logo_geo
რაჭველი სტუდენტი, რომელიც მშობლიურ სოფელში „ბუგეულში“ ღვინოს ქვევრებში აყენებს
- +

5 ივნისი. 2018. 02:13

 

 

ახალგაზრდა მეღვინე გიორგი ჭელიძე ერთ-ერთი მათგანია, ვინც ახალგაზრდობაშივე გაიგო ქართული ღვინის ხიბლი და რაჭაში, მშობლიურ სოფელ "ბუგეულში" ხარისხოვანი რაჭული ღვინის დაყენება და რაც მთავარია, ბოთლში ჩამოსხმა გადაწყვიტა. გიორგი სტუდენტია და შესაბამისად, დროის სიმცირეს განიცდის. თუმცა ამის მიუხედავად, იგი თავისუფალ დროს რაჭაში მიდის და ვენახს და ღვინოს უვლის. მისთვის ეს საქმე არამხოლოდ წინაპრების პატივისცემას უკავშირდება, არამედ გიორგის სურს, რომ ამოიცნოს ქართული ვაზისა და ღვინის დიდი და ღრმა შესაძლებლობები. 

გიორგი ჭელიძე, მევენახე-მეღვინე: "ჩვენს მარანში არსებული ქვევრების შესახებ ბებია ხშირად მიყვება, იგი ყოველთვის იხსენებს, რომ ეს ქვევრები მამამისმა მის ღრმა ბავშობაში "შროშიდან" მოიტანა, ხოლო შემდგომ ჩემმა ბებიამ და ბაბუამ ისინი ახალ სახლში გადმოიტანეს. შესაბამისად, ამ ქვევრებს დაახლოებით 85-90 წლიანი (დაახლოებით, რა ასაკისაც ჩემი ბებიაა) ისტორია გააჩნიათ. ამიტომაც, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ღვინის წარმოება საკმაოდ დიდი ხნის წინ დავიწყეთ. ალბათ დაინტერესდებოდით, ამდენი წლის ქვევრებში ღვინოს ისევ ვაყენებთ თუ არა - დიახ ვაყენებთ.

- როდის გადაწყვიტეთ ღვინის ბოთლში ჩამოსხმა?

- რაც შეეხება ბოთლში ჩამოსხმას, ამ უკანასკნელს ხელი დაახლოებით 7თვის წინ მოვკიდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ვთვლიდი ეს ძალიან საპასუხისმგებლო ნაბიჯი იყო, მაინც გავბედე. ამის მიზეზი, რამდენიმე ფაქტი გახლდათ. პირველი ის, რომ ამისთვის საჭირო მოწყობილობები გაგვაჩნდა, ასევე ის, რომ უკვე აგრარული უნივერსიტეტის, მეღვინოება-მევენახოების მე-2-ე კურსის სტუდენტი ვიყავი და ძალიან ბევრი ინფორმაციის მიღება შემეძლო.

ასევე, ღვინის წარმოება და შემდგომ მისი ბოთლებში ჩამოსხმით რეალიზაცია ჯერ ერთი, რომ პრესტიჟულია და უკვე გამოგარჩევს სხვებისგან, ხოლო მეორე გაცილებით მომგებიანია, ვიდრე ყურძნის გაყიდვა. ამას პლიუს, ბაბუაჩემის მიერ დაყენებული ღვინო ყოველთვის მოწონებას იმსახურებდა, შესაბამისად, ვიფიქრე ეს პირველი ნაბიჯი უშედეგოდ არ ჩაივლიდა.

დღეს ძირითადად რა ღვინოებს აწარმოებთ და აქვე შეგეკითხებით, ბოლო წლებში განხორციელებული სიახლეების შესახებ? 

- დღეს მომხმარებელს შეგვიძლია შევთავაზოთ: რაჭული (წულუკიძის) თეთრა, ალექსანდროული/მუჯურეთული. სამომავლოდ ვაპირებთ დავამატოთ: ცოლიკაური და რამდენიმე რაჭული (ჯერჯერობით არც თუ ისე ცნობილი) ჯიშისგან დაყენებული ღვინო. ასევე გვაქვს 2015 წლის მოსავლის, თეთრი, მშრალი ღვინუკა- რაჭული თეთრა.

ბოლო დროის სიახლეებია ის, რომ გვაქვს 3 წლის ახალშენი, რომელიც 2 ჰექტარზეა გაშენებული (ძირითადად ალექსანდროულითა და მუჯურეთულით) და მალე მოსავალს სრულად მოგვცემს, ამ დროიდან უკვე შეგვეძლება ღვინის დიდი რაოდენობით წარმოება.

- გვითხარით, გეხმარებათ თუ არა ოჯახი ყურძის მოწევაში და ღვინის დაყენებაში?

- მეღვინეობაში ჩართული არის ჩემი ოჯახის ყველა წევრი. ჩემს 85 წლის ბებოს, მიუხედავად ასაკისა, ჩემთვის გასაოცარი ენერგია და მოტივაცია გაააჩნია, ის ყოველთვის ვენახში არის და ყოველთვის რაღაცას აკეთებს. ჩემს მშობლებს კი ჩემთვის ამოუცნობი შესაძლებლობები გააჩნიათ, ისინი ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ ვაზს უვლიან და ამიტომაც უწევთ ძალიან დიდი დროის და ენერგიის ვენახში ხარჯვა. ხოლო მე უნივერსიტეტში სწავლის მიუხედავად ვცდილობ მაქსიმალური დრო გავატარო რაჭაში და მეტად მივიღო მონაწილეობა ყველა პროცესში.

 

- თქვენი სოფელი "ბუგეული" რითია გამორჩეული მეღვინეობის კუთხით?

- პირველ რიგში  უნდა აღვნიშნოთ, რომ სოფელი ბუგეული არის „ხვანჭკარის“ მიკროზონაში. ამ სოფელში თითქმის ყველა მოსახლეს მინიმუმ 0.2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი და მასზე გაშენებული ვენახი გააჩნია. ამას ემატება ის, რომ ეს სოფელი რიონის მარცხენა სანაპიროზეა და აქ სეტყვა იშვიათად მოდის. რაიონთან იგი საკმაოდ ახლოსაა, რაც რა თქმა უნდა, იქ ცხოვრებას და მეურნეობის მართვას ამარტივებს. და ბოლოს ვიტყოდი, რომ აქ იცის საკმაოდ ცივი ზამთარი, თუმცა აქაც (რაჭის სხვა სოფლების მსგავსად) ძალიან თბილი და მოსიყვარულე ადამიანები სახლობენ.

 - რას გვეტყვით ქართული ქვევრის ფენომენის შესახებ?

- ქვევრი ჩვენთვის არამხოლოდ ღვინის შესანახი რეზერვუარი, არამედ კულტურის ნაწილიცაა. თუმცა, ვფიქრობ, რომ კულტურა და ტრადიცია არ ნიშნავს, იმას, რომ იგი მოძველებულია, არამედ, პირიქით ქვევრის პრაქტიკული დანიშნულება უნდა გაიზარდოს.

ამ ეტაპზე, მე ვფიქრობ, რომ ევროპელებს ჩვენ მიერ ევროპულად დაყენებული ღვინით ვერადროს გავაოცებთ და ქვევრის ღვინო არის წინაპირობა იმისა, რომ მსოფლიო ბაზარზე მყარი, საფუძვლიანი და მიმზიდველი პოზიცია დავიკაოთ. ამის თქმის საფუძველია დღევანდელი ვითარება, კერძოდ, ის, რომ ქართული ქვევრის ღვინო მსოფლიომ გაიცნო და მოიწონა, შესაბამისად უდიდესი მადლობა ჩემგან ყველა იმ ადამიანს, ვისი შრომის ნაყოფიცაა ქვევრის ღვინის ეს წარმატება.   

- თქვენ რამდენი ქვევრი გაქვთ და სამომავლოდ, თუ გეგმავთ მარნის გაფართოებას?

- ჩვენ გვაქვს 3 ცალი 150 ლიტრიანი, 2 ცალი 300 ლიტრიანი, 1 ცალი 500 ლიტრიანი ქვევრები. ვფიქრობ, რომ ეს საწყისი ეტაპისთვის საკმარისია. ახალი ქვევრების შეძენა/დამატება დამოკიდებულია, რა თქმა უნდა, ქვევრის ღვინის მოთხოვნაზე და ყურძნის რაოდენობის ზრდაზე.

 

 

დაბოლოს,ტრადიციულადგკითხავთ,თქვენ რას ურჩევდით დამწყებ და ახალბედა მეღვინეებს?

- დამწყებ მეღვინეებს, რომელთა შორის ჩემს თავსაც მოვიაზრებ ვეტყოდი, რომ იყვნენ ფრთხილები, მაგრამ არა გაუბედავები. უპირველეს ყოვლისა დააყენონ ღვინის ხარისხი და შემდეგ რაოდენობა. არ შეუშინდნენ დაბრკოლებებს, იმიტომ რომ, გამოსავალი ყოველთვის მოიძებნება და მივულოცავდი, რომ ისინი პროფესიულად ძალიან საინტრესო, ეკონომიკურად მომგებიან და პიროვნულად საამაყო საქმეს შეეჭიდნენ. დაბოლოს ვურჩევდი, რომ რაც შეიძლება მეტი კითხვები დაუსვან გამოცდილ და მცოდნე ადამიანებს.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი