logo_geo
ვაჟა-ფშაველას ლამაზი დობილის - ქალიკელის ამბავი და დიდი მწერლის ნაჩუქარი ხანჯლის ისტორია
- +

20 მაისი. 2018. 22:39

 

პირველად, დაახლოებით, 6 წლის წინ შევხვდი, მას შემდეგ, რაც XIX საუკუნის განთქმული ფშაველი მოლექსე ქალის - ხვარამზეს ნაკვალევზე გავივლიდი და ხვარამზეს მეუღლის სოფელს - თიანეთის არტანს გავიცნობდი, იმ არტანს, სადაც ხვარამზეს დობილი, ჩემი მასპინძელი ქალბატონის, ასევე მოლექსე

ჩარგლელი ბებო, ქალიკელი იყო გათხოვილი.

ეს სამწერლო ჯიში მასშიც უხვადაა - ახალგაზრდობაში, შეყვარებულობისას უწერია ლექსები, ცოტა ხნის წინ კი წიგნი გ

ამოსცა, სადაც უამრავ ამბავსა და წინაპარ-შთამომავლობიანად - ყველას მოუყარა თავი.ლატავრა თეთრაული დღეს 83 წლისაა, თუმცა, ალბათ, ისევ იმ ჯიშის წყალობით, ვერც მისი გარეგნობით იგრძნობთ ამ ასაკს და არც მისი ენერგიულობა დაგაჯერებთ მის 83 წელს.

ქალბატონი ლატავრას ნაამბობი, ვაჟა-ფშაველათი დაწყებული, ვის აღარ გიცოცხლებს და თითქოს შენც იმ ეპოქის ნაწილი ხდები - დიდი პოეზიის, სიყვარულის, ვაჟკაცობის, ტკივილისა და ერთმანეთის გატანის ბრწყინვალების! 
თავად თბილისში გაიზარდა, მაგრამ ამბობს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დავამთავრე, თუმცა ბოლო ხანს საუბარში ისეთ "ფშაურებს" ჩავურთავ ხოლმე, აშკარაა არქაული, ფშაური დიალექტის დიდი ნოსტალგია მომეძალაო. 

 

 


ლატავრა თეთრაული: ჩვენი ბავშვობა საბჭოთა პერიოდს დაემთხვა, კოლექტივიზაციას. ზაფხულობით არტანში ჩავდიოდით ხოლმე. იქ კი მკათათვეში ანუ ივლისში ქერისა და ხორბლის მკის პერიოდი იწყებოდა და ყველას უნდა ემუშავა, დიდსაც და პატარასაც. ბავშვებს თავთავს გვაკრეფინებდნენ. იმხანად რაიკომის მდივანი იყო გვარად დვალი. წარმოგიდგენია: ფშავში - დვალი, რაჭველი კაცი. ნამდვილი კომუნისტი იყო, უმკაცრესი, ისეთი დისციპლინა ჰქონდა, რომ... მახსოვს, გახურებული მკა იყო და უცებ ისმის ბავშვის ყვირილი: ბალღებო, დვალი მოდის, მიწამ შამჭამოს, თუ ვტყუოდე... დაიმალენით, ბალღებოო! - ჩვენი სოფლელი 7-8 წლის პავლე გვეძახდა, თან ისე მორბოდა, ფეხებს კეფაზე ირტყამდა. დვალის ძალიან გვეშინოდა და ასეთ დროს საქათმეში ვიმალებოდით ხოლმე. მაშინაც სასწრაფოდ დავფაცურდით მე, ჩემი და - ბელა და დეიდაშვილი ლამარა - თბილისელი ბავშვები. "აბლავა" რომ დამთავრდა, საქათმიდან გამოვძვერით, სულ სკინტლიანები... მსგავსი რამ ძალიან ხშირად გვემართებოდა.

-
თქვენს ბებოზეც მიამბეთ, ჩარგლელ ქალიკელზე, ვაჟა-ფშაველას დობილზე...


- ბებოჩემი არტნელი გიორგი თეთრაულის დიაცი, ანუ მეუღლე იყო. 1860 წელს დაიბადა.ყმაწვილქალობაში ლამაზი და ლაღი ყოფილა, ძმიანი, თმიანი და მთხოვნელმრავალი, რაც ფშავლის ქალს აამაყებს. ცამეტ მთხოვარი მყვანდაო ქალობაში, - სიამაყით ამბობდა უკვე მოხუცებული, - თავ მამწონდაო. ბავშვობაში სუსტი ყოფილა ბებო. ვაჟა-ფშაველას მამა, პავლე მღვდელი, თურმე, იღბლიან კაცად მიიჩნეოდა, ჩვენებთან ახლო მეზობლობა და ნათელმირონიც აკავშირებდა და ქალიკელი "თავისად დაუსახელებია" ანუ მოუნათლავს. ბებო ვაჟასთან ძალიან მეგობრობდა. თავისი ღვიძლი ძმის სულთან ერთად იფიცებდა ვაჟაის თავს. შემდეგშიც, როცა გათხოვდა, ვაჟა მისი ოჯახის ხშირი სტუმარი იყო, ჰოდა, როცა ქალიკელს ხუთი ქალიშვილის შემდეგ ნანატრი ვაჟი - მამაჩემი შესძენია, ვაჟა დაურქმევია. მართალია, ნათლობისას ივანე უწოდებიათ, მაგრამ ყველა მაინც ვაჟას ეძახდა.

 

 

 


მე სწორედ ივანე-ვაჟას შვილი ვარ. ბებოსგან ვიცი, ახალშობილთან მამასთან "პირის სანახავად" მისულ ვაჟა-ფშაველას საჩუქრად ლეკებთან საგანგებოდ მისთვის დამზადებული პატარა და ძალიან ლამაზი, სპილოს ძვლითა და ზარნიშით მოსევადებული ქართული ხანჯალი მიუტანია და აკვანში თავქვეშ ამოუდია - ასეთი წესი იყო ფშავში



ეს ხანჯალი, როგორც უძვირფასესი რელიკვია, ჩემს ოჯახში ინახება, რადგან უფროსი ქალიშვილი ვარ. მე კი, ოჯახის ტრადიციისამებრ, ხანჯალი და ქალიკელის დაქსელილი ქსოვილით შეკერილი მამას ფშაური ჩოხაც გადავეცი ჩემი უფროსი ვაჟის უფროს შვილს, სანდრო ყოლბაიას. სანდრო თავის უფროს შვილს გადაულოცავს და ასე გაგრძელდება მომავალში. 

 

 

ფოტო: ვაჟა-ფშაველას ნაჩუქარი ხანჯალი

 


-
ვაჟა ერთ-ერთ შვილიშვილს მაინც რატომ არ დაარქვით?

 


- გეტყვით: ოჯახში დააწესეს, რომ ქალიკელის შთამომავალი ვაჟისთვის აუცილებლად ვაჟა უნდა დაერქმიათ. მამაჩემი, ვაჟა თეთრაული სამხედრო იყო. 32 წლისა უკვე პოლკოვნიკი გახლდათ. ძირითადად რუსეთში ვცხოვრობდით - ცამეტი ქალაქი მოვიარეთ, ერთხანს ციმბირშიც კი ვიყავით. დიდი სამამულო ომი რომ დაიწყო, სტალინგრადის დაბომბვას ორი კვირით გამოვასწარით. მამა პატრიოტი კაცი იყო და მართალია, ასაკით სკოლა მიწევდა, რუსეთში არ შემიყვანა. საქართველოში რომ გადმოიყვანეს და ვაზიანის სამხედრო ნაწილი ჩააბარეს, მხოლოდ მაშინ, უკვე 8 წლისა შემიყვანა სკოლაში. ჩვენ თბილისში დავფუძნდით, მამა კი ფრონტზე წავიდა. 62-ე გვარდიის შტაბის უფროსი იყო და დაახლოებით 52 წლისა დიდ სამამულო ომში დნეპრის ფორსირებისას დაიღუპა - ციდან და ხმელეთიდან გერმანელების ალყაში მოექცნენ და ერთი კაციც არ გადარჩენილა.


მამას ორი ქალიშვილი ვყავდით და მამა ფრონტზე რომ წავიდა, დედა მესამე შვილზე დატოვა ფეხმძიმედ. დაიბადა ბიჭი, ჩემი უმცროსი ძმა და მასაც ვაჟა დაარქვეს. ვაჟა წლინახევრის იყო, დიზინტერიით რომ გარდაიცვალა. მე რომ გავთხოვდი და პირველი ბიჭი გამიჩნდა, ვაჟას დარქმევა მინდოდა, მაგრამ მამიდებმა საგანგებოდ დამიბარეს და კატეგორიულად გამაფრთხილეს: არც ერთი ვაჟა არ შეგვრჩა, ყველა ახალგაზრდა დაგვეღუპა და შვილს სხვა სახელი დაარქვიო. შემეშინდა და სამივე ბიჭს სხვა სახელები დავარქვი.

 

 

ფოტო: ლატავრა თეთრაული მშობლებთან და დასთან ერთად

 


მეცხრე კლასში ვიყავი, ბებო ქალიკელი რომ გარდაიცვალა. ქალმა, რომელმაც წერა-კითხვა არ იცოდა და ჯვარსა სვამდა ხელმოწერის ნიშნად, თავის საყოლს - შთამომავლობას თავისი პოეტური შემოქმედების სახით დაუვიწყარი და ძვირფასი მემკვიდრეობა დაგვიტოვა. კალმად საკუთარი ენა ჰქონდა და ქაღალდად ნათელი გონება. თიანური ზამთრის დღეებში კერაზე, საჩეჩელთან ანდა ტარ-ფარტენასთან მუხლმორთხმული, ღრმად ხანდაზმული ბებო გონებაში თხზავდა სტრიქონებს და ზაფხულში მასთან სტუმრად ჩასულ მის "ნუკრებს" ანუ ჩვენ - შვილიშვილებს კარნახით გვაწერინებდა უკლებლად. სამწუხაროდ, მისი სიყმაწვილის დროინდელი და ყველაზე ლამაზი ლექსების ნაწილი აღარ შემოგვრჩა, ორიოდე გამონაკლისის გარდა.

ქალიკელი ლექსად გამოთქვამდა ყველაფერს, რაც აწუხებდა და ახარებდა. მე "ოქროს კოლოფს" მეძახდა, ჩემს დას - "ვარდის კონას". ღრმად მოხუცებულმა, მამაჩემზე დარდისაგან გულით დაავადებულმა, მომაკვდავმა, თავისი უკანასკნელი სიტყვა დატოვა, 24-სტროფიანი "სიზმარი-ანდერძი": "...თეთრი ჩიქილით მიუვალ, ტყეში რო ხთიშობელია,/ მიდღეგრძელებენ შვილებსა, სადაც თავ-ხევისბერია;/ მე კი შანდობა მითხროდით, არავისი ვარ მტერია,/ ასი წლისა ვარ ბებერი, ე მა სიტყვების მთქმელია.../ ჩემ საყოლთ სადღეგრძელოთა ხსენება იყოს ჩემია.../ არ მინდა სუდარ-სამარხი, შვილის მეღირსოს ხელია./ სუყველა კარგად იყვენით, ბევრ სიტყვა საცინელია,/ ჩემ დროთა მოიყარენით, გქონდესთ ადამის დღენია!" 
ბებო ქალიკელი 1951 წელს 91 წლისა გარდაიცვალა. მინდა იცოდეთ, რომ თედო რაზიკაშვილმა ქალიკელ გორზამაულისაგან ჩაიწერა განთქმული მოლექსე ქალის, ხვარამზეს ლექსები.

- ქალიკელის შემდეგ მოლექსე არავინ გყოლიათ გვარში?


- მამაჩემი. დედა - ელენე ჯაფარიძე მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი ქალი იყო, ძალიან ლამაზი და მამას შეჰყვარებია. ლექსებსაც სწორედ მას უძღვნიდა ხოლმე, მერე კი მოიტაცა კიდეც დედა. ელენე 27 წლისა დაქვრივდა და მაინც ქმრის ოჯახს შესწირა თავი. ისე შეერწყა ფშავს, ისე შეიყვარა ფშავლები, მთელი კუთხისთვის მშობლიური "ელო ძალო" გახდა. იტყოდა ხოლმე: სიზმარშიც არ მიღალატნია ჩემი ქმარ-შვილისთვისო...

 

 

ფოტო: ლატავრა თეთრაულის შვილიშვილი - სანდრო ყოლბაია, ქალიკელის დაქსელილი ქსოვილით შეკერილ ჩოხაში და ვაჟა-ფშაველას ნაჩუქარი ხანჯლით

 


ახალგაზრდობაში ლექსებს მეც ვწერდი. მერე სტუდენტობისას მსახიობობამ გამიტაცა და უნივერსიტეტის თეატრში ბევრი მთავარი როლი შევასრულე. ჩემი შუათანა ვაჟი, ზურაბ ყოლბაია და მისი მეუღლე მაია მიქაია მწერალთა კავშირის წევრები არიან. მათი ქალიშვილი ელენეც წერს მოთხრობებს. უფროსი შვილის - რატის ვაჟი ერეკლეც კარგად წერს პროზაულ ნაწარმოებებს. 


მეუღლე ფსიქოლოგი მყავდა, ძალიან თვალსაჩინო მეცნიერი მამია ყოლბაია. სხვათა შორის, მისი წიგნების სტილისტ-კორექტორიც ვიყავი. მამია ბავშვთა ფსიქოლოგიის სპეციალისტი იყო, ძირითადად - დეფექტოლოგიის. 

ძალიან კარგად ვქსოვ. ზაფხულობით მამა-პაპისეულ სოფელში, თიანეთის სოფელ არტანში ავდივართ ხოლმე. მინდა, კიდევ ვიცოცხლო, შვილიშვილების წარმატებებს რომ მოვესწრო. ბავშვები კი მეხუმრებიან: ბებო, ახლა ასე რომ ამბობ, მერე კიდევ მეტი მოგინდება და იტყვი: ამათ ცოლ-შვილს მომასწროო. რას ვიზამ? ბებოები უფრო მგრძნობიარენი ვართ.

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი