logo_geo
მარიკა თხელიძე: 8 წელი მამის დაბრუნებას ველოდე...
- +

25 აგვისტო. 2018. 23:27

 

მომღერალმა მარიკა თხელიძემ ბოლო პერიოდში იმიჯი შეიცვალა, დაიხვეწა და სექსუალური ტანსაცმლის მორგებაც დაიწყო. ამბობს, რომ საამისო მიზეზი აქვს და ახლა მის ცხოვრებაში ყველაზე აქტიური პერიოდი დგას, როცა დეპრესიისა და „ჩაკეტვებისთვის“ არ სცალია. 


მარიკა თხელიძე: განსაკუთრებით მიყვარს ზაფხულის პერიოდი, მთელი წელი ველოდები, რომ სადმე წავიდე, დავისვენო. თუმცა, ჯერ ვერ მოვახერხე. წელს ჩემთვის სხვანაირი ზაფხულია. შემოქმედებითად გავაქტიურდი, ახალი, ინგლისურენოვანი სიმღერის ჩაწერას ვაპირებ, მინდა, კლიპიც გადავიღო, თან კულტურის სამინისტროშიც ვმუშაობ. აგვისტოს შუა რიცხვებში ავიღებ შვებულებას და ჩემს თავს ლამაზ დღეებს ვაჩუქებ. ყველა მეუბნება, არსად ჩანხარ და სად დაიკარგეო. დიდი ხანია, საზოგადოებრივ ცხოვრებაში აღარ ვარ აქტიურად ჩართული. ახლა გამოვჩნდი და გავაქტიურდი.


ეს, ჩავარდნის პერიოდის ბრალი ხომ არ იყო?


– ჩავარდნის პერიოდი ყველა ადამიანის ცხოვრებაშია, როცა პაუზას იღებ. ჩემს ცხოვრებაში კი ეს პაუზა, ცოტა დიდხანს გაგრძელდა, მოვლენები ერთმანეთს მიეწყო. ახლა, რომ დავფიქრდი, ჩამოყალიბების პროცესში ვიყავი და როგორც იქნა მივხვდი, რა და როგორ მინდა. მინდა, ახალი სიმღერებით კარგად გამოვჩნდე ხალხის წინაშე და ამას, აუცილებლად მოვახერხებ.


ვიცი, ბავშვს არასდროს იცილებ გვერდიდან. ისიც შენს შვებულებას ელოდება თუ უკვე  გაუშვი დასასვენებლად?


– ნიკუშა აღმზრდელთან და ბებოსთან ერთად, ურეკში ისვენებს. ისე მენატრება, ერთი სული მაქვს, როდის ჩავეხუტები. ყოველ დილით, მის მაისურებს ვკოცნი. 


ბოლო დროს ჩაცმის სტილი დახვეწე, უფრო ქალური და სექსუალური გახდი. ამბობენ, ეს სიყვარულის ბრალიაო. ასეა?


– გეთანხმებით, შევიცვალე ჩაცმის სტილი. ადრე თუ კედებში დავდიოდი, ახლა ხშირად მიწევს მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ჩაცმა. ეს იმიჯი არ არის გამოგონილი, უბრალოდ, რაც ვარ, ახლა გამოჩნდა. ზუსტად ვიცი, ჩემი ახალი იმიჯი, ჩემს ცხოვრებაში, დადებით ცვლილებებს გამოიწვევს. ცხოვრების ყველა ეტაპს თავისი დამახასიათებელი სტილი აქვს. ერთი პერიოდი სულ სპორტული ტანსაცმლით დავდიოდი და გაპრანჭვის სურვილი არ მქონდა. ახლა – პირიქით. ეს, ნიკუშას დამსახურებაა. რაც დედა გავხდი, ყველანაირად გავიზარდე. ვცდილობ, სულ ფორმაში ვიყო და ვალდებულიც ვარ. ამას, პირველ რიგში, ჩემი თავისთვის ვაკეთებ და სხვებსაც მაგალითს ვაძლევ, რომ შეიძლება, ცხოვრებაში დადგეს ჩავარდნის პერიოდი, მაგრამ ეს დაძლიო და ბევრად კარგად გამოიყურებოდე. გაბრწყინებული ვარ შინაგანად და ეს გარეგნულადაც დამეტყო. ვცდილობ, ყველა მოვლენას პოზიტიურად ვუყურო, ყოველი დილის გათენება დავაფასო. ეს ყველაფერი, ჩემს გარეგნობაზეც აისახა და ყველა მეუბნება, ასეთ ფორმაში არასდროს ყოფილხარ და რა დაგემართაო. ალბათ, ადრე შინაგანად ვერ ვიყავი ფორმაში. როცა დაძაბული ხარ, ვერ ასხივებ და ვერც გაბრწყინებული ხარ. ახლა, ვცდილობ, გარეგნულადაც ვბრწყინავდე და ამას ყველა ხვდება. შეყვარებული ნამდვილად არ ვარ, თორემ არ დავმალავდი. ვხუმრობ ხოლმე, ახლა როგორ ვასხივებ და შეყვარებული ხომ წარმოგიდგენიათ, როგორ გამოვასხივებ-მეთქი.


თუმცა, რაც არ  უნდა ბედნიერი იყო ადამიანი და გარეგნულად ასხივებდე, საყვარელი მამაკაცის გვერდით დგომაც აუცილებელია. როცა ადამიანს ოჯახი ენგრევა,  ჩნდება შიში, მეტად დაკვირვებული ხდები. შენს შემთხვევაშიც, ასეა?
– ზოგადად, როცა ოჯახი ინგრევა, ყოველთვის არის ახალი ურთიერთობის დაწყების შიში. თუმცა, ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და თავისებურად ფიქრობს. სიყვარულს ვერ დაგეგმავ. შესაძლოა, დიდი ხანი არ გეწვიოს, მაგრამ ის ყველასთან მიდის. ახლა, ჩემს ცხოვრებაში საქმიანი, შემოქმედებითი პერიოდი დგას. ასე რომ, სიყვარულისთვის ჯერ არ მცალია.


ვინც არ გიცნობს, ამბობს, ჩაკეტილი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებსო. ასეთი ხარ?


– ბავშვობიდან ცოტა ჩაკეტილი ვიყავი. სულ ვამბობ, ჩემმა ცნობადობამ, ბავშვობა წამართვა-მეთქი. სულ გასტროლები, პრეზენტაციები, ჩაწერები, ინტერვიუები... ამან ბავშვობა წამართვა. ამას დაემთხვა მამას ამბავი –  არსად მითქვამს და პირველად თქვენთან ვამბობ. რვა წლის განმავლობაში, ოჯახმა არ იცოდა მამა ცოცხალი იყო თუ არა. აფხაზეთის ომში წავიდა და მას მერე, მთელი რვა წელი, ყოველდღე ველოდებოდი. ეს ყველაზე დიდი დარტყმა და ტკივილი იყო ჩემთვის.


რა განცდა იყო, რვა წელი რომ ელოდი მამას და ერთ დღესაც გაიგე, ის შენთან ვეღარასოდეს მოვიდოდა?


– ამას, სიტყვებით ვერ გადმოგცემთ. მაინც სულ ველოდი. მამის გარდაცვალება იმით გადავიტანე, რომ მჯერა, ყველაფერი არ სრულდება სიკვდილის მერე, უბრალოდ, ადამიანი სხვა სამყაროში აგრძელებს სიცოცხლეს. ამ თემაზე საერთოდ არ ვსაუბრობ, მამა ხელშეუხებელი თემაა ჩემთვის.


შენს ცხოვრებაში თუ არის „ჩაკეტვის პერიოდები“  და ეს რამდენად ხშირია? 


– დეპრესიული არ  ვარ, მაგრამ „ჩაკეტვის“ პერიოდები ხშირად მაქვს. ახლობლები ამბობენ: ამის მარტო დატოვება არ შეიძლებაო. ეგრევე ფიქრებში მივდივარ და სევდა მაწვება. თუმცა, ჩემს თავს არ ვაძლევ საშუალებას, დეპრესიამდე მივიდე. ბევრი კარგი რამ ხდება ჩემს ცხოვრებაში და „ჩაკეტვის“ უფლება არ მაქვს. ზოგს მოსწონს დეპრესიული რომაა და ვიღაცას ეცოდება, მე, პირიქით, არ მიყვარს, როცა დარდს მამჩნევენ და ვცდილობ, სულ გაღიმებული ვიყო. დავრწმუნდი, რა განწყობითაც ხარ ადამიანი, ისე მიგდის ცხოვრება. ამიტომ, ჩემი მოწყენისა და დეპრესიის დრო არ არის და არც საბაბი მაქვს. 


მშვიდი ბუნების ხარ. თუმცა, ყველა ადამიანი ხვდება ისეთ სიტუაციაში, როცა წყობიდან გამოდის და „ფეთქდება“. შენ როგორი ხარ ამ დროს?


– ამ დროს ყველაზე ცუდი ვარ. მშვიდი ადამიანები უფრო მეტად „ფეთქდებიან“, თუ წყობიდან გამოიყვანთ, მაგრამ მე ვისწავლე ემოციის კონტროლი. ისე, არ გირჩევთ „აფეთქებული“ მარიკა ნახოთ. ვცდილობ, გაბრაზებულმა თავი ვაკონტროლო, რომ ამ დროს შეცდომა არ დავუშვა. 


ვინ არის ის ადამიანი, ვისაც ბოლომდე ენდობი და პირად საკითხებზე უყვები?


– პირველ რიგში, დედა და მეგობრები. თუმცა, პირად თემებზე არ მიყვარს საუბარი. მირჩევნია, საიდუმლოდ დავიტოვო და რაღაც-რაღაცები ჩემს გულის კუთხე-კუნჭულში მივმალო. ვფიქრობ, ყველა ადამიანს აქვს საიდუმლოებები, რომელსაც ასე ინახავს.

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი