logo_geo
გაიცანით ახალგაზრდა ბიზნესმენი რეჟისორი, რომელმაც ცოტა ხნის წინ მნიშვნელოვანი თეატრალური ჯილდო მიიღო
- +

21 ივნისი. 2018. 15:03

 

თეატრალური ცხოვრება რეგიონებში მეტ-ნაკლებად არის განვითარებული, თუმცა, ინტერესი ყოველთვის დიდია. ამას მოწმობს ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“, რომელიც რამდენიმე დღის წინ წარმატებულად დასრულდა და რეჟისორ ლაშა ლომჯარიას სპექტაკლმა ორი პრიზი აიღო.

 

„რეიტინგმა“ გადაწყვიტა, ახალგაზრდა რეჟისორი უფრო ახლოს გაგაცნოთ და მის ბოლოდროინდელ წარმატებაზეც მისგან შეიტყოთ.

 

- სხვადასხვა თეატრებთან ვთანამშრომლობ, ახლახან დავდგი სპექტაკლი ვანის სახალხო თეატრში, სპექტაკლი „შულერები“ „თეატრალური იმერეთის“ ფესტივალზე ორი პრიზის მფლობელი გახდა.

 

- რითი განსხვავდება რეგიონალური თეატრი თბილისის თეატრებისგან?

 

- ძირითადად, ხელფასით. ვანში მაღალპროფესიონალური დასია, მაგრამ სამწუხაროდ, წელიწადში ერთი სპექტაკლი იდგმება. ეს არის სახალხო თეატრი, რომელიც წელიწადში ერთხელ დგამს სპექტაკლს. რომ არა ფესტივალი „თეატრალური იმერეთი“, ალბათ ეს ერთი სპექტაკლიც არ იქნებოდა თეატრის რეპერტუარში. რეგიონის მაყურებელი სულ სხვა მაყურებელია, მათ ენატრებათ სპექტაკლები და ეს ჩანს კიდევაც. მართალია, წელიწადში ერთი სპექტაკლი კეთდება, მაგრამ ვანის თეატრის მაგალითზე გეტყვით, რომ ეს ნამუშევრის ხარისხს არ ეტყობა. იმის გამო, რომ რეგიონის მსახიობებს დაბალი ანაზღაურება აქვთ, იძულებულები არიან, თეატრის პარალელურად, სხვა საქმეც გააკეთონ.

 

- პირადად შენ რამდენი სპექტაკლი გაქვს გაკეთებული?

 

- რამდენიმე სპექტაკლი მაქვს დადგმული. თავდაპირველად ხორავას თეატრთან ვთანამშრომლობდი, შემდეგ რამდენიმეწლიანი პაუზა ავიღე, საკუთარი ბიზნესი წამოვიწყე და წლების შემდეგ ისევ დავუბრუნდი ჩემს მთავარ საქმეს.

 

- ანუ ბიზნესმენი რეჟისორი ხარ?

 

- კი, ასე გამოდის.

 

- რა ბიზნესი გაქვს?

 

- სარეკლამო სააგენტო მაქვს.

 

- რატომ გადაწყვიტე ბიზნესის დაწყება?

 

- ძნელია, ამ ქვეყანაში მხოლოდ რეჟისორობით იცხოვრო, ამიტომაც დავიწყე ბიზნესი.

დიახ, რადგან ძნელია რეჟისორისთვის, ამით იცხოვრო. ისე გამოდის, რომ ბიზნესი ავაწყვე და დავბრუნდი თეატრში. სწორედ ამ დროს დამირეკეს ვანის თეატრიდან და შემომთავაზეს სპექტაკლის დადგმა და მიხარია, რომ წარმატებული გამოდგა ეს სპექტაკლი.

 

- ცნობილ მსახიობთან ვისთან გიმუშავია?

 

- ძალიან ბევრთან. დავამთავრე გოგი ქავთარაძის ჯგუფი, 2006 წელს ჩავაბარე და ამ წლიდან მოყოლებული ვიყავი მისი ასისტენტი. მიმუშავია ზურა ყიფშიძესთან, გია ბურჯანაძესთან და სხვებთან.

 

- რომელ ქართველ მსახიობ ქალს ათამაშებდით თქვენს სპექტაკლში?

 

- მზია არაბული არის ძალიან დიდი მსახიობი, მოხარული ვიქნები, თუ ის ჩემს სპექტაკლში ითამაშებს. მე და მზია არაბული მეგობრები ვართ, მისგან თანხმობაც მაქვს მიღებული, მაგრამ ჯერ ვერ გავრისკე ისეთი სპექტაკლის დადგმა, სადაც მას ვათამაშებ.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი