logo_geo
„ყველას, ვისაც ბავშვები გყავთ, ყურადღებით!“ - საქართველოში „ლურჯი ვეშაპის“ მსგავსი თამაში „ჩარლი“ გამოჩნდა
- +

14 მაისი. 2018. 14:32

 

ფსიქოლოგმა მარიამ ლილუაშვილმა საკუთარ facebook-გვერდზე, ინფორმაცია ახალი საფრთხის შემცველი ინტერნეტთამაშის შესახებ გაასაჯაროვა.

 

„ყველას, ვისაც ბავშვები გყავთ, ყურადღებით!!

 

გავრცელდა ინტერნეტ თამაში „ჩარლი“ („ლურჯი ვეშაპის) ანალოგია!!!

 

მიაქციეთ ყურადღება, ბავშვები თამაშობენ... ჩემმა შვილმა შეასრულა ერთ-ერთი დავალება, რომელიც საბედნიეროდ ჩემთვის ცნობილი გახდა! იქნებ დაბლოკონ ეს თამაშები, ან არ ვიცი, სადაა საშველი. მე დავიბენი საშინლად!!!“ - დაწერა მარიამმა.

 

რასაკვირველია, თემამ დიდი ინტერესი გამოიწვია, დეტალების დასაზუსტებლად mshoblebi.ge თავად მარიამ ლილუაშვილს ესაუბრა.

 

-  მყავს 6 წლის შვილი, ბიჭი. ძალიან ჩვეულებრივი ბავშვია, ცელქია, მაგრამ არ არის აგრესიული, მტირალა და მშიშარა. ძალიან კომუნიკაბელური და თავისუფალია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში ძალიან გაღიზიანებული და შეშინებული იყო, ტიროდა ყველაფერზე, ტანსაცმელზე ჩამოკიდებული დაგვყვებოდა ყველას. ეს უყურადღებოდ არ დამრჩენია, უბრალოდ ვაკვირდებოდი. ერთ დღეს მოხდა ასეთი ფაქტი: რამდენმე წელია მაქვს ყვავილის ფორმის კალამი, რომელიც ძალიან მიყვარს, გეგამ ეს იცის და არ ეკარება, ხელს არ ჰკიდებს და არ აფუჭებს.. ერთ დღეს ვნახე ფურცელზე რაღაც ნახაზები და ჩემი საყვარელი კალამი ძალიან უხეშად დაგლეჯილი. გამიკვირდა, მეუცნაურა და მივხვდი, რომ ეს აგრესიული ქმედება საიდანღაც მოდიოდა... ვკითხე, რაშია საქმე-თქო... ტირილი დაიწყო, გააზრებული ჰქონდა, რომ ჩემი საყვარელი ნივთი გააფუჭა, მაგრამ ასეთი პასუხი გამცა, ის ჯადოქრობა რომ არ მომხდარიყო, ეს უნდა გამეკეთებინაო. მე პროფესიით ფსიქოლოგი ვარ და ეს ჩემთვის უკვე ნიშანი იყო. ბევრი ვესაუბრე და აღმოჩნდა, რომ ბავშვი „ლურჯი ვეშაპის“ შესახებაც კარგად ინფორმირებული იყო და ისიც მითხრა, რომ „ჩარლის“ თამაშობდა, ეს ჩარლი ბოროტი სულიაო...

 

-  უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რა ინფორმაცია გაქვთ ამ თამაშზე...

 

-  რასაკვირველია, მერე დავინტერესდი ამით. ჩემმა მამიდაშვილმა გადმოწერა, რომელიც ზრდასრულია, თავადაც 6 წლის შვილი ჰყავს, მეც გადმოვწერე და ძალიან დავიძაბე. თამაში არის ინგლისურ ენაზე, მაგრამ ესმით ბავშვებს, არის სრული ფსიქოლოგიური კოშმარი, გაძლევს დავალებებს, თავიდან მარტივებს, შემდეგ რთულდება... დაახლოებით იცი რას ჰგავს?! ძველად თეფშს რომ ატრიალებდნენ და სულს იძახებდნენ, მაგის მსგავსია... ბოროტი სული თითქოს გელაპარაკება, საშინელი ხმები ისმის, უცებ გესმის კარების გაჭრიალების და დაჯახუნების ხმა, რითაც მიგანიშნებს, რომ იქ არის, გემუქრება, რომ მოდის დანით, გიქმნის განწყობას, რომ ხარ სიბნელეში, ანთია სანთლები და ა.შ.

 

 

-  დავალებები რაში მდგომარეობს, თქვენს შემთხვევაში იმით დაიწყო, რომ დედის საყვარელი ნივთი გაანადგურა...

 

-  ბოლომდე არ მივყოლივარ თამაშს, იმიტომ რომ მეც ძალიან დიდი დისკომფორტი შემექმნა... პირველი კი იყო ეგ, მაგრამ მეორე შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რომ მიდი და ჭიქა გატეხე, ან გააღე ფანჯარა და გადახტი და ა.შ. ჩემმა მამიდაშვილმა მითხრა, იმდენად შემეშინდა, რომ წავშალეო. ფსიქოლოგიურად გიქმნის გარემოს, რომ ბნელა, სანთლები ანთია, ბოროტი სული მანდვეა... გიწერს საშიშ რაღაცებს... ძალიან უსიამოვნოა... სულაც რომ არ იყოს „ლურჯი ვეშაპის“ ანალოგი, ეს თამაში ფსიქოლოგიურად ისე დათრგუნავს და შეარყევს ბავშვებს, რომ ყველა სულიერი ავადმყოფი გახდება, პატარების ფსიქიკა ამას ვერ გაუძლებს. ჩემზეც კი მოახდინა გავლენა, სიბნელეში რომ შევდიოდი, მეშინოდა, გსტრესავს საშინლად. ჩემი შვილი ისეთი შეშინებული იყო, ძილში ტიროდა, ღამე ჩაბღაუჭებულს სძინავს, ხშირად იღვიძებს.. ნელ- ნელა კი გამოდის მდგომარეობიდან, მაგრამ მაინც დიდი გავლენა მოახდინა.

 

-  ალბათ წაუშალეთ თამაში, როგორ შეეგუა ამას?

 

-  რეალურად სახლში არც თამაშობდა. ტელეფონი არ აქვს, უფროსების მობილურს არ ვაძლევთ, ლეპტოპი, პლანშეტი დამალულია, ტელევიზორიდან შედის youtube-ზე და ვხედავ, რასაც უყურებს.. რასაკვირველია, ვესაუბრე სკოლის დირექტორს, მასწავლებელს, გახანგრძლივებულის მასწავლებელსაც, რომელმაც მითხრა, რომ ბოლო პერიოდში ერთ- ერთ ბავშვთან ერთად მისსავე მობილურში იყურებოდა და ალბათ სწორედ იქიდან შეიტყო თამაშის შესახებ და მასთან ერთად თამაშობდა. დირექტორმა მითხრა, მეექვსე კლასიდან ვკრძალავთ მობილურებს სკოლებში, მაგრამ ასე დაბალ კლასებშიც თუ ექნებოდათ, ვერ წარმოვიდგენდითო..

 

-  ასეთი თამაშებისთვის 6 წელი თითქოს მართლაც ძალიან დაბალი ასაკია...

 

-  კი, მაგრამ ფაქტია, რომ შემთხვევა დაფიქსირდა.. და სწორედ იმიტომ დავწერე, რომ სხვებმაც გაიგონ.. სანამ ბავშები ფსიქოლოგიურად შეირყევიან, სანამ მოხდება რამე, მანამდე გამოვიჩინოთ ყურადღება. თავისუფლად შეიძლება დაბლოკონ ეს თამაშები სპეციალისტებმა.

 

-  როგორ ფიქრობთ ამ თამაშის დანაკლისი აქვს ბავშვს ახლა?

 

-  იმდენად შეშინებულია, რომ არ მოსწონს და ახლაც არ მოსწონს ამაზე საუბარიც კი. შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტია და ფიქრობდა, რომ თუ ისაუბრებდა, აუხდებოდა ის ჯადოქრობები... მე რაც ვნახე მაგ თამაშში, ეუბნებიან, რომ დანით მოვდივარ, და ეტყობა ბავშვსაც ეშინია, რომ ვინემ არ მიეპაროს, ყელი არ გამოჭრას.. მერე მე ავუხსენი, რომ ესაა ადამიანების ფანტაზია, რომ ვიღაც ბოროტმა დაწერა ეს თამაში, გაუშვა და აშინებს ხალხს და ამას არაფერი აქვს საერთო რეალობასთან.

 

 

ავტორი: ციცი ომანიძე

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი