logo_geo
ქეთი ჩხეიძე: ვიგრძენი, რომ ჩემი ქმრისთვის ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი
- +

19 მაისი. 2018. 20:59

 

 

შინაგანი არისტოკრატიზმი და გარეგნული მომხიბვლელობა ჰარმონიულად არის შერწყმული მსახიობ ქეთი ჩხეიძის პიროვნებაში. მხიარული, ლამაზი, დედისერთა გოგონა ბებიების მეთვალყურეობით იზრდებოდა. ბავშვობა თელავში გაატარა. მერე იყო თბილისი, ზემელი (დღევანდელი რუსთაველი) და პირველი საშუალო სკოლა. სკოლის კედლებში მერაბ ნინიძესთან ერთად დადგმული სპექტაკლები, თეატრალური ინსტიტუტი და განუმეორებელი სტუდენტობა, სტუდენტური სპექტაკლებით მოსული უეცარი წარმატება და რუსთაველის თეატრი… მსახიობს ჟურნალი „სარკე“ ესაუბრა:

 

- ადამიანები, რომლებმაც მსახიობობა პროფესიად აირჩიეს, ხშირად ამბობენ, რომ ამაზე ბავშვობიდან ოცნებობდნენ. როგორ იყო თქვენს შემთხვევაში?

 

- ჩემი ბებია (მამის მხრიდან) ცნობილი გინეკოლოგი იყო. ის თელავის სამშობიაროს მთავარ ექიმად დანიშნეს და მთელი ჩვენი ოჯახი იქ გადავიდა. ბებიას ხელოვნება ძალიან უყვარდა, ვერიკო ანჯაფარიძესთან მეგობრობდა. თელავის თეატრის ერთი სპექტაკლიც არ გაუცდენია, მეც თან ვყავდი. ჩვენს ოჯახში მსახიობების თავშეყრა ჩვეულებრივი ამბავი იყო. ასე რომ, ამ დიდი სიყვარულის პირველი თესლი ბებიამ ჩათესა, რომელიც ნელ-ნელა გაღვივდა.

 

მეცხრე კლასში ვიყავით, როცა მე და მერაბ ნინიძემ გადავწყვიტეთ, სპექტაკლი დაგვედგა. დირექტორს ვთხოვეთ ნებართვა და საქმეს შევუდექით. "მსახიობები" სხვადასხვა კლასებიდან ავარჩიეთ, რასაკვირველია, ჩვენზე უმცროსები. მათ შორის იყო ახლანდელი პრეზიდენტი - გიორგი მარგველაშვილი, რომელიც რატომღაც მე დავიწუნე. პრეზიდენტად რომ აირჩიეს, მეხუმრებოდნენ, ქეთი, დროა, თეატრიდან წახვიდე, სანამ თვითონ გაახსენდება ძველი წყენაო.

 

ცნობილი რეჟისორი გიზო ჟორდანია ჩემი ბიძა გახლდათ. თეატრალურში ისე უნდა ჩამებარებინა, არავის ეთქვა, ბიძის გამო შეღავათები გაუწიესო. საგამოცდო კომისია დიდოსტატებისგან შედგებოდა – მიხეილ თუმანიშვილი, ლილი იოსელიანი, მედეა კუჭუხიძე, გიგუშა გაწერელია, ბაბულია ნიკოლაიშვილი, გიზო ჟორდანია. მა თარ გამოეპარებოდათ უმცირესიც კი.

 

მღელვარებისგან ისე გამიშრა ყელი, ხმა ჩამიწყდა და ლექსის ბოლომდე წაკითხვა ვერ შევძელი, ორჯერ გამიშვეს წყლის დასალევად. ის მარცვალი არ დამიკარგეს, რაც ჩემში იყო და გავხდი სტუდენტი. მერე ჩემი პედაგოგების დიდი შალაშინისა და დიდი შრომის შედეგად შევძელით და დავდგით სპექტაკლები: „სამანიშვილის დედინაცვალი“, „ანა ფრანკის დღიური“, „ამაღამ, მგონი, იქნება ქარი“. ძალიან გახმაურდა ჩვენი სტუდენტური ნამუშევრები და რობიკო სტურუამ მთელი ჯგუფი წაგვიყვანა რუსთაველის თეატრში, სადაც 10 წელი ვიმუშავე.

 

- რის შემდეგაც წახვედით თეატრიდან...

 

- რაღაც თავისთავად მოხდა ისე, რომ თეატრი თითქოს ორ ნაწილად გაიყო და ორი კოლექტივი ჩამოყალიბდა, არადა თეატრი შეკრული უნდა იყოს. ამას დაემთხვა ისიც, რომ გავთხოვდი და ჩემი მეუღლე, პროფესიით ექიმი, მოსკოვში გადავიდა სამუშაოდ. გადავბარგდით მოსკოვში. დატვირთული შემოქმედებით ცხოვრების შემდეგ პირველად გამიჩნდა ამდენი თავისუფალი დრო. საოჯახო საქმეებით დავკავდი.

 

- გქონდათ სიყვარულით შექმნილი ოჯახი, ორი არაჩვეულებრივი შვილით, მოხდა ისე, რომ დაცილდით ერთმანეთს. შეგიძლიათ გვითხრათ, რატომ? და რას ფიქრობთ ახლა, როცა დრო გავიდა, შეიძლებოდა არ გადაგედგათ ეს ნაბიჯი?

 

- უცებ და მოულოდნელად არაფერი მომხდარა. ჩემი მეუღლე ძალიან დაკავებული ადამიანი იყო, მიუხედავად ამისა, მზრუნველი მამა და მეუღლე გახლდათ. რაღაც მომენტში ვიგრძენი, რომ ერთადერთი და შეუცვლელი აღარ ვიყავი.

 

თითქოს არც არაფერი შეცვლილა ურთიერთობაში, მაგრამ ქალი მცირე ცვლილებასაც გრძნობს ინტუიციით, რაღაც ის ვერ იყო, ეს ყველაფერი წვეთ-წვეთად მოგროვდა. მე კი არ შემეძლო დიდი სიყვარულის გარეშე ცხოვრება და მშვიდად დავცილდით. იგი საუკეთესო მამაა და აქტიურად არის ჩართული შვილების ცხოვრებაში.

 

ახალგაზრდობაში გადაწყვეტილებებს დიდი ფიქრისა და განსჯის შემდეგ არ იღებ, უფრო სპონტანური ხარ, შენი მჩქეფარე ენერგია უცებ ითხოვს რეაგირებას. ამ ასაკში შეიძლებოდა სხვანაირად შემეფასებინა ფაქტები, სამწუხაროდ, გამოცდილება ასაკს მოაქვს.

 

 

 

- არ შემიძლია არ გკითხოთ თქვენს გმირზე, ნანუკაზე, სერიალიდან „ჩემი ცოლის დაქალები“. ქართული სოფლის ოჯახში გაზრდილი ქალი, რომელიც სულ საქმეშია თავჩარგული, ჯერ მისთვისაც ძნელად მისაღები ნაბიჯი გადადგა. ასაკით უმცროს მამაკაცს გაჰყვა ცოლად. შემდეგ კი საერთოდ გააოცა მაყურებელი, როცა გაშორდა. როგორ შექმენით ეს სახე?

 

- ის თავდაპირველი ნანუკა, როგორიც რეჟისორმა და სცენარისტმა მომაწოდეს, ჩემთვის ცოტა მიუღებელი იყო. მეცოდებოდა ახალგაზრდა ქალი, მხოლოდ ოჯახზე გადაყოლილი და სოფლის ცხოვრების ვიწრო პრიზმაში გამოკეტილი.

 

მისთვის მიუღებელი იყო ისეთი წარსულის მქონე რძალი, რომელიც, შვილმა მიუყვანა. იმ სცენებში, სადაც ნანუკა ბავშვის თანდასწრებით ლანძღავს სარძლოს და სახლიდან აგდებს, მე თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი, რადგან შინაგანად ვეწინააღმდეგებოდი ბავშვის თანდასწრებით დედის შეურაცხყოფას.

 

მერე, როცა ნანუკას ქმარმაც გადაუარა და არ დაუფასა ამაგი, მივხვდი, რომ მისი ხაზი ასე არ უნდა გაგრძელებულიყო და ქეთი დევდარიანს ვთხოვე, მოდი, ნანუკა უფრო გაძლიერდეს, საზოგადოებაში გამოვიდეს, რომ ასეთი ქალებისთვის მაგალითის მიმცემი გახდეს-მექთი. ჰოდა, შეიცვალა მიდგომები და სიყვარულიც ეწვია.

 

მაგრამ იცით, რა ხდება? წყვილში ასაკის სხვაობა კი არ არის მნიშვნელოვანი, არამედ მენტალობა. ისინი სულ სხვადასხვა სიბრტყეზე იდგნენ, სხვადასხვა შეხედულებები ჰქონდათ, ამიტომ ვერ გაუგებდნენ ერთმანეთს და ბოლოს მაინც დაცილდებოდნენ.

 

ნანუკა დროზე მიხვდა, რომ ის სხვაგან იყო, მამაკაცი კი - სხვაგან, აჯობა, საკუთარ შეხედულებებს და მოიქცა ისე, როგორც უნდა მოქცეულიყო.

 

- შესანიშნავ ფორმაში ხართ. ამისთვისაც „დიდი შრომაა“ საჭირო?

 

- როცა სცენაზე დგახარ, უნდა ეცადო, შესაბამისად გამოიყურებოდე. განა არ შეიძლება წონის მომატება, მეც მიყვარს გემრიელი საკვები და კარგად დანაყრება, მაგრამ ასე რომ მოვიქცე, მაშინ ჩემი როლების არეალი ძალიან შეიზღუდება და კონკრეტულ ტიპაჟებზე გაიყინება. მე კი მინდა, სანამ ასაკი მაძლევს საშუალებას, მაქსიმალური გავაკეთო.

 

რაც შეეხება თავის მოვლას, როცა ამის ფინანსები მაქვს, ძვირადღირებულ კოსმეტიკას ვყიდულობ, თუ არა და, უბრალოთიც ვკმაყოფილდები ან ბუნებრივ საშუალებებს მივმართავ. პლასტიკურ ქირურგიას, ბოტოქსს და ხელოვნურ ჩარევებს არ ვცნობ. ვისაც როგორ უნდა, ისე შეუძლია გამოიყენოს ეს ყველაფერი, მე კი მიმაჩნია, რომ მსახიობისთვის დამღუპველია. მე თუ მიმიკით ჩემი ემოციის გადმოცემა ვერ შევძელი, როლი აუცილებლად გამიფუჭდება.

 

როგორც იუველირი, ისე ნელ-ნელა ფრთხილად ვძერწავ ჩემი გმირების სახეებს. კარგი როლისთვის ბევრი რამის დათმობა შემიძლია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი