logo_geo
„მე ვინ მეკითხება“ - მაგრამ მაინც...“ - ქართველი მოდელი რუსული აგრესიის წინააღმდეგ „კონცერტებს“ ატარებს
- +

23 აგვისტო. 2018. 23:01

 

მშვიდ და გაწონასწორებულ მოდელს, ნინი გრძელიშვილსაც კი აბრაზებს გარკვეული საკითხები, თუმცა საუბარი იმ თემით დავიწყეთ, რაც მოდელის გაბრაზებაზე მეტად, ხალისს იწვევს...

 

- ამას წინათ, უბრალოდ, ყურსასმენები სახლში დამრჩა. რაკი პლაჟზე საქმე არაფერი მქონდა, ხალხის თვალიერება დავიწყე. ცოტა არ იყოს, დაშოკილი დავრჩი. არ მინდა, ცუდად ნათქვამი გამომივიდეს: ჩემთვის პლაჟზე არსებული სიტუაცია გამაღიზიანებელი კი არა, სახალისო უფრო იყო. ბალნიანი მამაკაცები ცოტათი არაესთეტიკური სანახავია... ჩემთვის ვღადაობდი. მერე სიტუაციის ამსახველი ფოტოები "სთორიზე" ავტვირთე. სხვათა შორის, ხალხისგან საკმაოდ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მწერდნენ - ქართველები არიანო? მადლობა ღმერთს, რომ ქართველები არ იყვნენ... ასე ვთქვათ, "პრიკოლი" იყო, როცა სანაპიროზე მყოფი ბავშვი ადგა, ზღვასთან მივიდა, საცურაო კოსტიუმი ჩაიწია და წყალში შარდვა დაიწყო. ამ ამბავს მისი მშობლები ოლიმპიური სიმშვიდით შეხვდნენ.

 

- მშობლებს შენიშვნა მიეცი?

 

- არა. საჭიროდ არ მივიჩნიე, რომ რამე მეთქვა. მშობლებმა თავად უნდა მიხედონ. ბავშვი იყო და კარგად არ ესმოდა, რას აკეთებდა. ვინმე უფროსი ასაკის რომ ყოფილიყო, გასაგებია, მაგრამ ბავშვის შემთხვევაში, ვფიქრობ, მშობელი უნდა ჩაერიოს. მე რა უფლება მქონდა, შენიშვნა მიმეცა?

 

- ბალნიანი კაცები ახსენე. ჭარბთმიანებმა ეპილაცია უნდა გაიკეთონ, ვიდრე პლაჟზე გავლენ?

 

- ვისაც რა უნდა, ის გაიკეთოს, მე ვინ მეკითხება? უბრალოდ, ცოტათი არაესთეტიკურია, პლაჟზე ცოტათი "ტეხავს"... თან, აქ საუბარი უბრალოდ, თმაზე ხომ არ არის? ბალანი მთელ სხეულზე რაღაც საშინელი სანახავია. ეს უფრო მათი პრობლემაა. პრინციპში, თავად თუ არ აწუხებთ, ჩემი საქმე არ არის... მეორე ფაქტი, რაც ფოტოებზე ვერ აღვბეჭდე, რუსი ქალების უკმაყოფილება იყო - ქართველი კაცები ჩვენთან კონტაქტს არ თუ ვერ ამყარებენო. აღშფოთებულებიც კი იყვნენ - როგორ თუ ქართველმა მამაკაცებმა მათ ყურადღება არ მიაქციეს?! ამ საუბარს დიდი სიამოვნებით ვუსმენდი. მერე ენის ბარიერს დააბრალეს - უნდათ და ვერ გვეკონტაქტებიანო.

 

- შენ რას ფიქრობ, მიზეზი ენის ბარიერია?

 

- ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ენის ბარიერი არაფერ შუაშია და რეალურად მენტალიტეტი შეიცვალა - "რუსი ქალით" არ განისაზღვრება სილამაზე ან რაიმე ღირსება.

 

- კარგი. პლაჟზე არსებულ სიტუაციას გაუხალისებიხარ. ახლა გვითხარი, შენს გულისწყრომას რა იწვევს?

 

- ბათუმში, რესტორნის წინ მდებარე სახლში ვარ დაბინავებული. საღამოს 8 საათიდან რუსული სიმღერები იწყება, რაც "ჭკუაზე მჭრის", სასტიკად მაღიზიანებს! ალბათ, ამ სიმღერებს თავისი მსმენელი ჰყავს და რეალურად, გასაგებია, რომ ტურისტები ჩამოდიან და ა.შ. მაგრამ ჩემთვის ეს ძალიან ამაზრზენია! თბილისშიც და აქ - ბათუმშიც ყველაზე მეტად ეს მაღიზიანებს. ყოველ საღამოს "რუსულების" და "ველურულების" მოსმენა მიწევს - "ცოტა ძაან" დავიღალე.

 

- მდარე გემოვნების სიმღერებად მიგაჩნია თუ პატრიოტული მოსაზრების გამო არ მოგწონს?

 

- შეიძლება, ცუდად ნათქვამი გამომდის, მაგრამ მხოლოდ რუსული მუსიკის კი არა, საერთოდ, ამ ერის მიმართ ორგანული სიძულვილი და აგრესია მაქვს - რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური სიტუაციის გამო. ვფიქრობ, ასეთი დამოკიდებულება სწორია, რადგან შინაგანი პროტესტის გრძნობა საქართველოს ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს - ახლა ისეთ სიტუაციაში ვართ, რომ სხვაგვარად არ შეიძლება. ყველაფერს ხომ თავისი სახელი უნდა დავარქვათ, არა? როგორც შემიძლია, ისე გამოვხატავ ჩემს პროტესტს. ჩემი აზრით, უთავმოყვარეობაა, არასწორი საქციელია, რომ საქართველოში ხალხი რუსულ მუსიკაზე "გუგუნებდეს". შეიძლება, შენიშვნა მივცე, თუ ჩემ ირგვლივ ვინმე მოუსმენს. მადლობა ღმერთს, გარშემო ასეთი ხალხი არ მყავს. კლუბსა და რესტორანს რაც შეეხება, ხომ ვერ შევალ და მეპატრონეს ხომ ვერ ვეტყვი - ნუ მღერიან-მეთქი? რაც ჩემზეა დამოკიდებული, ყველაფერს ვაკეთებ. ვცდილობ, ჩემი პროტესტი ყოველთვის ღიად გამოვხატო.

- შენი აზრით, რა არის მიზეზი, როცა საქართველოს მკვიდრს, თუნდაც საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლს, აგვისტოს თვეში რუსული სიმღერები აქვს ჩართული?

 

- ყველაზე ნაკლებად მინდა, ვიფიქრო - ისეთი უთავმოყვარეო ერი ვართ, რომ ამას ვბედავთ და ვაკეთებთ. ვაბრალებ ინფორმაციის, განათლების ნაკლებობას, პრორუსული აზროვნების გადმონაშთებს... სიმართლე გითხრა, მიზეზიA არ ვიცი და ვერ ვხვდები, რატომ შეიძლება, სრულფასოვან ადამიანს არ ესმოდეს, ვინ არის მტერი და ვინ - მოყვარე? მით უმეტეს - აგვისტოში, როცა ჩვენთვის მართლა მძიმე პერიოდია. 2008 წლის აგვისტოს ომი უახლესი ისტორიაა. ეს ხომ ძველი ამბავი არ არის, რომ ვინმემ არ იცოდეს? ყველამ ვიცით... ძალიან საწყენია და ეს თემა ყოველთვის ჩემს დიდ აგრესიას იწვევს.

 

- 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდში სად იყავი? აცნობიერებდი, რა ხდებოდა?

 

- ოჯახთან ერთად, მანგლისში ვიყავი. 10 წლის გახლდით. დაახლოებით კი მესმოდა, რომ რაღაც "ისე" ვერ იყო, მაგრამ კარგად ვერ ვხვდებოდი, ასე სიღრმისეულად ვერ აღვიქვამდი, თუ რაში იყო საქმე. მახსოვს, თვითმფრინავები დაფრინავდნენ, პანიკაში მყოფი დამსვენებლები გარბოდნენ, არ იცოდნენ, რა გაეკეთებინათ... ეს ყველაფერი ფრაგმენტებად მახსოვს. ვერ ვიტყვი, რომ ვიაზრებდი, რა ხდებოდა...

 

- კიდევ რა გაღიზიანებს?

- ძალიან საოცარი სანახავია მაღალქუსლიან ფეხსაცმელსა და საღამოს კაბებში გამოწყობილი კლუბში "მოგულავე" გოგონები. ზოგჯერ იმასაც ვფიქრობ, რომ ზედმეტად კრიტიკული ვარ, რადგან ძალიან მეცინება და ჩემთვის ძალიან სამარცხვინოა ისეთი კაბებით კლუბში სიარული, როგორიც მაგალითად, ჩვენებებზე მაცვია ხოლმე... თუ თავად კომფორტულად გრძნობენ თავს, მე ვინ მეკითხება? გუშინ ბულვარში გოგონა შემხვდა, რომელიც ისეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელებზე იდგა, რომ ძლივს დადიოდა. რა ვიცი, ვისაც რა მოსწონს და უხარია, იმას აკეთებს, მაგრამ ცოტა არ იყოს, კომიკურია ხოლმე, პლაჟზე გასულებს დაწებებული წამწამები, მაკიაჟი, დახვეული ან გასწორებული თმა რომ აქვთ... პლაჟზე თავწაკრული გავდივარ. ეს კიდევ მეორე უკიდურესობაა - ალბათ, თავმოყვარე გოგომ ქუჩაში ასე არც უნდა იაროს. ჩემთვის მაკიაჟის გაკეთება მთელი პროცედურაა, რადგან ამისთვის დაახლოებით, ნახევარი საათით ადრე, ჯერ მორალურად უნდა მოვემზადო. ძალიან მეზარება, როცა სახეზე ათასი რაღაც მადევს. ხალხის გარკვეული ნაწილი კი მაკიაჟის გაკეთებას პლაჟისთვისაც კი არ ერიდება, პირიქით - დიდი ენთუზიაზმით ემზადებიან და იპრანჭებიან. ზოგჯერ მათი მშურს კიდეც...

 

- სამეგობროში გყავს ისეთი ვინმე, ვინც შეუსაბამოდ იცვამს? მისთვის შენიშვნა თუ მიგიცია?

 

- სამეგობროში - ნაკლებად, ალბათ უფრო სანაცნობოში გამოერევიან ხოლმე... მგონია, რომ თავისი ზომა, ფორმა ყველაფერს აქვს. მაგალითად, ერთი მეგობარი მყავს, რომელთანაც ამ თემაზე ვკამათობ ხოლმე: კი, ბატონო, ზღვაზე მოკლე შორტიც და ტოპიც ყველას გვაცვია, თბილისში ასეთი სამოსის ჩაცმა კი აგრესიასა და ზედმეტ ყურადღებას იწვევს. მქონია შემთხვევა, როცა ცოტათი შილიფად ჩაცმულს გარეთ გასვლა მომიხდა და ხალხის ზედმეტი ყურადღებით დავკომპლექსებულვარ კიდეც. ზაფხულია, ცხელა და "ჯინსებით" სიარული არავის გვსიამოვნებს, მაგრამ არ მინდა, საზოგადოება ზედმეტად გავაღიზიანო. მყავს მეგობარი, რომელსაც ეს საკითხი საერთოდ არ აინტერესებს. სულ ამაზე ვჩხუბობთ: ვეუბნები, - თბილისში მაინც ნუ ჩაიცვამ ასე, არ არის საჭირო, რადგან ხალხი ამას ისე ვერ იგებს, როგორც უნდა გაიგოს-მეთქი. საზღვარგარეთ ქუჩაში შორტითა და ტოპით მეც მივლია... ვისაც რა უნდა, ის ჩაიცვას, რაზეა ლაპარაკი? უბრალოდ, ზედმეტი ყურადღებაც კი ჩემთვის უსიამოვნოა. რაკი ხალხის სავარაუდო რეაქცია ვიცი, ვცდილობ, არ გავაღიზიანო.

 

- გაბრაზებული ემოციებს თუ აკონტროლებ?

 

- მდგომარეობიდან ჩემი გამოყვანა ძალიან რთულია, რადგან გაწონასწორებული, მშვიდი ადამიანი ვარ. თან, მგრძნობიარე, სენსიტიური არ ვარ, რომ ყველაფერზე ყურადღება გავამახვილო, პირიქით - ბევრი საკითხის მიმართ ძალიან გულგრილი ვარ, მაგრამ თუ გავბრაზდი, სრული აფექტის მდგომარეობა მაქვს. ასეთ დროს 15-20 წუთი ახლოს არ უნდა გამეკარო, თორემ შეიძლება, რაღაც დაგიშავო, თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. გაბრაზებულს ისეთი რაღაცები მითქვამს და გამიკეთებია, რაც მერე მინანია.

 

- რამ შეიძლება, წონასწორობა დაგაკარგვინოს?

 

- პირველ რიგში, უსამართლობა ძალიან არ მიყვარს, მეორე - ყველაფერი რუსული მაღიზიანებს. სხვა კონკრეტული რა გითხრათ? მაგალითად, თეატრში ერთ-ერთი პრემიერის შემდეგ, ჩემ გვერდით მსხდომი ქალები წამოდგნენ და გავიდნენ, ანუ როცა დასი სცენაზე გამოვიდა, ტაშიც კი არ დაუკრეს. ამ ფაქტმა ისე გამაღიზიანა, რომ თავი ვერ მოვთოკე. შემეძლო, იმ ქალებს ხელითაც კი შევხებოდი. შეიძლება, თეატრის მიმართ ასეთი დამოკიდებულება მე მაქვს და ამიტომ გავღიზიანდი, მაგრამ ადამიანის შრომის ასე აბუჩად აგდება როგორ შეიძლება? 2-3 წუთი რას გიწყვეტს, რომ ტაში დაუკრა?! ასეთ ადამიანებს რა ვუწოდო, არც ვიცი. მართლა არ მახსოვს, მაგრამ თურმე, ძალიან არაადეკვატური ვყოფილვარ... ასეთი წვრილმანები არის ხოლმე, რის გამოც "ვფეთქდები", ათასში ერთხელ.

 

- ნინი, ძალიან რომ გშიოდეს და იმ კონკრეტულ სიტუაციაში, რუსული წარმოების პროდუქტის გარდა, არაფერი იყოს, არ შეჭამდი?

 

- საკვებთან დაკავშირებით ასეთი შემთხვევა არ მქონია, მაგრამ ერთხელ, მეგობრებთან ერთად, ბარში ვიყავი. ცოტა დავლიეთ... მერე დაქალს ტაქსის გამოძახება ვთხოვე. თურმე, რუსული კომპანიის ტაქსი გამოუძახებია. ისეთ მდგომარეობაში (შეიძლება ითქვას, რომ მთვრალი ვიყავი) მყოფსაც კი, ავტომობილზე კომპანიის ლოგო რომ დამინახავს, "კონცერტები" მომიწყვია. მე კარგად არ მახსოვს. ხალხი გაოცებული მიყურებდა - გიჟია ვიღაცო... მიუხედავად იმისა, რომ ჩემი ყველა მეგობარი მიდიოდა, იმ ტაქსიში პრინციპულად არ ჩავჯექი. პროტესტის განცდა ყოველთვის მაქვს. რატომ უნდა ჩავჯდე რუსული კომპანიის ტაქსიში, როცა შემიძლია, ქართულით ვისარგებლო? რატომ უნდა ვიყიდო რუსული პროდუქტი, როცა ქართულის ყიდვა შემიძლია? ამ ელემენტარულით მაინც ვცდილობ, რომ ჩემი პროტესტი გამოვხატო. რაც შემიძლია, ვაკეთებ. ყველა რომ ასე იქცეოდეს, მგონი, ახლა უკეთეს სიტუაციაში ვიქნებოდით...

 

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი