logo_geo
მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი და სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი ბავშვის ისტორია
- +

5 მაისი. 2018. 17:38

 

 

„დედის ლოცვა მთებს შეძრავს, ყველაზე დიდ სასწაულს ახდენს დედამიწაზე“, – ეს სიტყვები მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილ და სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილ 3 წლის დათუნა ლომთაძის დედას, ნინო ქობულაძეს ეკუთვნის. მან არაერთი განსაცდელი გაიარა და დიდი ხნის ნატვრის შედმეგ გახდა დედა. შესაძლოა, სწორედ ამიტომაც საოცრად ყურადღებიანი და როგორც იტყვიან, „ფეთიანი დედაა“.

 

 ნინო ქობულაძე ქუთაისის მე-10-ე ბაგა -ბაღის გამგეა და დაახლოებით 200 აღსაზრდელს, როგორც საკუთარ შვილებს, ისეთივე მზრუნველობით უვლის.

 

www.sabavshvo.info ექსკლუზიურად გიამბობთ ისტორიას, რომელიც ნამდვილი სასწაულია. 2016 წლის 2 დეკემბერს, როდესაც ოჯახი პატარა დათუნას ოქროს დაბადების დღის აღსანიშნავად ემზადებოდა, უბედური შემთხვევა მოხდა და დათუნა მეცხრე სართულიდან გადავარადა. ამ ამბავმა შეძრა სრულიად საქართველო… საბედნიეროდ დათუნა სასწაულებრივად გადარჩა. ის დღეს 3 წლისაა და სრულიად ჯანმრთელი, სექტემბერში ბაღში წასასვლელად ემზადება.

 

www.sabavshvo.info გთავაზობთ ექსკლუზიურ ინტერვიუს დათუნა ლომთაძის დედასთან, ნინო ქობულაძესთან:

 

– პირველი შვილი 7 თვის ორსულმა დავკარგე. შემდგე 5 წელი ვნატრობდი, როდის გავხდებოდი დედა. ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი ოცნება და მიზანი. ღმერთმა შეისმინა ჩემი ვედრება და 2010 წელს დაიბადა ჩემი ნანატრი ქალიშვილი, ანა ლომთაძე, რომელმაც უდიდესი სიხარული შემოიტანა ჩვენს ოჯახში. 4 წელიწადში კი გაჩნდა ჩემი მეორე შვილი, დათუნა ლომთაძე, რომელიც ერთადერთი ბიჭია სანათესაოში და ლომთაძეების გვარის გამგრძელებელი.

 

– გულწრფელად გეტყვით, დათუნას ამბის დაჯერება ცოტა გამიჭირდა, მეცხრე სათულიდან გადმოვარდნილი ბავშვის უვნებლად გადარჩენა ნამდვილი სასწაულია. თქვენთვის მძიმე იქნება ამ დღის გახსენება, მაგრამ მოგვიყევით რა მოხდა?

 

– გეთანხმებით, ძალიან მტკივნეულია ამ დღეზე საუბარი, მიახლდება ის წუთები, ის საშინელი დღეები. დათუნას გადარჩენა მართლაც ნამდვილი სასწაულია.

 

ვიდრე უბედური შემთხვევის შესახებ გიამბობთ, დათუნას დაბადების ისტორიით დავიწყებ თხრობას. იგი საკეისრო კვეთის შედეგად დაიბადა. საოპერაციოდ უკვე მზად ვიყავი და ის-ის იყო, უკვე გაკვეთა უნდა დაეწყო ექიმს, როდესაც სამშობიაროში მძმე მშობიარე შემოიყვანეს, ახალშობილის გადარჩენა კითხვის ნიშნის ქვეშ იდგა. ჩემი ექიმი გამოიძახეს, მაგრამ მან უარი თქვა მშობიარის მიღებაზე, რადგან, როგორც გითხრით, ყველა პროცედურა ჩატარებული ჰქონდათ და უკვე უნდა დაეწყოთ ოპერაცია. მე ჩემივე სურვილით, ავდექი საოპერაციო მაგიდიდან და ადგილი დავუთმე მძიმე მშობიარეს, რადგან თავადაც გამოცდილი მქონდა შვილის დაკარგვით გამოწვეული ტკივილი და არ მინდოდა ახალგაზრდა დედა ამ უბედურებით გამწარებულიყო. მოკლედ, ჩემი გადაწყვეტილების შემდგომ მედპერსონალმა მიიღო მშობიარე ქალი და დედაც და მისი პატარაც გადარჩნენ. მერე, როდესაც დათუნა დაიბადა და ფეხზე დადგომა შევძელი, მოვინახულე ისინი. ყველა მლოცავდა და მეუბნებოდნენ: ღმერთი ამ სიკეთეს არ დაგიკარგავსო და მართლაც, მადლობა უფალს, რომ დათუნა მეორედ მაჩუქა.  

 

 

ანა და დათუნა ლომთაძეები

 

დათუნა 2014 წლის 2 დეკემბერს, 13:00 საათზე დაიბადა. ეს უბედური შემთხვევა კი 2016 წლის 2 დეკემბერს, ასევე 13:00 საათზე მოხდა, როცა დათუნას ოქროს დაბადების დღის აღსანიშნავად ვემზადებოდით.

 

– მაშინ რამდენიმე საინფორმაციოში ითქვა, რომ თითქოს ბავშვი ფოიერვერკების გასროლის დროს გადმოვარდა აივნიდან?

 

– არა, ეს მცდარი ინფორმაციაა, არანაირი ფოიერვერკი არ გაგვისვრია, შუადღე იყო, 13:00 საათი. ბავშვი ნამდვილად გადმოვარდა მეცხრე სართულიდან, მაგრამ არა ფოიერვერკების გასროლის დროს.

 

– წინათგრძნობა გქონდათ?

 

– 2 დღე დაძაბული ვიყავი, ბავშვიც გაღიზიანებული იყო. სულ ხელში აყვანას მთხოვდა, ჩემთან სიახლოვე უნდოდა, ეს უჩვეულო იყო დათუნასთვის. დილით, მამიკომ, მორთული ოთახი დაახვედრა მას. გახარებული ათვალიერებდა ბუშტებს, მაგრამ გაღიზიანება მაინც ეტყობოდა. რაღაცნაირად მეც დაძაბული ვიყავი, ვამბობდი, დაბადების დღეებს ხიფათი მოსდევს, დღეს განსაკუთრებით ყურადღებით უნდა ვიყოთ-თქო. დათუნასაც კი ვუთხარი ეს სიტყვები. მოსალოცად რომ მირეკავდნენ, ძალიან მოკლე დროში ვასრულებდი საუბარს, როგორც ჩანს, ეს დედის ინტუიცია და წინათგრძნობა იყო.

 

– თქვენი და დათუნას გარდა კიდევ ვინ იმყოფებოდა სახლში?

 

– სახლში მე და ჩემი დედამთილი ვიყავით, ის ჩემზე მეტად ყურადღებიანი ბებიაა. დილით, წესისამებრ, საძინებლის ფანჯარას ბებო აღებდა და კარს გასაღებით კეტავდა. არ ყოფილა არცერთი შემთხვევა, ბავშვებს გასაღებით გადაკეტილი კარი გაეხსნათ და საძინებელში შესულიყვნენ…

 

შუადღით, როდესაც საჭმელი უნდა გამემზადებინა, აბაზანაში შევედი ხელების დასაბანად. აბაზანის კარი დავხურე, დათუნა კართან მაგნიტოფონით ხელში იდგა და მესმოდა როგორ მღეროდა ჩემი შვილი, უცებ სიმღერა შეწყდა, ცუდად მენიშნა სიჩუმე, იმ წამსვე აბაზანიდან გამოვედი და დავუძახე, პასუხი რომ არ გამცა დავიწყე ყვირილი, დედამთილი შეშინებული მომიბრუნდა: რა გაყვირებს, აქ იქნება დათუნა, სადმე დაიმალებოდაო… ფარდის უკან უყვარდა დამალვა და ხშირად გვემალებოდა. რაღაცნაირად ისტერიულად ვმოქმედებდი, ჩამოვგლიჯე ფარდები, ყველა კუთხე კუნჭული დავიარე, მაგრამ ბავშვი ვერსად ვიპოვე. დავინახე, რომ საძინებლის კარი ღია იყო და გავიფიქრე, ეს კარი ღია რატომ არის-თქო, მაგრამ უბედურებაზე არც მიფიქრია. ისევ ძებნა განვაგრძე. უკვე თავს ვეღარ ვაკონტროლებდი. ინსტიქტურად სადარბაზოს კარი გავაღე და კიბეზე დავეშვი, დღემდე არ ვიცი, რატომ? რისთვის ჩავირბინე კიბეები, მე ხომ ფანჯრიდან გადავარდნილი ჩემი შვილი არ დამინახავს და არც მიფიქრია ამაზე.

 

– რა სურათი დაგხვდათ, როდესაც ეზოში ჩახვედით?

 

– დავინახე ჩემი დათუნა სრულიად უცხო ადამიანს ეჭირა ხელში, ფეხები ჩამოკიდებული ჰქონდა და მანქანაში სვამდა. მაშინ მივხვდი რა უბედურებაც დამატყდა თავს. მიმავალ მანქანას გავეკიდე და შევარდი. დათუნა თვალდახუჭული, უგონოდ ესვენა სრულიად უცხო ადამიანს ხელებში, არ ქონდა სახეზე არცერთი ნაკაწრი, არ ჰქონდა სისხლის არც ერთი წვეთი. მხოლოდ ჩემი ხმის გაგონებაზე ერთი თვალიდან ცრემლი ჩამოუვარდა.

 

– ვინ იყო ეს უცხო ადამიანი?

 

– გიორგი ნამიჭეიშვილი, ადამიანი რომელმაც ჩემი შვილი პირველმა აიყვანა ხელში მიწიდან და საავადმყოფომდე ხელი არ გაუშვია. გიორგი მეუღლესთან ერთად ბაზარში მიდიოდა თურმე და დაბლა დაგდებული ბავშვი რომ დაინახა მაღალი მავთულის ღობეს გადაახტა და ისე გამოიყვანა დათუნა. გიორგი დღეს ჩემი ოჯახის უსაყვარლესი და ძალიან ახლობელი ადამიანია.

 

– ვინმემ დაინახა ბავშვი როგორ ჩამოვარდა?

 

– ბავშვის ჩამოვარდნა არავის დაუნახავს.

 

– სარეცხი თოკები იყო გაბმული და მასზე ეცემოდა თუ რამ შეანელა ვარდნის სიჩქარე?

 

– არა, არცერთი თოკი არაა ჩვენი ფანჯრის დაბლა. ბავშვი ფანჯრიდან პირდაპირ სველ მიწაზე დავარდა.

 

– საავადმყოფომდე დათუნა უგონოდ იყო?

 

– უგონოდ იყო, მხოლოდ სუნთქავდა. საავადმყოფოში შევიყვანეთ და სუნთქვაც შეწყვიტა. მალევე მოხდა სასუნთქ აპარატზე შეერთება. რეანიმაციაში შეიყვანეს ჩემი შვილი და მე კარი ცხვირ წინ მომიკეტეს. გაგიჟებული დედა, უცებ უსუსურ არსებად გადავიქეცი. დავუშვი, რომ ჩემი შვილი ანგელოზებმა წაიყვანეს. დათუნა დავტოვე რეანიმაციაში და მე ეკლესიას მივაშურე. ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოს ეზოში წმინდა სერაფიმეს სახელობის ეკლესია დგას, ფეხშიშველი, თმაგაშლილი, სასოწარკვეთილი ქალი შევედი ტაძარში და იქ დამხვდა ჩემი გადამრჩენი, მესანთლე მანანა იმედაძე, რომელმაც იმ წუთშივე მომაწოდა დაუჯდომელი და დავიწყე ლოცვების კითხვა. თავად მამაოს დაურეკა, მოსვლა სთხოვა, გადარეკა ყველა ტაძარში, სადაც ხელი მიუწვდებოდა და 15:00 საათისთვის საქართველოს მოქმედ, თითქმის ყველა ტაძარში, დათუნას სახელზე ლოცვა აღევლინა. იმ ადგილას კი, სადაც დათუნა ჩამოვარდა, სანთლებით ხელში მლოცველი ხალხის ნაკადი არ წყდებოდა. უცნობი, ნაცნობი, ვინც დათუნას შესახებ შეიტყო ყველა ლოცულობდა. თანამშრომლები, მეზობლები და თავისთავად მეგობრები ერთი წუთითაც არ მომშორებიან გვერდიდან. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და თქვენი საიტის საშუალებით კიდევ ერთხელ ვუთხრა მათ მადლობა ამ უდიდესი თანადგომისთვის.

 

მეცხრე სართულიდან გადმოვარდნილი შვილის გადარჩენას ღვთისმშობელს ვთხოვდი. ლოცვა ერთი წამითაც არ შემიწყვეტია.

 

– თქვენი მეუღლე სად იყო ამ დროს?

 

– ჩემი მეუღლე სამხედრო პირია, ვიცე-პოლკოვნიკი, ქუთაისში კადეტთა ლიცეუმში კურსის უფროსია. სამსახურში იყო. მეზობელმა დაურეკა და უთხრა, ბავშვთა საავადმყოფოში წამოდი, დათუნა გყავს ცუდადო. მიმხვდარა, რაღაც უბედურება დაგვატყდა თავსო… მე რომ არ დავურეკე, ეს უკვე საკმარისი იყო მისი ეჭვისთვის. როდესაც საავადმყოფოში მოვიდა, ვერავინ შეძლო მისთვის სიმართლის თქმა. ბოლოს მოვიკრიბე ძალა და ვუთხარი რაც მოხდა. ყველზე მხნედ ის იყო. მამშვიდებდა, მეუბნებოდა დათუნა ცოცხალია, ნუ ყვირი, დათუნა გადარჩაო…

 

– დათუნა როდის ნახეთ?

 

– საღამოს, ჩემი დაჟინებული თხოვნით, შვილი მანახეს. . . რეანიმაციაში ჩემს დასთან ერთად შევედი. შევედი და დავინახე დათუნა, რომელსაც თავზე თითქოს, ნათელი შუქი ედგა. ვიდრე მე ვიტყოდი რამეს, ჩემმა დამ მითხრა: ნინო, ნახე დათუნას თავზე ნათელი ადგასო… თბილ ხელს რომ შევეხე, მაშინ მივხვდი, ჩემი დათუნა ჩემთან იყო… მაშინ ვუთხრი: დათუნა დედი, მთელ ჩემს ენერგიას, ძალას, ბრძოლის უნარს შენ გაძლევ, შენ გიტოვებ და აბა შენ იცი, არ დამტოვო-თქო. ეს ვუთხარი და დავტოვე რეანიმაცია, მაგრამ მის კარს არ მოვცილებულვარ.

 

– ექიმები რას გეუბნებოდნენ?

 

– უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო ქუთაისის ბავშვთა საავადმყოფოს. როდესაც ნეიროქირურგმა გასინჯა, მითხრა-წარმოიდგინე შენი შვილი სკამიდან ჩამოვარდაო. არ დავიჯერე. არცერთი სასიცოცხლო ორგანო დაზიანებული არ ჰქონდა. მხოლოდ ორივე ფეხი ჰქონდა გადატეხილი.

 

– აპარატზე დიდხანს იყო შეერთებული?

 

– მეოთხე დღეს აპარატიდან გამორთეს და დამოუკიდებლად სუნთქვა შეძლო. პირველად რომ მითხრეს, შეგიძლია დათუნას საჭმელი მოუტანო, ეს ჩემთვის შვილის მეორედ დაბადების ტოლფასი იყო.

 

ჩვენივე სურვილით, უფრო გამოცდილი ექიმები რომ ჩაგვერთო მკურნალობის პროცესში, დათუნა რეანიმობილით თბილისში, იაშვილის ბავშვთა კლინიკაში გადმოვიყვანეთ. სადაც ახალი მოულოდნელობები და სასწაულებით სავსე დღეები გავატარეთ.

 

 

 

ესაუბრა: ნინო ფაჩუაშვილი

 

 წყარო: sabavshvo.info

 

 

big_banner
არქივი