logo_geo
დერმატოლოგის რჩევა - როგორ გავირუჯოთ უსაფრთხოდ და ეფექტურად?
- +

30 ივნისი. 2018. 18:12

 

 

დღის რომელ მონაკვეთშია მზეზე გასვლა სასურველი, რა ტიპის კანის მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ მზეს და რამდენად საფრთხის შემცველია მზეზე დიდხანს ყოფნა?

 

„პირველის“ კითხვებს კანისა და ვენსნეულებათა ეროვნული სამეცნიერო კვლევითი ცენტრის ექიმი დერმატოლოგი, ვენეროლოგი და პოდოლოგი ნინო ჯაში პასუხობს.

 

- როგორ შეიძლება გავირუჯოთ ისე, რომ კანი არ დავიზიანოთ და არ დავიწვათ?

 

- ზოგადად ადამიანისთვის მზის სხივები სასარგებლოა, მაგრამ ცხადია, ზომიერება არის საჭირო. სასურველია, რომ გარუჯვა დილის 9:00 საათიდან, მაქსიმუმ 12:00 საათამდე, ხოლო საღამოს 17:00 საათიდან 18:00 საათამდე მოხდეს.

 

მზეზე გასვლა შუადღეს არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, რადგანაც შესაძლოა კანის დაავადებები განვითარდეს. თუ ადამიანს საეჭვო ხალი აქვს, აუცილებელია, რომ თავი დაიცვას და სპეციალური პლასტირი დაიკრას, ასევე მნიშვნელოვანია, რომ მზისგან დამცავი კრემი გამოიყენოს. ვურჩევ, რომ აუცილებლად მიიღონ სითხე დიდი რაოდენობით.

 

- რა სიხშირით შეიძლება გარუჯვა?

 

- გარუჯვა ყოველდღე შეგვიძლია, ზღვაზე, ტბაზე, სოლარიუმში და ასე შემდეგ, ოღონდ 5 წუთიდან უნდა დაიწყონ გარუჯვა და ნელ-ნელა შეიძლება დროის გაზრდა.

 

- ცნობილია, რომ სოლარიუმში გარუჯვა არ არის სასურველი, რამდენად საფრთხის შემცველია ჯანმრთელობისთვის?

 

- რუჯის მოყვარულებს, რა თქმა უნდა, არ ვურჩევ სოლარიუმს, განსაკუთრებით არ ვურჩევ იმ ადამიანებს, ვისაც ხალებისკენ აქვს მიდრეკილება და აქვს ღია ფერის პიგმენტი. სასურველია და აუცილებელია, რომ სოლარიუმით არ ისარგებლონ. თუ მათი კატეგორიული მოთხოვნაა, რომ სოლარიუმში გაირუჯონ, სასურველია 5-10 წუთზე მეტ ხანს არ გაჩერდნენ.

 

- ბავშვები რამდენ ხანს შეიძლება მზეზე გავაჩეროთ?

 

- მზისგან დამცავი კრემის გარეშე ბავშვების გაყვანა მზეზე რეკომენდებული არ არის. ბავშვების შემთხვევაში მზისგან დამცავი კრემის ფილტრი 50 უნდა იყოს. მაქსიმუმ ნახევარი საათი შეიძლება პატარები მზეზე გავაჩეროთ. მთელი დღე ბავშვების ყოფნა ზღვაზე რეკომენდირებული არ არის.

 

- გარუჯვის დროს რა რაოდენობის სითხის მიღებაა აუცილებელი?

 

- აუცილებელია1,5- 2 ლიტრი წყლის მიღება. ძალიან კარგია, სტაფილოს წვენს თუ მიიღებენ. ასევე გამოიყენებენ დამატენიანებელ კრემს და საცხებს, რომელიც კანს აჯანსაღებს.

 

- გარუჯვის შემდეგ კანზე პიგმენტური ლაქები რომ არ გაჩნდეს, რა ხერხს უნდა მიმართონ?

 

- პიგმენტური ლაქებისკენ მიდრეკილ ადამიანს შესაძლოა, რომ მაინც გაუჩნდეს, თუმცა აუცილებელია დამცავი კრემის გამოყენება იმისთვის, რომ შედარებით ნაკლები გამოხატულება იყოს სახეზე.

 

- მზისგან დამწვრობის შემთხვევაში რა ხერხს შეიძლება მივმართოთ და რა ტიპის კანის მქონე ადამიანი უნდა მოერიდოს მზეს?

 

- ღია პიგმენტის ფერის მქონე ადამიანები უნდა მოერიდონ აუცილებლად. იმ შემთხვევაში, თუ მოხდება მზისგან დამწვრობა, აუცილებელია, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით სითხე მიიღონ, რათა არ მოხდეს ორგანიზმის გადახურება. დამწვრობის დროს ძალიან კარგია პანცენოლის კრემი და ასევე კარგია თერმული წყალი. ზემოთ აღნიშნულს იმ შემთხვევაში უნდა მიმართონ, თუ დამწვრობა მსუბუქ ფორმებშია. გართულებულ შემთხვევაში აუცილებელია, მიმართონ ექიმს.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი