logo_geo
სალომე ტეტიაშვილი: ძმამ ჩემი გაცნობის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ნაბიჯი არ გადადგმულა
- +

11 მაისი. 2018. 01:14

 

„გოგონა კონკიას ისტორიით“ – ასე გაიცნო საზოგადოებამ სალომე ტეტიაშვილი, რომელიც ჯერ youtube-ზე ატვირთული ქართული სიმღერით გახდა პოპულარული, შემდეგ კი პროექტ “იქს ფაქტორში” გამოჩნდა და მაყურებლის აღტაცება გამოიწვია.

 

სალომე მარტოხელა დედამ გაზარდა დიდ გაჭირვებაში. როცა კონკურსში მიიღო მონაწილეობა, ისინი ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ. მართალია, პროექტის გამარჯვებული ვერ გახდა, მაგრამ უამრავი ადამიანი მოხიბლა, შემდეგ კი „ნანუკას შოუმ” ბინითაც დაასაჩუქრა.

 

კონკურსის შემდეგ სალომე აღარსად ჩანს. „სარკე” დაინტერესდა, თუ რას აკეთებს გოგონა, რომელზეც ერთი პერიოდი ბევრს საუბრობდნენ და დიდ წარმატებას უწინასწარმეტყველებდნენ.

 

– სალომე, „იქს ფაქტორმა” პოპულარობა მოგიტანათ, მაგრამ მას შემდეგ აღარსად ჩანხართ. გვიამბეთ, რას აკეთებთ, რითი ხართ დაკავებული.

 

– შოუბიზნესში საჭიროა, რომ მუდმივად ახალი საქმე აკეთო – გადაიღო ახალი კლიპი, გააკეთო სტუდიური ჩანაწერი, რასაც საკმაოდ დიდი ფინანსები სჭირდება. მე კი ამჟამად არ მაქვს საშუალება, ჩემი მსმენელი ამით გავანებივრო. ეს არის მიზეზი, რის გამოც აღარ ვჩანვარ. მაინც ვცდილობ, არ გავჩერდე. ჩემი ბენდი მყავს.

 

– სად მღერით ბენდთან ერთად?

 

– ქავერ ბენდია და მე და მარიამ აკობია ვართ სოლისტები. ჩვენს ბენდს „ინ კონტაქტი” ჰქვია. ვმღერით სხვადასხვა ბარებში, რესტორნებში, ძირითადად – კორპორატიულ საღამოებზე. სადღესასწაულო საღამოებზე სტაბილურად ვმუშაობთ.

 

youtube-ზე არ ტვირთავთ? რატომ არ გიცნობთ მსმენელი?

 

– საკუთარ სიმღერაზე მუშაობა ახლა დავიწყეთ, თანაც დიდი ხანი არც არის, რაც ერთად ვართ. რაც შეეხება იმას, თუ რატომ არ გვიცნობს მსმენელი, ეს პიარის საქმეა, რაზეც ჩვენ ვერ ვიზრუნებთ. შეიძლება ერთ-ერთ გადაცემაში ჩვენი ბენდის პრეზენტაცია შედგეს.

 

– თვითნასწავლი მომღერალი ხართ. როგორ ცდილობთ განვითარებას, გყავთ ვოკალის პედაგოგი?

 

– ვოკალის პედაგოგი არც მყოლია და არც მყავს, საკუთარ თავზე მე მიწევს მუშაობა. წლების წინ ნამღერს რომ ვუსმენ, ვხვდები, რა არ მომწონს და რა უნდა შევცვალო. მუდმივად ვვარჯიშობ.

 

– ადამიანები პოპულარობის შენარჩუნებას სხვადასხვა გზით ცდილობენ. თქვენ კი ძალიან ჩუმად ხართ, არ ცდილობთ ყურადღების მიპყრობას.

 

– არ მგონია, რომ პოსტებით და მსგავსი აქტიურობებით ინარჩუნებდნენ პოპულარობას, უბრალოდ ყურადღების ცენტრში ექცევიან. არ ვფიქრობ, რომ ეს პიარისთვის კარგი გზაა. შავი პიარის ნაწილი უფროა, ვიდრე თეთრის. მე კი შავი პიარის მომხრე არ ვარ.

 

სიმართლე გითხრათ, მსგავსი ამ არ მჭირდება, რადგან მინდა, უფრო სხვანაირად დავამახსოვრო ადამიანებს თავი, ვიდრე მოცვეთილი ხერხებით. უფრო დიდი ნაბიჯებისთვის ვემზადები, ვიდრე ეს პატარ-პატარა ყურადღებაა.

 

– დიდ ნაბიჯებში რას გულისხმობთ?

 

– დიდი ნაბიჯია საკუთარი სიმღერა, საკუთარი ბენდის პრეზენტაცია, ასევე – რომელიმე უცხოურ კონკურსში მონაწილეობა. ეს ყველაფერი დაგეგმილი მაქვს და ამისთვის ნელ-ნელა ვემზადები. ვნახოთ, რა იქნება.

 

– სიმღერის გარდა, რას საქმიანობთ?

 

– წელიწადნახევრის წინ ილიას უნივესიტეტში ჩავაბარე საფინანსო-მენეჯმენტის ფაკულტეტზე. მარტო სიმღერით ვერ ვიქნები დაკავებული, სხვა საქმეც უნდა მქონდეს შემოსავლისთვის. მოგეხსენებათ, მუსიკით მატერიალურად უზრუნველყოფილი ვერ იქნები.

 

– მუსიკისგან რადიკალურად განსხვავებული სფერო რატომ აირჩიეთ?

 

– ჯერ ერთი, სწორედ განსხვავებული სფერო მაინტერესებდა, მეორეც, ამ სფეროში ბევრი ახლობელი მყავს. დღეს ვერსად დაიწყებ მუშაობას, თუ პატრონი არ გყავს. შესაბამისად, ვეცადე, ისეთ სფეროში წავსულიყავი, სადაც შევძლებდი დასაქმებას. საინტერესო განხრაა, თან დარწმუნებული ვარ, რომ ამ მხრივაც შევძლებ ჩემი ცხოვრების მოწყობას.

 

– თქვენი ნებართვით, ძალიან დელიკატურ თემას შევეხები და მამაზე გკითხავთ. მასთან ურთიერთობა გაქვთ?

 

– ვერ გეტყვით, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მაგრამ მასთან არანაირი კონტაქტი არ მქონია.

 

– დედმამიშვილებს თუ ჰქონდათ თქვენი გაცნობის სურვილი?

 

– ერთი ძმა მყავს. სურვილი გამოითქვა, მაგრამ ნაბიჯი არ გადადგმულა.

 

– სიყვარული ხომ არ გწვევიათ?

 

– ყველას პირადში ხდება პატარ-პატარა რაღაცები, მაგრამ ისეთი სერიოზული არაფერია, რაზეც კომენტარს გავაკეთებ. როდესაც გადავწყვეტ, რომ ჩემი ცხოვრება სხვას დავუკავშირო, მაშინ აუცილებლად ვილაპარაკებ.

 

– როგორი მამაკაცი წარმოგიდგენიათ თქვენ გვერდით?

 

– ისე ხდება ხოლმე, რომ სხვანაირი წარმოგვიდგენია და რეალურად სხვანაირთან ვართ. ყველას აქვს თავისი სტანდარტები, მაგრამ ასე კონკრეტულად მაინც ვერ ვიტყვი, ჩემ გვერდით როგორი მამაკაცი უნდა იყოს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი