logo_geo
ლაშა ღლონტი: თავი მართლა პრეზიდენტის ძმაკაცი მგონია
- +

24 აგვისტო. 2018. 23:32

 

 

მომღერალსა და ექიმს, ლაშა ღლონტს, დიდი შანსი აქვს, კულტურის მინისტრი გახდეს, ყოველ შემთხვევაში, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალებში” მაინც, სადაც მისი პერსონაჟი პრეზიდენტ სულიკო დარდიანიძის მეგობარია. მომღერალს გადასაღებ მოედანზე მუშაობა ძალიან მოსწონს და იმაშიც გამოგვიტყდა, რომ რეჟისორ ოთარ შამათავას მისი ფილმში გადაღება სურდა, სადაც მაფიოზის როლს შეასრულებდა. რატომ არ შედგა ეს როლი და როგორ ხედავს საკუთარ თავს სერიალში, ამ და სხვა თემებზე ლაშა ღლონტი “სარკესთან” საუბრობს.

ბატონო ლაშა, მოულოდნელი იყო თქვენი გამოჩენა სერიალში. როგორ მოხვდით გადასაღებ მოედანზე?

– სრულიად შემთხვევით. დამირეკეს, დამიბარეს და, როცა მივედი, მომღერალი დათო არჩვაძე და კიდევ ჩემი არაერთი მეგობარი იქ დამხვდა. სერიალის მთელი ხიბლი საიდუმლოებაშია. არასდროს იცი, რაზე გიბარებენ. მეც ადგილზე მითხრეს, რომ პრეზიდენტის ძმაკაცის როლი უნდა შემესრულებინა. მსახიობი კახა გოგიძე რომ დავინახე, მივხვდი, რაშიც იყო საქმე. ისიც მღერის, მეც მომღერალი ვარ და სიმღერის მოყვარულთა საძმოც შეიკრა.

გადაღებებს როგორ გაართვით თავი?

– გადაღებების პროცესი ისეთი პოზიტიურია, ყველაფერი კარგად დაიწყო. ბიზნესში ყველაფრის გათვლა და დაგეგმვა მიყვარს. სერიალის შემოქმედებით ჯგუფს რომ ვუყურებ, ისინიც ასეთი მობილიზებულები არიან. მეგობრული გარემოა და კადრმიღმაც საინტერესო დიალოგები და სიტუაციაა. როგორც მომღერლისთვისაა საინტერესო კულისები, ისეთივე სხვა სამყაროა სერიალის კადრმიღმა ცხოვრება.

როგორც მივხვდი, სულიკო დარდიანიძის როლის შემსრულებელ კახა გოგიძეს სერიალში გადაღებამდეც იცნობდით.

– ჩემი ძმაკაცია კახა. მსახიობი, არაჩვეულებრივი რეჟისორი და კარგი პიროვნებაა. დიდი პატრიოტია და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვისაც იბრძოდა. ამ ყველაფრის გარდა, კარგი მომღერალია. იშვიათი ტემბრის პირველი ხმა აქვს. ცოტა ხანს “ალილოში” ერთადაც ვმღეროდით, თუმცა მან სამსახიობო კარიერა აირჩია.

ერთ-ერთ სცენაში პრეზიდენტს ჩემთვის სიმღერა უნდა შეეწყვეტინებინა, მაგრამ ამის გადაღება ცოტა გაგვიჭირდა. კახა ამბობდა, ლაშა ღლონტს როგორ ვუთხრა, გიტარა გააჩერეო. ამაზე ბევრი ვიხალისეთ.

ფილმს საოცარი თვისება ჰქონია – თავი მართლა პრეზიდენტის ძმაკაცი მგონია! გარდა ამისა, ხალხიც პერსონაჟთან გაიგივებს უკვე.

გადასაღებ მოედანზე მინისტრების როლების შემსრულებლებს ვესაუბრებოდი, პრეზიდენტის ძმაკაცი ვარ და ყველაფერს მოგიგვარებთ, არაფერზე ინერვიულოთ-მეთქი. კახა გადასაღებ მოედანზე გამეხუმრა, კულტურის მინისტრად ხომ არ დაგნიშნოო. ცხოვრებაში სერიოზულ კარიერულ წინსვლასა და შემოთავაზებებზე მაქვს უარი ნათქვამი და არც კინოში მინდა მინისტრობა.

ჩვენც გაგვიმხელთ, ცხოვრებაში რა კარიერულ შემოთავაზებაზე თქვით უარი?

– ამის დაკონკრეტებისგან თავს შევიკავებ. რაც სიმღერა დავიწყე და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოვჩნდი, სერიოზული შემოთავაზებები სულ მაქვს, თუმცა უარს ვამბობ.

რეალურ ცხოვრებაში თუ იცნობთ რეალურ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს?

– ბატონ გიორგი მარგველაშვილს მხოლოდ ხელის ჩამორთმევით, კარგი სალმითა და ღიმილით ვიცნობ. მე არ მგონია, სულიკო დარდიანიძის პროტოტიპი რომელიმე პრეზიდენტი იყოს. ის ქართველი დარდიმანდი კაცის ზოგადი სახეა, რომელიც სრულიად შემთხვევით გახდა პრეზიდენტი.

თქვენს პერსონაჟზე რა აზრის ხართ?

– მოქეიფე კაცია, რომელიც ძმაკაცს გვერდში უდგას. რეალურ ცხოვრებაშიც ძალიან მეგობრული ვარ, მაგრამ თუ არაკეთილსინდისიერ ნაბიჯებს გადადგამენ, მხარს ვერ დავუჭერ.

თქვენი მონაწილეობით უკვე რამდენიმე სერია გავიდა. როგორ ფიქრობთ, აქტიურად გაგრძელდება თქვენი გმირის ხაზი?

– კიდევ რამდენიმე სერიაში ვიქნები, თუმცა სამომავლოდ რა მოხდება, არავინ იცის. ეს სცენარისტების საქმეა, მაგრამ არ ვთვლი, რომ განსაკუთრებულ როლს ვთამაშობ. არ მგონია, რომ მსახიობის განსაკუთრებული ნიჭი მაქვს და არც პრეტენზია გამაჩნია. საჭიროება თუ მოითხოვს და ჩემს გადატვირთულ გრაფიკს სერიალის გადაღებებსაც შევუთავსებ, სიამოვნებით გავაგრძელებ.

სამედიცინო და ბიზნესსაქმიანობით ვარ დაკავებული. გარდა ამისა, რეგიონებსა და უცხოეთში კონცერტებიც მაქვს. ამიტომ, თუ ჩემი ხაზი გაგრძელდა და გრაფიკში ვერ ჩავჯექი, შეიძლება სერიალში თამაშზე უარის თქმამაც მომიწიოს, რაზეც ძალიან დამწყდება გული, რადგან ფორმულა “კრეატივთან” ერთად მუშაობა დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

– “ჩემი ცოლის დაქალებისგარდა სხვაგან თუ გითამაშიათ?

– კი, სერიალებში ადრეც შემისრულებია ეპიზოდური როლები, რომლებიც ასევე სიმღერასთან იყო დაკავშირებული. სხვათა შორის, ერთხელ პროდიუსერმა ოთარ შამათავამ მითხრა, ფილმის გადაღებას ვგეგმავ, სადაც მინდა, მაფიოზის როლი გათამაშოო, თუმცა ამ ფილმის გადაღება ვერ შედგა.

ახლა რომ მიიღოთ შემოთავაზება, თუნდაც მაფიოზის როლზე, დათანხმდებით?

– მსახიობობას განსაკუთრებული ნიჭი სჭირდება და ვფიქრობ, რომ არ მაქვს, თუმცა სიმღერით მაყურებელთან კომუნიკაცია კარგად გამომდის. ამ ყველაფერში კი გულწრფელობა მეხმარება. როცა არ ტყუი და მღერი იმას, რასაც ფიქრობ, მსმენელი ამას გადასარევად გრძნობს. ფილმი და როლი სულ სხვა რაღაცებია.

რეალურ ცხოვრებაში მთავრობის წარმომადგენლებისთვის, მათ წინაშე სიმღერა გიწევთ?

– მთავრობის წარმომადგენლების გარემოცვაში ვმღერით მხოლოდ ოფიციალურ შეხვედრებზე. უცხოელების ჩამოსვლისას “ალილოს” ხშირად გვიწევს ქართული ხელოვნების წარმოჩენა. ამერიკის ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, დონალდ რამსფელდთან, არაჩვეულებრივი შეხვედრა გვქონდა. ისე შევასრულეთ ქართული სიმღერები, ეს შეხვედრა არასდროს დამავიწყდება.

ბიზნესმენი, ექიმი, მომღერალი და ახლა უკვე მსახიობიც. ერთი ადამიანისთვის ბევრი არ არის? დრო გყოფნით?

– ამდენს იმიტომ ვშრომობ, რომ სიმღერაზე მატერიალურად არ ვიყო დამოკიდებული. ძალიან შრომისმოყვარე ვარ და დღემდე ყველაფერი საკუთარი შრომით მაქვს მოპოვებული.

ყველაფერთან ერთად ოჯახში პაპისროლიცდაგემატათ. შვილიშვილზე ხშირად წერთფეისბუქშიდა ფოტოებსაც აქვეყნებთ. როგორ დამოკიდებულებას გამოხატავს თქვენდამი?

– ჩემი მამუჩიკო 1 წლის გახდა. ბუნებრივია, ყველაზე მეტად მშობლები უყვარს, მაგრამ ბაბუაზე ჭკუა ეკეტება. ჩემი ხმის გაგონებაზე შეუძლია ყველაფერი მიატოვოს. შვილიშვილის სიყვარული საოცრება ყოფილა!

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი