარი თავდაყირა დააყენა ქალბატონის ჩვენებამ, რომელიც გიორგის ბინის მოპირდაპირე მხარეს წლების განმავლობაში პურს ყიდდა. ამ ქალბატონის ჩვენებით ირკვევა, რომ მაშინ, როცა გიორგი სანაია სამსახურში იყო და ეთერში გასასვლელად ემზადებოდა, მის ბინაში ვიღაც იმყოფებოდა. ამ ვერსიით, ჟურნალისტს მკვლელი სახლში ელოდებოდა.


„უკვე საღამო იყო, გასაყიდი კიდევ  ბევრი პური მქონდა დარჩენილი. ასეთ შემთხვევაში მე პურს ზესტაფონის ქუჩაზე მდებარე #4 ქარხანაში ვაბრუნებდი ხოლმე, ამიტომ შევხედე საათს, მოვასწრებდი თუ არა ქარხანაში მისვლას მეტროთი, რომელიც 24:00 საათამდე მუშაობს, თორემ მერე ფეხით მექნებოდა წასასვლელი. საათს რომ შევხედე, იყო 22:10 საათი. ამის შემდეგ გამოვიხედე პირდაპირ და დავინახე, რომ გიორგი სანაიას ბინაში სამზარეულოში შუქი ენთო, შემდეგ შუქი აინთო აივნის ამოშენებულ ნაწილში, სადაც ის 5-10 წუთი ენთო, რის შემდეგაც აივნის ამოშენებულ ნაწილში შუქი ჩაქრა, ხოლო სამზარეულოში კვლავ ენთო. შემდეგ რამდენიმე ხანი გავიდა და მე კვლავ შევხედე საათს, მოვასწრებდი თუ არა მეტროთი წასვლას. ამ დროს იყო 23:15 საათი. პირდაპირ, რომ გავიხედე, გიორგი სანაიას ბინაში - არც სამზარეულოში, არც აივნის ამოშენებულ ნაწილში და არც სხვაგან - შუქი აღარ ენთო", - წერს გამყიდველი ქალბატონი საკუთარ ჩვენებაში.


არც გამოძიება და არც სასამართლო არ დაინტერესებულა, ვინ და რას ეძებდა გიორგი სანაიას ბინაში მაშინ, როცა ის ფიზიკურად სამსახურში იმყოფებოდა? ამ კითხვისთვის გამოძიებას პასუხი არ გაუცია და შესაბამისად, მოწმის ჩვენებაც მხოლოდ და მხოლოდ ქაღალდზე დარჩა.


სამაგიეროდ გამოძიება ძალ-ღონეს არ იშურებდა იმ ვერსიის გასამყარებლად, რომლის თანახმადაც გიორგი სანაია დაახლოებით ღამის 03:30 საათზე გმირთა მოედნის ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, სადაც გრიგოლ ხურცილავას შეხვდა, რომელიც საკუთარ ბინაში თავადვე დაპატიჟა. ამ მიზნით გამოძიებას იმ მოწმეებზე ზემოქმედებაც დასჭირდა, რომლებიც მიუთითებდნენ, რომ ხსენებულ დროს სანაია სახლში, საკუთარი ავტომობილით, მარტო დაბრუნდა. „პრაიმტაიმი" გთავაზობთ ამონარიდს ავტოსადგომის დარაჯის ჩვენებიდან, სადაც შეუიარაღებელი თვალითაც კარგად იკითხება გამოძიების მიერ მოწმეზე ზეწოლის ფაქტი. ჩვენების დასაწყისში დარაჯი ყვება:


„იქნებოდა დაახლოებით ღამის 3 საათი და 25 წუთი, როდესაც გიორგი მოვიდა თავის ბადრიჯნისფერი „ნივით", სახელმწიფო ნომრით MUR-905 და დახლების წინ, თავისუფალ ადგილზე გააჩერა მანქანა. მე მივედი მასთან, მივესალმე და გიორგიმ მომცა თავისი მანქანის გასაღები. ის მარტო იყო. რა ეცვა, არ მახსოვს და თუ რამე ეკავა ხელში, არც ეს მახსოვს. მანქანა რომ დააყენა, ფეხით წავიდა თავისი სახლისკენ", - წერს ჩვენების დასაწყისში სანაიას სახლთან მდებარე ავტოსადგომის დარაჯი.


თუმცა იმავე ჩვენების დასასრულს, მოწმემ მთლიანად უარყო ზემონათქვამი. ეს მას შემდეგ, რაც გამომძიებელმა მიანიშნა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ, კერძოდ:


„დაკითხვის წინ თქვენ გაფრთხილებული იყავით საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესახებ, მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის. გაქვთ თუ არა გაცნობიერებული ეს პასუხისმგებლობა და თქვენს ჩვენებაში ხომ არ არის ისეთი პუნქტები, რაც სიმართლეს არ შეესაბამება?", - გამომძიებლის ამ გაფრთხილების შემდეგ, მოწმემ უარყო საკუთარი ჩვენება და განაცხადა:

 

„ახლა, როცა დავფიქრდი, რომ საჭიროა ყველაფრის გულახდილად თქმა, მინდა, შევცვალო ჩემს ჩვენებაში ის, თითქოს მე შევესწარი გიორგის მოსვლას ბოლო ღამეს. გთხოვთ, მაპატიოთ და ამჟამად სიმართლეს გეტყვით იმის შესახებ, რომ მე გიორგის მოსვლა საერთოდ არ გამიგია, რადგან, როცა საჭმელი ვჭამე, დაახლოებით ღამის 2 საათზე, ისე ძალიან ვიყავი დაღლილი, რომ წამოვწექი და დავიძინე. ამიტომ არც გიორგის მოსვლა მინახავს და არც ის ვიცი, რომელ საათზე მოვიდა ის".


ეს არ არის ერთადერთი შეუსაბამობა... ბუნდოვანება ამ საქმეს პირველივე დღეებიდან ახლდა... მაგალითად, გიორგი სანაიას მკვლელობიდან მალევე პოლიტიკური პროცესი ისე წარიმართა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი კახა თარგამაძე და გენერალური პროკურორი გია მეფარიშვილი თანამდებობებიდან გადადგნენ. გადადგომის დღეს გია მეფარიშვილმა პირდაპირ ეთერში განაცხადა, „მე ახლა გეტყვით, რა კავშირია გიორგი სანაიას მკვლელობასა და „რუსთავი 2"-ში ახლა მიმდინარე პროცესებს შორისო" (ეს ის პერიოდია, როცა უშიშროების სამსახური „რუსთავი 2"-ში შევიდა). ეს თქვა გენერალურმა პროკურორმა პირდაპირ ეთერში და ამ დროს რა მოხდა? პირდაპირი ეთერი ანძიდან გათიშეს და გადაცემა საერთოდ ჩაიშალა. მეფარიშვილმა იქვე თქვა, მე არ მომეცა სანაიაზე საუბრის საშუალება, ამიტომ რისი თქმაც მინდოდა, პრესაში გამოვაქვეყნებო. პრესაში მოგვიანებით მართლაც გამოქვეყნდა მისი წერილი, მაგრამ სანაიას საქმის შესახებ იქ უკვე ერთი სიტყვაც არ იყო ნათქვამი. წლების განმავლობაში საგამოძიებო ორგანოს არ გასჩენია სურვილი, დაეკითხა ყოფილი გენერალური პროკურორი. გია მეფარიშვილს ჩვენების მიცემა, სავარაუდოდ, ხელახალი გამოძიების პროცესში მოუწევს. დაკითხვაზე დაბარებას ელოდება ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილიც, რომელიც „პრაიმტაიმთან" საუბრისას იხსენებს, როგორ აღმოჩნდა შემთხვევის ადგილზე, რა პირობებში ჩაატარა ექსპერტიზა და რა დაზიანება აღმოაჩინა გიორგი სანაიას ხელზე, რომელიც გამოძიების ინტერესის მიღმა დარჩა.


 მაია ნიკოლეიშვილი, ექსპერტი:


- კარგად მახსოვს, „კურიერი" უნდა დაწყებულიყო. სამსახურში ტელევიზორს ვუყურებდი და შავ ფონზე გამოჩნდა წარწერა - გიორგი სანაია მოკლეს. ზუსტად იმავე წუთებში დამირეკა მიხეილ სააკაშვილმა, რომელიც მაშინ იუსტიციის მინისტრი გახლდათ და მითხრა, სასწრაფოდ წადი შემთხვევის ადგილზეო. როგორც იცით, მე გახლდით ექსპერტიზის ცენტრის ხელმძღვანელი, რომელიც იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში იყო. სანამ ადგილზე მივიდოდი, სააკაშვილმა კიდევ არაერთხელ დარეკა, ძალიან მაჩქარებდა. როდესაც მივედი, უკვე ბევრი ხალხი იყო შეკრებილი. მათი ნაწილი სკანდირებდა - „ჟვანია მკვლელი". შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ეს მობილიზებული ჯგუფები ვიღაცამ შეგნებულად მიიყვანა იქ, რომ ეძახათ, ჟვანია არის მკვლელიო.


- რატომ დაგრჩათ ეს შთაბეჭდილება?


- იმიტომ, რომ ჯერ არანაირი ვერსია არ არსებობდა, არ იყო ჩატარებული ექსპერტიზა... არაფერი ცნობილი არ იყო და ამ დროს ადგილზე მისული ქალების ჯგუფი ასეთ რაღაცას სკანდირებდა. ცხადია, ეს მაშინვე საეჭვოდ მეჩვენა. იმ დროს ჯერ არავინ იცოდა, თვითმკვლელობა იყო თუ მკვლელობა. შემთხვევის ადგილზე რომ შევედი, იქ უკვე ძალიან ბევრი ფეხი იყო გავლილი. ცხედარს აშკარად ემჩნეოდა მკვეთრად გამოხატული გვამური გაშეშება, რაც იმას ნიშნავს, რომ სიკვდილის შემდეგ ცხედრისთვის პოზა არ შეუცვლიათ. თუ მოხდებოდა მისი გადაადგილება და პოზის შეცვლა, ასეთი ძლიერი გვამური გაშეშება არ იქნებოდა. შესაბამისად, მაშინვე გამოვრიცხე ვერსია, რომ თითქოს რაღაც უხერხული სიტუაცია იყო ადგილზე და მოხდა გვამის გადაადგილება. არანაირ უხერხული სურათი იქ არ იყო. ჩვეულებრივ შორტი-ტრუსები ეცვა და ცხედარი ეგდო ძირს. სხვათა შორის, იყვნენ პოლიტიკოსები, რომლებიც აპროტესტებდნენ, რომ გაფართოებული კვლევა ჩატარებულიყო. მაშინ ზოგი ამბობდა, რომ ამით შეურაცხვყოფდი გიორგი სანაიას, მაგრამ, რომ არ დარჩენილიყო სივრცე ბინძური ჭორებისთვის, ეს კვლევა გაკეთდა. და რაც მთავარია, გიორგის ხელზე, კერძოდ, ცერსა და საჩვენებელ თითს შორის ჰქონდა ახლად მიღებული დაზიანება. ეს იყო მრგვალი ფორმის. მე ეს კანი ამოვჭერი, გამოვიკვლიე და თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს იყო თერმული ზემოქმედების კვალი. ასე დავწერე კიდეც დასკვნაში.

 

- რაზე მიუთითებს ეს?


- არ არის გამორიცხული, ეს ყოფილიყო დამწვრობა, მათ შორის სიგარეტით. მე მაშინ, სულ რაღაც, ორი კვირის დანიშნული ვიყავი. მიშამ მითხრა, რომ უნდა გამეკეთებინა პრესკონფერენცია. გამაფრთხილეს, რომ პრესცენტრთან შეთანხმებით დაისმებოდა კითხვები და მხოლოდ იმ კითხვებს ვუპასუხებდი, რასაც პრესცენტრი ჩათვლიდა საჭიროდ. ამ დროს ჟურნალისტებს სურდათ კითხვის დასმა - იყო თუ არა რაიმე უხერხული შემთხვევის ადგილზე. პრესცენტრის მითითებით მე ამ კითხვაზე არ უნდა მეპასუხა, თუმცა იქვე პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს ცალსახად განვუცხადე, რომ არანაირი უხერხული მომენტი იქ არ ყოფილა. ამის შემდეგ სანაიას საქმის მთელი მონაცემებით მე და გამომძიებელი სერგო ძაგნიძე გაგვიშვეს ამერიკაში, „ეფბიაის" ოფისში. ყველაფერი წავიღეთ თან, თქვენ წარმოიდგინეთ ის კანის ნიმუშიც კი, რომელიც თერმულ დაზიანებაზე მიუთითებდა. იქ მოხდა შეხვედრა, წარვადგინეთ ყველაფერი, თუმცა იმის შემდეგ, როგორც თქვენ არ გაგიგიათ არაფერი, ისე მე. დღემდე ღიად რჩება კითხვა, რატომ და რისგან იყო მიყენებული ხელზე არსებული დაზიანება. მე ეს დასკვნაში ჩავწერე, მაგრამ გამოძიებას ამაზე პასუხი არ გაუცია. მე კი მგონია, რომ ამ კითხვაზე პასუხი ძალიან მნიშვნელოვანია.


- რატომ შეიძლება იყოს ასეთი მნიშვნელოვანი ამ კითხვაზე პასუხი?


- ფაქტია, რომ გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე ამ ადამიანს მიღებული აქვს დაზიანება, ანუ მოხდა რაღაც ისეთი, რამაც გამოიწვია ეს დაზიანება ხომ? რა მოხდა, როგორ გაჩნდა თერმული დაზიანება სიკვდილის დადგომამდე ძალიან მოკლე დროში? ეს კითხვები დღემდე ღიად არის დარჩენილი.


- შესაძლებელია, რომ ეს თერმული დაზიანება სხვა პირის მიერ ყოფილიყო მიყენებული?


- გამორიცხული არ არის, მაგრამ ამაზე პასუხი უნდა გაეცა გამოძიებას. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით კითხვაც არ დასმულა. ვფიქრობ, რომ ამ დეტალთან ერთად რაღაც მნიშვნელოვანი დაიმალა.


„პრაიმტაიმი" პროკურატურის მაშინდელ გამომძიებელს, კრიმინალისტ სერგო ძაგნიძეს დაუკავშირდა, რომელიც დღესაც დარწმუნებულია, რომ გიორგი სანაიას საქმეში გამოსაძიებელი არაფერია. ძაგნიძე ამჟამადაც თანამდებობის პირია და საქმიანობას თავდაცვის სამინისტროში განაგრძობს. ამბობს, რომ მას ამჟამად ამ საქმეზე ინტერვიუს მიცემა არ შეუძლია, თანამდებობრივი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუმცა გვითხრა, რომ შეგვიძლია დავეყრდნოთ სამი წლის წინათ მის მიერ „პრაიმტაიმისთვის" მიცემულ ინტერვიუს. და ია, რას ამბობდა სერგო ძაგნიძე მაშინ:


„ახლა გეტყვით პირდაპირ: ის, რაც გიორგი სანაიას მკვლელობის გამოძიებაში მოხდა, ეგეთი რამ არასდროს მომხდარა საქართველოს კრიმინალისტიკაში... შეიძლება ხმამაღლა ნათქვამი გამომივიდეს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს საქმე ჩემი გახსნილია. აი, ამ ორი მტკიცებულებით - ტყვიითა და თითის ანაბეჭდებით „გრიცკოს" დავუდე ყველაფერი ის, რაც საქმეში უნდა ყოფილიყო. ამას მოჰყვა დაკითხვა და ამ მტკიცებულებების გამაგრება... „გრიცკო" ვნახე ერთადერთხელ, ისიც ციხეში ორ ადვოკატთან და სხვა გამომძიებელთან ერთად. მინდოდა, ჩემი ხედვები გადამემოწმებინა მის ჩვენებასთან. სულ რამდენიმე საათით ვნახე. კრიმინალისტიკური კუთხით დავუსვი კითხვები და ის პასუხები მივიღე, რასაც ვვარაუდობდი, რომ სწორედ ასე იქნებოდა... „გრიცკომ" გვიამბო, როცა ხელში იარაღი ავიღე, გიორგი სანაიამ თავი გვერდზე გაწია, - გაწიე იქით, არ გაგივარდესო. ზუსტად მაგ დროს გავისროლეო... „გრიცკო" დავიჭირეთ ბალისტიკური ექსპერტიზით. ძალიან რთულია, ტყვია ტყვიას შეადარო, როცა არ გაქვს ელექტრონული ბაზა. წარმოგიდგენიათ, რა დრო შეიძლება დასჭირდეს ბალისტიკოსს იარაღის აღმოსაჩენად? მაგრამ ეს მაინც მოხერხდა: ექსპერტი ტყვიით მივიდა იარაღამდე და იარაღით პიროვნებამდე... ამ საქმეში სისხლი მაქვს ჩაქცეული და საკუთარი შვილივით „მიყვარს". მე ამ საქმეზე მანიპულირებას არც ვახოს ვაპატიებ, მიუხედავად იმისა, რომ ძმაა. მთელი ჩემი ცოდნა და გამოცდილება მაქვს ამ საქმეში ჩადებული. დავანებოთ იმ სტრესებს თავი, რაც მაქვს გადატანილი საზოგადოებისგან ცალკე და უწყებისგან - ცალკე. რევოლუცია მოხდა კინაღამ ამ საქმის გამო. ერთი რამე ავიწყდება ამ ხალხს: მკვლელობა ერთადერთი დანაშაულია სისხლის სამართლის კოდექსში, რომელსაც მოტივი შეიძლება არ ჰქონდეს. 108-ე მუხლში იცი, რა წერია? - სხვისი სიცოცხლის განზრახ მოსპობა. ერთი წინადადებაა სულ. მოტივი არსად წერია... ახლა პოლიტიკურ ნაწილსაც შევეხოთ: მოხდა ისე, რომ 2002 წლის თებერვალში მე ვინიშნები უშიშროების სამინისტროს ანტიტერორისტული ცენტრის უფროსად. გახსოვთ, ალბათ, გიორგის მკვლელობის მერე პანკისზე იყო საუბარი, რომ თითქოს მას რაღაც კასეტა ჰქონდა. ყველანაირი ოპერატიული ინფორმაცია, რაც კი არსებობდა, ჩემს ხელში იყო. პანკისი ჩემს ხელში გაიწმინდა. არაფერი მსგავსი არ შემხვედრია... და ბოლოს და ბოლოს, თუ ეს კაცი, გრიგოლ ხურცილავა გარეთ არის, დაუძახონ და ჰკითხონ. უკვე მოხდილი აქვს სასჯელი და მაგას იგივე დანაშაულზე უკან არავინ შეატრიალებს. მაგრამ საქმე ის არის, რომ იქ არანაირი პოლიტიკური მოტივი არ ყოფილა... მე ამაზე პასუხისმგებელი ვარ ვახო სანაიასთან, გიორგის შვილთან და მთელ საზოგადოებასთან. ვახომ კი მადლობა მითხრას, ძმის მკვლელი რომ დავუჭირე, რომელ სპეციალისტთან ერთადაც უნდა, დავუჯდები და ერთად გავიაროთ ეს საქმე. მე მასწავლებელიც ვარ, 30 წელია ლექციებს ვკითხულობ. ჩემი პიროვნული თავმოყვარეობისა და პიროვნული ეთიკის საკითხიც არის, ერთხელ და სამუდამოდ გაირკვეს ყველაფერი... ის რომ არ გაკეთებულიყო, რაც მაშინ გაკეთდა, დღეს ეს საქმე კიდევ გაუხსნელი იქნებოდა", - ჰყვება „პრაიმტაიმთან" ინტერვიუში გიორგი სანაიას საქმის გამომძიებელი სერგო ძაგნიძე.


მას, სავარაუდოდ, ხელახალი გამოძიების კითხვებზეც მოუწევს პასუხის გაცემა. მათ შორის კითხვაზე - განიხილავდა, თუ არა მაშინდელი გამოძიება ამ მკვლელობასთან შოთა ჭიჭიაშვილის კავშირს? როგორც სტატიის დასაწყისში აღვნიშნეთ, სწორედ ჭიჭიაშვილის პერსონა და მის წინააღმდეგ კოტე ციხისთავის მიერ გაკეთებული განცხადება დაედო საფუძვლად ხელახალი გამოძიების დაწყებას. ვნახოთ, სად და ვისთან მიიყვანს შოთაძის უწყებას გამოძიების კვალი.



ავტორი: მირიან ბოქოლიშვილი





 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი