logo_geo
„სხვა გოგონების ყურადღება არ მაკლდა, მას კი არ ვაინტერესებდი...“ - რეზო ჩხიკვიშვილის გულახდილი მოგონებები
- +

22 აპრილი. 2018. 23:54

 

 

ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი მსახიობი რეზო ჩხიკვიშვილი დღემდე გერმანიაში ცხოვრობს. ის და მისი მეუღლე, მსახიობი ხათუნა ჩაგელიშვილი უკვე 33 წელია ერთად არიან და ორი ვაჟიც  ჰყავთ. ბატონმა რეზომ mshoblebi.ge-ს თავის ოჯახზე ისაუბრა. გვიამბო, როგორ მოიგო თავის დროზე ძალიან პოპულარული ხათუნას გული და ისიც გაგვიმხილა, რომ ძალიან ელოდება შვილების დაოჯახებას.

 

- ქართველი მაყურებელი კარგად იცნობს ქართულ მხატვრულ ფილმს „ჩიორა", სადაც ჩემი მეუღლე მთავარ როლს – მარის ასახიერებდა. მე შემთხვევით ამ ფილმის გახმოვანებაზე აღმოვჩნდი: მარის პარტნიორს, ნიკას (თენგიზ გიორგაძეს) ვახმოვანებდი.

 

ხათუნასაც სხვა მსახიობი

 

ახმოვანებდა, ამიტომ პირველად ეკრანზე ვნახე, გახმოვანების დროს. მართალი გითხრათ, მაშინვე,არ გავგიჟებულვარ. ხათუნა ახალი სახე იყო კინოში და ყველა მასზე საუბრობდა... როცა ფილმის პრემიერაზე დავინახე და მოვისმინე, რა აღფრთოვანებით საუბრობდნენ მასზე ჩემი მეგობრები, მაშინ კი ვიფიქრე, ეს გოგო ხელიდან გასაშვები არ არის-მეთქი... თვითონ დიდ სითბოს არ გამოხატავდა ჩემს მიმართ. მასაც მიუტანა "ჩიტმა" ამბავი, რეზოს შენზე უთქვამს, რატომ მოსწონთ ეს გოგო ყველას, ერთ-ერთი ჩვეულებრივი გოგოაო...

 

მე კი, მოგეხსენებათ, იმ დროს ახალგაზრდა გოგონების ყურადღება და სიყვარული არ მაკლდა. თუმცა ხათუნა ალბათ იმით განსხვავდებოდა სხვა ქართველი გოგონებისგან, რომ ყველას რამდენჯერმე ჰქონდა ჩემი სექტაკლი "დარაბებს მიღმა გაზაფხულია" ნანახი, ხათუნას ჯერაც არ ენახა და დიდად არც აინტერესებდა. ამან სურვილი აღმიძრა, შემეცვალა მისი ცივი დამოკიდებულება ჩემს მიმართ.

 

დავიწყე გზების ძიება: იმ დროს მიღებდნენ ქართულ მხატვრულ ფილმში, სადაც მე ერთ-ერთ მთავარ როლს ვასრულებდი და მჭირდებოდა ფილმის ბოლოს "მეუღლე". ანუ ჩემი გმირი ჯვარს იწერდა და გადამღები ჟგუფი ჩემთვის შესაფერ "მეუღლეს" ეძებდა. მათ ვუთხარი, "ჩიორაში" რომ გოგო თამაშობს, ისეთი გოგო მომიყვანეთ-მეთქი... მოხდა საოცრება და მართლაც ხათუნა მოიყვანეს. რას წარმოვიდგენდი, რომ "ჩიორას" შემდეგ, რომელმაც ხათუნას ამხელა პოპულარობა მოუტანა, ჩემთან თამაშს თუ დათანხმდებოდა ძალიან პატარა როლზე. გავიფიქრე, მგელს კრავი საკუთარი ნებით მოუყვანეს-მეთქი, რა თქმა უნდა ყველა რესურსი გამოვიყენე, მისთვის რომ თავი მომეწონებინა... მანქანით წაყვანა, ინსტიტუტში დახვედრა... მაშინ საქართველოში თუკი რამ ნუგბარი შემოდიოდა საზღვარგარეთიდან, ყველაფერი მანქანაში მქონდა მომარაგებული – წვენები, შოკოლადები და ასე შემდეგ... ჩემი დასახული გეგმა უშეცდომოდ განვახორციელე და ჩვენ 1985 წელს შევუღლდით.

 

შეგვეძინა ორი ვაჟი – სანდრო და ლევანი... უკვე 33 წელია ერთად ვწევთ ცხოვრების ჭაპანს, აქედან 8 წელი საქართველოში და 25 წელი გერმანიაში. დღემდე ვხოვრობ გერმანიის ქალაქ ესენში და ვმოღვაწეობ ქალაქ ესენის "გრილოს" სახელობის სახელმწიფო თეატრში.

 

- როგორ იხსენებთ იმ ემოციას, როცა მამა გახდით?

 

- შვილის დაბადება დიდი მოვლენა და სიხარული იყო. ცოტა შიშიც, პასუხისმგებლობა, რომ ჩემი თავი მხოლოდ მე არ მეკუთვნოდა. დავფრინავდი სიხაულისგან. მართლაც სულ სხვა შეგრძნება მქონდა, რომ უკვე დავკაცდი, მამა გავხდი. ეს იყო სიამაყის გრძნობა! ძალიან შემიყვარდა პირველი შვილი, მეგონა, რომ მასზემეტად არასოდეს არავინ შემიყვარდებოდა. ამიტომ მეორე შვილის დაბადება ჩემთვის ცოტა კურიოზული აღმოჩნდა: იმის მაგივრად რომ საავადმყოფოში ვმჯდარიყავი, რატომღაც გარეთ გავედი. თითქოს თავიდან ამომივარდა კიდეც, რომ ყოველ წუთს შეიძლებოდა ბავშვი დაბადებულიყო... უკან რომ დავრუნდი, ლევანჩო დაბადებული იყო. ექთანი ძალიან გაკვირვებული დამხვდა. დღესაც ვერ ვხსნი, ასე რატომ მოხდა. ის კი მახსოვს, რომ გოგოს გაჩენას ვნატრობდი და ცოტა შინაგანად უკმაყოფილოც დავრჩი, რომ მითხრეს ბიჭი შეგეძინაო... ის კი ვერ წარმომედგინა მაშინ, რომ მეორე ბიჭი –ლევანიც სიგიჟემდე შემიყვარდებოდა.

 

- რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი?

 

- ოჯახი ჩემთვის ყველაფერია! მის გარეშე ჩემი სიცოცხლე წარმოუდგენელია. ადამიანი პირველ რიგში უნდა ეკუთვნოდეს ოჯახს, შემდეგ ქვეყანას! ოჯახი არის ჩემთვის სიმყუდროვე, სითბო, სიყვარული, გვერდში დგომა, ოჯახი არის სამშობლოს გონიერი უჯრედი – ნავსაყუდელი. იდილიური მიკროსამყარო. საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველისათვის კი - უდიდესი საყრდენი, ცხოვრების აზრი. ქართული ოჯახი კი ქართული საზოგადოების ყველაზე ძლიერი ინსტიტუტია! მე მიხარია, რომ უკვე 33 წელია, მე და ჩემი მეუღლე ერთად ვცხოვრობთ და ვშრომობთ. გვყავს არაჩვეულებრივი შვილები – ალექსანდრე და ლევანი. მინდა, რომ ისინიც მალე დაოჯახდნენ, ასეც მპირდებიან!

 

- რამდენად ინარჩუნებთ უცხოეთში ქართულ ოჯახურ ტრადიციებს?

 

- ქართველები ყველა ქართული ტრადიციის შენარჩუნებას შეძლებისდაგვარად ვცდილობთ და ვახერხებთ კიდეც. დიუსელდორფში წმინდა ანთიმოზ ივერიელის სახელობის ეკლესია და სამრევლოა, სადაც წირვა-ლოცვაზე დავდივართ. Pპატარა ბავშვებს აქვთ შესაძლებლობა, საკვირაო სკოლაში ისწავლონ ქართული ენა, ისტორია, ცეკვა, სიმღერა... ეკლესია არის ერთერთი ძალა ჩვენი თანამემამულეების უცხოეთში გაერთიანებისა და უსაყვარლესი სამშობლოს განცდის შენარჩუნებისა. ვხვდებით ერთმანეთს ქართული ოჯახები და ვცდილობთ ჩვენს გერმანულ მეგობრებს ავუხსნათ ჩვენი ქართული ტრადიციების აზრი და წარმომავლობა!

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი