logo_geo
ნატა სამადალაშვილი: თუკი რამე კარგია ჩემში, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მშობლების დამსახურებაა
- +

15 მაისი. 2018. 11:24

 

 

ბედნიერებაა ისეთ ოჯახში დაბადება, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში გეამაყება; გესახელება მშობლები, რომელთა სახელებიც ცხოვრებას გიადვილებენ, რადგან მათ მიერ გაკეთებული სიკეთე ყოველ ფეხის ნაბიჯზე გხვდება. ნატა სამადალაშვილი სწორედ ასეთ ოჯახში დაიბადა. მისი მამა საქართველოში ავიაციის ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო, დედა კი, არც მეტი, არც ნაკლები – ჰიტლერის გერმანიას ებრძოდა.

 

ნატა სამადალაშვილი: თუკი რამე კარგია ჩემში, ეს მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მშობლების დამსახურებაა. ასაკთან ერთად, კიდევ უფრო ვხვდები მათ ფასს და უფრო მეტს ვფიქრობ იმაზე, რა კეთილშობილები იყვნენ, როგორი თავმდაბლები და, ამავე დროს, ღირსეულები. დედაჩემი უძლიერესი ქალი იყო. წარმოშობით რუსი, საქართველოს ისეთი პატრიოტი იყო, ნამდვილად გაოცდებოდით. მართალია, მამას და დედას ხშირად ეპატიჟებოდნენ სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკაში საცხოვრებლად, მაგრამ ისინი ყოველთვის ამბობდნენ: უმჯობესია პირველი იყო შენს ქვეყანაში, ვიდრე ბოლო – უცხო ქვეყანაშიო. დედა პროფესიით ავიაციის ტექნიკოსი იყო. შეიძლება, ახლა ეს ქალისთვის ძალიან უცნაურ პროფესიად ჩანს, მაგრამ მაშინ, სამამულო ომის დროს, ეს არავის უკვირდა. თან, ეს არ იყო მხოლოდ და მხოლოდ სურვილზე დამოკიდებული. ომში მიჰყავდათ ყველა, ვინც სჭირდებოდათ. ერთი სიტყვით, უნდოდა თუ არ უნდოდა, არმიაში მოხვდა.

 

– რა ერქვა?

 

– ანასტასია გრიგორიევნა ეგოროვა. მოკლედ, ომის დროს დედაჩემი ტამანსკის ქალთა საავიაციო ნაწილში მოხვდა, მაშინ ჯერ არ იყო გათხოვილი. საბჭოთა კავშირში ეს ქალთა ერთადერთი ნაწილი იყო, რომელშიც მთელი კავშირის მასშტაბით ორასამდე ქალი ირიცხებოდა. საკმაოდ საინტერესო გარეგნობის ქალი იყო: მაღალი, ლამაზი ნაკვთებით, ქერა, გრძელი თმით. იცი, რა, ახლაღა ვხვდები, რამხელა ისტორიულ მოვლენასთან და ფიგურასთან მქონდა საქმე. ქალთა ერთადერთი ნაწილი იყო, რომელიც ბერლინს ბომბავდა, და, არა მხოლოდ ბერლინს. ამ ნაწილის ქალები მთელი ომის განმავლობაში ძალიან აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა ფრონტზე. მათ ჰყავდათ „კუკურუზნიკები“, რომლებიც მიწასთან ძალიან ახლოს დაფრინავდნენ. დედა კი ტექნიკოსი იყო. მთელი ომის განმავლობაში ისინი მუდმივად იცვლიდნენ ბაზებს, მიიწევდნენ და მიიწევდნენ წინ, საკუთარი მხრებით ეზიდებოდნენ ბომბებს. წარმოიდგინეთ, ჰიტლერმა მათ „ღამის ალქაჯები“ შეარქვა და მთელ მსოფლიოში სწორედ ამ სახელით გახდნენ ცნობილი. ძალიან საშიშები იყვნენ და მერე ხომ იცით, როგორ ხდება – უამრავი ლეგენდა დადიოდა მათზე, მათ საოცარ შესაძლებლობებზე. რამდენიმე ქალი ამ ნაწილიდან საბჭოთა კავშირის გმირი გახდა. ალბათ, იცით, რომ სწორედ ომის დროს დაიწყო საბჭოთა კავშირში ავიაციის განვითარება. სტალინმა ყველა ნიჭიერი და საზრიანი ახალგაზრდა ამ სფეროში შეკრიბა. მთელი ცხოვრების განმავლობაში, 9 მაისის აღსანიშნავად, დედასთან მოდიოდა მოწვევა და ის მოსკოვში ჩადიოდა.

 

– ომის დროს ბევრი გადარჩა?

 

– ამის შესახებ ზუსტი ცნობები არ მაქვს. დედას დიდად არ უყვარდა ომზე საუბარი, არ გვიყვებოდა ისტორიებს. თუმცა სიცოცხლის ბოლომდე ხშირად ეკონტაქტებოდა ქალებს თავისი ნაწილიდან. მაგრამ, ალბათ, ბევრი დაიღუპა – მაშინ ხომ ვერ ითვლიდნენ, რეალურად რამდენი ადამიანი კვდებოდა.

 

– როგორც ომგამოვლილს, ალბათ, რთული ხასიათი ექნებოდა.

 

– არა, სხვათა შორის, რთული და მძიმე ხასიათი არ ჰქონდა, მაგრამ, ომმა მის ცხოვრებაში რაღაცები მაინც შეცვალა. საკმაოდ გვიან გავიგე, რომ, თურმე, არაჩვეულებრივად მღეროდა. დედა ცრუმორწმუნე იყო და ამბობდა, როცა ვიმღერებდი, ყოველთვის ცუდი რაღაც ხდებოდა და აღარ ვიმღერებო. სულ გვეუბნებოდა ხოლმე, არ არსებობს სიტყვა „არ შემიძლია“, არსებობს მხოლოდ „არ მინდა“. თუ რამე გინდა, ყველაფერი შესაძლებელიაო და, ჩვენც სხვა გზას არ გვიტოვებდა – სულ უნდა გვესწავლა. თუ რამეს მივაღწიე, ყველაფერი მისი დამსახურებაა. დედამ და მამამ ყველაფერი ნულიდან დაიწყეს.

 

– რამდენადაც ვიცი, მამაც გმირი იყო.

 

– მამას „სოციალისტური შრომის გმირის“ წოდება მიანიჭეს. ის რეაქტიული თვითმფრინავების პირველი სპეციალისტი და პირველი მფრინავი იყო, რომელმაც საქართველოში ავიაცია დანერგა. მან ჩრდილოეთში ძალიან სერიოზული გადამზადებები გაიარა. პირველი თვითმფრინავები – „ილ“-ები, „ან“-ები, შემდეგ უკვე „ტუ“-ები, საქართველოში სწორედ მამამ შემოიყვანა.

 

– როგორ გაიცნეს ერთმანეთი დედამ და მამამ?

 

– 1945 წელს მახაჩყალაში შეხვდნენ ერთმანეთს. ხომ წარმოგიდგენიათ, რა სილამაზის ქალები იყვნენ იქ – ულამაზესები, სამხედრო ფორმაში. მამაჩემიც ძალიან კარგი, საინტერესო გარეგნობის კაცი იყო, მთელი ცხოვრება გიჟდებოდნენ მასზე ქალები. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ერთმანეთი შეუყვარდათ. მე რომ მკითხოთ, მათზე ძალიან კარგი, ისტორიული მელოდრამის გადაღება შეიძლება. დედა თბილისში დარჩა. როდესაც ჩემი უფროსი და დაიბადა, მამა 19 წლის იყო. მამაჩემის ცხოვრება ისე აეწყო, რომ ის საბჭოთა კავშირში ავიაციასთან ერთად ვითარდებოდა. ვანო სამადალაშვილი იყო ნამდვილი ქალაქელი ტიპი, საოცრად უყვარდა საქართველო და ურთიერთობებში ძალიან უბრალო იყო. როდესაც გარდაიცვალა, 58 წლის იყო და, რაც მის დაკრძალვაზე მოხდა, მსგავსი არაფერი მინახავს – მთელი აეროპორტი სავსე იყო, კაცები ქვითინებდნენ. საოცრად სულის შემძვრელი სანახაობაა, როდესაც კაცი ტირის. სულ შემთხვევით მოხდა მისი მოხვედრა ავიაციაში, თორემ, ისეთი ყაჩაღი, „ფეხიდან მოცვეთილი“ იყო, ვერ წარმოიდგენთ – ბიჭობაში სულ ჩხუბობდა და ერთ ამბავში იყო. სწორედ ამიტომ, ბაბუაჩემმა ჯარის საავიაციო ნაწილში მოახვედრა. იქ იყო ცნობილი გენერალი ჩაკვეტაძე, რომელმაც შეამჩნია მამაჩემის ნიჭი და გზაზე დააყენა. მამა მას „ნათლიას“ ეძახდა.

 

– „სოციალისტური შრომის გმირის“ წოდება რატომ მიიღო?

 

– ეს მჟავანაძის პერიოდში მოხდა. საბჭოთა კავშირის დროს საქართველოში ტრანსპორტის სამინისტრო, არ არსებობდა, იყო მხოლოდ სამმართველო, რომელიც ამ ფუნქციას ითავსებდა. მამა ამ სამმართველოს უფროსი იყო, მან ჩამოიყვანა ჩვენს ქვეყანაში თვითმფრინავი „ტუ“, ჰყავდა უამრავი მოსწავლე. მას არ უყვარდა თათბირები, თავყრილობები, სულ საქმეში იყო. სამმართველოს უფროსობის დროსაც კი დაფრინავდა, დაჰყავდა მჟავანაძე და საბჭოთა კავშირის სხვა პირველი პირები, პირველი კლასის მფრინავი იყო. როგორც მაია პლისეცკაია იყო ბალეტში, ისე იყო მამა თავის პროფესიაში.

 

– ომის შემდეგ დედამ თავისი საქმიანობა არ გააგრძელა?

 

– არა, სახლში დაჯდა. ძალიან ერთგული ქალი იყო. მიუხედავად იმისა, რომ მამა ძალიან უყვარდათ ქალებს, რომ იტყვიან, სულზეც „ეწებებოდნენ“, ის მაინც თავისი ცოლის ერთგული იყო. უყვარდა სიურპრიზები, ადამიანი-ფოიერვერკი იყო. სოხუმში რომ იყო, დედას იქიდანაც შავ ვარდებს უგზავნიდა. სულ დღესასწაულებს გვიწყობდა. მაგალითად, ჩემს დაბადების დღეზე, 12 თებერვალს, ყოველთვის გვქონდა საზამთრო, ნაყინი ლენინგრადიდან და ასეთი საოცრებები. ჩემი მეგობრები გიჟდებოდნენ. დედა და მამა ძალიან უხდებოდნენ ერთმანეთს. სხვათა შორის, ჩემი და, რომელიც ფიზიკოსი გახდა, ნათელში იყოს მისი სული, ძალიან ლამაზი იყო, ნარევი გენების. მე სულ სხვანაირი ვიყავი. მამაჩემი ყოველთვის ამბობდა, გოგოები მყავს ნებისმიერი გემოვნებისთვისო (იცინის). მე ძალიან ვაბრაზებდი მშობლებს, ცელქი და ხულიგანი ვიყავი. აეროპორტში რომ მივდიოდი, ვანოს ბიჭი მოვიდაო, – ამბობდნენ. მამა ისეთი ახალგაზრდა იყო, არავის სჯეროდა, რომ მისი შვილები ვიყავით. უყვარდა ქეიფი, სახლში სტუმრები. სულ ამბობდა, რისთვისაც შეიძლებოდა, ცხოვრებაში მიმეღწია, უკვე მივაღწიეო. უამრავი ჯილდო მიანიჭეს, პიჯაკი სავსე ჰქონდა მედლებითა და სამკერდე ნიშნებით. მამამ საოცრად განავითარა და წინ წასწია საქართველოში ავიაციის საქმე. ამ პატარა ქვეყნიდან საბჭოთა კავშირს ძალიან ბევრი მფრინავი ჰყავდა. მან ყველაფერი გააკეთა საქართველოსთვის და, ბოლოს, პრაქტიკულად, გადაიწვა. ძალიან ბევრს მუშაობდა. როდესაც ზაპოროჟიეში ქართული თვითმფრინავი დაიწვა, მამა სასწრაფოდ გაფრინდა და, იქ რომ ჩაფრინდა, ნერვიულობისგან ინფარქტი დაემართა. საერთოდ, მფრინავები საშინელ დღეში აგდებენ საკუთარ ჯანმრთელობას, წნევის მუდმივი ცვალებადობის ქვეშ არიან. ინფარქტით ოცი დღე იწვა. საოცარი თვისებები ჰქონდა, ვერ იტანდა წოლას. როდესაც მის სანახავად მეგობრები ჩამოდიოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცუდად იყო, ფეხზე დგებოდა – არ უნდოდა, რომ მწოლიარე ენახათ – ასეთი იყო. ინფარქტის გადატანის შემდეგ მაინც დაფრინავდა. სიგიჟემდე უყვარდა თავისი საქმე და საზოგადოების ყველა ფენაში ჰყავდა მეგობრები – მეეზოვიდან დაწყებული, ქვეყნის უმაღლესი პირებით დამთავრებული. უსაყვარლესი ადამიანების გარემოცვაში გავიზარდე და სულ ვამბობ, ნეტავ ღმერთმა ყველა ბავშვი ასეთ პირობებში გაზარდოს-მეთქი. უბედნიერესები ვიყავით.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი