logo_geo
„თუ ბავშვი არ გიყვარს, პედაგოგი არ უნდა იყო!" – 60-წლიანი გამოცდილების მქონე მასწავლებელი
- +

9 ივლისი. 2018. 23:35

 

 

„მესიზმრა, რომ ღია გაკვეთილს ვატარებდი და უამრავი ხალხი მესწრებოდა... გამეღვიძა და რომ მივხვდი, სიზმარი იყო, ვიტირე, იმდენად გული დამწყდა"... - ასე დაიწყო mshoblebi.ge-თან საუბარი ლეგენდარულმა პედაგოგმა ლილი ბოჭორიშვილმა, რომელმაც სკოლას 60 წელი მიუძღვნა. ამ უზარმაზარი გამოცდილების მქონე ქალბატონს სკოლაზე, პედაგოგის როლზე, მშობლის ვალდებულებებსა და ახალ თაობაზე ვესაუბრეთ. ქალბატონი ლილი თავად ორი ვაჟის დედა და 5 შვილიშვილის ბებიაა, და დღესაც აქტიურადაა ჩართული პატარა შვილიშვილებისა და შვილთაშვილების აღზრდაში. მისი ერთერთი ვაჟი კი გამოცდილი პოლიტიკოსი, ამჟამად „საპარტნიორო ფონდის" აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძეა.

 

-  60 წელზე მეტი გავატარე სკოლაში... დაწყებითების პედაგოგი ვიყავი ჯერ 30-ე, შემდეგ 55-ე სკოლაში... ამ წლების მთავარი ხიბლი ბავშვების სიყვარული იყო. ჩემმა ვაჟებმაც – გიამ და დათომ 30-ე სკოლა დაამთავრეს. ამაყი და ბედნიერი ვიყავი, რომ ორივე ძალიან კარგად სწავლობდა. სულ სანიმუშო დაფაზე იყო მათი ფოტოები... პარალელურად კერძო სკოლაში ვასწავლიდი. ძალიან დატვირთული დღის რეჟიმი მქონდა, მაგრამ 55-ე სკოლაში სწავლებას თავს არ ვანებებდი, რადგან გიას შვილები იქ სწავლობდნენ და მსურდა, მათი სკოლის დამთავრებამდე მემუშავა.

 

- მასწავლებლობა და ბავშვებზე პასუხისმგებლობა დიდ დროსაც მოითხოვს და შინაგან რესურსსაც. როგორ ახერხებდით ოჯახისა და სამსახურის შეთავსებას?

 

-  თქვენ წარმოიდგინეთ ვახერხებდი და ეს საქმის დიდმა სიყვარულმა შემაძლებინა... ოჯახი მეხმარებოდა, განსაკუთრებით ჩემი არაჩვეულებრივი დედამთილი, რომელზეც დღესაც ვერ ვსაუბრობ ცრემლის გარეშე... საოცარი ქალბატონი იყო! მეც ძალიან ენერგიული ვიყავი და ახლა მიკვირს, სად წავიდა ამდენი ენერგია. სიბერე რთული ყოფილა...

 

- ამბობენ, რომ თანამედროვე ბავშვები უფრო რთულად აღსაზრდელები არიან და მასწავლებლის შრომაც დღეს უფრო მძიმეა. თქვენც ასე ფიქრობთ? რით განსხვავდებიან თქვენი პირველი მოსწავლეები ბოლო წლების გამოშვებებისგან?

 

-  არ ვფიქრობ, რომ თანამედროვე ბავშვები უფრო რთულები არიან. თუ ბავშვების მიმართ სიყვარული გაქვს, ყველაფერს შეძლებ და თუ არ გიყვარს, პედაგოგი არ უნდა იყო! ქალაქში ძალიან ბევრნი არიან და ვერცერთი ჩემი მოწაფე ვერ გაიხსენებს ჩემს სიმკაცრეს. არ მახსოვს, ვინმესთვის მეყვიროს, გავჯავრებოდე... ერთ საიდუმლოს მივაგენი: კლასში რომ შევიდოდი და ძალიან ხმაური იყო, ერთ ხელს ავწევდი, გავჩერდებოდი და ისე ვუყურებდი ბავშვებს... ვხედავდი, ერთი როგორ გაჩუმდებოდა და დაჯდებოდა, მერე მეორე, მესამე და ასე მთელი კლასი... ყველა ბავშვმა იცოდა, ცალ ხელს რომ ავწევდი, უნდა გაჩუმებულიყვნენ. იცინოდნენ ჩემზე, ჯადოსნური ხელი აქვსო. ერთხელ პატარა მოწაფემ მკითხა, ლილი მასწავლებელო, მეორე ხელსაც რატომ არ სწევთო...

 

წლების წინ შეხვედრა მქონდა ჩემს კურსდამთავრებულებთან და იქაც მითხრეს, თქვენი ჯადოსნური ხელი სულ გვახსოვსო...

 

 

-  რატომ აირჩიეთ დაწყებით კლასებში მუშაობა?

 

-  უცხო ენების ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, დაწყებითების პედაგოგად სრულიად შემთხვევით აღმოვჩნდი... 1959 წელს განათლების განყოფილებაში იმ იმედით მივედი, იქნებ ადგილი იყოს-მეთქი. ძალიან რთული იყო იმ პერიოდში უცხო ენებზე საათების მიღება... განათლების განყოფილების გამგე იყო ქეთევან ჭანიშვილი და მან მითხრა, დეკრეტულ შვებულებაში გავიდა მასწავლებელი და მის ადგილს შემოგთავაზებთო. უარი ვთქვი, დაწყებითებთან მე არ შემიძლია-მეთქი...სახლში რომ მოვედი და ყველაფერი ჩემს დედამთილს ვუამბე, მითხრა, წადი შვილო, ბავშვებს მე მივხედავ, შენ დაიწყე მუშაობა და მერე გამოჩნდება, რაც შენ გსურსო... ასე შემთხვევით აღმოვჩნდი დაწყებითების პედაგოგად. ამ წლების განმავლობაში, ბევრი წოდება და სიგელი მერგო – მათ შორის, `წლის საუკეთესო პედაგოგი~ და სხვა... ბოლოს ღირსების ორდენიც მომცეს . რასაკვირველია, ასეთი აღიარებები ძლიან სასიამოვნოა და ყოველთვის დამატებითი სტიმული იყო ჩემთვის., 

 

-  რას ურჩევდით დამწყებ მასწავლებლებს?

 

-  როგორც უკვე არაერთხელ ვთქვი,ბავშვების სიყვარულს! მოთმინებას! პატარა ბავშვი ძალიან სათუთია და მასწავლებელში ხედავს დედასაც, დეიდასაც, ბებიასაც, ბიძასაც... უნდა იყო კიდეც ბავშვისთვის ასეთი და მაშინ დაიმსახურებ სიყვარულს! შეძლებ, რომ ასწავლო და მიაღწიო შენს მიზანს!

 

-  თქვენს მეუღლეზეც გვიამბეთ...

 

-  მეუღლე – ნოდარ საგანელიძე სამწუხაროდ დღეს გვედერდით აღარ გვყავს. 2006 წელს გარდაიცვალა. პროფესიით ფილოსოფოსი,Uუნივერსიტეტის ფილოსოფიის ლექტორი გახლდათ. იშვიათი მამა და მეუღლე იყო. მისი გარდაცვალების შემდეგ სიცოცხლეც აღარ მინდოდა. დათო უცოლო იყო, მას გვერდით დედა სჭირდებოდა. ზრუნამ გადამარჩინა. ახლა კი ნამდვილად აღარ მინდა იმ ქვეყნად წასვლა, დათოს შვილებს რომ ვუყურებ. გული საშინლად მტკივა, ჩემი მეუღლე, რომ დათოს შვილებს ვერ მოესწრო... უფროსი ვაჟის შვილებს მოესწრო და არაჩვეულებრვი ბაბუა იყო.

 

ძალიან მცხვენია, ტრაბახი გამომდის, მაგრამ შვილები ისე გავზარდე, მათთან ხმის აწევა არასოდეს დამჭირვებია. სწავლა ძალიან უყვარდათ. თუ ზოგჯერ მაინც იცელქებდნენ, მამით ვაშინებდი. საოცარი ის იყო, რომ ჩემი მეუღლე შვილებს არასოდეს გაჯავრებია და მაინც მისი ძალიან დიდი რიდი ჰქონდათ.

 

-  პედაგოგის გამოცდილება შვილების აღზრდაში რამდენად გეხმარებოდათ?

 

-  რა თქმა უნდა ძალიან მეხმარებოდა! თვითონ ვასწავლიდი ქართულს, მათემატიკას... დათოს რატომღაც ძალიან არ უყვარდა საბავშვო ბაღი. სულ ბუზღუნებდა, არ მინდა საბავშვო ბაღში წასვლაო. გია რომ მეცადინეობდა, დაუჯდებოდა გვერდით და უსმენდა. თავისით ისწავლა წერაც და კითხვაც. გია რომ მუსიკაზე დამყავდა, სახლში მეცადინეობის დროს დათო იქვე იჯდა უყურებდა... ერთხელ გია სკოლაში იყო და დათო იქვე თამაშობდა... უცებ შემომესმა პიანინოს ხმა და გამიკვირდა, ვიცოდი, გია სახლში არ იყო. თურმე დათომ სმენით ააწყო და რაღაც ეტიუდს უკრავდა. მეექვსე მუსიკალურში დამყავდა გია, სადაც ძალიან კარგი პედაგოგი ჰყავდა, თამარა სერგეევნა. ამ ქალბატონმა მითხრა, მისაღებ გამოცდებზე მიმეყვანა დათო, თუმცა ასაკით ძალიან პატარა იყო. გავიყვანეთ გამოცდაზე, შემდეგ მე ავად გავხდი, მეუღლემ კი დათო ჩარიცხულთა სიაში ვერ იპოვა. მოგვიანებით გაირკვა, რომ პირდაპირ მეორე კლასში ჩაურიცხიათ. დათომ საშუალო სკოლაც ოქროს მედალზე დაამთავრა, ხუთიანზე ნაკლები ნიშანი არასოდეს მიუღია.

 

-  ძალიან წარმატებული შვილები გყავთ, რამდენად იყავით ჩართულნი მშობლები შვილების ცხოვრებაში და რას ურჩევთ ახალბედა დედებს?

 

-  ახალბედა დედებს მეტ ყურადღებას ვურჩევ შვილების მიმართ... ბავშვი აუცილებლად დედის ყურადღების ქვეშ უნდა იყოს. რაც არ უნდა დატვირთული იყოს, დედაა ბავშვის ცხოვრებაში უმთავრესი! შვილებს მუსიკაზე, კალადბურთზე, ცურვაზე და სად აღარ დავატარებდი და თან სულ ყურადღებით ვიყავი. გია განსაკუთრებით უკადრისობდა, ზოგჯერ ვიმალებოდი, გიას იქ მყოფი რომ არ დავენახე... შვილების შემდეგ ერთი დღეც აღარ მიცხოვრია ჩემთვის, სულ შვილებისთვის ვიყავი და შემდეგ შვილიშვილებისთვის.

 

ძალიან დამჯერი შვილები მყავს, მაგათ სიცოცხლეს ვფიცავარ. ბავშვობაშიც ასეთები იყვნენ. უკვირთ, რომ ვამბობ ბიჭების გაზრდა ძალიან ადვილია-თქო... დათოს ცოტა ასაკში მოუწია ოჯახის შექმნა და ერთმანეთს მიყოლებულნი არიან მისი შვილები. ძალიან კარგი დედაა დათოს მეუღლე –სოფო, ყურადღებიანი... თავად დათოც არაჩვეულებრივი მამაა.

 

-  შვილიშვილების აღზრდაში რამდენად ხართ ჩართული?

 

-  გიას შვილები ჩემი მოწაფეები იყვნენ. ზოგჯერ ეშლებოდათ და ბებია-მასწავლებელოს მეძახდნენ.

 

-  როგორც მასწავლებელი, რას ურჩევდით მოსწავლეების მშობლებს?

-  მეტ ყურადღებას! დღეს ვხედავ, რომ ზოგიერთი ბავშვი უმეთვალყურეოდ არის გაშვებული. ეს ყოვლად დაუშვებელია!

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი