logo_geo
დაინახე ქართული ანუ ქართული იდიომების ილუსტრაციები – ინტერვიუ კოტე იანტბელიძესთან
- +

11 მაისი. 2018. 12:44

 

 

#დაინახექართული კოტე იანტბელიძის პროექტია, რომელიც ქართული იდიომებისა და გამოთქმების ილუსტრაციებს მოიცავს.

 

კოტე იანტბელიძე გახლავთ ლექტორი კრეატივისა და იდეების გენერირების ტექნიკაში. მას, ასევე, ეკუთვნის წიგნი „კრეატორის დღიური“, რომელშიც კრეატივის განვითარებისა და იდეების გენერირების შესწავლის სავარჯიშოები და რჩევებია წარმოდგენილი.

 

„არტნიუსი“ ესაუბრა პროექტის ავტორს, კოტე იანტბელიძეს. გთავაზობთ ინტერვიუს:

 

– რამ გადაგაწყვეტინათ ასეთი პროექტის გაკეთება? ანუ, რა იყო ინსპირაციის წყარო? ახლა საიდან იღებთ შთაგონებას?

 

– ასეთ პროექტებს ყოველთვის ვაკეთებ, კრეატიულობა ცხოვრების წესია და არა ხანდახან გამოსაყენებელი ტექნიკა. ჩემს შემთხვევაში, კრეატიულობა პროფესიაცაა და ჰობიც. შთაგონების წყარო ბევრნაირია, მაგალითად, შემთხვევით გაგონილი რეპლიკა, ახალი წიგნი, განახევრებული ფანქარი და ფურცლის ნაგლეჯი და ა.შ. გააჩნია რამდენად მგრძნობიარე ხარ იმ დამალული თუ ხილული იდეების მიმართ, რომლითაც სავსეა ჩვენს გარშემო ყველაფერი.

 

– როგორია კრეატორის დღე?

 

– კრეატორის დღე არის ჩვეულებრივ დღეს მინუს შაბლონები, ეტიკეტები, რუტინა და მექანიკურობა.

 

– როგორია სამუშაო პროცესი?

 

– ყველაზე მაგარი, სამუშაო პროცესი და იდეის აღმოჩენის მომენტი ბევრად მაგარია, ვიდრე შედეგით ტკბობა.

 

– რამდენად მოთხოვნადი და შემოსავლიანია ეს საქმიანობა?

 

– უფრო და უფრო მოთხოვნადი და, შესაბამისად, შემოსავლიანი ხდება. კრეატივზე, ორიგინალურობაზე, ინოვაციურობაზე დამოკიდებული ხდება ყველა სფერო. თანამედროვე მსოფლიო ძალიან აჩქარდა, მოვლენები ელვის სისწრაფით ვითარდება, რაც მოითხოვს მეტ საზრიანობას, კრეატიულ მიდგომას, არაორდინარული, ორიგინალური გზების პოვნას.

 

– ზოგადად, რამდენად პოპულარულია ეს კონკრეტული მიმდინარეობა მსოფლიოში?

 

– დღევანდელი მოცემულობით და მსოფლიოს მიხედვით ვერ გეტყვით, ზოგადად კი, თუ იდეა კარგი და კრეატიულია, პოპულარულიც არის თავისთავად. მიმდინარეობა არა მგონია, ალბათ იდეის ერთ-ერთი ჩვეულებრივი გამოხატულებაა.

 

– ბოლო პერიოდში საქართველოში შეიმჩნევა ლინგვისტიკისა და ვიზუალური ხელოვნების შეკავშირების ტენდენცია. მოგეხსენებათ, ანდაზებისა და გამოთქმების ილუსტრირების, გრაფიკული გამოსახვის იდეა რენესანსის ეპოქაში გაჩნდა პირველად. ხომ არ თვლით, რომ ამ ორ პერიოდს რაიმე კავშირი აქვს ერთმანეთთან და საქართველო ახლა იწყებს იმ გზის გავლას, რომელიც დასავლურმა კულტურამ მრავალი საუკუნით უკან მოიტოვა?

 

– როდესაც საქმე კრეატივს ეხება, აბსოლუტურად ყველაფერი კავშირშია სხვა დანარჩენ ყველაფერთან, ამოცანა მხოლოდ ამ კავშირების პოვნაა. მსგავსი შეკავშირების შემთხვევები ყოველთვის იყო, ასომთავრული ანბანით შედგენილი წიგნების პერიოდიდან ან თუნდაც XX საუკუნის პერიოდულ პრესაში.

 

როდესაც გყავს შოთა რუსთაველი, ვერ იტყვი, რომ ვინმეს ჩამორჩები. ძნელბედობების სიმრავლე გვაფერხებს და არა მენტალობა. ახლა მხოლოდ ერთი რამ გვჭირდება: საქართველომ უნდა გაიხსენოს თავისი ევროპული, შოთა რუსთაველისეული სილაღე, რაც ყველაზე კარგი ნიადაგია შემოქმედებითი განვითარებისთვის.

 

 

 

 

წყარო: artnews.ge

 

 

big_banner
არქივი