logo_geo
ნიკო გომელაური: მომიწევია, მომიპარავს, მომიტყუებია, მაგრამ არ მიღალატია!
- +

24 აგვისტო. 2018. 20:30

 

 

ჩემი გულწრფელობით ნუ სარგებლობო, მითხრა მსახიობმა ნიკო გომელაურმა ინტერვიუს დასაწყისში, მაგრამ ცოდვა გამხელილი სჯობს, მისი გაფრთხილების გათვალისწინება არც მიფიქრია და სწორედაც რომ „ვისარგებლე“. მართალია, სიცრუის დეტექტორი არ გამოგვიყენებია, რადგან საჟურნალე ინტერვიუსთვის იგი სრულიად უფუნქციოა, მაგრამ, იმედი გვაქვს, მსახიობის სიტყვებიდან მკითხველი თავადაც მშვენივრად ამოიკითხავს, რამდენად გულწრფელი იყო ნიკო გომელაური, როცა „შარკის“ ჯიქურ კითხვებს პასუხობდა.

 

- ბატონო ნიკო, თეატრალურ ინსტიტუტში ჩაბარებისას ქრთამი და ჩაწყობა დაგჭირდათ?

 

- ფული არ გადამიხდია, მაგრამ პროტექტორი ნაწილობრივ მყავდა. როცა ოსტატობას, მეტყველებას, ცეკვას და მსგავს რაღაცეებს აბარებ, იქ ჩაწყობა ძნელია. ამაში არა - მაგრამ ქართულ წერაში და ისტორიაში მყავდა. პაროლიც კი ვიცოდი, რითი უნდა დამეწყო თემის წერა. უბრალოდ დაურეკა მეგობრის მამამ და უთხრა, ჩათვალე, რომ ჩემი შვილიაო.

 

- თქვენთვის რა უფრო მნიშვნელოვანია - ფული თუ სახელი?

 

- სახელს ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, ამიტომ ალბათ ფული უფრო მნიშვნელოვანია. პოპულარობა და სახელი არასოდეს მაინტერესებდა. უცხო ხალხისგან, მიკვირს კიდეც, საიდან მიცნობენ-მეთქი. თან თუ რაიონში ვარ, უნდობლობით ვუყურებ, ხომ არ მაშაყირებენ-მეთქი.

 

- ძმაკაც თქვენთვის უღალატია?

 

- კი და დავშორდით. იყო ტყუილი, რომელიც არ ეპატიებოდა.

 

- თქვენ გითქვამთ ტყუილი?

- იმდენი ტყუილი მითქვამს, რომ... ალბათ ისეთიც, რომელიც არ ეპატიება ადამიანს...

 

- თქვენ გაპატიეს?

 

- მე ისე კარგად ვიტყუები, მათ ჯერ არ იციან, რომ ტყუილი იყო.

 

- ცოლსაც ატყუებთ?

 

- თუ მეგობარს, დედას ატყუებ, ცოლსაც უნდა მოატყუო.

 

- დედას რატომ ატყუებთ?

 

- უფრო მშვიდად რომ იყოს.

 

- ცოლს?

 

- ცოლსაც ამიტომ. აბა, ანგარების გამო ნამდვილად არავინ მომიტყუებია.

 

- ცოლისთვის გიღალატიათ?

 

- არა, არ მიღალატია.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი