logo_geo
თეა გობეჯიშვილი: ძალიან მერიდება ჩემს შვილზე ასე რომ ვლაპარაკობ…
- +

26 დეკემბერი. 2016. 15:54



გამოჩნდა თუ არა სცენაზე ცეკვით, სალომე ჭაჭუას კონკურენტად მონათლეს. მისი პირველივე ნომერი შოუში „შენ შეგიძლია ცეკვა" სოციალური ქსელის ჰიტად იქცა. „იმედის" მაყურებელი არ იშურებდა თბილ კომენტარებს ნიტა ლომიძის მისამართით. ამ 13 წლის ვირტუოზს საზოგადოების ნაწილი იცნობს საბავშვო ფილმებიდან, სპექტაკლიდან „მუსიკის ჰანგები", მაგრამ, როგორც მოცეკვავე, პირველად გამოჩნდა ფართო ასპარეზზე. ნიკა ლომიძისა და თეა გობეჯიშვილის შვილს გამადიდებელი შუშით უყურებს ყველა. სწორედ ამის ეშინოდა თეას, როცა ნიტამ პროექტში მონაწილეობა გადაწყვიტა. დღეს ნიტა ლომიძის დედა, ქორეოგრაფი და მოცეკვავე თეა გობეჯიშვილი ისაუბრებს ნიტაზე.


- ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ნიტას მისამართით თბილ კომენტარებსა და შეფასებებს არც იშურებს. აბსოლუტურად უცხო ადამიანები მწერდნენ. იმდენად გულისამაჩუყებელი იყო ეს ყველაფერი, ორი დღე მდგომარეობიდან ვერ გამოვდიოდით. ეს ემოციური ფონი ახლავს პროექტის მსვლელობას. ზღვა სითბო და სიყვარული მოდის, არ იშურებენ კომპლიმენტებს, უფრო მეტს წერენ, ვიდრე ამას რეალურად  ნიტა იმსახურებს...


- ეს დაიწყო ნიტას პირველივე გამოჩენიდან.


- ასეა, ნამდვილად. მე, რა თქმა უნდა, ამას ველოდი, მაგრამ ველოდი ნაცნობებისგან, მეგობრებისგან, ახლობლებისგან, რომელიც არც ისე პატარა წრეა. მაგრამ ამდენი უხო ადამიანის სითბოს ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი. წაკითხვასა და პასუხის დაბრუნებას ვერ ვასწრებდი.


- თეა, ამ ამპლუით ეს ნიტას პირველი გამოჩენაა...


- ასეა და სიმართლე გითხრათ, მაინცდამაინც არ ვიყავი ამის მომხრე.


- რატომ?


- ეს პროექტი არის დიდი, ზრდასრული ადამიანებისთვის. მეორეც, ნიტა რამდენიმე ფილმში არის გადაღებული და მისმა გამოჩენამ მაშინაც გაღიზიანება გამოიწვია მაყურებელში... ნიტას პირველი როლი იყო მუსკომედიის თეატრში, სპექტაკლ „მუსიკის ჰანგებში". ძალიან გაუხარდა, როცა დოიმ მთხოვა, ნიტა მინდა ვათამაშოო. ბავშვობიდან უყვარს მაყურებელი, აპლოდისმენტები. ოღონდ ყურადღების ცენტრში ყოფილიყო და ყველაფერს იზამდა. იმდენად ერთობოდა ამ სპექტაკლების მსვლელობის დროს და ისეთი ბედნიერი იყო, მაშინვე ვთქვი, რომ ეს ბავშვი უკვე მოწამლულია სცენის მტვერით- მეთქი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან პატარა იყო, მთელი მზადება ჰქონდა ყველა სპექტაკლის წინ. უნდა გენახათ, როგორ უვლიდა, აწესრიგებდა თავის კოსტიუმს, ეფერებოდა, აწყობდა, ალაგებდა, შეკრა თავისი პარფიუმერია, მაყიდვინა ათასი ნელსაცხებელი... ნიტა უდიდეს მსახიობებთან ერთად მღეროდა და ეგონა, რომ მღეროდა ისევე, როგორც ეს მსახიობები. არავის დაუვალებია, მაგრამ თავად გადაწყვიტა, რომ უნდა ემღერა. ერთ დღესაც უთხრეს, შენ მიკროფონს არ გიმაგრებთო. ძალიან ეწყინა, არ მოეწონა ეს ამბავი, გაიბუსხა. მერე დოიმ დაუძახა და უთხრა, შენ იმდენად ძლიერი ხმა გაქვს, მიკროფონი არ გჭირდებაო. დაიჯერა. ერთ-ერთ სპექტაკლზე ნატო მეტონიძე შეუძლოდ იყო, სიცხე ჰქონდა. ნიტა მივიდა და უთხრა, შენ გახველებს, იქ მაღალ „დოს" რომ იღებ, თუ გინდა პირი გააღე და მე ავწევ მაგ ნოტსო (იცინის). სპექტაკლის ბოლომდე სჯეროდა, რომ იმ „დოს" თვითონ იღებდა... ხუთი წლის იყო, პირველად ფილმში რომ გადაიღეს. ეს იყო „ანოს და ვანოს თავგადასავალი". მერე იყო „ცელქი ბავშვები", „ლურჯი ფრინველი", მეორე „ცელქი ბავშვები", მესამე „ცელქი ბავშვები". წელს კიდევ გამოვიდა დათო იმედაშვილის ახალი ფილმი, „ვისი სული გსურს", სადაც ნიტასაც აქვს პატარა როლი. ამ ყველაფრის მერე იყო საუბრები, რატომაა ყველგან ნიტა და მე მესმის ამ ადამიანების. ამდენი ფილმიც არ გამოდის, რომ ყველა ბავშვი დაკავდეს. ამიტომაც არ მინდოდა, ამ პროექტში მიეღო მონაწილეობა. ვფიქრობდი, რომ იტყოდნენ, ცნობილი მშობლების შვილია და ამიტომ გადაიყვანესო. ძალიან კარგად უნდა ეჩვენებინა თავისი თავი, რომ ეს არავის ეთქვა. ვიცოდი, რომ პატარა შეცდომისთვისაც ჩვენ უფრო გაგვაკრიტიკებდნენ, ვიდრე სხვას.


- თავად გადაწყვიტა პროექტში მონაწილეობა?


- კი, თავად. ეს არის ყველა მოცეკვავისთვის საოცნებო პროექტი. ძალიან მეხვეწებოდა, რომ გამეშვა. რომ არა მისი ასეთი დიდი სურვილი, არ გავრისკავდი. ვფიქრობდი იმაზეც, რომ ნიტას ჩემს მოცეკვავეებთან ერთად უნდა ეასპარეზა. ფაქტობრივად, თავის პედაგოგებთან ერთად უწევს სცენაზე დგომა.


- ვინ არიან ნიტას პედაგოგები პროექტში?


- ირაკლი ფიფია, ტერი, ანდრო, ყველა ნიტას პედაგოგია. დღეს ერთმანეთის კონკურენტები არიან.


- რისიც გეშინოდა, გადაიარა?


- ძალიან მერიდება, ჩემს შვილზე რომ ასე ვლაპარაკობ, მაგრამ ამ შემთხვევაში ვარ ქორეოგრაფი და არა ნიტას დედა. ნიტას პირველი ნომერი იყო ტექნიკურად გამართული, გამართული ხასიათით და უშეცდომო შესრულება. ძალიან მრცხვენია, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ამ შემთხვევაში ობიექტური ვარ. ზოგადად, ნიტაში ყოველთვის მინუსებს ვეძებ, სულ ვაკრიტიკებ, ამის გამო გულიც კი სწყდება, არასდროს არ მაქებო, მეუბნება... ძალიან ვნერვიულობდი მუსიკაზე, რომელზეც ნიტამ იცეკვა. ვიცი, რომ 13 წლის ბავშვს არ უნდა მისცე ასეთი დრამატული სიმღერა (გულისხმობს მეგი გოგიტიძის „ნუ გეშინიას". - ავტ.). მგონია, რომ ამ სიმღერაზე უფრო დიდმა უნდა იცეკვოს, ვისაც მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს, მეტი ტკივილი, განცდა უნახავს. მაგრამ რომ მოვასმენინე, მივხვდი, რომ იგრძნო სიმღერა. თავად გადაწყვიტა და აღარ შემეშინდა, რომ გამაკრიტიკებდნენ...


- შეყვარებული ყოფილა ნიტა? იმდენად კარგად თამაშობს ამ განშორებისა და სევდის სცენებს...


- ძალიან ემოციურია ყველასთან ურთიერთობაში, გადამეტებულ სითბოს გასცემს. ისეთ დეტალებს აქცევს ყურადღებას, თუნდაც უმნიშვნელოს... მასაც ბევრი რამ აქვს გამოვლილი, ზოგჯერ ტკენია კიდეც. მხოლოდ სიყვარული არ იწვევს განცდებს. თან სიყვარული მხოლოდ ქალვაჟური ხომ არ არის... ზოგჯერ არის, რომ ბევრს მუშაობ შენს საქმეში და მერე იმედგაცრუება გხვდება. ის ბავშვობაში განცდილი ტკივილი მეტად გამახსოვრდება.


- როგორც მახსოვს, ტანვარჯიშით დაიწყო ნიტამ...


- ასეა. ბავშვობიდან შევიყვანე მხატვრულ ტანვარჯიშზე. დიდი მადლობა მის პედაგოგს, ბელა კობალაძეს, რომელმაც ნიტა დისციპლინას, მუშაობას, ვარჯიშს, თავის მოვლას შეაჩვია. ძალიან პატარა იყო, პირველად ტურნირზე რომ წაიყვანა.


- რა ინტერესები აქვს ნიტას, გარდა იმისა, რასაც ვხედავთ, როგორ გგონია, რა პროფესიას აირჩევს?


- ჯერჯერობით ამაზე არ უფიქრია. ფაქტია, რომ ძალიან უყვარს ცეკვა, მოსწონს მსახიობობა. მზად არის, შუაღამით სიცივეში, მშიერი დადგეს ქუჩაში, ოღონდ დაიძახონ „მატორ"! ეს მისთვის ყველაფერია. არ აინტერესებს არც დაბადების დღე, არც მეგობრებთან წასვლა, ოღონდ ეს პროცესი არ გამოტოვოს.


- ნიკა ნერვიულობს?


- გვაჩვენებს, რომ არ ნერვიულობს, მაგრამ ვიცი, რომ ნერვიულობს. ჩემი ემოციაც ძალიან დიდია, ზოგჯერ მგონია, რომ კულისში ნიტას მაგივრად მე ვდგავარ და მუსიკა რომ ჩაირთვება, სცენაზე უნდა გავიდე. სცენაზე რომ გამოდის, ნერვიულობა ეხსნება მასაც და ჩვენც.


- სალომე ჭაჭუას კონკურენტადაც კი დაასახელეს ნიტა...


- მართლა? სალომე საქართველოში დღეს ყველაზე ძლიერი მოცეკვავე ქალია. ფანი თავისი საქმის. ამიტომ ეს დიდი კომპლიმენტია ჩვენთვის.


- საკმაოდ ძლიერი კონკურენტები ჰყავს ნიტას. როგორ აფასებ მის შანსებს, თუ ნიტას ასაკსაც გავითვალისწინებთ...


- მზაობა იმისა, რომ მან თანაბარი კონკურენცია გაუწიოს დანარჩენებს, ნიტაში არის. არ მეშინია ნიტას ასაკის. მომზადებულია ფიზიკურად, ტექნიკურად. უფრო მეტად მეშინია იმის, როგორი ცეკვა, მუსიკა შეხვდება. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. არ ვიტყვი, რომ მაინცდამაინც გამარჯვება გვინდა, მინდა კარგი ცეკვები იცეკვოს, მომდევნო წინა ცეკვაზე უკეთესი იყოს, დავინახო, როგორ იზრდება ტურიდან ტურში. თუკი ამას მივაღწევთ, ვიქნები უბედნიერესი, ეს იქნება დიდი პრაქტიკა ნიტასთვის.


- თეა, როგორც ქორეოგრაფი, ერევი მუსიკაში, დადგმაში...


- ძალიან ცუდი მდგომარეობა მაქვს, ამ მხრივ. არ ვიცი, რამდენად სწორი შედარებაა, მაგრამ ეს ჰგავს სიტუაციას, როცა ხარ მძღოლი და გვერდით უზიხარ მძღოლს. სულ გინდა მიეხმარო, იგივენაირად გეღლება კუნთები და მასავით განიცდი. როცა ვიგებ, რა უნდა იცეკვოს, მაშინვე ვდგამ სიუჟეტს, ყურში მესმის მუსიკა, რომელსაც მე მივცემდი ამ სიმღერაზე, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის საშუალება არ მაქვს, ჩემი მხრიდან არ იქნება სწორი, უფლება არ მაქვს, ჩავერიო და ეს ტანჯვაა ჩემთვის (იცინის). ყველა ადამიანს თავისი გემოვნება აქვს. ყოფილა მომენტები, როცა მიფიქრია, რომ ტექნიკურად კიდევ უფრო რთულის მიცემა შეიძლებოდა. ამაზე ცოტა გული მწყდება, მაგრამ ვითმენ. ვიცოდი, რომ ამისთვისაც მზად უნდა ვყოფილიყავი. პროექტს თავისი ქორეოგრაფები ჰყავს და არანაირი უფლება არ მაქვს, ჩავერიო.


- ისღა დამრჩენია, წარმატებები გისურვოთ.


- დიდი მადლობა.


 

 

 

ნინო მჭედლიშვილი

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი