logo_geo
რამაზ ხეცურიანი: ტვინს გააჩნია ისეთი შესაძლებლობები, რაც ევოლუციის შედეგი არ უნდა იყოს!
- +

25 ივლისი. 2018. 16:52

 

100 მილიარდი ნეირონიდან ერთმანეთს არცერთი არ ჰგავს. ისინი ერთმანეთთან კავშირებს დამოუკიდებლად ამყარებენ, ინფორმაციებს ცვლიან და თითქოს, ელაპარაკებიან კიდეც ერთმანეთს... გვჯერა, რომ ნებისმიერ გადაწყვეტილებას თავად ვიღებთ? სინამდვილეში, მოქმედების გადაწყვეტილებას ტვინი იღებს 0,3 წამით ადრე, ვიდრე ამის შესახებ ჩვენს ცნობიერს ატყობინებს. შეუძლებელია სწავლობდე ტვინის მუშაობას და არ ირწმუნო სამყაროს უზენაესი არქიტექტორის არსებობა - ამ სიტყვებით დაიწყო ჩვენთან საუბარი სამედიცინო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, ნორმალური ანატომიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა რამაზ ხეცურიანმა:

 

- უხსოვარი დროიდან მიაჩნდათ, რომ ტვინის იყო სისხლის გამაგრილებელი ორგანო. შემდეგ, ანატომიის მამამთავარმა ჰეროფილემ განაცხადა - სისხლის გაგრილებასთან ერთად, ტვინი მოძრაობის კოორდინაციაშიც გვეხმარებაო. ტვინის შესწავლისთვის უამრავი ნობელის პრემია გაიცა, მაგრამ მხოლოდ თანამედროვე ტექნიკურმა პროგრესმა მოგვცა საშუალება, ეს ორგანო სულ სხვა კუთხით დაგვენახა. მეცნიერები დღითიდღე რწმუნდებიან, რომ ტვინი ადამიანის ორგანიზმში თავად განაგებს ყველაფერს და 0,3 წამით ადრე ღებულობს გადაწყვეტილებას, ვიდრე ამ გადაწყვეტილების შესახებ ჩვენ გავიფიქრებთ. გამოდის, 0,3 წამით წარსულში ვცხოვრობთ და აწმყო გვგონია! ვინ ვართ ამ დროს ჩვენ? ჩვენ მხოლოდ ტვინის ბრძანებებს ვასრულებთ, ანუ, ადამიანის სხეული მის ხელში მხოლოდ მანიპულატორია და სინამდვილეში, ტვინი კი არ გვეკუთვნის ჩვენ, არამედ ჩვენ ვეკუთვნით ამ ორგანოს!

 

ადამიანის სხეულში ე.წ. ჰემატოენცეფალური ბარიერის მეშვეობით ტვინი აბსოლუტურად იზოლირებულია. უჟანგბადო გარემოში 3 წუთზე მეტს ვერ ძლებს. ტვინი ყველა ორგანოზე მეტ ჟანგბადს და ენერგიას მოიხმარს - ის ენერგოხაბია. ცნობილია, რომ საკვები პროდუქტების მიღების შემდეგ ორგანიზმში გამოთავისუფლებული ენერგიის 70 პროცენტი ისევ საკვების გადამუშავებაზე იხარჯება. დარჩენილი 30-დან ტვინის მუშაობას ხმარდება 25 პროცენტი! თანაც, ამ უზარმაზარ ენერგიას იგი გამოთავისუფლებისთანავე ითვისებს.

 

 

- ტვინის შემადგენლობა როგორია?

 

- გაგიკვირდებათ, მაგრამ ტვინის 85 პროცენტი ჩვეულებრივი წყალია! კონსისტენციით ტვინი ჟელეს ან კარგად შედედებულ კამეჩის მაწონს წააგავს, მაგრამ მაწონის ბელტი რომ მაგიდაზე დავდოთ, ის გვერდებში გაიშლება და დაიღვრება. ტვინი კი, ერთიანი კონსისტენციით წყალში (თავზურგტვინის სითხეში) ტივტივებს, ამის გამო მისი წონა თავის ქალაში - 50 გრამს არ აღემატება, თუმცა რეალურად 1300-1500 გრამს იწონის. მარტო თავის ტვინში 100 მილიარდი ნეირონია. მას გარდა, თეთრი ნივთიერების - გლიის უჯრედებიც არის, რომელიც რიცხოვნობით 7-ჯერ აღემატება ნეირონებს. ყოველი ნეირონი 5-დან 250 ათას სხვა ნეირონს უკავშირდება. თითოეული ნეირონისთვის არსებული კავშირებიდან ყოველ 1 საათში 2 კავშირი წყდება და სხვა 2 კავშირი მყარდება. ასეთი კავშირები ნეირონებს შორის მუდმივად იბმება და ჩნდება ქსელები, რომელსაც კოგნიტიური ველები ჰქვია. სწორედ ამ ველებში ინახება ყველა ინფორმაცია. პროფესორი ტატიანა ჩერნიგოვსკაია ამბობს, რომ ტვინის მუშაობა შეიძლება შეედაროს ჭიანჭველების ბუდეში არსებულ სიტუაციას, როდესაც თითოეულმა ჭიანჭველამ ზუსტად იცის თავისი დანიშნულება, სამუშაო ადგილი, ერთმანეთს შორის კავშირს იმგვარად ამყარებენ რომ ერთმანეთს ხელს არ უშლიან, ერთმანეთს არასოდეს ეჯახებიან, თითქოს რაღაც ზებუნებრივი აწესრიგებს მათ მოძრაობას.

 

- რა არის ტვინის ფუნქცია?

 

- მიიღოს და გადაამუშაოს ინფორმაცია, გასცეს გარემო პირობებთან ორგანიზმის შეგუების შესაბამისი ბრძანებები. ამასთან, ნერვული რეგულაციების საშუალებით ორგანოთა და უჯრედთა მუშაობა უზრუნველყოს. ტვინი ის ორგანოა, რომელშიც ყოველ 1 წუთში 25 გიგაბაიტი ინფორმაცია დაშიფრული სახით შედის. მთელი დღის განმავლობაში 1 ადამიანის თავის ტვინში შედის იმდენი ინფორმაცია, რაც დედამიწაზე ყველა ციფრული მოწყობილობის, ტელეფონის, სატელიტის, რადიომოწყობილობის მიერ გაცემულ ინფორმაციათა ჯამის ტოლია. აქედან გამომდინარე, ტვინის დამსახურებით, ადამიანი დედამიწაზე ერთადერთი არსება გახლავთ, რომელიც გარემო პირობებს კი არ ეგუება, არამედ თვითონ იგუებს, ირგებს საკუთარ თავზე იმგვარად, როგორც მას აწყობს. ხუთიოდე წლის წინ გაკეთდა აღმოჩენა, რის შესახებაც აქამდე კაცობრიობამ არ იცოდა - ტვინიდან თუ როგორ გამოდიოდა და რას გამოჰქონდა ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტები. ტვინს ხომ ლიმფური სისტემა არ გააჩნია, სამაგიეროდ აქვს საკუთარი საკანალიზაციო სისტემა, რომელსაც მეცნიერებმა "გლინფური" უწოდეს. ეს მეცნიერთა შორის ბოლო დროს ყველაზე საკამათო თემად იქცა.

 

- ტვინი როდის ითიშება?

 

- რაიმე ამომრთველი, რასაც ტვინის გათიშვა შეუძლია - არ არსებობს. შემონახულია მარქსის, ენგელსის, ლენინის, აინშტაინის ტვინები. მოსკოვში არსებობს ბეხტერევის მიერ დაარსებული ტვინის ინსტიტუტი, სადაც ტვინების მუზეუმია. იქ ინახება მოაზროვნეების და ცნობილი აკადემიკოსების ტვინები. ტვინის მდიდარი მუზეუმი გვაქვს თბილისშიც, პათოლოგიური ანატომიის კათედრაზე. ეს მუზეუმი აკადემიკოსმა თამარ დეკანოსიძემ შექმნა. ასეთივე მუზეუმი ჩვენს კათედრაზეც არის. მოკლედ, მეცნიერები 2 საუკუნის განმავლობაში ამაოდ ეძებდნენ ტვინში ადგილებს, თუ სად შეიძლებოდა ყოფილიყო ინფორმაცია შენახული. უკვე დადგენილია, რომ ტვინი გამუდმებით მუშაობს, ის არ ითიშება, მაგრამ "ზარმაცი" ორგანო გახლავთ. ეზარება ყველაზე შრომატევადი სამუშაო - ფიქრი - რა დროსაც აუარებელი ენერგია ეხარჯება. ამიტომ ტვინი ამ სამუშაოს შესრულებას ერიდება.

 

თავის ქალაში ჩვენ სამი ტვინი გაგვაჩნია, რომლებიც ერთმანეთში "მატრიოშკებივით" გახლავთ ჩალაგებული. ყველაზე შიდა არის არქეოპალიდუმი, ანუ, უძველესი ტვინი, რომელშიც თანდაყოლილი ინსტიქტებია თავმოყრილი, ისეთი, როგორიცაა კვების, გამრავლების, საჭმლის მონელების, ყნოსვის, სუნთქვის ცემინების, სისხლის მიმოქცევის ინსტინქტები. ტვინის შემდეგ შრეს პრიმატების ტვინს ეძახიან. მასში თავს იყრის ემოციები და პირობითი რეფლექსები. რაც შეეხება ქერქს - ის ყველაფერს განაგებს, მაგრამ ადამიანის საქმიანობის 80 პროცენტი ქერქის ჩარევის გარეშე ხორციელდება. მხოლოდ ემოციების 10 პროცენტი არ ექვემდებარება ქერქის ზეგავლენას და მათში იცით რომელი ემოციები შედის? - როცა უნდა ვიცინოდეთ, მაგრამ გვეტირება, ან სიხარულისგან ვტირით. თავად ქერქი ორგანიზმს უბიძგებს, ნაკლებად იმუშაოს და გადწყვეტილებებიც ნაკლებად მიიღოს, თუმცა ამ გადაწყვეტილებებს ყოველთვის თავად იღებს, როგორც მოგახსენეთ, 0,3 წამით ადრე.

 

- თუ ტვინი მუდმივად მუშაობს, მაშ, რა მოსდის მოკრივეს, როცა ნოკაუტში ვარდება?

 

- ტვინსა და თავის ქალის შიდა კედელს შორის არის სიცარიელე. ტვინი ხომ გამუდმებით მოძრაობს, მაგრამ დარტყმის შედეგად ის და ტვინის ქალა სხვაგვარად აჩქარდება. როგორც კი მოკრივეს მუშტი მოხვდება და მისი ტვინი ქალაში ინერციით მკვეთრად წინ წაიწევს, დაცვითი რეფლექსის შედეგად ის დროებით ითიშება. შედარებისთვის მოვიყვანოთ კოდალა, რომელიც მუდმივად უკაკუნებს ხეს, მაგრამ ტვინი არ ეთიშება, ვინაიდან ღმერთმა მის ტვინსა და ქალას კედელს შორის ჟელესებური ნივთიერება ჩაალაგა, რაც ამორტიზატორის ფუნქციას ასრულებს. ადამიანებს ასეთი ამორტიზატორი არ მოგვცა, სამაგიეროდ, გვიწყალობა გონება, რომელიც გვეუბნება, რომ კედელზე თავის მირტყმა ან კრივის მსგავსი სპორტით დაკავება რეკომენდებული არ არის... ვინც ამას არ ითვალისწინებს, კასიუს კლეის მსგავსად, პარკინსონით ავადმყოფობა ემუქრება.

 

- ღმერთი ფიგურალურად ახსენეთ? პირდაპირ მინდა გკითხოთ - ასეთი რთული და ზედმიწევნით მოწესრიგებული ორგანო, როგორიც ტვინია - სამყაროს დიდი არქიტექტორის ჩარევის გარეშე შეიძლებოდა შექმნილიყო?

 

- ნეირომორფოლოგთა და ნეიროფიზიოლოგთა 40 პროცენტი (ადრე მათი რაოდენობა 60 პროცენტი გახლდათ) ტვინს კომპიუტერს ადარებს, რომელსაც გააჩნია ინფორმაციის საცავი - მყარი დისკი. მაგრამ ადამიანის ტვინში ბევრად უფრო რთული მოვლენები ხდება, მაგალითად, "დეჟა ვიუს" შეგრძნება, როცა ის თვლის, რომ ადრეც უნახავს მოვლენა. სინამდვილეში ეს ილუზია ტვინის კეროვანი იმპულსების შედეგია, რასაც განაგებს უნიკალური ორგანო - ჯალღუზისებური სხეული. მას მეორენაირად "შივას თვალსაც" ეძახიან. ის ასევე განაგებს ინტუიციას და ტელეპატიის უნარს, ჩვენს შინაგან ბუნებრივ საათს, დაძინების და გაღვიძების პროცესებს. მარტივად რომ აგიხსნათ, ანესთეზიოლოგის შრომას უნდა შევეხოთ, რომელიც, ძილის მდგომარეობაში გადასაყვანად პაციენტს 2-3 უძლიერეს ჰორმონს უკეთებს, ხოლო გამოსაფხიზლებლად 2-ჯერ მეტს და უფრო ძლიერ ჰორმონებს აწვდის. აი, ამ პროცესს განაგებს სულ რაღაც 5 გრამი წონის მქონე ჯალღუზისებური სხეული, მან თავად იცის, რომელი ჰორმონი გამოიმუშავოს და მიაწოდოს ორგანიზმს. ჯალღუზისებური სხეული მამაკაკაცებთან შედარებით ქალებს უფრო დიდი ზომის აქვთ, შესაბამისად, ინტუიციის გრძნობაც მეტად აქვთ განვითარებული. ჯალღუზისებური სხეული მეხსიერების მართვაზეც მოქმედებს. ქალები უარყოფით ემოციებს უფრო დიდხანს ინახავენ, წყენას არ ივიწყებენ, რაც მათი ჯალღუზისებური სხეულის დამსახურებაა. ამავე ორგანოს უკავშირდება ისეთი ფენომენი, როგორიც გახლავთ ტელეპატია. მეცნიერთა სხვა 40 პროცენტს მიაჩნია, რომ ტვინის წარმოქმნაში მართლაც ჩარეულია გარეშე ძალა. დღევანდელი მონაცემებით, ტვინს გააჩნია ისეთი შესაძლებლობები, რაც ევოლუციის შედეგი არ უნდა იყოს. ყველაზე მაღალგანვითარებულ არსებებს - ადამიანებს - დედამიწაზე ყველა ჩვენს ქვემოთ მდგარი არსება გვჯობნის მხედველობით, ყნოსვით და კოორდინაციის უნარით. ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელმაც შეიძლება სიარულისას ფეხი თავისივე ფეხს წამოკრას და დაეცეს. უფრო მეტიც - არც ერთი ცხოველი დაცემისას კიდურს არ იტეხს, ადამიანისთვის კი ნებისმიერი დაცემა შეიძლება მოტეხილობით დასრულდეს.

 

- რატომ? სხვაზე სუსტი ძვალი გვაქვს?

 

- არა. საქმე იმაშია, რომ ადამიანი ერთადერთი არსებაა, რომელიც უწონადობის პირობებში თავს გაცილებით უკეთესად გრძნობს, ვიდრე დედამიწის გრავიტაციის პირობებში. ამიტომ, არსებობს ვარაუდი, რომ ადამიანი დედამიწაზე სხვა სივრციდან არის შემოსული. ადამიანის ტვინი ყველაზე განვითარებული გვგონია, მაგრამ დელფინს არანაკლებ აქვს მორგებული თავისი სამყარო და ემოციებიც საკმარისად გააჩნია - მღერის, ცეკვავს, კოლექტივთან ერთად ცხოვრობს და ნადირობს, მტერი არ ჰყავს - რადგან ყველაზე ჭკვიანია. ალბათ, დაახლოებით 2050 წლამდე პასუხი ვერ გაცემა კითხვას, თუ ვინ შექმნა ან შემოიყვანა დედამიწაზე ადამიანი. პირადად მე მწამს ღმერთის არსებობის და ვარ აღმსარებელი ქრისტიანი. სექტემბრისთვის სასულიერო აკადემიაში მიმიწვიეს მატერიისა და სულის ერთმანეთთან დამოკიდებულების თემაზე ლექციების წასაკითხად. რწმენა ხომ ტვინის პროდუქტია... საინტერესოა, როგორ შეიქმნა ტვინის ეს პროდუქტი და როგორ მოქმედებს ლოცვა პიროვნებაზე.

 

- ზეადამიანურ შესაძლებლობებს როგორ ახსნით?

 

- როცა გვგონია, რომ მუსიკის მოსმენის დროს ვისვენებთ, სინამდვილეში ტვინი ამ დროს ყველაზე რთულ სამუშაოს ასრულებს - ყველა ბგერას სხვადასხვა ადგილზე ალაგებს, შემდეგ კოგნიტურ ველებში ინახავს. მაგრამ ტვინს გააჩნია შემაჩერებელი ბარიერი, რომელიც პროცესების სიღრმისეულად განვითარებას აფერხებს. ზეადამიანური თვისებები კი, მხოლოდ მაშინ ვლინდება, როცა ეს შემაკავებელი აპარატი ნაწილობრივ, მწყობრიდან გამოდის. გენიოსად და სავანტად (ვუნდერკინდებად) სწორედ მაშინ ყალიბდებიან! არიან პიროვნებები, რომლებიც ზუსტად პასუხობენ, ვთქვათ მე-12 საუკუნეში ამა და ამ წლის იანვრის მესამე დღე კვირის რა დღე იყო, მაგრამ შეიძლება ამის პარალელურად ელემენტარული ფუნქცია ვერ შეასრულონ. ვუნდერკინდებს და სამანტებს საინტერესო ნიუანსი აერთიანებთ - ისინი ემოციებისგან არიან გაწმენდილები. აი, ფეხბურთელ მესის თამაშის დროს ვერ შეატყობთ ვერც სიხარულს და ვერც შეშფოთებას, მაშინაც კი, როცა მისი თამაშით აღფრთოვანებული სტადიონი გუგუნებს. შეიძლება აუტიზმამდეც იყოს მისული ასეთი ადამიანის უემოციობა. კიდევ ერთ მაგალითს გეტყვით: მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 14 წლის ნატაშამ დაამთავრა. კითხვაზე, თუ რას აპირებს მომავალში - ნატაშამ უპასუხა, რომ თავად არაფერს არ ფიქრობს, მაგრამ ელოდება დედ-მამის გადაწყვეტილებას, ტოლი გამოუნახონ და დააქორწინონ... ანუ, ამხელა შესაძლებლობების მიუხედავად, მას არ გააჩნია სიყვარულის ემოციის შეგრძნება.

 

- როგორ ხდება, რომ ადამიანები მოულოდნელად მათთვის უცხო ენებზე იწყებენ ლაპარაკს?

 

- ამ შემთხვევაში, კლასიკურია ვილი მელნიკოვის მაგალითი. ის რუსეთში ცხოვრობს. ავღანეთის ომში მარცხენა ჰემისფეროზე, სადაც ბროკას ველია - ტრავმა მიიღო. ბროკას ველი ტვინში მეტყველებასა და დამწერლობაზეა პასუხისმგებელი. მელნიკოვი 5 დღე კომაში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, ტრავმის შედეგად მას ტვინის შემაკავებელი ბარიერი დაუზიანდა. შემდეგ განიკურნა და მოულოდნელად, 140 ენაზე, მათ შორის, მკვდარ ენებზე ალაპარაკდა. თავისუფლად კითხულობს ლურსმულ წარწერებს, თარგმნის და მათ შინაარსს გადმოსცემს. ეს კიდევ არაფერი - მოგიყვებათ სხვადასხვა ენაზე შექმნილ ლიტერატურულ ნაწარმოებთა შინაარსს, რომელიც არასოდეს წაუკითხავს.

 

- თავად როგორ ხსნის საკუთარ შესაძლებლობას?

 

- ამბობს, რომ თავს აღიქვამს როგორც მიმღებ ანტენას, რომელიც უსასრულო სამყაროდან იღებს ისეთ ინფორმაციას, რის შესახებაც აქამდე არასოდეს სმენოდა. დასძენს, რომ მხოლოდ ახმოვანებს, რასაც გარედან აწვდიან. ამის შემყურე, მეცნიერთა ნაწილი ამტკიცებს, რომ დედამიწის გარშემო ატმოსფეროს ზემოთ არსებულ ნოოსფეროსა და დედამიწის ქერქს შორის პოტენციალთა შორის ისეთი მერყეობა არსებობს (7-8 გერცი), რაც ადამიანის ტვინში მიმდინარე პროცესის ანალოგიურია, ხოლო ინფორმაციები, რომელიც ტვინში მოგვდის, შავ ხვრელშია შენახული და სამყაროს სიღრმიდან პერიოდულად გვაწვდიან... სხვა ფენომენიც არსებობს: 50-იან წლებში ცხოვრობდა სოლომონ შერისევსკი, რომელსაც არაფრის დავიწყება არ შეეძლო და ამით ძალიან იტანჯებოდა. ჩვენ ამას პათოლოგიურ მეხსიერებას ვეძახით. რომ არა დავიწყების ფუნქცია - ტვინი მუშაობას ვერ შეძლებდა.

 

- ამბობენ, ტვინის რესურსი უკიდეგანოაო...

 

- ადამიანის ტვინმა მთელი დატვირთვით დროის 4%-ით რომ იმუშაოს სუნთქვის შედეგად მიღებული ჟანგბადის მარაგი არ ეყოფოდა! ამიტომ, სამუშაოთა 85 პროცენტის შესახებ, რასაც ტვინი ასრულებს - ჩვენ საერთოდ ვერაფერს ვგებულობთ. ის არა მხოლოდ თავისით აკეთებს ყველაფერს, ჩვენ გვატყუებს,თითქოს მან კი არა, სამუშაო ჩვენ შევასრულეთ! თუ რაიმე სამუშაო არ გამოუვიდა, ჩვენ გვიკვირს - ნუთუ, ეს მე დამემართა? ანუ, ტვინი მის მიერ ვერ შესრულებული სამუშაოს გამო ჩვენ დაგვცინის. ტვინი კარგად შესრულებულ სამუშაოსაც ჩვენს დამსახურებად წარმოაჩენს, ჯილდოდ დოფამინის გარკვეულ რაოდენობას გვაძლევს და ნირვანაში გვამყოფებს!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი