logo_geo
მამუკა არეშიძე: მაქსიმ შევჩენკომ გაახმაურა, რომ გიგა ბოკერია და არკადი დვორკოვიჩი ომის შემდეგ ერთმანეთს ხვდებოდნენ
- +

13 აგვისტო. 2018. 12:10

 

ამ საარჩევნო მარათონზე ყველაზე უჩვეულო ის კი არ არის, პირველად მმართველი ძალა საპრეზიდენტო კანდიდატურას რომ არ აყენებს, არამედ, ის, რომ რუსეთისადმი ყველაზე რადიკალურად განწყობილი ოპოზიციური ძალა გრიგოლ ვაშაძის კანდიდატურაზე აეწყო და მის გასაპრეზიდენტებლად იბრძოლებს. საქმე ვაშაძის რუსულ წარსულშიც არ არის - თუმცა, სწორედ ნაციონალებისთვის არის დამახასიათებელი Кра́сная пло́щадь-ზე გამვლელიც კი მაშინვე პრორუსულ განწყობებში „ამხილოს“, პრობლემა არც მის განათლებასა თუ საბჭოთა კავშირის დროს, საბჭოთა საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობა გახლავთ - ბოლო-ბოლო სხვა ალტერნატივა მაშინ არც არსებობდა. მაგრამ გაუგებარია, აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, შემდეგ კი, უკვე მინისტრმა, რატომ არ დატოვა რუსეთის მოქალაქეობა. და არ დატოვა მანამ, სანამ დუმაში არ გაიჟღერა მოწოდებებმა მისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ. ისე ჩანს, თითქოს 2009 წელს ვაშაძე უბრალოდ იძულებული გახდა რუსეთის მოქალაქეობაზე უარი ეთქვა. მანამდე, ომიდან სამ თვეში კი რუსეთის კულტურის მინისტრს წერილი გაუგზავნა და მოსკოვში მოცეკვავეებისა და მომღერლების გასტროლები ითხოვა.

 

სხვა ვის გაუგებდნენ ნაციონალები „ღალატებისა“ და „აგენტობების“ [სწორედ ასეთ შეფასებებს მისცემდნენ თავად] ასეთ შემთხვევებს? გრიგოლ ვაშაძეს გაუგეს.

 

საინტერესოა, რომ „რადიო თავისუფლებისთვის“ 2011 წელს მიცემული ინტერვიუ მას სწორედ ევროპელებმა გაუხსენეს, სადაც ის რუსეთის პასპორტზე საუბრობს. 

 

„გრიგოლ ვაშაძე: რუსეთი - არის ჩემი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი, არ აქვს მნიშვნელობა, მე ჯიბეში რუსეთის პასპორტი მედება თუ არა. და მე დარწმუნებული ვარ, რომ ოდესმე, უკვე როგორც მარტო საქართველოს მოქალაქე, აუცილებლად ჩავალ მოსკოვში. და დავთმე იმიტომ, რომ მე მოვითმენდი ყველაფერს, გარდა იმისა, რომ მოლაპარაკე თავები სახელმწიფო დუმაში დაიწყებდნენ ჩემთვის ჩემი პასპორტის წართმევის მოთხოვნას.

 

რადიო თავისუფლება: ანუ პროვოცირება მოხდა იმით, რომ დუმაში დაიწყო ამაზე ლაპარაკი?

 

გრიგოლ ვაშაძე: აბსოლუტურად.

 

რადიო თავისუფლება: თორემ დღემდე შეიძლებოდა გქონოდათ რუსეთის პასპორტი?

 

გრიგოლ ვაშაძე: აბსოლუტურად. დღემდე მექნებოდა პასპორტი და, სიმართლე გითხრათ, არავისი აზრი არ მაინტერესებს ამ საკითხთან მიმართებაში. საერთოდ, რაც შეეხება ჩემს პირად ცხოვრებას, არავისი აზრი არ მაინტერესებს.“

 

ევროპელებმა, წინა პოლიტიკურ ცხოვრებაში ნაციონალები, მაშინ ამ ინტერვიუს დუმილის უფლებით უპასუხეს. ეს ის შემთხვევაა, როცა „ჩვენები ჩვენებს ურტყამენ და არ იცი, სად დგანან ჩვენები რომ მათ გვერდით დადგე...“ ამიტომაც, ახლა ბევრი უყურებს „ჩვენები როგორ ურტყავენ ჩვენებს“ და ვერაფერს ხვდებიან.  მაგრამ ეს სულ სხვა ისტორიაა.

 

თემას რომ მივუბრუნდეთ, საინტერესოა, რამდენად ახერხებს რუსეთი ამ არჩევნებში საკუთარი პირობების კარნახს ან რამდენად შეძლებს ის, საკუთარი ვერა, მაგრამ მისთვის მისაღები ფიგურისთვის რინგზე ხელის შეშველებას.

 

- ბატონო მამუკა, რუსეთი შევარდნაძეს თხოვდა გარკვეულ პოსტებზე მისთვის მისაღები ფიგურების დანიშვნას, რუსეთის მოქალაქე ჰყავდა მინისტრად სააკაშვილსაც, გრიგოლ ვაშაძის სახით, ახლა რა ხდება, რამდენად შეიძლება რუსეთი საპრეზიდენტო არჩევნებში იყოს ჩართული?

 

- მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რაც ვიცი. ვიცი რომ შევარდნაძეს თავის დროზე მოსკოვმა იგორ გიორგაძისა და ვარდიკო ნადიბაიძის გამინისტრება მოთხოვა. პირველი უშიშროების მინისტრის პოსტს იკავებდა, მეორე - თავდაცვის მინისტრის.

 

- რაც შეეხება ხაბურძანიას? სააკაშვილმა რამდენჯერმე თქვა, როგორ ურჩია ვარდების რევოლუციის შემდეგ პუტინმა მას უშიშროების მინისტრად ვალერი ხაბურძანიას დატოვება...

 

- მხოლოდ ის ვიცი, რომ ხაბურძანიას ერთ-ერთი მოადგილე კოტეტიშვილი ძალიან ახლოს იყო რუსეთის მაშინდელ უშიშროების მინისტრთან. ვალერი რა კავშირში იყო, და იყო თუ არა რუსეთის მიერ ხელდასხმული, არ ვიცი. ვიცი, რომ კოტეტიშვილის შვილის ნათლობაზე უშიშროების მინისტრიც იყო ჩამოსული - მან მონათლა ბავშვი და იქ ვალერი ხაბურძანიაც იყო. სხვა არ ვიცი.

 

ასევე მახსოვს, რამდენად მწვავე რეაქცია ჰქონდა რუსეთს უშიშროების მინისტრად თევზაძის დანიშვნაზე. მაშინ დეპუტატი ვიყავი და მახსოვს ეს მოვლენები - რუსეთი ცდილობდა თავის მოადგილედ გაეყვანა ვიღაც მაინც, მაგრამ ვერ მოახერხა. რეზო ადამიამ თევზაძის კანდიდატურა სულ კბილებით გაიყვანა.

 

რაც შეეხება გრიგოლ ვაშაძეს, ვფიქრობ, ის სააკაშვილმა მხოლოდ ნინო ანანიაშვილის მიმართ მისი პირადი განწყობის გამო დანიშნა. ვაშაძე არაფერს მნიშვნელოვანს არ წყვეტდა. თავიდან ეკა ტყეშელაშვილის მოადგილე იყო, ისევე როგორც გიგა ბოკერიაც. ვაშაძე თავად ამბობს, რომ რუსეთთან კარგი ურთიერთობები ჰქონდა.

 

გასახსენებელია... ის იყო ერთი ცნობილი კაცის სიძე. ეს კაცი რუსეთის ფინანსთა მინისტრი გახლდათ, ახლა მისი გვარი არ მახსოვს. როგორც კი ის კაცი გადააყენეს, მაშინვე დაშორდა მის ქალიშვილსაც...

 

- ეს სიმართლეა?

 

- ასე ყვებიან მოსკოვში. იქ ბევრი ქართველია და მათგან ასე ვიცი. ეს იყო 1987-88 წლებში. ვაშაძეს მოსკოვში აქვს დიპლომატიური კავშირები, თუმცა, როგორც ქართველებისგან ვიცი, ეს დიპლომატები მას დიდად არ აფასებენ. ასე რომ, როგორც გითხარით, აქ მთავარი როლი სააკაშვილის ანანიაშვილის მიმართ პირადმა განწყობამ ითამაშა.

 

საინტერესოა, რომ თუ არ ვცდები, დღემდე ნინო ანანიაშვილი ბიძინა ივანიშვილისგან იღებს თანხას. 2012 წელს კი, როცა სააკაშვილმა ივანიშვილის ანგარიშების დაყადაღება დაიწყო და საზოგადოებამ გადაწყვიტა მისთვის ფულის შეგროვება, სპეციალურად გახსნილ ანგარიშზე ანანიაშვილის მამამაც შეიტანა ფული, თუ არ ვცდები 500 ან 1000 დოლარი. მაშინ ანანიაშვილმა თქვა: ბიძინა წლებია მეხმარება და მე არა მაქვს უფლება ახლა არ დავეხმაროო. დიახ, ეს მისი ფული იყო, მამამისმა, ვახტანგ ანანიაშვილმა, შეიტანა.

 

საინტერესოა, რომ ომის შემდეგ, მედვედევთან შეხვედრაზე მიშამ სწორედ გრიგოლ ვაშაძე წაიყვანა და არა ეკა ტყეშელაშვილი, თუმცა, მაშინ, ისიც მოსკოვში იმყოფებოდა. როგორც ჩანს, მიშას მოტივი სწორედ ვაშაძის რუსული კავშირები იყო.

 

სხვათა შორის, რამდენიმე ხნის უკან მაქსიმ შევჩენკომ გაახმაურა და თქვა, რომ გიგა ბოკერია და არკადი დვორკოვიჩი ომის შემდეგ ერთმანეთს ხვდებოდნენო. დვორკოვიჩი ცნობილი მოჭადრაკის შვილია, მას კარგად იცნობდა ნანა ალექსანდრია. [დვორკოვიჩი მედვედევის მრჩეველი გახლდათ]. ეს შევჩენკომ თქვა. ამით სულაც არ მინდა იმაზე მინიშნებაც კი, რომ ვიღაც მოღალატეა...

 

რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, სიმართლე გითხრათ, ერთადერთი, რაც ვიცი, ცხინვალის მიმდებარე ტერიტორიის მცხოვრებლებისგან შემდეგია: ძალიან დაბალ დონეზე ვიღაცეები აგროვებდნენ ინფორმაციებს იმის შესახებ, თუ ვინ შეიძლება საპრეზიდენტო კანდიდატები ყოფილიყვნენ, მათ შორის, რამდენად იყო შანსი პრორუსული კანდიდატის გაყვანის, ნინო ბურჯანაძეზე არ იყო საუბარი, აინტერესებდათ, სხვა, ვინმე ახალი. ეს ივნისში მოხდა, და ისინი, ვინც ასეთ ინფორმაციებს აგროვებდნენ, მას მერე აღარ გამოჩენილან. 

 

- საერთოდ, რამდენად მნიშვნელოვანია აფხაზეთისთვის და ცხინვალისთვის, ამ არჩევნებში პრორუსმა ფიგურამ გაიმარჯვოს?

 

- ვინც, აფხაზეთის პოლიტიკაში ტრიალებს, მათ მიაჩნიათ, რომ ეს იქნება მათთვის ძალიან ცუდი, რადგანაც, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, მოსკოვმა მათ მიმართ დამოკიდებულებებს გადახედოს, დამოუკიდებლობასაც კი...

 

- ეს ხომ სისულელეა...

 

- რა თქმა, უნდა დიდი სისულელეა, თუმცა, მათი 2-3 % სწორედ ასე ფიქრობს.

 

- რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, თქვენ ის არ მიგაჩნიათ პრორუსულ ფიგურად...

 

- იმდენი ხანია პოლიტიკაში ვარ, რომ უკვე ამ ტერმინებს: „პრორუსი“, „პროდასავლური“ ასე იოლად აღარ ვისვრი. მე კარგად მახსოვს სალომე ზურაბიშვილი როგორი შემტევი და პრინციპული იყო სამხედრო ბაზების გაყვანის დროს დისკუსიებში. კი, შეთანხმება უფრო ადრე, 1999 წელს სტამბოლში გაფორმდა და ბაზების გაყვანის გრაფიკიც მაშინ შედგა, თუმცა, ეს პროცესი მარტივი არ ყოფილა. განსაკუთრებით, როცა საქმე ბათუმისა და ახალქალაქის ბაზებს შეეხო, აი, გუდაუთის ბაზა საერთოდ არ გაიყვანეს. მაშინ ლავროვმაც მაღალი შეფასება მისცა სალომეს და თქვა: ის მაღალი დონის დიპლომატიაო, და სალომემაც იგივე თქვა ლავროვზე.

 

სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფიაც კარგად ვიცი. სხვათა შორის, მე ვცხოვრობ ბინაში, რომელიც სომეხმა ვაჭარმა ააშენა1094 წელს, შემდეგ იქ 1921 წლამდე სალომეს ბაბუა ცხოვრობდა, 1946 წელს კი ჩემები შესახლდნენ. როცა სალომე თბილისში პირველად ჩამოვიდა ელჩის სტატუსით, ის და დედამისი მოვიდნენ სახლის სანახავად. ვიცი მათი ბიოგრაფიაც, ის და მისი ძმა იზრდებოდნენ ბოლშევიკებისადმი შეუნიღბავი ზიზღითა და რუსეთისადმი ანტაგონისტური განწყობით. ასე რომ, პრორუსი ის ვერაფრით ვერ იქნება. შეიძლება მას ბევრი ცუდი თვისება აქვს, რამაც შეიძლება კარიერაში ხელი შეუშალოს, თუმცა, ფრანგებმა აიტანეს მისი ხასიათი და ის ძალიან მნიშვნელოვან დავალებებს ასრულებდა, იგივე აფრიკაში...

 

- თქვენ გამორიცხავთ ახალი ფიგურების გამოჩენას რინგზე?

 

- არა, არ გამოვრიცხავ. დარეგისტრირების ვადა 8 სექტემბერს იწურება. ასე რომ, კიდევ შეიძლება გამოჩნდეს ვინმე, თუნდაც, საზოგადოებრივი ფიგურა. 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი