logo_geo
„მეამაყება, რომ ობოლა ციმაკურიძის შვილი ვარ!“ - გოგონა, რომლის ნამღერი ინტერნეტჰიტი გახდა
- +

11 ივნისი. 2018. 23:30

 

„მამაჩემი უნიჭიერესი და სასწაული აურის მქონე ადამიანი იყო, მინდა, ხალხს მეც ისე ვუყვარდე, როგორც ის უყვარდათ, ბევრჯერ ჩემი ვინაობა რომ გაუგიათ, სრულიად უცნობებს აცრემლებული თვალებით ჩამხუტებიან და მის ქება-დიდებას მოჰყოლიან. მე ძალიან ამაყი ვარ, ასეთი კაცის შვილი რომ ვარ!“ - ცნობილი პაროდისტის ობოლა ციმაკურიძის შვილი - ნუცა ციმაკურიძე ვენაში სწავლობს. მან უკვე მრავალ წარმატებას მიაღწია და მამასა და თავის დღევანდელობაზე ვრცლად გვესაუბრა.

 

 

- პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ გამოხმაურებისთვის და უღრმესი მადლობა გადავუხადო იმ ხალხს, ვინც ჩემს ვიდეოს გამოეხმაურა და ამ ორი დღის განმავლობაში საოცარი სიხარული მომანიჭა, საოცრებების მოხდენა შეუძლია მუსიკას...

 

დავიბადე თბილისში და გავიზარდე ძალიან მუსიკალურ ოჯახში, სულ სიმღერა და ტკბილი ჰანგები ჩამესმოდა ყურში, ბევრჯერ მომისმენია, რომ ჩემზე ორსულად მყოფი დედა გიტარას ხელიდან არ აგდებდა... ბებიას კონსერვატორია აქვს დამთავრებული საფორტეპიანო განხრით, პიანისტია. ალბათ სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ ბავშვობიდან ვიცოდი, რა მინდოდა ცხოვრებაში გამეკეთებინა, რისთვის მეცხოვრა და რა გზით წავსულიყავი. პატარაობიდან ვმღერი და 3 წლიდან სცენაზე ვდგავარ. უამრავ კონკურსში თუ ფესტივალში მიმიღია მონაწილეობა და გამიმარჯვია, ერთ-ერთი ასეთი გადაცემა იყო "ანა-ბანა",

რამაც უდიდესი როლი ითამაშა ჩემს ცხოვრებაში, ალბათ პირველი სერიოზული ნაბიჯები სწორედ "ანა-ბანა"-დან დაიწყო. მე ერთ-ერთი გამარჯვებული ვიყავი და გრანპრიც სწორედ მე გადმომცეს, მოგზაურობა "პარიზის დისნეილენდში", ამისთვის კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ბატონ თემურ ჭყონიას და ანა-ბანა-ს მთელს შემადგენელ ჯგუფს, ჩემს უსაყვარლეს მარინა ბერიძეს... შემდეგ იყო საბავშვო იურმალა, სადაც მხოლოდ სამი ქართველი ბავშვი აგვარჩიეს, სამწუხაროდ, პატარ-პატარა მიზეზების გამო ვეღარ მოხერხდა ჩემი იქ ჩასვლა და კონკურსში მონაწილეობის გაგრძელება...

 

 

სწორედ ის პერიოდია, როდესაც გარდატეხის ასაკი მქონდა და ვარჩიე ცოტა ხნით გავჩუმებულიყავი და არ მემღერა, რადგან შემერჩუნებინა და არ დამეზიანებინა ხმა. ალბათ 3 ან 4 წელი მართლაც ასე ვიყავი, ჩუმად. ყველა ვინც მიცნობდა, სულ მეკითხებოდნენ სად ხარ, რატომ არ ჩანხარ, რატომ არ ღებულობ არსად მონაწილეობასო... სამწუხაროდ უმრავლესობა ვერ იგებდა გაჩუმების მიზეზს, მაგრამ ჩემთვის მთავარი, საფუძვლიანი მომავალი იყო და არა დროებითი ფურორის მოხდენა და შემდეგ საერთოდ გაჩუმება. მაგრამ უკვე იმ პერიოდში, როდესაც უკვე შემეძლო თავისუფლად მემღერა, მომისმინეს, გამსინჯეს, ძალიან კარგმა და მცოდნე მუსიკოსებმა და მითხრეს, შენ მსოფლიო მნიშვნელობის ხმა გაქვს და საოპერო გზით უნდა გააგრძელო შენი მომავალიო, მართლაც მომდევნო წელს კონსერვატორიაში ჩავაბარე უფასოზე და თემურ გუგუშვილის კლასში წარმატებით გავაგრძელე სწავლა, ძალიან მადლიერი ვარ მისი და მეამაყება, რომ მე მისი მოსწავლე ვარ! არ მინდა გამომრჩეს ჩემი ფეხზე დამყენებელი და ჩემი პირველი პედაგოგი ნინო ბესტაევა. ქალბატონი ლია კვარაცხელია და ბატონი რევაზ ლაგვილავა, სწორედ მათი რჩევით დავადექი იმ გზას, რაზეც ახლა ვდგავარ...

 

მე ახლა ვენაში ვსწავლობ, მსოფლიოს რეიტინგებით მეორე ადგილზე მყოფ მუსიკისა და ხელოვნების უნივერსიტეტში, ერთწლიანი გაცვლითი პროგრამით, ვფიქრობ რეგულარული სტუდენტი გავხდე და აქ ბოლომდე გავაგრძელო სწავლა, ამისთვის ბევრი შრომა მიწევს და ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. ჩემს პროფესორს ძალიან მოვწონვარ და არ უნდა რომ სადმე სხვაგან გამიშვას სასწავლებლად.

 

- მამათქვენი მთელი საქართველოს უსაყვარლესი პიროვნება იყო... ალბათ დღეს ბევრი გეუბნებათ იგივეს და რას ნიშნავს თქვენთვის, ასეთი გამორჩეული პიროვნების შვილი რომ ხართ?

 

- რაც შეეხება მამას, ბევრმა არ იცის, რომ მამაჩემი ცნობილი პაროდისტი იყო, მას დიდების ზღაპარი მიჰყავდა და უამრავ ადამიანს ბაძავდა ხმით, უნაკლოდ, ბევრჯერ მაღალჩინოსნების ხმაც მიუღია და მეგობრები ან უცნობები უნივერსიტეტიდან გაგდებას და ზოგიც ციხეში ჩასმას გადაურჩენია. უნიჭიერესი და სასწაული აურის მქონე ადამიანი იყო, მინდა ხალხს მეც ისე ვუყვარდე, როგორც ის უყვარდათ, ბევრჯერ ჩემი ვინაობა რომ გაუგიათ სრულიად უცნობებს, აცრემლებული თვალებით ჩამხუტებიან და მის ქება-დიდებას მოჰყოლიან.

 

მე ძალიან ამაყი ვარ, ასეთი კაცის შვილი რომ ვარ! სულ ვეძებ სიახლეს მის შესახებ, იქნებ რაიმე ახალი ისტორია მოვისმინო და მის ხსენებაზე თვალები მენთება და გული გამალებით იწყებს ცემას. მისი სახით მე მფარველი ანგელოზი მყავს ზეცაში, ვგრძნობ, რომ სულ ჩემს გვერდით არის და არ მტოვებს. ვიცი, რომ მის გზას მე ვაგრძელებ და რაც მან ვერ შეძლო და ცხოვრებამ, რაც არ აცადა, იმას მე გავაგრძელებ, ვიცი, რომ მე ვარ მისი ანარეკლი და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ მე ჩემი ერთი ციდა საქართველო, ჩემი საყვარელი ხალხი ვასახელო და კიდევ იმ თითო ოროლა ქართველებში, რომლებითაც ჩვენ დღეს ვამაყობთ, ერთ-ერთი მათგანი მეც გავხდე და ოდნავ გავზარდო ეს სია.

 

მამის თემას ისე არ მინდა გადავუხვიო, რომ არ ვახსენო ჩემი უსაყვარლესი ადამიანი, ჩემი მეორე მამა, მინდა იცოდეს ხალხმა, რომ მე ორი მამა მყავს! დიახ! მამუკა ფოჩხუა არის პირველი მამისგან გამოგზავნილი ანგელოზი ჩემი, რომელიც მამაზე მეტია ჩემთვის და ჩემი უფროსი ძმისთვის. ის რომ არა, მე დღეს შეიძლება იქ არ ვყოფილიყავი, სადაც ვარ და ის არ ვყოფილიყავი, რაც ვარ. ჩემი გზაზე დამყენებელი და ჩემი სულიერი მეგობარია!

 

- უკვე ხომ ბევრ წარმატებებს მიაღწიეთ?

 

- რაც შეეხება თქვენს შეკითხვას წარმატებასთან დაკავშირებით, გიპასუხებთ, რომ ჯერ არ ვთვლი, რომ წარმატებული ვარ რადგან ჯერ ყველაფერი წინ არის ეს მცირედი ნაბიჯებია იმასთან შედარებით რაც მომავალში მაქვს დაგეგმილი! კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა! სიყვარულით, ნუცა ციმაკურიძე…

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი