logo_geo
„მთის მთავარი კანონია, საკუთარი მიწა-წყლის დაცვა!“ - თანამედროვე მზევინარი და მთაში ნაპოვნი სილაღე...
- +

13 ივლისი. 2018. 02:48

 

 

38 წლის მთისა (ნინო) ყველაშვილს მზევინარს ამსგავსებენ, კინოგმირს ფილმიდან "შეხვედრა მთაში". მთიულეთის ბუნტისთავი და მაწიოკებელი, ქვეყნის ამომგდები, - როგორც თვითონ ამბობს ხუმრობით საკუთარ თავზე, ყოველ დილით მზეს ასწრებს გაღვიძებას. საქმე ბევრი აქვს და ყველაფერი უნდა მოასწროს... შარშან გადაწყვიტა და თბილისში გაზრდილი გოგო საცხოვრებლად სოფელ სეთურებში გადავიდა. იქაურებმა თურმე, ეჭვის თვალით დაუწყეს ყურება. ეგონათ, ქალაქელი გოგო მალე გამოიქცეოდა, მაგრამ მოტყუვდნენ. აქ სულ სხვანაირი ჰაერი, სხვანაირი სიმშვიდე და სხვანაირი მზეაო, - ისეთი აღტაცებით მითხრა საუბრისას, უნახავადაც კი დაეთანხმები. ხასიათში მთიულური სიჯიუტე ჭარბობს, მიზანდასახულია და ბოლომდე მიჰყავს საქმე, მუდამ გამარჯვებისკენ ისწრაფვის და თვლის, რომ ტიპური მთიულია ხასიათით.

 

- ზედმეტად ცელქი და დაუმორჩილებელი, მეამბოხე ვიყავი ბავშვობიდანვე. ყველაფერში წინააღმდეგობას ვუწევდი მშობლებს. თუ რამეს დამავალებდნენ, აუცილებლად საწინააღმდეგოს ვაკეთებდი. პროტესტის გრძნობა მქონდა ბევრი რამის მიმართ. მავნეც ვიყავი, ჩემს ძმას ძალიან ვაწვალებდი. ის ჩემგან აბსოლუტურად განსხვავებული ხასიათისა იყო, მშვიდი და გაწონასწორებული. ახლა ხშირად ხუმრობს, - მთელი ბავშვობა გამიმწარეო.

 

- როგორ მოგმართო: ნინო თუ მთისა?

 

- ახლა უკვე ყველა მთისას მეძახის. ისე მივეჩვიე, რომ ნინო მეხამუშება კიდეც. მთისა პატარა, იასამნისფერი ლამაზი ყვავილია, მარტო ალპურ ზონებში ხარობს. პირველად ხევისბერმა მიწოდა მთისა. რამდენჯერაც თბილისში გნახე, იქ სხვანაირი, აქ კი სულ მოღიმარი, ლაღი და ბედნიერი ხარ, ეს ყვავილიც მარტო მთებში ხარობს და შენც მარტო მთაში ხარ ბედნიერიო, - მითხრა.

 

- მთიულური სამოსით დადიხარ ყველგან. რატომ გადაწყვიტე ასე და როდიდან დაინტერესდი ეროვნული სამოსის ისტორიით?

 

- სკოლის პერიოდში ქართულ ხალხურ ცეკვაზე დავდიოდი, მერე კი კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტში ჩავაბარე, დამდგმელი ქორეოგრაფის სპეციალობით. ასე რომ, პროფესიით ქორეოგრაფი ვარ. აქედან დაიწყო ჩემი ფოლკლორით დაინტერესებაც. ინსტიტუტში ცალკე საგნად ვსწავლობდით ქართული ეროვნული კოსტიუმის ისტორიას. ამან ისე დამაინტერესა, რომ უფრო ჩავუღრმავდი და დავიწყე ლიტერატურისა თუ ინფორმაციის მოძიება ზოგადად ტრადიციების შესახებ. დიდი სურვილის მიუხედავად, მე არ მქონდა მთიულური სამოსი, ყიდვა ვერ შევძელი, რადგან ძვირი ჯდებოდა. ამიტომ ვისწავლე ქარგვა და თვითონ შევიკერე. ალბათ, ნახე ჩემი ფოტოები და მიხვდი, რომ არ მაცვია ისე, როგორც ყველას.

 

- ასე ჩაცმული დადიოდი ქუჩაშიც? საინტერესოა, როგორი რეაქცია ჰქონდა ხალხს?

 

- ასე დავდიოდი უკვე სასწავლებლის დამთავრების შემდეგ და მეგონა, მთები დამქონდა ჩემი სხეულით. ასეთი შეგრძნება მაქვს ახლაც. ვერ წარმოიდგენ, როგორი სიამაყით მავსებს ეროვნული სამოსის ტარება. მუდმივად შემართებული ვარ, ბრძოლის უნარს მმატებს. სულ მაქვს შეგრძნება, რომ უნდა დავიცვა საკუთარი მიწა-წყალი და ჩემი აზრით, გარკვეულ ვალდებულებებსაც მაკისრებს. თითოეულ ორნამენტში იმხელა ისტორია დევს, რომ პატივისცემას გაგრძნობინებს და სათანადოდ მოქცევას გასწავლის. მგონია, რომ მთა უფრო ინახავს ტრადიციებს. სიმართლე გითხრათ, ჩემი ოჯახის წევრებისგანაც დიდი წინააღმდეგობა მოდიოდა. მეუბნებოდნენ, ჩვეულებრივი ადამიანივით მოიქეცი, ქუჩაში ხალხი შენკენ იშვერს ხელს, რატომ უნდა იქცევდე სხვების ყურადღებასო და ა.შ. მეწინააღმდეგებოდნენ, მთხოვდნენ, ასეთი ჩაცმული არ გავსულიყავი, მაგრამ მერე მიხვდნენ, რომ ეს მე მავსებდა და მსიამოვნებდა. ხშირად დავდიოდი ლაშქრობებზეც, რადგან მინდოდა უხუცესი ადამიანებისგან გამეგო ბევრი რამ. თითქმის მთელი საქართველო ფეხით შემოვიარე, მარტოც ბევრჯერ წავსულვარ - ამაზეც დიდ წინააღმდეგობას მიწევდნენ მშობლები და როდემდე უნდა იწანწალოო? - მსაყვედურობდნენ.

 

- მეუღლე რას გეუბნებოდა? ის არ გსაყვედურობდა?

 

- ამის გამო არ მსაყვედურობდა, თანაც, მაშინ უფრო თეორიული მასალის მოძიებით ვიყავი დაკავებული. 4 შვილი მყავს და სხვა საქმისთვის არც მეცალა. უფროსი ახლა 13 წლისაა, უმცროსი - ექვსის. რადგან ჩვენს სოფელში სკოლა არ არის, ამიტომ ჩემი მშობლები ზრდიან ბავშვებს.

 

- რატომ მიიღე ქალაქიდან სოფელში წასვლის გადაწყვეტილება?

 

- ჩემი ოცნება იყო, მთაში მეცხოვრა, მყოლოდა ცხენი, მქონოდა საქმე და მეცხოვრა ისე, როგორც ცხოვრობდნენ ადგილობრივები. მინდოდა, ავდარი, დიდთოვლობა თუ გაჭირვება საკუთარ თავზე გამომეცადა. ამიტომაც იყო, რომ ხშირად დავდიოდი მთაში, თბილისში დაბრუნებულს კი ისევ უკან, მთებისკენ მიმიწევდა გული.

 

- ე.ი. სირთულეები მოგწონს.

 

- ასეა, სირთულეებთან ბრძოლა და ამ ბრძოლაში გამარჯვება დიდ სიამაყეს მანიჭებს. ეს კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ ძლიერი ვარ, რაც კმაყოფილების შეგრძნებას ბადებს ჩემში. მოკლედ, სეთურებში ბიძაჩემი ცხოვრობდა, მამაჩემის ძმა. ბიძას და ბიცოლას აქ ფუტკარი ჰყავდათ და უვლიდნენ. ბიძა მოულოდნელად გარდაიცვალა და ჩემი სანუკვარი ოცნების ახდენის საშუალება მისმა მეუღლემ, ხათუნამ მომცა, როდესაც მითხრა: ნინო, თუ შეძლებ, გუდაურში წადი და იქაურობას უპატრონეო. ქურდს რა უნდა და ბნელი ღამეო, ხომ გაგიგია? - ასე მომივიდა მეც. წუთითაც არ დავფიქრებულვარ, რა მექნა. ჩემმა ძმამ რომ მითხრა: ხათუნას სჭირდები და შენ ერთი დღე გაქვს მოსაფიქრებლადო, მაშინვე ვთხოვე დედაჩემს, ბარგის ჩალაგებაში მომხმარებოდა. კარგად მახსოვს, აგვისტო იყო. ჩემმა ძმამ ჩამომიყვანა ღამის პირველ საათზე. ზაფხულობით ხათუნაც აქ არის და ჩემი ძმაც ხშირად ამოდის. შემოდგომამდე ერთად ვიყავით, მერე ისინი თბილისში დაბრუნდნენ, მე მარტო დავრჩი. საერთოდ არ შემშინებია, არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს აქ, ყველა ჩემს დახმარებას ცდილობს. თავიდან კი ეჭვის თვალით მიყურებდნენ, პირველსავე თოვლზე გაიქცევაო, მაგრამ ასე არ მოხდა. ახლა იცინიან მეზობლები, - მგონი, შენი დასახმარებლები გავხდითო. აქ ისეთი სიმშვიდე და სიწყნარეა, რომ არსად წასვლა არ მოგინდება... მეგონა, რაკი ქალაქელი ვიყავი, სხვა თვალით დამიწყებდნენ ყურებას, მაგრამ სოფელმა კარგად მიმიღო, აქ ძალიან თბილი ხალხია.

 

- და რას აკეთებ მანდ? თვითონ უვლი ფუტკარს?

- მე ძირითადად, რეალიზაცია მევალება, ანუ მაღაზიაში ვარ, სადაც ფუტკრის პროდუქცია იყიდება, საფუტკრეში კი ბიცოლა მუშაობს და ჩემი ძმა ეხმარება. ახლა სამკურნალო პრეპარატების დამზადებას ვსწავლობ. როდესაც ავადმყოფი მაკითხავს, კონსულტაციას ვიღებ ბიცოლასგან, რომელიც აპითერაპევტია. ფუტკარი და აპითერაპია ამოუწურავი თემაა, დიდ ცოდნას მოითხოვს. ტუბერკულოზით დაავადებული ერთი ბიჭი მოვიდა და მადლობა გვითხრა, გამოვჯანმრთელდიო - ეს კიდევ სულ სხვა ბედნიერება და სიხარულია, როდესაც ადამიანს შველი. კურნავ... როგორც კი თავისუფალ დროს გამოვნახავ, ვჯირითობ - ეს ჩემთვის ნარკოტიკივითაა, ძალიან მიყვარს ცხენები. ჩემს ცხენს მთისო ჰქვია. მთისას "მერსედესს" ეძახიან ხოლმე.

 

- როგორი მხედარი ხარ?

 

- როგორც მეუბნებიან, ძალიან კარგი მხედარი ვარ, ერთ-ერთი გამორჩეული ქალ მხედრებს შორის. გარდა ამისა, ვარ ჩოხოსანთა საზოგადოების ბანოვანი წევრი...

 

- როგორ მიიღეს შვილებმა შენი ეს გადაწყვეტილება, არ გაუკვირდათ? ან არ გიჭირს მათგან მოშორებით ყოფნა?

 

- საერთოდ არ გაჰკვირვებიათ, მით უმეტეს, უფროსს. მარიამი ხშირად ჩამოდის ჩემთან და კარგადაც ერთობა აქ. იმ ასაკშია, რომ მემეგობრება უკვე. გადაწყვეტილებებში მხარს მიჭერს, ჩემი ესმის. უხარია, ბედნიერს რომ მხედავს. ნებისმიერ დროს, როდესაც ძალიან მომენატრებიან ხოლმე ბავშვები, ჩამოვდივარ მათ სანახავად.

 

- ყველაზე დიდი სირთულე, რაც მანდ ყოფნას ახლავს, რა არის?

 

- ეს ადგილი საკურორტო ზონაა და ბევრი ტურისტი ჩამოდის, რაც, რა თქმა უნდა, კარგია, მაგრამ კეთილი ინებონ და პატივით მოექცნენ ჩვენს ქვეყანასა და აქაურ ადათ-წესებს. სალოცავებს რომ შეგილახავენ, ამას როგორ შევეგუოთ? მესმის, სტუმარს არ აქვს ბევრი ინფორმაცია ადგილობრივების წეს-ჩვეულებებისა და ტრადიციების შესახებ, მაგრამ რას აკეთებენ გიდები? პრეტენზია სწორედ გიდებთან მაქვს. ჩემი ხატის ტყეში რომ მიგყავს ტურისტი და ხატის კართან სექსით რომ არის დაკავებული, ეს სიკვდილის ტოლფასია ჩვენთვის. მთის სალოცავის კართან ქალებიც კი ვერ მივდივართ... ტრასის პირას ზამთარში, თოვლში ტიტვლები დარბიან უკრაინელი ტურისტები, დედიშობილები. რომ ჰკითხო, კაჟდებიან თურმე... თუ არ გჯერათ, სხვებსაც დაეკითხეთ. კიდევ იცით, რაზე მწყდება გული? როდესაც უცხოელები ჩემი საცხოვრებელი სახლის წინ ნაგავს მიყრიან. დავიჯერო, თავის ქვეყანაშიც ასე იქცევიან? რამეს ვიტყვი და სტუმარს ასე უნდა ელაპარაკოო? - მეუბნებიან. კი, მაგრამ მასპინძელს ნაგავი უნდა დაუყარო? რა ვქნა, ძალიან ვბრაზობ, როდესაც შეუსაბამოდ, შეურაცხმყოფელად იქცევიან. ბოლო დროს მომხდარმა ინციდენტმაც გული მატკინა, პილოტების ამბავს ვგულისხმობ: აქ მუშაობენ უკრაინელი და რუსი პილოტები, რომლებსაც იჯარით აქვთ მიწა აღებული და საკუთრებად თვლიან. იქ, რა თქმა უნდა, ჩვენებს არ უშვებენ. ერთ ჩვენს პილოტს ავარიულად დაშვება მოუხდა, ტურბულაცია იყო და დროზე ადრე უნდა დამჯდარიყო, თანაც უახლოეს ადგილზე. მათ ტერიტორიაზე დაჯდომა უწევდა, რაც უკმაყოფილების მიზეზი გახდა და ჩვენი პილოტის კლდეზე გადაჩეხა სცადეს... მთის მთავარი კანონია, ღირსების შენარჩუნება სიცოცხლის ფასად, თავისუფლებისა და საკუთარი მიწა-წყლის დაცვა!

 

- მზე მართლა სხვანაირად ამოდის მანდ?

 

- მზე, იცით, როგორ ამოდის? აი, გულში რაღაც სიხარულს რომ გრძნობ, ეს სიხარული თანდათანობით რომ იმატებს და ბევრდება, აი, ასე. ზუსტად ასეთი შეგრძნება მაქვს, როდესაც მინდორში ვზივარ და ვხედავ, მთიდან როგორ იწვერება მზე.

 

- თუ გიფიქრია, რომ ოდესმე უკან, ქალაქში დაბრუნება მოგიწევს?

 

- არ მინდა მაგაზე ფიქრი, ცუდ ხასიათზე ვდგები მერე. ქალაქში ცხოვრებაზე ფიქრიც არ მინდა...

 

- ლექსებსაც წერ თურმე. შენთვის საყვარელი ლექსი წაგვიკითხე...

 

- "მე შენი თბილი მიწის და წყლის ერთი პეშვი ვარ/ და კავკასიის ნისლთა ჩრდილი, შენს მთათ ნაფენი./ მე გმირ მეფეთა ერთი წვეთი წმინდა სისხლი ვარ,/ ბრძოლის ველებზე მეომრების გულ-მკერდს ნადენი.../ მე შენი თოფის მხოლოდ ერთი ცხელი ტყვია ვარ,/ შენზედ მოსული მტარვალი მტრის გულზედ ნაცემი,/ შენი დარდი ვარ, შენი სევდა და დედის ცრემლი/ და დედოფალთა სხეული ვარ შენთვის ნაგვემი.../ იალბუზი ვარ, ამაყი და ზეცას აწვდილი,/ დიად მეფეთა და დიდ გმირთა ძვალთა ალაგი,/ მე ის ხმალი ვარ და ის ფარი, შენთვის ნაბრძოლი,/ რამაც რომ ჟინი არ დაჰკარგა, ელავს აქამდის./ შენი მზერა ვარ, შენი სული, ალაზნის ტოტი,/ ჯაჭვის პერანგი, დავით მეფის სხეულს ნამოსი,/ წვიმა ვარ, მზე ვარ, მთებზე ნაქროლი შენი ქარი ვარ/ და გაზაფხულზე ღრუბელთა ჯარში მეხი ნასროლი..."

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი