logo_geo
მანანა კობახიძე: საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე მეტად საპატიო პოზიცია რა უნდა იყოს?!
- +

9 იანვარი. 2017. 12:56


 



საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი მანანა კობახიძე შესაძლოა პოლიტიკიდან წავიდეს. ამ შესაძლებლობას "პრაიმტაიმთან" ინტერვიუში თავად მანანა კობახიძე არ გამორიცხავს და ამბობს, რომ დღევანდელ ვითარებაში შესაძლოა ჰქონდეს სურვილი, რომ სამართლის სფეროს დაუბრუნდეს. გთავაზობთ ამონარიდს მანანა კობახიძის ინტერვიუდან.


- რამდენად რეალურია ხმები იმის შესახებ, რომ მალე აქტიურ პოლიტიკას დატოვებთ და პარლამენტის კვოტით საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ დაინიშნებით?


- რადგან მკითხე, გეტყვი, რომ მოსამართლის კანდიდატურასთან დაკავშირებით ჯერ ნამდვილად არაფერი არ არის გადაწყვეტილი, ამ ეტაპზე საკონსტიტუციო სასამართლოში რა ვაკანსიაც არის, ეს კვოტა უნდა შეავსოს პარლამენტმა. ამიტომ უნდა დაველოდოთ, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საკანონმდებლო ორგანო. უხერხულიცაა საკუთარ თავზე საუბარი. მე, როგორც იურისტი, მთელი არაპოლიტიკური საქმიანობის განმავლობაში აქტიურად ვიყავი ჩართული ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ახლო შეხება მქონდა კონსტიტუციურ სამართალთან, გახლდით არაერთი კონსტიტუციური სარჩელის ავტორი. სწორედ საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულებით დავიწყე ჩემი იურიდიული პრაქტიკა „კონსტიტუციის 42-ე მუხლში". ყოველივე ამის გათვალისწინებით, ჩემთვის, როგორც იურისტისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეზე მეტად საპატიო და საპასუხისმგებლო პოზიცია რა უნდა იყოს?! თუმცა ეს მხოლოდ ჩემი მოსაზრებაა და სხვა არაფერი, დანარჩენი პარლამენტის გადასაწყვეტია.


- ფიქრობთ, რომ პოლიტიკაში საკუთარი თავი ამოწურეთ?


- ჩემი პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი გახდა ის მძიმე ვითარება, რომელიც მაშინ ქვეყანაში სუფევდა. ყოველი ფეხის ნაბიჯზე უხეშად ირღვეოდა ადამიანის უფლებები. პოლიტიკური ნების გარეშე ამ ქვეყანაში პრაქტიკულად შეუძლებელი ხდებოდა რაიმეს შეცვლა. დღეს ვითარება მნიშვნელოვნად არის შეცვლილი. ვფიქრობ, რომ ამ სიტუაციის შეცვლაში მცირე და მოკრძალებული წვლილი მეც შევიტანე. ძალიან დიდი გარღვევაა სასჯელაღსრულების სისტემაში, სასამართლოში და ზოგადად, ადამიანის უფლებების მხრივ. ცხადია, ასეთ ვითარებაში შეიძლება მქონდეს კიდეც სურვილი, რომ სამართლის სფეროს დავუბრუნდე. ამაში გასაკვირი არაფერია.


- თუმცა თქვენ გაქვთ პოლიტიკური ბეგრაუნდი და ამჟამადაც წარმოადგენთ მმართველ უმრავლესობას... თუკი თქვენი კანდიდატურა მართლაც იქნება წარდგენილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის ვაკანტურ თანამდებობაზე, რამდენად შეძლებთ, იყოთ ობიექტური და მიუკერძოებელი მსაჯული?


- კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ ეტაპზე გადაწყვეტილი არაფერია, მაგრამ ჰიპოტეტურად რომ ვიმსჯელოთ, რა თქმა უნდა, არსებობს გარკვეული პოლიტიკური შემადგენელი საკონსტიტუციო სასამართლოს ფორმირებისას. შეგიძლიათ, გადახედოთ სხვადასხვა საკონსტიტუციო სასამართლოს შემადგენლობას და დაკომპლექტების წესს. ცხადია, სასამართლოს ფორმირებაში მონაწილეობს ხელისუფლების სხვადასხვა შტო, რაც გარკვეულწილად პოლიტიკურ შემადგენელს ქმნის, მაგრამ აქ მთავარი სხვა რამაა: როდესაც ადამიანი იცვამს მანტიას, ვისი წარდგენილიც არ უნდა იყოს და რა პოლიტიკური სიმპათიებიც არ უნდა ჰქონდეს, ის იმ მომენტიდან ამ ყველაფერზე მაღლა უნდა დადგეს. პროფესიონალიზმიც სწორედ ის გახლავთ, რომ პოლიტიკური სიმპათიების მიუხედავად, მოსამართლემ ნებისმიერი შინაარსისა თუ სირთულის საქმესთან დაკავშირებით შეძლოს ობიექტურობისა და მიუკერძოებლობის სრულად დაცვა. მოსამართლე ვის მიერაც არ უნდა იყოს წარდგენილი, ის უნდა იყოს მორჩილი მხოლოდ და მხოლოდ კონსტიტუციისა და კანონის! ეს არის მთავარი და უზენაესი პრინციპი!


- როდის უნდა შეივსოს ეს ვაკანსია?


- სამწუხაროდ, ვადები დარღვეულია. რეალურად წინა მოწვევის პარლამენტს უნდა გადაეწყვიტა ეს საკითხი, თუმცა საარჩევნო პროცესმა საკითხი გააჭიანურა.


- აქტიური პოლიტიკიდან შესაძლო წასვლა ხომ არ უკავშირდება თქვენი და თქვენი ძმის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელიც უკვე კარგა ხანია აქტუალურია?


- კიდევ ვიმეორებ, რომ არაფერი არ არის გადაწყვეტილი, ჰიპოთეზის დონეზე თუ ვსაუბრობთ, თუ მოხდება გადაწყვეტილების მიღება, მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არანაირ კავშირში არ იქნება ამ მართლაც ბინძურ კამპანიასთან. ეს ნამდვილად იყო მიზანმიმართული პროცესი, თუმცა ამგვარი ტალახის სროლა ნამდვილად ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს ჩემზე. რაც შეეხება ჩემს ძმას, ის არის დამოუკიდებელი ადამიანი, თავისი დამოუკიდებელი პასუხისმგებლობებით. მის საქმიანობაში თუკი რაიმე გადაცდომა არსებობს, ამაზე რეაგირება ევალება საკრებულოს თუ შესაბამის ორგანოებს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ თედოს მიმართ, ისევე, როგორც ჩემს მიმართ, კარგა ხანია, მიმდინარეობს მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, რომელსაც ჰყავს კონკრეტული ავტორები და შემსრულებლები, თუ რაიმე გადაცდომაა, არავინ გაურბის პასუხისმგებლობას, თედო არის სრულწლოვანი ადამიანი და თავად უპასუხებს ყველა კითხვას, თუ რაიმე არსებობს მის მიმართ და მადლობა ღმერთს, 1937 წელი არ არის, რომ პასუხი მოვთხოვოთ ოჯახის წევრებს.




 

big_banner
არქივი