logo_geo
„მედეა 6 თვე ელოდა, ვიდრე ურლიხთან შევიდოდა და ქმრის შეწყალებას სთხოვდა“ - მსახიობი, რომელსაც დახვრეტა მიუსაჯეს
- +

24 ივნისი. 2018. 22:39

 

 

მსახიობი გრიგოლ (გრიშა) კოსტავა ქუთაისის გიმნაზიის დამთავრების შემდეგ, ქუთაისის თეატრში მუშაობდა, მერე იყო ჭიათურის თეატრში, ბოლოს მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი გახდა. შეთავსებით, თბილისის თოჯინების თეატრში მუშაობდა, სადაც ჩრდილების თეატრი დააარსა. ასევე, ნაძალადევის სამოყვარულო თეატრში დგამდა სპექტაკლებს. საქართველოს სახალხო არტისტის, გრიგოლ კოსტავას რთული და მრავალფეროვანი ცხოვრების გზა 1979 წელს, 72 წლის ასაკში დასრულდა.


სამამულო ომის დროს არალეგალური ორგანიზაცია "ხსნის კომიტეტი" შეიქმნა, რომლის წევრებსაც სჯეროდათ, რომ საქართველო ამ ომის შედეგად დამოუკიდებლობას მოიპოვებდა. ორგანიზაციის წევრ გრიგოლ კოსტავას ანტისაბჭოთა პროპაგანდისთვის დახვრეტა მიუსაჯეს და ციმბირში გადაასახლეს. მოსკოვში პოლიტპატიმართა ბედს ვინმე ულრიხი წყვეტდა. მასთან ვიზიტს ექვსი თვე ელოდა იმჟამად მსახიობის მეუღლე მედეა ჯაფარიძე.

მედეა შემდგომ იხსენებდა: "ბევრს ახსოვს მერაბი, ვაჟკაცური, ღრმად ქართველი, მტკიცე ხასიათის, შეუპოვარი... სწორედ ასეთი იყო გრიშაც". 

 

 

იმ პერიოდში მედეას 

მთავარი მიზანი გრიშას შველა იყო. ახლობლები იხსენებდნენ: მედიკო სხვათა რჩევით მისთხოვდა ასაკით მასზე უფროს გრიშას, ეგონათ, პატრონს გაუჩენდნენ ბედისაგან დაჩაგრულს, მაგრამ პირიქით მოხდა - გრიშა დააპატიმრეს და იგი მედიკოს საზრუნავი გახდაო...

 

მაშინ 20 წლის იყო. ვინ აღარ შეაწუხა გრიშას გამო. მარგარიტა მუსხელიშვილმა (მეცნიერის დამ) წერილი გაატანა ადმირალ ისაკოვთანრომ იმას "საქმე ჩაეწყო" ულრიხთან. ეს ულრიხი განაგებდა მაშინ პოლიტპატიმართა ბედ-იღბალს. ჩავიდა მედიკო მოსკოვში და როგორც უკვე ვთქვით, ულრიხთან თავის რიგს 6 თვე ელოდა. ნათესავთან ცხოვრობდა და მოთმინებით ელოდა იმ დღეს, როცა სისხლისმსმელ კაცთან შევიდოდა და ქმრის შეწყალებას სთხოვდა.

 

 

მედიკო განცვიფრებული დარჩა, როცა ულრიხი იხილა, - "ეს იყო თეთრწვერა ბაბუა, რომელსაც კეთილი თვალები ჰქონდა", - იგონებდა მოგვიანებით. არადა, თავად მედიკო გახლდათ იმდენად კეთილი, რომ ყველა ადამიანში სიკეთის მარცვლებს ეძებდა...

 

მედიკოს ვიზიტის შემდეგ ულრიხმა გრიშა კოსტავას სიკვდილით დასჯა 10 წლის პატიმრობით შეუცვალა. ამბობენ, რომ გადასახლებიდან კოსტავას მედიკოსთვის შემოუთვლია, - ნუ დამელოდები, არ ვიცი, როდის გამოვაღწევ აქედან, ან გამოვაღწევ კი?! ჯერ ძალიან ახალგაზრდა ხარ და თუ ვინმე ღირსეული გამოჩნდა, გაყევი ცოლადო...


გადასახლებიდან 1955 წელს დაბრუნდა და ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში დაიწყო მუშაობა.

- მამის შესრულებით, განსაკუთრებულად რომელი როლი გახსოვთ? - ამ შეკითხვით მსახიობის ვაჟს, ფიზიკოს დათო კოსტავას მივმართე

 

- თეატრში პრემიერებზე ხშირად დავდიოდი. მამა სცენაზე "მთვარის მოტაცებაში" მახსოვს, იმის მერე თითქმის არც უთამაშია, ხშირად ავადმყოფობდა. ცხადად დამრჩა მეხსიერებაში ფილმი "ნინო" და სირცხვილის გრძნობა მქონდა ერთი ეპიზოდის გამო, როცა მამას სილა გააწნეს. სკოლაში დამცინოდნენ, - მამაშენი სახლში რომ მოვიდა, ხუთი თითი ეტყობოდაო? არც ისე ბევრი ფილმია მისი მონაწილეობით, ათამდე იქნება. ბოლო სურათი "ესკულაპეს მოწაფე" იყო.


ადრეც და ახლაც, ძალიან მომწონს მისი როლი ფილმში "ღიმილის ბიჭები". იმ დროისათვის მღვდლის წარმოუდგენლად ადამიანური და არაგროტესკული სახეა. მიკვირს, ეგ ეპიზოდი როგორ გაუშვეს? რეზო ჩხეიძე ფილმებში იმიტომ იწვევდა, რომ რეზოს მამა, მწერალი დავით ჩხეიძე (იგივე დია ჩიანელი, რომელიც დახვრიტეს) და მამა მეგობრები იყვნენ. გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ, მამას შემოსავალი არ ჰქონდა. რეჟისორი ლეო ესაკია მას ყველა თავის ფილმში იღებდა მხოლოდ იმის გამო, რომ ანაზღაურება ჰქონოდა. მაგალითად, ფილმში "ბაში აჩუკი" მამამ პატარა როლი ითამაშა, მაგრამ როგორც მთავარი როლი, ისე გააფორმა, რათა დიდი ჰონორარი აეღო. ასეთი სიყვარული ჰქონდა გრიშა კოსტავას მიმართ. არ შემიძლია გიგა ლორთქიფანიძე არ ვახსენო, რომელმაც პირადი გამბედაობის ხარჯზე მიიღო ქუთაისის თეატრში - იმ დროს, როცა ხუთი წლით აკრძალული ჰქონდა დიდ ქალაქებში ცხოვრება და პროპაგანდისტული მიმართულების დაწესებულებებში, მათ შორის, თეატრში მუშაობის უფლება. 

- მარჯანიშვილის თეატრში მისი ახლო მეგობრები ვინ იყვნენ


- აკაკი კვანტალიანი, ალე ომიაძე... ახალგაზრდა მეგობრებიც ჰყავდა, ასაკით მასზე ბევრად უმცროსი თენგიზ არჩვაძე და მალხაზ ბებურიშვილი. ოჯახშიც მოდიოდნენ სტუმრად. სანამ მამას ენერგია და ძალა ჰქონდა, სმაც უყვარდა, ქეიფიც და ზომიერად ყველაფერი, მაგრამ სიცოცხლის ბოლო 7-8 წელი უკვე ავადმყოფობდა. 

- ქუთაისში დაიბადა. იქ ნათესავები გყავთ?


- გვყავს და მათ შორის იყო მამაჩემის მამიდაშვილი, პოეტი ლილი ნუცუბიძე. სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შემდეგ, ერთ საღამოზე დამპატიჟეს და მაშინ გავიგე, ეს ქალბატონი რამდენი ცნობილი სიმღერის ლექსის ავტორი ყოფილა. 

- ბებიაზე რას გვეტყვით?

 

 

- მამის დედა, ეკატერინე ნუცუბიძე როცა გარდაიცვალა, 3-4 წლისა ვიქნებოდი. ბებია არ მახსოვს, მაგრამ მეხსიერებაში ჩამრჩა ის ფაქტი, რომ ძალიან მიყვარდა. - იმას გაუხარდებოდაო, - მეტყოდნენ ზოგჯერ და მეც, მისი ხათრით რაღაცას მაჭმევდნენ ან მაკეთებინებდნენ (იღიმის). მეორე ბებიის გარდაცვალების დროს ჯარში ვიყავი.

 

 

- დედაზე მომიყევით. სად გაიცნო მამამ?


- ერთმანეთს ახლობლის ოჯახში შეხვდნენ. დედა - ცისია ყაზახაშვილი რუსული ენის პედაგოგი გახლდათ. მისი მშობლები გაყრილები იყვნენ, მამა რჩეულიშვილი ჰყავდა, მაგრამ დედის გვარზე იყო. ყაზახაშვილები ყოფილი სულიკაშვილები არიან, ისინი მეფე ერეკლეს განუდგნენ და ეს გვარი მიიღეს. დედაჩემის მამა სოციალ-დემოკრატი იყო და თავის დროზე გადაასახლეს. 

მსახიობის საოჯახო ფოტოების თვალიერებისას, გრიგოლ კოსტავას ცხოვრების ორი მნიშვნელოვანი ეპიზოდი ამოტივტივდა. ნიჭიერება მსახიობობის გარდა, თურმე, ქანდაკებაშიც გამოამჟღავნა და ერთხანს, იაკობ ნიკოლაძის მოწაფე ყოფილა. მოყვარული მოქანდაკე ეთქმოდა, თუმცა მისი გამოძერწილი ბიუსტები წლების მანძილზე, მარჯანიშვილის თეატრის ფოიეს ამშვენებდა.


როდესაც მსახიობი დააპატიმრეს, ჯერ თბილისის ციხეში ჩასვეს და დედამისს მასთან ლობიოს შეჭამანდი მიჰქონდა ხოლმე. გრიშა ქვაბს უკან აბრუნებდა და შიგნით ლობიოს რამდენიმე მარცვალს ტოვებდა. თხელ პერგამენტის ფურცელზე დაწერილ წერილებს მარცვლებში დებდა და მსახიობის ოჯახის წევრები ამ გზით იგებდნენ მის ამბებს. 

- თქვენს ბიძაშვილთან, მერაბ კოსტავასთან როგორი ურთიერთობა გქონდათ? 


- როცა 16-17 წლის გავხდი და უკვე მისი აღქმა უნდა დამეწყო, სწორედ მაშინ დაიჭირეს. თუმცა, რამდენიმეწლიანი ურთიერთობა მოვასწარით. მე და ირაკლი (მერაბის შვილი) ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლეები, მასთან სახლში ხშირად მივდიოდით. ჩვენ ვსაუბრობდით, თუმცა, არა - პოლიტიკაზე. ალბათ, ჩვენი ასაკის გამო, თავის მოსაზრებებს არ გვაცნობდა. ცოტას ვსვამდით კიდეც, არ გვიშლიდა. არასდროს ჰქონდა დამრიგებლური ტონი. სიყვარულს ასე გამოხატავდა - მხარზე ენერგიულად მოტყაპუნება და ჩახუტება იცოდა. მახსოვს, როცა ირაკლი სთხოვ­და, ჩვენთვის როიალზეც უკ­რავ­და. დისიდენტურ "ოქროს საწმისის" გამოცემას ვკითხულობდი, რომელსაც სხვები მაწვდიდნენ. ირაკლის ყოველთვის სიამაყის განცდა ჰქონდა მამამისის გამო.


- ვიცი, რომ 1978 წელს ქართული ენის დაცვის საკითხში საკმაოდ აქტიურობდით.


- მაშინ სტუდენტები აქციებზე გამოვდიოდით, თუმცა, მხოლოდ ერთი რიგითი მონაწილე ვიყავი იმ ყველაფერში, რაც ხდებოდა. ამაღლებული განწყობის დღეები იყო, რადგან ყველგან ერთიანობა და სიყვარული იგრძნობოდა. ეს იყო დაახლოებით 9 აპრილის წინა დღეების მსგავსი, როცა ჩემი თაობის ადამიანებს შიშის განცდა არ გვქონდა. თითოეული ჩვენგანი გრძნობდა, რომ კარგი საქმისთვის პატარა მარცვალს დებდა. 


- მალხაზ ბებურიშვილის ქალიშვილის მეუღლე ხართ. შვილებს ბაბუების სამსახიობო მონაცემები ხომ არ გადაეცათ?


- ორი ვაჟი მყავს: 18 და 11 წლისანი არიან. უფროსს ერთი წელია, რაც თეატრი ძალიან შეუყვარდა და არც ერთ სპექტაკლს არ აცდენს. საერთაშორისო ფესტივალებსაც დაესწრო. უცბად გახდა თეატრის ასეთი მოყვარული, მაგრამ არა მგონია, თავად ამ პროფესიის დაუფლების სურვილი ჰქონდეს. 


****

გიგა ლორთქიფანიძის მოგონება


"ერთ დღეს თეატრში წვერგაუპარსავი კაცი მოვიდა. გამარჯობაო, - მეუბნება, მეც მივესალმე. - თქვენ ალბათ, არ მიცნობთ, გრიშა კოსტავა ვარო, - მითხრა უცნობმა. ყმაწვილობაში ბევრჯერ მყავდა სპექტაკლებში ნანახი. შესანიშნავი მსახიობი, ნიჭიერი, განათლებული, წარმოსადეგი, ულამაზესი კაცი იმდენად შეცვლილიყო, რომ ვერ ვიცანი. მისი დანახვა ძალიან გამიხარდა. ქართული თეატრის ლეგენდა ხართ-მეთქი, - ვუთხარი და ჩემს კაბინეტში დიდხანს ვისაუბრეთ. მაშინ ასეთი კანონი იყო, გადასახლებიდან დაბრუნებულებს ცენტრალურ ქალაქებში ცხოვრების უფლებას არ აძლევდნენ და აკრძალული ჰქონდათ სანახაობრივ ორგანიზაციებში, .. თეატრში მუშაობა, მით უმეტეს, მსახიობად. მაშინ ახალგაზრდა კაცი ვიყავი, არაფრის მეშინოდა, თამამი გახლდით და გრიშა კოსტავას უყოყმანოდ შევთავაზე ახალ სპექტაკლში "ტარიელ გოლუა" ერთ-ერთი მთავარი როლი. არ მოელოდა. იმდენად გაუხარდა, რომ განცხადების წერის დროს ხელი აუკანკალდა. თეატრში მივიღე და გაიოზ გადალენდიას როლზე დავამტკიცე. აი, სწორედ იმ დღიდან დაიწყო ჩემი წამება: რაიკომში, ქალაქკომში, "კაგებეში" დაბარებები. ინაურმაც გამომიძახა და მეუბნება: გრიშა კოსტავა თეატრიდან უნდა გაუშვაო. მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი, მაგრამ რადგან როლზე დავნიშნე, უკან აღარ დავიხევ-მეთქი. სხვადასხვა სტრუქტურაში ბევრი და მძიმე საუბარი მქონდა, მაგრამ ჩემი გავიტანე, გრიშა კოსტავა თეატრში დარჩა. დადგა პრემიერის დღე. თბილისიდან ბიუროს მთელი შემადგენლობა ჩამოვიდა. დაიწყო სპექტაკლი და პირველ რეპლიკას გრიშა ამბობს: "ერთი, ეგ თოფი მომაწოდე!" წამით პაუზამ დაისადგურა, მერე ტაშის გრიალი გაისმა. მხოლოდ ბიუროს წევრები ისხდნენ გაუნძრევლად. ტაშისცემა გაძლიერდა და პროტესტის ფორმა მიიღო. ამ დროს ვასილ მჟავანაძემ ტაში დაუკრა და ბიუროც აჰყვა. ასე მოხდა გრიშა კოსტავას რეაბილიტაცია..." 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი