logo_geo
„ქართველი მაშინ ხარ, როცა საქართველოს შენში აცოცხლებ“ – ჩვენებური გოგო დიდი ვაშლის ქალაქში
- +

12 ივლისი. 2018. 20:40

 

 

„ქართველები უცხოეთში“ არაჩვეულებრივ ადამიანს ნია კანდელაკი-მაჭავარიანს ნიუ-იორკში დაუკავშირდა.

 

ცხოვრება სიურპრიზებითაა სავსე და ამაში ალბათ არაერთხელ დავრწმუნდით. ამიტომ წინასწარ რაიმე გეგმის შედგენა უმადურ საქმედ მიიჩნევა. ერთ დღეს ყველაფერი რადიკალურად შეიცვლება და უკვე შენ გახდები იმ დიდი გეგმის ნაწილი, რასაც ცხოვრება შემოგთავაზებს. მთავარია, საკუთარ პრინციპებს არ უღალატო და ბოლომდე დარჩე ის, ვინც ხარ. ჩვენმა რესპონდენტმა ეს შეძლო…

 

– ნია, როგორი იყო შენი გზა ე.წ. „ამერიკულ ოცნებამდე“?

 

— საქართველოში „თიბისი ბანკში“ ვმუშაობდი, ვუკრავდი და ვმღეროდი სხვადასხვა ანსაბლებში. მყავდა უამრავი მეგობარი და, მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, არ მელეოდა გასართობი მიზეზები. 25 წლის ასაკში ჩემ ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. დღეს მას ორ ნაწილად ვყოფ – 25 წლამდე, როცა საქართველოში ვიყავი და 25 წლის მერე, რაც ამერიკაში „გადმოვცხოვრდი“. მოულოდნელად შემექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, რასაც დღემდე ვებრძვი. გადავწყვიტე ამერიკაში ჩამოვსულიყავი და სამედიცინოზე მესწავლა. ჩვენც სხვებივით ურთულესი გზა გავიარეთ. აეროპორტში არავინ დაგვხვედრია, ჩვენით გავიკვლიეთ გზა და ამდენი რამ ერთმანეთის იმედმა შეგვაძლებინა. აქ ჩემ საყვარელ მეუღლესა და დედასთან ერთად ვცხოვრობ. დედა 14 წელი არ მყავდა ნანახი, რადგან საბერძნეთში იყო ემიგრაციაში. 15 წლის ვიყავი, როცა წავიდა და იმ წუთიდან ყოველდღე ვხედავდი ჩემ წარმოსახვაში ერთი და იმავეს – როგორ ბრუნდებოდა უკან, ბევრ ბუშტს როგორ ბერავდა და მათზე როგორ ვუწერდი: „დე, მიყვარხარ”… თუმცა, როცა დედა საქართველოში დაბრუნდა, მე უკვე ამერიკაში ვიყავი. მალე ჩემთან ჩამოვიყვანე და მადლობა უფალს, რომ დღეს იმ წლებს ვინაზღაურებთ, რაც ერთმანეთის გარეშე ვიყავით…

 

– რეალურად თუ აღმოჩნდა ამერიკა ოცნების ქვეყანა და რამდენად რთულია ფეხი აუწყო მის რიტმს?

 

— სიმართლე გითხრათ, ამერიკაზე ბავშვობიდან ვოცნებობდი. დედა იხსენებს, როცა ხუთი წლის ასაკში ნათესავს ჩემთვის უკითხავს, რა გინდა გამოხვიდეო, თურმე ვუპასუხე – მინდა ამერიკაში წავიდე და იქ ვიცხოვრო–მეთქი. ჩვენ ვცხოვრობთ ნიუ-იორკის შტატში, დიდი ვაშლის ქალაქში (big apple city) – ასე მოიხსენიებენ ნიუ-იორკს, რომელსაც მსოფლიოს დედაქალაქსაც უწოდებენ. შეუძლებელია ვინმემ აგიხსნას, რატომ არის ნიუ-იორკი ასეთი შთამბეჭდავი, ეს თავად უნდა ნახო. ამერიკაში მე და ჩემი მეუღლე ვსწავლობთ და თან ვმუშაობთ, რაც ძალიან რთულია. მით უმეტეს, რთულია გყავდეს ოჯახი და მოიცალო მეგობრებისთვისაც.

 

– საქართველოში ბენდუქიძის უნივერსიტეტში სწავლობდი, ნიუ-იორკში სად სწავლობ და როგორია იქ სწავლა?

 

— ბენდუქიძის უნივერსიტეტში სწავლა მართლა დიდ ბედნიერებას მგვრიდა. ის დრო საუკეთესო წლებად მახსენდება. ამერიკაში სწავლას რაც შეეხება, ვსწავლობ კლინტონის სასწავლო ცენტრში, რომელიც ყველაზე დაბალი საფეხურია, საიდანაც მერე შეგიძლია მედდის პროფესიას დაეუფლო. დიდი სურვილი მაქვს, რომ გავხდე RN — ანუ “რეჯისთერ ნერსი“, რაც თითქმის ექიმის დონეა და ამერიკაში ძალიან დაფასებული პროფესიაა. სწავლა სასიამოვნო პროცესი ხდება, როცა ირგვლივ გარემოა სასიამოვნო. ჩვენ სასწავლებელში იმდენი სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანია, რომ შეუძლებელია აქ ვინმე გდევნიდეს, გავიწროებდეს ან დაგცინოდეს. როდესაც ვამბობ, რომ ინგლისური არ არის ჩემი მშობლიური ენა, მაშინვე ყველა ჩემ დახმარებას ცდილობს. სამსახური სხვა შტატში მაქვს. ჩემი მეუღლე ლაშა 200 კილომეტრს გადის, რომ სამსახურში მიმიყვანოს და მერე უკან წამომიყვანოს. გიჟური ცხოვრების ტემპია და ძნელია ფეხი აუწყო მეგოპოლისის რიტმს…

 

– რამე გასწავლა ამერიკაში ცხოვრებამ და საქართველოში მიღებული ცოდნა რაში დაგეხმარა?

 

— ამერიკამ მასწავლა ცხოვრება! ბევრი ამბობს, რომ აქ უფრო ცხოვრებასთან ბრძოლას სწავლობ. მე კი ვფიქრობ, მას კი არ უნდა ებრძოლო, უნდა შეძლო მისგან საუკეთესო მიიღო. ის, რაც შენ ქვეყანაში იყავი, რაც იქ ისწავლე და რა გამოცდილებაც დააგოვე, აქ ჩათვალე, რომ გამოუსადეგარია, ყველაფერზე ამერიკული ლიცენზია გინდა, მით უფრო იმაზე, რომ მუშაობის უფლება მიიღო. საერთოდ, ამერიკა დიდი შესაძლებლობების ქვეყანაა. ელემენტარულად, დამნაშავე ან უმაქნისი ხარ, თუ აქ ცხოვრობ და ვერაფერს მიაღწიე. არ არსებობს ისეთი რამ, თუ მოინდომებ და ვერ გააკეთებ. ეს ის ქვეყანაა, რომელიც აქეთ ლაპარაკობს შენ მიღწევებზე. მე ვფიქრობ – თუ ოდესმე მოგეწონება საკუთარი თავი და იამაყებ მიღწეულით, სწორედ მანდ დასრულდება შენი წარმატება. ყოველ ახლად დაპყრობილი მწვერვალიდან რა ჩანს, იცით?— უფრო მაღალი მწვერვალი. ამოუწურავია ადამიანის შესაძლებლობები. ალბათ ჩემი ნაკლია ის, რომ არასდროს ვარ კმაყოფილი საკუთარი თავით და ყოველ ჯერზე უფრო მეტს ვითხოვ.

 

რიგითი N დღე ამერიკაში – რეალურად და წარმოსახვაში

 

ნია კანდელაკი-მაჭავარიანი: ჩემი რიგითი ამერიკული ერთი დღე ასეთია: დილით ვიწესრიგებ ვარცხნილობას, ვისვამ მაკიაჟს, ვიცვამ მაღალქუსლიან ფესაცმელს, აბრეშუმის თეთრ პერანგს, შევდივარ სტარბაქსში და ვუკვეთავ კაპუჩინოს, ვსვამ ყავას, ამის შემდეგ აუღელვებლად მივდივარ სამსახურში. შემდეგ ხუთზე ვამთავრებ სამსახურს, სადაც იდეალური ხელფასი მაქვს და მშვიდად ვცხოვრობ… მაგრამ ეს ჩემი საოცნებო დღეა და არა რეალური, რადგან ამერიკაში ამის დრო არასდროს გვაქვს: თმას ხშირად გზაში ვივარცხნი, მაკიაჟს საერთოდ ვერ ვასწრებ. ყოველთვის კედებით გავრბივარ, მაღალქუსლიანით სირბილის თავი სად მაქვს?! გზაში 2-3 საათი მჭირდება სამსახურამდე და იქ მისული უკვე დაბრუნებაზე ვფიქრობ – რა წავა უკან–მეთქი. თუმცა მე მაინც მიყვარს ჩემი გიჟური ცხოვრება ამერიკაში.

 

სიზმრები საქართველოზე — სულის ნავსაყუდელი

 

ნია კანდელაკი-მაჭავარიანი: ხშირად ვხედავ სიზმრებს საქართველოზე. მხოლოდ სიზმარში ვარ იქ, სადაც რეალურად მინდა რომ ვიყო. საქართველოზე სიზმრები ჩემი სულის ნავსაყუდელი გახდა. განსაკუთრებით ჩემი პატარა დისშვილები მენატრებიან. მიჭირს იმ სიმღერების უცრემლოდ მოსმენა, რომელიც საქართველოზეა. ყველაზე მგრძნობიარე მაშინ ვარ, როცა ვინმე ქართველის წარმატების ამბავს ვიგებ. იმ დროს ისეთი ამაყი ვხდები, რომ მინდა მსოფლიომ გაიგოს ეს ამბავიც და ჩვენი პატარა ქვეყნის შესახებაც… როდესაც ამერიკელებს ვეუბნები, რომ ქართველი ვარ, ეგრევე საბჭოთა კავშირი ახსენდებათ და ინერციით მეკითხებიან – ანუ რუსი ხარ? იმის ახსნა მიწევს, რომ ეს სულ სხვა ეროვნებაა, სხვა ქვეყანაა, რომელსაც თავისი კულტურა და ისტორია აქვს…

 

ხშირად ისე ხდება, რომ ქვეყნიდან წასული ადამიანი სრულიად წყდება ქართულ რეალობას და ზოგჯერ უკან მოხედვის სურვილიც არ აქვს. უცხო მიწაზე ძალიან ადვილად ხდებიან „ღამურები“. ნიას შემთხვევაში სრულიად სხვაგვარადაა…

 

ნია კანდელაკი-მაჭავარიანი: ქართულ პოლიტიკაში ასე ჩართული არასდროს ვყოფილვარ, როგორც ახლა. სულ ვადენებ თვალს სიახლეებს და ძალიან მწყდება გული, რომ ძირითადად ცუდი ამბები მესმის. ერთხელ ერთმა ადამიანმა სოციალურ ქსელებში ჩემ კომენტარზე ასე მიპასუხა – დაეტიე სადაც ხარ და ცხვირს ნუ ჰყოფ საქართველოშიო. ვერ აგიწერთ რა დამემართა, ლამის გული გამიჩერდა… მენატრება საქართველო და ის ცხოვრება, რაც იქ დავტოვე. მნიშვნელობა არ აქვს, სად ვართ, უცხოელთან ვქმნით ოჯახს თუ სხვა რელიგიის წარმომადგენლებზე ვქორწინდებით, სინამდვილეში, ჩვენში არაფერი იცვლება — ჩვენ ქართველები ვართ და ამას ვერავინ აგვიკრძალავს.

 

ვოცნებობ საქართველო ისეთი ძლიერი ქვეყანა გახდეს, რომ იქიდან წასვლის მსურველი მინიმუმამდე შემცირდეს. ბედნიერი ვარ, ქართველად რომ დავიბადე, ამაყი ვარ, როდესაც ჩემი ქვეყნის შესახებ ვყვები. მარსზეც რომ ვიცხოვრო, მაინც ქართველად დავრჩები. ჩემი შვილები ქართულად ილაპარაკებენ, დაწერენ და წაიკითხავენ. მათაც ისევე ეყვარებათ საქართველო, როგორც მე და ჩემ მეუღლეს გვიყვარს. საქართველოში ცხოვრება არ ნიშნავს ქართველობას. ქართველობა სულია და ქართველი მაშინ ხარ, როცა საქართველოს შენში აცოცხლებ…

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი