logo_geo
როგორ დაემშვიდობა ლევან დადუნაშვილი დედას და დეიდას – „ლევანის მამას სულ ჰქონდა შვილის დაკარგვის შიში“
- +

22 აგვისტო. 2018. 00:06

 

2017 წლის 1 დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედიის გამოძახილი საქართველოში დღემდე გრძელდება. მაშინ თანატოლებმა სადისტურად მოკლეს ორი მოსწავლე – ლევან დადუნაშვილი და დავით სარალიძე. ამ უკანასკნელის მამა, ზაზა სარალიძე, გამოძიებას და სასამართლოს საქმის გაყალბებაში ადანაშაულებს. მისი პროტესტი მასშტაბურ აქციებში გადაიზარდა და საქმე ქვეყნის ხელისუფლების გადადგომისა და სასამართლო სისტემის შეცვლის მოთხოვნამდე მივიდა.

***

ლევან დადუნაშვილი არ ყოფილა იმ კონფლიქტის მონაწილე, რომელიც 51-ე საჯარო სკოლაში დაიწყო და ტრაგიკულად დასრულდა. შემთხვევის ადგილზე უნებურად აღმოჩენილ უდანაშაულო და უკონფლიქტო ბიჭს დანა შიგ გულში ჩაარტყეს. მიყენებული ჭრილობა სასიკვდილო აღმოჩნდა და რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

ლევან დადუნაშვილის მკვლელობისთვის მოზარდი დააკავეს და 10 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდეს. ლევანის დედა, ნათია საყვარელიძე, ამბობს, რომ მისი შვილი მათ იმსხვერპლეს, რომლებმაც მანამდე დავით სარალიძეს ურტყეს დანა. სასამართლომ კი რატომღაც ლევანის მკვლელი დავით სარალიძის მკვლელად არ მიიჩნია.

ლევან დადუნაშვილი ვაკეში, კეკელიძის ქუჩაზე ცხოვრობდა. ოჯახში სამი ბიჭი იზრდებოდა – ლევანი, მისი ძმა გიორგი და დეიდაშვილი ირაკლი. ლევანი ყველაზე უფროსი იყო, ენერგიით სავსე, საუკეთესო მოსწავლე.

მისი დედა და დეიდა, ნათია და თამარ საყვარელიძეები, საჯაროდ პირველად “სარკესთან” საუბრობენ ლევანის ხანმოკლე ლამაზ სიცოცხლეზე, მისი ცხოვრების ბოლო დღეებზე და იმ ვერსიებზე, რაც პირადად მათ აქვთ მომხდარ ტრაგედიაზე.

ნათია საყვარელიძე – დედა: ლევანი საოცარი ენერგიის პატრონი იყო. ყველაფერში გასართობს ეძებდა. უნდოდა, სულ ემაიმუნა. კარში არ გავიდოდა ისე, რომ არ დაჯაჯგურებოდა და არ მიეჯახუნებინა. 16 წელი ვკიოდი: “ლევანი, ლევანი!”. ფაქტობრივად არ იღლებოდა.

2 თუ 3 წლის იყო, ნევროპათოლოგთან რომ წავიყვანე, ალბათ დამამშვიდებელი სჭირდება-მეთქი. ექიმმა მითხრა, დამამშვიდებელი თქვენ გჭირდებათ, თქვენ მიხედეთ თავს და გიხაროდეთ, ასეთი მოძრავი რომ არისო. ასეთივე დარჩა ბოლომდე. მუცლად ყოფნის დროსაც ზუსტად იმავე აქტიურობის იყო.

თამარ საყვარელიძე – დეიდა: რამდენიმე წუთითაც კი არ შეეძლო სკამზე წყნარად მჯადრიყო, სულ მოძრაობდა. სულ გვეშინოდა, საიდანმე არ გადმოვარდნილიყო. პირველი ბიჭი იყო და ზედმეტ ყურადღებას ვუთმობდით. ფაქტობრივად ხელს არ ვუშვებდით.

ძალიან პოზიტიური იყო. კარგი გარეგნობაც უწყობდა ხელს. სულ დარბოდა. სადარბაზოდან გავარდებოდა და თავქუდმოგლეჯილი გარბოდა სკოლისკენ.

ნათია: მთელ კეკელიძის ქუჩას ახსოვს, ლევანი როგორ გარბოდა.

თამარი: ამბობენ, როცა ადამიანს ხანმოკლე სიცოცხლე აქვს, შინაგანად გრძნობს და თითქოს ცდილობს, ყველაფერი მოასწროსო. თუ რამე უნდოდა, იმ წუთში უნდა გაეკეთებინა, არაფერს გადადებდა, თითქოს იცოდა, რომ მერე ვეღარ მოასწრებდა. ის ენერგია, რაც ამ 16 წლის განმავლობაში დახარჯა, რომ გაწელო ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრების რეჟიმზე, შეიძლება 40 და მეტ წელსაც ეყოს.

აგვიტაცებდა ხელში და დაგვარბენინებდა მთელ სახლში. დედამისი კიოდა, არ მომკიდო ხელიო. მე კი მომწონდა, ასეთი ღონიერი რომ იყო.

ნათია: ბიჭებსაც ძალიან აწვალებდა. ბოლო სამ თვეში კი ძალიან შეიცვალა, თითქოს უფრო დადინჯდა და დასერიოზულდა.

– როგორ ფიქრობთრაიმე წინათგრძნობა ჰქონდა?

თამარი: ვერ გეტყვით, არ შეგვიმჩნევია. ქცევები გაუხდა უფრო დინჯი და ვფიქრობდით, უკვე 17 წლის ხდება, ბავშვური მომენტები მოეხსნა-თქო.

ნათია: სულ ვფიქრობ, ხომ არ გამომრჩა-მეთქი მისი სევდა. 9 წელი მისი კლასის კართან გავატარე. ძალიან კარგი კლასი ჰყავდა, სიბოროტე არც ერთს ჰქონია. არც ის მოგვისმენია, რომ ამ ბავშვებს შორის კონფლიქტი ყოფილიყო.

მეშინოდა, თამაშ-თამაშში ვინმეს არ დაერტყა და მერე ამასაც იგივე არ გაეკეთებინა. ჩხუბში შუაში დგებოდა. ამბობდა, ყველაზე მეტი მე მომხვდა, შუაში რომ ჩავდექიო.

– სანამ ეს ტრაგედია მოხდებოდათქვენი შიში ხომ არ გამძაფრდაგულმა რამე ხომ არ გიკარნახათ?

ნათია: ადრე უფრო მეშინოდა ხოლმე, ვაიმე, ის არ მოუვიდეს, ეს არ მოუვიდეს-მეთქი… 16 წელი ამ შიშში ვიყავი, რამე არ გაეკეთებინა ისეთი, რაც დააზიანებდა – “ამ ქუჩით არ წამოხვიდე, იმ გზით წამოდი, უფრო განათებულია…”.

იმ დღეს და, საერთოდ, ბოლო სამი თვე არანაირი შეგრძნება მქონია. პირიქით, ვამბობდი, მგონი, ახლა ცოტას დავისვენებ-მეთქი.

თამარი: ლევანი ოქროს მედლის კანდიდატი იყო. ჩვენთვის ყველაფერი მისი სწავლა-განათლების გარშემო ტრიალებდა. სულ ვაკონტროლებდით, ეს თუ ისწავლა, ის თუ ისწავლა. თავმომწონე ბიჭი იყო. როცა გამოცდები მოდიოდა, ეს აიძულებდა, ემეცადინა – როგორ შეიძლებოდა მას დაბალი ქულები მიეღო!

ნათია: თავის გამოჩენის სურვილი ჰქონდა. როცა რაიმე თემაზე მუშაობდნენ, მეუბნებოდა, ის არ მითხრა, რასაც სხვებიც ნახავენ ინტერნეტში, ისეთი ინფორმაცია მომაწოდე, რაც კლასში არავის ეცოდინებაო.

თამარი: ლევანის სწავლა-განათლება იდეაფიქსივით გვქონდა. მე და ჩემი და მაქსიმალისტები ვართ და ახლა ვხვდები, რომ ზედმეტი მოგვდიოდა. არც სპორტზე დაგვყავდა, რომ სწავლისთვის ბევრი დრო ჰქონოდა. გული მწყდება და ვნანობ, სულ კრიტიკის ქარ-ცეცხლში რომ მყავდა. როგორ წარმოვიდგენდი, რომ ჩემს ლევანს მხოლოდ 16 წელი ეწერა სიცოცხლე და ისეთი სინანული მაქვს, ვერ წარმოიდგენთ!..

– მღეროდაო კარგად.

თამარი: ჩვენმა ნათესავმა ინტერნეტში დადო ჩანაწერი, სადაც ლევანი და მისი ძმა ფილმ “ბაში-აჩუკიდან” სიმღერას მღერიან… მე მუსიკოსი ვარ და გვინდოდა, სამივე ბიჭს საბაზისო მუსიკალური განათლება ჰქონოდა. რომ ვუყურებ ვიდეოს, რა გულმოდგინედ მღერის… 4 წელი უკრავდა. ბოლოს კონცერტზე დაუკრა. დაკვრაშიც ისეთი სენტიმენტალური იყო… მუსიკა ხომ სარკესავით გადმოგილაგებს, რაც ბუნებაში აქვს ადამიანს.

ლირიკული პიესა ისეთი გრძნობით დაუკრა, გული აგიჩუყდებოდა. მე-5 კლასიდან თვითონაც დაეზარა და ჩვენც გადავწყვიტეთ, რომ მეცადინეობის დროს ართმევდა და თავი დაანება.

ისეთი სინანულის გრძნობა მაქვს, ლევანთან რომ მკაცრი ვიყავი. როცა მინდა, ჩემს შვილს ან გიორგის დავუყვირო, ვჩერდები, აღარ ვყვირი. ჩემს 7 წლის ირაკლის საშინელი განცდა აქვს. სულ ეშინია, ვინმე სახლიდან რომ გადის, რადგან მიხვდა, შეიძლება გახვიდე და ვეღარ დაბრუნდე.

ნათია: ლევანი ერთხელ შემოვარდა სამზარეულოში და მეუბნება, დე, რა შეიძლება გავაკეთო ისეთი, რომ ძალიან ბევრმა ადამიანმა გამიცნოსო. მაშინ ძალიან დავიბენი, მაგრამ ფაქტია, რომ ამ კითხვას თვითონვე გასცა პასუხი.

საოცრად გულწრფელი იყო. ვთვლი, რომ თავისმა გულწრფელობამ დაღუპა.

– რა მოხდა იმ საბედისწერო დღესრატომ აღმოჩნდა ლევანი იქმართალიარომ გასაშველებლად მივიდა და სარალიძეს გადაეფარა?

ნათია: არა. ლევანი როგორც კი შევიდა იმ თაღში, სადაც სარალიძეს ურტყეს, მაშინვე დამნაშავეებს შეეჯახა. სავარაუდოდ, გაქცეული მობრუნდა ლევანისკენ. დარწმუნებული ვარ, ჩემს შვილს მკვლელთან არანაირი კონფლიქტი არ ჰქონია. 6 თვე ვიჯექი სასამართლოზე და სწორედ ამის გარკვევას ვცდილობდი, რატომ მობრუნდა დამნაშავე და რატომ ჩაარტყა ჩემს შვილს.

– თქვა სასამართლოზერატომ დაარტყა?

ნათია: არა. ამბობს, რომ არ დაურტყამს ლევანისთვის. მისი ადვოკატი, შარაშენიძე, კი ხედავთ, რა დღეშია! სარალიძის ნაწილში ხომ გაამართლეს და ახლა იმის დამტკიცებას აპირებს, რომ არც დადუნაშვილი მოუკლავს… ნამდვილად არ ველოდი, რომ დათოსთან მიმართებაში ლევანის მკვლელს გაამართლებდნენ.

– შეიძლება ლევანს იმიტომაც დაარტყესრომ მან მკვლელები დაინახა.

ნათია: თავიდან დათოს მამამ, ზაზა სარალიძემ, მითხრა ეს ვერსია – მოწმე იყო და ყველა ვარიანტში მოკლავდნენო. რა შეიძლებოდა ლევანს იქ ისეთი დაენახა, რაც 30-მა ბავშვმა ვერ დაინახა და ასევე მთელმა კორპუსმა, რომელიც ამ ჩხუბს უყურებდა?!

თამარი: ცოტა გულუბრყვილოც იყო. სხვამ ზუსტად იგრძნო, სად დადგა კრიტიკული მომენტი და ამან – ვერა.

ნათია: ჩემსავით ემოციური იყო. როცა ადამიანი გონებით ფიქრობს, ის ყოველთვის მოგებული რჩება. როცა ემოციით მიდიხარ… ხომ ვიცი, დაინახა, არ მოეწონა, გაგიჟდა და… თუ მან დაინახა, სარალიძე რა მდგომარეობაში იყო – ბავშვი იდგა და სისხლი სდიოდა, დამნაშავეები თუ გარბოდნენ და ვინმემ დაიძახა, არ გაუშვათო, ლევანი აუცილებლად ვინმეს დასტაცებდა ხელს. შეიძლება ამიტომაც მობრუნდა მისი მკვლელი.

– ქალბატონო ნათიათქვენი მეუღლელევანის მამარას საქმიანობს?

ნათია: ჭიათურაში ღია მოპოვების კარიერზე მუშაობს მეგობრებთან ერთად.

თამარი: მამას არნახული ყურადღების ქვეშ ჰყავდა შვილი. რომ იცოდა, ლევანი 2-ს რომ 5 წუთი აკლდა, მაშინ ამთავრებდა სკოლას, 2-ს რომ 4 წუთი აკლდა, ურეკავდა, სად ხარო. თავის ნათესავებს უბარებდა, სკოლასთან მიდით და ნახეთ, რას აკეთებსო. გაძლიერებული ყურადღების ქვეშ ჰყავდა.

ნათია: მამამისი ამბობს, რომ სულ ჰქონდა ლევანის დაკარგვის შიში. მე არ მქონდა. საავადმყოფოში რომ შევედით და კივილი გავიგონე, მაშინაც არ მჯეროდა, რომ ეს მე მეხებოდა.

– ლევანი საავადმყოფოში გარდაიცვალა?

ნათია: არა, იქვე. თაღიდან ქუჩამდე თავისი ფეხით გამოსულა. მერე ვიღაცას კიბეზე დაუსვამს. ეს მე სასამართლოზე მიცემული ჩვენებიდან გავიგე. უცხო კაცმა მიხედა.

თამარი: ამ კაცმა თქვა, რადგან ფეხზე იდგა, ვერც წარმოვიდგინე, რომ დაჭრილი იყოო. შავი ქურთუკი ეცვა და არ ჩანდა, რომ ყველაფერი სისხლიანი ჰქონდა. საკმაო მანძილი აქვს გავლილი… ასე გაზრდილი ბავშვი, სრულიად მარტო დარჩენილი, ქუჩაში მოგვიკლეს!

ამ ბავშვებისგან ტყუილ-მართალს ვერ გაარჩევ, მაგრამ ერთმა თქვა, რომ შესთავაზა, დაგეხმარებიო და ლევანს უთქვამს, არ მინდა, მე თვითონ წავალო.

ნათია: ამ ფრაზამ საშინლად შემაწუხა და მივხვდი, რომ გაბრაზებული იყო. როგორც ჩანს, არავინ მიეხმარა და ის ნაწყენი იყო. ყველა გაიქცა. ყველა რომ გარბოდა, თქვენი შვილი არ გაიქცა და მადლობა ასეთი შვილის გაზრდისთვისო, ეს მითხრა იქ მცხოვრებმა მოსახლეობამ.

– დათუნა სარალიძესთან მეგობრობდა?

ნათია: სარალიძე პარალელურკლასელი იყო და დიდი მეგობრობა არ აკავშირებდათ, მაგრამ ვინც უნდა ყოფილიყო, ლევანი მაინც ასე მოიქცეოდა. ხმაურიანი და ქოთქოთა იყო, მაგრამ გულჩვილი. ფოტოებზეც რომ ვუყურებ ახლა, როგორი სევდიანია. ეს სევდა როგორ გამომრჩა?!

– როგორც აღნიშნეთყველა სასამართლო პროცესზე დადიოდითროგორ ატყობდითპროკურატურა ცდილობდასიმართლე დაედგინა?

ნათია: პროკურორი ამბობდა, კანიბალების საქმე “გავაკეთე” და ასეთი რამ არ მინახავს, შოკში ვარ ამ ბავშვების გამოო. ლევანის ეპიზოდი შედარებით ადვილი იყო, სარალიძის – რთული. ლევანის დაჭრის ამბავი მოსახლეობამაც დაინახა, დავითის – ვერა. სადაც ლევანის ამბავი მოხდა, ღია ადგილია, ნებისმიერი აივნიდან ჩანს. სარალიძე კი ფარდულში მოკლეს.

– ანუ ბავშვები მართლა არ თანამშრომლობენ გამოძიებასთან?

ნათია: პირველ რიგში, თავიანთ თავს მალავენ, რომ საერთოდ იქ იყვნენ.

თამარი: მე დავსვი ეს კითხვა და ერთმა, იცით, რა მითხრა? მკვლელს რომ დაადოს ვინმემ ხელი, მასაც ხომ ოჯახი და თავისი საძმაკაცო ჰყავს, რისკის ქვეშ დადგებაო.

– დავითს იმავე დანით აქვს მიყენებული ჭრილობებირომლითაც ლევანს?

ნათია: ექსპერტიზა ამბობს, გამოყენებულია ან იგივე დანები, ან ამის მსგავსი სხვა დანაო.

თამარი: ეს იყო ურთულესი საქმე უამრავი მოწმით და უმეტესობა არასრულწლოვანია. ისინი ჯერ ვერ გრძნობენ, ამხელა დანაშაულს რომ შეესწრნენ. მშობლის მომენტი უფრო სადაოა. მშობელი ეუბნება, შვილო, შენ არაფერ შუაში ხარ და ვითომ არაფერი იციო.

ნათია: თქვენ გგონიათ, ჩანდა, რომელს ჰქონდა დანა? მკლავში ჰქონდა დამალული. ერთმა მცხოვრებმა გვითხრა, მეგონა, მუშტს ურტყამდა, მაგრამ რომ გამოაძრო, მზეზე აპრიალდა ლითონი და მაშინ მივხვდით, რომ დანა იყოო. შეიძლება ბავშვები საერთოდაც ვერ ხედავდნენ, ვის ეჭირა დანა ხელში. ლევანს მაშინვე მაისური აუწევია და სისხლი რომ დაუნახავთ, გამოქცეულან დასახმარებლად, მაგრამ სასწაული ეზოა – ქუჩაში უნდა გახვიდე და თაღით უნდა შეხვიდე ეზოში.

ქალი გამოქცეულა და დაუნახავს, ეზო ცარიელი იყო. ვინც დაინახა, რომ დაჭრეს, ის კი არ დახვდა დაგდებული, არამედ სულ სხვა პარამეტრების მქონე ბავშვი – სარალიძე. როცა დათოს დაესხნენ თავს, მაშინაც მკლავში ექნებოდათ ალბათ დამალული დანები. 30-ვე ვერაფრით დაინახავდა, მაგრამ ალბათ ის კი იციან, ვის ჰქონდა დანა.

თამარი: ვნანობთ, რომ სპორტზე არ ვატარეთ. ბავშვს თავდასხმა – არა, მაგრამ თავდაცვა აუცილებლად უნდა ასწავლო. ერთხელ კრივზე მივიყვანეთ, მაგრამ ერთ კვირაში დაიკეტა ის კლუბი.

ნათია: თავის დაცვა რომ სცოდნოდა, იქნებ თავი დაეცვა. სად შეეძლო, ორ ადამიანს გამკლავებოდა?! მას თავდაცვა საერთოდ არ შეეძლო.

ორივე ჭრილობა ერთმა მიაყენა. ახლა მისი ადვოკატი გვეუბნება, ამან მხოლოდ ის პატარა ჭრილობა მიაყენა, ძირითადი – არაო.

თამარი: ექსპერტმა მითხრა, მე რომ ტანსაცმელი დავათვალიერე, მივხვდი, ძალიან სხარტი ბიჭი იყო, რადგან ქურთუკზეც აქვს მოხვედრილი დანა და, ეტყობა, აისხლიტაო.

ნათია: მე ნაკლებად ვეფერებოდი. სულ მეშინოდა, თავს არ გაუვიდეს-მეთქი და როცა ეძინა, მაშინ ვეფერებოდი. იმ დილას სამზარეულოდან გამოვიხედე და ისეთი ლამაზი იყო… ვერ მოვითმინე და ლოყაზე მივეფერე. რა გჭირსო, მითხრა. არაფერი, დე, მოგეფერე-მეთქი. მითხრა, მაშინ მეორე ლოყაზეც მომეფერეო. მივეფერე და ასე გავუშვი.

თამარი: იმ დღეს ძალიან ცუდად ვიყავი. ჩემი შვილი გავაცილე სკოლაში და, რომ მოვბრუნდი, ლიფტში ჩავჯექი. ამ დროს გავიგონე ლევანის ფეხის ხმა – როგორ ჩარბოდა ფეხით კიბეზე. რამ დამიბა ენა, ვერ დავუყვირე, რადგან რაღაცნაირად ცუდად ვიყავი. მისი ფეხის ხმა მინელდა. მერე გავიგონე სადარბაზოს კარის ჭრიალი და კარის ძლიერი ჯახუნი. ასე წავიდა ჩემი ცხოვრებიდან… რომ გავიგე მისი არყოფნა, სწორედ ეს საშინელი რკინის ბრახუნი გამახსენდა.

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი