logo_geo
ქართული ღვინო, რომელიც საკუთარ ამბავს გვიყვება – „ETC“ ლოკაციების შესაბამისი შეფუთვებით
- +

6 აპრილი. 2018. 17:24

 

 

ღვინის ახალი ბრენდის „ETC“-ს (ET CETERA ანუ და ა.შ.) ისტორია 2017 წლის ზაფხულში დაიწყო, როდესაც ორი ბავშვობის მეგობარი სესხის აღებას შეუშინდა და როგორც იტყვიან, ოქროები დაალომბარდა. საკუთარი კაპიტალით დაწყებულ საქმეს სხვა გემო აქვსო, ისევე, როგორც ღვინოს, რომელიც ბრენდის შემქმნელებს – თეო ხუხუნსა და მარი ლაგვილავას ასე უყვართ. საკუთარი წარმოების ქონა თავისუფლებაა ახალგაზრდა სტარტაპერებისთვის და ცდილობენ, სილაღე, სიახლეებისადმი მზაობა და თავგადასავლების მოყვარულობა პროდუქტზეც აისახოს. ეს მცდელობა კი სარეალიზაციო ადგილების შესაბამისი, მრავალფეროვანი შეფუთვების შექმნაში გამოიხატა.

 

 

 

ამ ეტაპზე, „ETC“ 7 სახეობის ღვინოს სთავაზობს მომხმარებელს, რომელიც წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე, ოთხ ტურისტულად აქტიურ ადგილას – ბათუმი, მარტვილი, თუშეთი და გუდაური. „ETC“-ს შემქმნელები, დროთა განმავლობაში, სხვა რეგიონების მოცვასაც გეგმავენ, თუმცა, სანამ უშუალოდ მათთან ინტერვიუზე გადავიდოდეთ, წარმოგიდგენთ სხვადასხვა ლოკაციაზე მორგებულ „ETC“-ს პროდუქტსა და შეფუთვებს, რომელზეც გრაფიკულმა დიზაინერმა ზურა სამუშიამ იმუშავა:

 

„დარიანი“ თბილისის ხაზისთვის, რომლის ინსპირაციის წყაროა მე-20 საუკუნის დასაწყისის ქართული, ეროტიული პოეზია

 

 

 

კანიონების, როგორც ღირსშესანიშნავი და ტურისტულად აქტიური ადგილის თემა მარტვილის ხაზისთვის.

 

 

 

ზღვა, თოლიები და გემი, საზღვაო კურორტის გამოსახატად, ბათუმის ხაზისთვის.

 

 

კესელოები ცხენის გამოსახულების ფონზე, თუშეთის ხაზისთვის შექმნილ შეფუთვაზე

 

 

სნოუბორდერის ვიზუალი გუდაურის ხაზისთვის

 

„არასოდეს ვჩერდებით ერთ იდეაზე და მუდმივად ვძენთ პროექტს სიახლეებს. ვზრუნავთ შესყიდვებზე, ვფიქრობთ ვიზუალურ კონცეფციაზე, ვწერთ მხატვრულ ტექსტებს კონტრ ეტიკეტებისთვის, თავად ვაკეთებთ დისტრიბუციას ზემოთ აღნიშნულ რეგიონებში, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს, ვმუშაობთ სოც-მედია მენეჯმენტზე (რომელიც, როგორც დამწყებ ბიზნესს ახასიათებს, ჯერჯერობით, ვერ ფინანსდება შემოსული თანხებით)“, – ამბობენ „ETC“-ს შემქმნელები. კონკრეტულად, რა მოტივით შეიქმნა ბრენდი და რით არის ის გამორჩეული ქართულ ღვინის ბაზარზე – ამ საკითხებზე მარკეტერი მარი ლაგვილავასა და თეო ხუხუნს ესაუბრა:

 

 

 

- თეო, როგორ გაჩნდა „ETC“-ს შექმნის იდეა და რა საჭიროება დაინახეთ ამისათვის ქართულ ბაზარზე?

 

 - მარი ორი შვილის დედაა, იდეის გაჩენის პერიოდში არ მუშაობდა, მე ვმუშაობ და მყავს შვილი. ორივეს მარკეტინგისა და პიარის მიმართულებით გვქონდა გამოცდილება, ყოველთვის უამრავ იდეას ვუზიარებდით ერთმანეთს. გადავწყვიტეთ, მოვიდა დრო იმისათვის, რომ ამდენი იდეის არსებობის პირობებში, ერთი მაინც გვექცია რეალობად. გამომდინარე იქიდან, რომ ღვინო გვიყვარს ორივეს, ყოველთვის ვგრძნობდით ღვინის კულტურას და ვფიქრობთ, სხვა რომანტიკა ახლავს კარგ ღვინოს, გადავწყვიტეთ, დაგვეწყო ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა. შევისწავლეთ ბაზარი, რის შედეგადაც, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენი იდეის იდენტური არ არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ ბაზარზე, ამ მიმართულებით, არსებობს საკმაოდ კარგად განხორციელებული სხვადასხვა ფანტაზია. ტურისტული ადგილებისთვის შევქმენით, კონკრეტულად, ამ ლოკაციაზე მორგებული ღვინის ვიზუალები. გვინდოდა, შეგვექმნა პროდუქტი, რომელიც მოჰყვებოდა ამბავს, იქნებოდა სავსე ემოციითა და რომანტიკით და მომხმარებელს მისცემდა შესაძლებლობას, თავადვე გამხდარიყო ამ ისტორიის ნაწილი. დავიწყეთ ოთხი რეგიონით და ბოლოს მივამატეთ თბილისი.

 

- რა გამოარჩევს თქვენს პროდუქტს?

 

- გარდა ლოკაციების შესაბამისი შეფუთვისა, ეს არის პირველ პირში მოსაუბრე, მხატვრული შინაარსის ტექსტები. ყურადღება გავამახვილეთ არა მხოლოდ წინა ეტიკეტზე, არამედ კონტრეტიკეტზეც, საიდანაც ღვინის თითოეული ბოთლი საუბრობს პირველ პირში, მომხმარებელს უზიარებს ემოციას, უყვება ამბავს და გაძლევს შესაძლებლობას, თავად განაგრძო დაწყებული ისტორია, ამბავი, ან მიუძღვნა ვინმეს (დატანილია თავისუფალი ორი ხაზი). აღსანიშნავია ისიც, რომ ამ პროდუქტმა მოგვცა შესაძლებლობა, ჩვენი წერის უნარი საჯაროდ გამოგვეყენებინა, რადგან ორივე, დიდი ხანია ვწერთ ტექსტებს, თუმცა, არასოდეს გამოგვიქვეყნებია ჩვენი ნამუშევრები.

 

 

 

 

 

- ვინ არის ბრენდის სამიზნე აუდიტორია? ვისთვის შექმენით ის?

 

- ჩვენი სლოგანია – თავგადასავლების არომატი (Flavor of Adventures) ანუ „ითისის“ ღვინო არის მოგზაურებისთვის, სიახლეების მაძიებელთათვის, თავგადასავლების მოყვარულთათვის და მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია არომატი თავგადასავალთან ერთად! გარდა ქართველი მომხმარებლისა, ღვინის ვიზუალი მაქსიმალურად გათვლილია ტურისტებზე, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა, საქართველოდან ჩვენი ღვინის სახით, წაიღონ სუვენირი, საჩუქარი, ქართული კულტურა, ემოცია, შეგრძნება და მოგონება, რომლის გემოც დიდ ხანს გაჰყვებათ.

 

- სად იწარმოება „ითისის“ ღვინო და როგორია თქვენი კონკურენტული უპირატესობა გემოვნური, თუ სახეობასთან დაკავშირებული მახასიათებლების კუთხით?

 

- ჩვენი ღვინო კახეთში, ყვარელში იწარმოება. 7 სახეობის ღვინო გვაქვს, აქედან, ნახევრადტკბილი ქისი არის იშვიათობა ქართულ ბაზარზე, ისევე, როგორც ვარდისფერი ნახევრადტკბილი. გარდა ამისა, გვაქვს განსაკუთრებული „ქინძმარაული“, დურუჯის სანაპიროზე გაშენებული ვენახებიდან, სადაც მთელი მიკროზონა და კლიმატი მორგებულია იმაზე, რომ გამოვიდეს არაჩვეულებრივი „ქინძმარაული“.

 

 

- როგორია თქვენი სარეალიზაციო პოლიტიკა? სად შეიძლება „ითისის“ პროდუქციის შეძენა?

 

- ღვინის მაღაზიებში, ღვინის ბარებში და რესტორნებში, სასტუმროებში. ჩვენ ქსელთან არ ვთანამშრომლობთ, ეს პოლიტიკა გადავდეთ გვერდით, გვინდა საინტერესო ადგილები, გესთ ჰაუსები რეგიონებში. თბილისისთვის შექმნილი დარიანული სერია კი უკვე წარმოდგენიალია „ვინოგრაუნდში“, „ვინომანიაში“, „ვინარეაში“, ბარ-რესტორან „დარიანში“, „ღვინის სახლი გაგარინზე“. ასევე, მიმდინარეობს მოლაპარაკებები რამდენიმე ღვინის მაღაზიასთან და ბართან.

 

 

- როგორია ბიზნესის მართვასთან დაკავშირებული სიძნელეები ორი ახალბედა სტარტაპერისთვის და რა მიმართულებით გეგმავთ „ETC“-ს განვითარებას?

 

- ხანდახან, სამი ბავშვით დავდივართ ელიავაზე, როცა თარო გვინდა, ან ჩაჩები. ჩემი მანქანით ვაკეთებთ დისტრიბუციას, ყველა რეგიონში ჩვენ ჩაგვაქვს პროდუქტი, გარდა თუშეთისა. პატარა მანქანაა, მაგრამ ვახერხებთ გამოვიყენოთ სადისტრიბუციო მიზნებისთვის. როგორც გითხარით, ჩვენ ერთ იდეაზე ვერ ვჩერდებით. უახლოეს მომავალში, აუცილებლად გაიზრდება რეგიონების რაოდენობა და კიდევ უფრო მეტ, ტურისტულად აქტიურ ადგილზე შეხვდებით ჩვენს ღვინოებს.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი