logo_geo
„აქ დამმარხეთ, ჩემი ქვეყნის საზღვართან, 20 კილომეტრში...“ - ნოდარ წულეისკირის ანდერძი, რომელსაც მისი შვილიშვილი ასრულებს
- +

27 აგვისტო. 2018. 16:50

 

თბილისში დაიბადა, მაგრამ ისე მოხდა, რომ მარნეულის რაიონის წერაქვის საშუალო სკოლაში განაგრძო სწავლა. სკოლის დირექტორი მისი პაპა, მწერალი ნოდარ წულეისკირი იყო, რომელსაც ეროვნული მოძრაობის დაწყების პერიოდში დისიდენტური საქმიანობის გაგრძელება წერაქვში მოუხდა.

 

 

მრავალი უსამართლობის მომსწრე გახდა მაშინ ოჯახი, თუმცა  კარგად ახსოვს ბაბუის შეუვალობა და პრინციპულობა, რითაც  ეროვნულად მნიშვნელოვანი საქმეები კეთდებოდა.

 

ბაბუის გარდაცვალების შემდეგ, თავადაც წერაქვში გადავიდა საცხოვრებლად და მისი ანდერძის აღსრულება გადაწყვიტა.

 

წერაქვის მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმის დირექტორია, ლიტერატურული კლუბ „იასამანს“ ხელმძღვანელობს და მოსწავლეებს ქართული ენას სიყვარულს უნერგავს.

 

ავტორია რომანისა – „ბაბუაჩემი, ნოდარ  წულეისკირი“, რომელიც მზადაა გამოსაცემად. ამბობს, რომ სურს, იყოს ოჯახის ღირსეული მემკვიდრე და გამგრძელებელი – თათია შენგელაიას პერსონა.

 

 

– იმ პერიოდში, წერაქვში სინათლე თვეობით არ გვქონდა, მოდიოდა მხოლოდ ახალი წლის ღამეს, ჩვენი ოჯახის ცხოვრება ბაბუასთან მის მოგონებებზე, კერძოდ ჩანაწერებზე მუშაობისას აღვწერე, მისი სნეულების გამო ვიყავი მისი კალამი, „ოცი წელი წერაქვში“ ასე ერქვა ამ წიგნს. აქ ჩამოსულს, სრულიად სხვა სამყარო დამხვდა. რთული იყო ჩემთვის, „შევრეოდი“ თანატოლებს, თავდაპირველად აქაურების კუთხური მეტყველების გამო, მიჭირდა კიდეც საუბრის გაგება.

 

ჩემთვის ის სხვა სინათლით განათებული დაუვიწყარი საღამოები იყო, როდესაც ბაბუა და დედა დაბინდებისთანავე იწყებდნენ, ლამფის ანთებისთანავე საქართველოს იმერ-ამერის ამბების თხრობას. რამდენი წიგნიც არ უნდა დავწერო იმ პერიოდზე, არ დამელევა სათქმელი. უსამართლო საზოგადოების მიერ  შექმნილი გარემოდან, სრულიად განსხვავებული, მხოლოდ ოჯახური საღამოები, ირგვლივ კი სადა და უბრალო ხალხი. ძალიან დიდი და სასიამოვნო ცვლილება იყო ჩემთვის. უსამართლო საზოგადოება ვუწოდე ჩემს უწინდელ გარემოცვას, საქმე ისაა, რომ ბაბუისა და მამის გამო, დაუსრულებელი პრობლემები მექმნებოდა სკოლასა და თანატოლებში.

 

ბევრია მოსაგონარი, ის, რაც მწარედ დამამახსოვრდა, ასეთი შემთხვევა იყო, დედა წერდა, აქ გადმოსვლისას ერთ დღესაც, შეშის ღუმელში შეუძახა ყველა მისი ნაწერი, ბაბუა, ალმოკიდებული ფურცლების გამოღებას ცდილობდა ღუმელიდან. „ეს რა ქნა, ეს ხომ მოთხრობებია“, –  წამოიძახა ბაბუამ. „ქვეყანაში, სადაც მამაჩემს არ უსმენენ, მე არაფერი მაქვს სათქმელი“, – მიუგო დედაჩემმა.

 

 

– ნოდარ წულეისკირი წერაქვში დისიდენტურ საქმიანობას განაგრძობდა… არაერთხელ უცდიათ მისი დაშინებაც… რისი მომსწრე თქვენც ხართ…

 

– ეს მწერალი ძალიან შეუვალი ადამიანი იყო თავისი ბუნებით. მიმაჩნია, რომ მან შეძლო ის, რაც ბევრს არ ძალუძს, ცხოვრება ისე გაიარა, ყველა ადამიანთან, ვინც კი მის ირგვლივ იყო, თვითონ იყო მართალი, თუმცა მას ბევრის დათმენა უწევდა, თავის დროზე. მისი სკოლის დირექტორობისას, წერაქვში ამომავალი პედაგოგების სამარშრუტოს ავტომატის ჯერი დააყარეს, დედაჩემიც მაშინ იქ იმყოფებოდა. შემთხვევა რიგით ყაჩაღობის მცდელობად შეფასდა, საქმე არ გახსნილა.

 

ნოდარ წულეისკირის ფენომენი მართლა იშვიათია, მის პიროვნებას ვერც გვერდს უვლიდნენ და ვერც ტეხავდნენ. მის პოლიტიკურ მტრებსაც კი იძულებულს ხდიდა, სკოლისა თუ სოფლის საკეთილდღეოდ მიეღოთ გადაწყვეტილებები. იცოდა ხოლმე თქმა: როდესაც სხვის გამო მათხოვრობ, მათხოვრობა არ უნდა ითაკილოო. ასე მოახერხა მან, წერაქვში იმდროინდელი პრეზიდენტის თავისი ერთი წერილით ჩამოყვანა, მაშინ სოფელს ტრაქტორი, ბავშვებს კი ტანსაცმელი და წიგნები უბოძეს. მისი სკოლის დირექტორობის დროს, სოფელს ჯერ პირველი ლედი ეწვია სტუმრად, მერე კი – პრეზიდენტი.  და მაშინაც მწერალმა, სუფრაზე მოახსენა დამსწრე საზოგადოების თანდასწრებით საპატიო სტუმრებს: „ეს ყველაფერი კარგი, ბატონებო და თქვენი საქმე მისასალმებელია და საჭირო ამ მხარისათვის, მაგრამ ამით ჩემი პოლიტიკური შეხედულებები არ შეიცვლება“.  პასუხად კი ქალბატონმა ნანული შევარდნაძემ მიუგო: ბატონო ნოდარ, ერთი თქვენნაირი ერთგული რომ ჰყავდეს ჩემს მეუღლეს გვერდში მდგომი, არაფერი მექნება სანერვიულოო.

 

მწერალმა და მისმა შვილმა, შემთხვევით ისარგებლეს, ცალკე პირველ ლედის და ცალკე ბატონ ედუარდს პოლიტპატიმრების – „ზვიადისტების“ ციხიდან გამოშვება სთხოვეს.

 

 

– სიმართლის მთქმელი მწერალი მთავრობასთანაც იყო დაპირისპირებული, ამის გამო მუზეუმის დირექტორობიდან შვილი – ირმა წულეისკირი გაათავისუფლეს…  ის პერიოდი იოლი არ იყო თქვენთვის…

 

– სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდზე, როდესაც მე და დედა საგანმანათლებლო საქმიანობას ვეწეოდით და არც ერთი დღე კვირაში არ გვქონდა დასვენების დღე, ბაბუა მუხლჩაუხრელად შრომობდა, როგორც ერთი რიგითი გლეხი კაცი, თავისი მეურნეობა ჰქონდა, მისი მოწეული მოსავლით, მართალია, ვერ გაგვქონდა თავი, მაგრამ ძალიან გვეშველებოდა, მეფრინველეობასაც მარჯვედ უძღვებოდა.

 

ერთხელაც თბილისიდან ერთი ქართულის მასწავლებელი ჩამოვიდა მასთან თავისი მოწაფეებითურთ. ბაბუამ მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმის გასაღები დარაჯს გამოართვა და დაათვალიერებინა. მასთან მალე მისი ეზოს ძაღლი მივარდა წკავილ-წკავილით – „რა მოხდა, ბომბორა?“-  ჰკითხა ძაღლს ბაბუამ. „ეს ახლა მე ამბავს მიყვება“, –  განუმარტა პედაგოგსა და  ბავშვებს მწერალმა. აჩქარებით წამოვიდა ბაბუა სახლისაკენ, გამოჰყვნენ მოულოდნელი სტუმრებიც. ქორი დასცემია ეზოს და არაერთი ქათამი მოუკლავს და მოუპარავს…. ეს ამბავი ბაბუასაგან მქონდა მოსმენილი, რამდენიმე წლის მერე კი მე შევხვდი იგივე ქართული ენის მასწავლებელს, იგივე მუზეუმში და მისგან იგივე ამბავი სულგანაბულმა მოვისმინე. „არ დამავიწყდება, როგორი ნაშრომი ხელები ჰქონდა ჩემს საყვარელ მწერალს“, – მითხრა ქალბატონმა. „არა, რა, ჩვენ არ ვიცით, ჩვენი მწერლების ფასი“, – დასძინა მერე მიხეილ ჯავახიშვილის ფოტოს შორიახლოს მდგომარე ქალბატონმა იზომ.

 

მე კიდევ ვფიქრობ, რომ, მარტო ეგ რომ იყოს და არა მწერლისადმი სიძულვილი, დიდი ვერაფერი უბედურება იქნებოდა, უბრალოდ  მსგავსი ადამიანის ფასის არ ცოდნა.

 

 

– დედის სიკვდილის შემდეგ წერაქვში გადმოხვედით… ნოდარ წულეისკირის რომან „აფთრების“ მეორე ნაწილი დაასრულეთ და თანაავტორი ხართ. როგორ გაიხსენებთ ამ პერიოდს…

 

– უბრალოდ შვილმკვდარი მამისათვის, მინდოდა რაღაც გამეკეთებინა, მას სიბერე ჩაუმწარდა დედაჩემის გარდაცვალებით. მისთვის რაიმე ფორმით სამართლიანობის აღდგენის სურვილმა ამაღებინა კალამი, რომ მის სიბერეში მაინც ეს მისი უნიკალური ნაწარმოები, არავისთან ყოფილიყო სადავო.

რომანზე მუშაობის პერიოდი, ჩემ თვალწინ მწერლის  დაბრუნება იყო მისეულ სამყაროში, რომელიც მან ახალგაზრდობაში დიდი შრომით შექმნა. ვძერწავდით ახალ სახეებს, ვართულებდით ეპიზოდებს, ერთად ვთხზავდით დიალოგებს, „აფთრები 2“- ზე მუშაობით ერთმანეთი გამოგვყავდა სასოწარკვეთიდან. მას რომანის წერის დროს უფრო მივეკედლე.

 

– პაპის გარდაცვალების შემდეგ მის ანდერძს იცავთ… რა იყო ეს ანდერძი?

 

-„მე რომ მოვკვდები, არსად არ წამათრიოთ, აქ დამმარხეთ, ჩემი ნამყენი ვაშლის ძირას, 100 წლის მერე, როგორც გამსახურდიებს აქვთ, ირმა იყოს ჩემ გვერდით. მერე აქ ოდესმე მუზეუმი იქნება და ვინც მოვა, ყველას ეცოდინება, ვინ იყო ერთგულად, მუდამ ჩემს გვერდით“.

 

ამგვარია მწერლის ანდერძი მისი დაკრძალვის შესახებ. რაც შეეხება ლიტერატურულ 9-წლედს და მის შემდგომ განვითარებას „ახალგაზრდა მწერალთა აკადემიის“ სახით, ეს მისმა ერთმა წინადადებამ განაპირობა და ლამფით  განათებული საღამოების ოჯახურმა საუბარებმა.

 

„ბავშვი მხოლოდ მშობლის საკუთრება არ არის, იგი სახელმწიფო საკუთრებაა, აბა, ხომ არ გავწირავთ პატარა ჯავახიშვილებს საიმისოდ, რომ მეღორეებად გაიზარდონ?… ყველა ხელოვნების დარგს გააჩნია თავისი სასწავლებელი, სამხატვრო, მუსიკალური და ა.შ. მხოლოდ მწერლობაა ბედის ანაბარა მიტოვებული ჩემს ქვეყანაში“ ნ. წ.

 

 

– პროექტი „ახალი მუზეუმი და საგანმანათლებლო ცენტრი“ გულისხმობს  ნოდარ წულეისკირის სახელობის მუზეუმის გახსნას და მისივე სახელობის ლიტერატურული 9-წლედის დაფუძნებას. თუმცა უკვე დაფუძნებულია თქვენი საგანმანათლებლო ცენტრი და პირველი ნაბიჯები გადადგმულია… როგორ მოიაზრებთ ამ 9-წლედს? მე მგონი, საქართველოში პირველი იქნება ასეთი 9-წლედი…

 

– ნოდარ წულეისკირის სახელობის სახელმწიფო მუზეუმი გაამართლებს მის სიტყვას – „აქ დამმარხეთ, ჩემი ქვეყნის საზღვართან 20 კილომეტრში და მკვდარი, საფლავში დავიცავ, ჩემი ქვეყნის საზღვარს“. მწერლის ამ გადაწყვეტილების გამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მას „ქვეყნის ერთგული მეციხოვნე“ უწოდა.

 

შემუშავებულია სრული  სახით, თუ როგორი უნდა იყოს თავისი 20 საგნით ლიტერატურული 9-წლედი და მისი შემდგომი ეტაპი, უმაღლეს სასწავლებელი – „ახალგაზრდა მწერალთა აკადემია“. მსგავსი სასწავლო ცენტრი დაწყებითი სახითაც კი ნამდვილად პირველია საქართველოში. ლიტერატურული 9-წლედი კი შეძლებს, მისი სრული დატვირთვით ფუნქციონირების შემთხვევაში, 2000 ბავშვის მიღებას, რაც რამდენიმე წელიწადში მოგვცემს ჯანსაღ  და განათლებულ თაობას.

 

 

– ორგანიზაცია „ორბელიანი საქართველომ“ დააფინანსა პროექტი „სუფთა ტყე“ და გამოცოცხლდა მთელი  მხარე…

 

– შეიძლება ითქვას, რომ „ორბელიანი საქართველომ“ სულზე მოგვისწრო. მათგან დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, შენობაში ჩავრთეთ დენი, შევიძინეთ პროექტორი, ლეპტოპი, დინამიკები და ეკრანი, ასევე შეგვიძინეს ახალი დაფა. პროექტის ამოცანა იყო, ყოველ მოსწავლეს ერთიანი მიზნისათვის  შეექმნა რაიმე და თან გაგვეგო, რომ მიუხედავად სხვადასხვა ეთნო თუ რელიგიური განსხვავებებისა, ჩვენ ვართ ერთი საზოგადოება და ერთ ქვეყანაში მაცხოვრებელ ადამიანებს გვევალება, ვაკეთოთ ერთად საქმე. ბავშვებმა შეთხზეს მოთხრობები (მათი პირველი ნაბიჯები გაჟღერდა მარნეულის სათემო რადიოს ეთერში), შეირჩა საუკეთესო მოთხრობა, დაიწერა სცენარი, ითარგმნა ინგლისურად, მცირეწლოვანმა მოსწავლეებმა დახატეს მოთხრობის ეპიზოდები, გამოგვივიდა მოკლემეტრაჟიანი ფილმი (უფრო ალბათ 5 -წუთიანი რგოლი), სადაც ბავშვები მოუწოდებენ თავისი ერთობლივი შემოქმედებითი ნამუშევრით ყველას, რომ არ უნდა დავაბინძუროთ ტყე.

 

– ლიტერატურული კლუბი „იასამანი“ 9-წლედის საწყისია, სადაც მოსწავლეები უფასოდ სწავლობენ. დიდი ძალისხმევა გიხდებათ  პროექტების დასაფინანსებლად… ერთადერთი მასწავლებელი ხართ…

– თანამოაზრეების შემოკრებას ვგეგმავ, მათი სხვადასხვა პროექტში ჩართულობით. ამა თუ იმ პროექტისათვის დაფინანსების მოძიება, მართლაც რომ დიდ სირთულეს წარმოადგენს, წერაქვში არ არის წესიერი ინტერნეტი, რაც თავისთავად პრობლემას მიქმნის.

 

ინგლისურს მოსწავლეები სწავლობენ წერას, ძირითადად, კომპიუტერული დამხმარე სახელმძღვანელოებით, თვითონ თხზავენ ამბებს. მერე ვამუშავებთ. მხატვრულ ნაწარმოებს, რომელსაც გავდივართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში,  მოჰყვება ხოლმე ნაწარმოების მიხედვით გადაღებული ფილმის ჩვენება. ახალი სასწავლო წლიდან დაფინანსების შემთხვევაში (ამჯერად გვჭირდება პიანინო, ტელესკოპი და ა.შ.) ვაპირებთ ახალი საგნების დამატებას, მათ შორის კომპიუტერული უნარ- ჩვევების სწავლებას, რასაც უწინ შენობაში, ელექტროენერგიის უქონლობის გამო ვერ ვახერხებდით. 

 

 

დაწერეთ რომანი „ბაბუაჩემი, ნოდარ წულეისკირი“, რომელიც „ინტელექტმა“ უნდა გამოსცეს…

 

– რთული იყო, ორმოცი ახალი გადასული იყო, როცა წერას შევუდექი. წერა იმდენად არ გამჭირვებია, რამდენადაც გამიძნელდა წიგნის დასრულება, ერთგვარი გამოსამშვიდობებლის მსგავსი უნდა ყოფილიყო ჩემთვის, არადა მისი გაშვება ბოლომდე დღემდე ვერ შევძელი, ისევე როგორც დედაჩემის, უბრალოდ შევეგუე უამათოდ ყოფას.

 

ორიოდ ნაბიჯშია, წერაქვში, ჩემი სახლიდან ბაბუის საფლავი, მისი ნამყენი ვაშლის ძირას, როგორც მას უნდოდა.  მისი სიტყვა მაქვს დასაცავი, ასე რომ, ის მუდამ ჩემთან იქნება. მე ერთს მაინც ხომ მახსოვს  მისი სიტყვა, მე მაინც ხომ მიღირს მისი ანდერძი და ის, რაც იყო  ამ დიდი მწერლისა და მოღვაწის სურვილი.

იმედი მაქვს, ანდერძი უახლოეს მომავალში იქნება დაცული. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მისი თანამებრძოლების, ახლად შემოკრებილი თანამოაზრეებისა და ძველი მეგობრების  იმედი მაქვს, რომელთა სიტყვის შეწევნითაც, უკვე გადავდგი პირველი ნაბიჯები.

 

– ახლახან მარნეულის სკვერში მიხეილ ჯავახიშვილი გაიხსენეს, რომლის ერთ-ერთი ინიციატორი თქვენ ხართ – წერაქვის მიხეილ ჯავახიშვილის მუზეუმის დირექტორი…  შემოდგომაზე დღესასწაული –  აღდგება ჯავახიშვილობაც… სასიხარულოა, თუ მარნეულის სკვერს დიდი მწერლის სახელი მიენიჭება. რა პრობლემები აქვს მუზეუმს?

 

 

– ამ საღამოს ინიციატორი მარნეულის კულტურის ცენტრი და მერია გახლდათ, მე კი, მხოლოდ ერთი რიგითი თანამშრომელი და მონაწილე. მართლაც, სასიხარულოა, რომ იგეგმება ჯავახიშვილობა და იმედი მაქვს, ყოველივე კეთილად ჩაივლის.

 

ამ დღესასწაულის აღდგენას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს წერაქვისათვის და კარგია, რომ გვიბრუნდება ჩვენი ტრადიცია. მარნეულში, მიხეილ ჯავახიშვილის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნამდვილად უნდა იყოს სწორედ რომ მისი სახელობის სკვერი, ეს ლოგიკურიცაა.

 

მწერლის სახელობის მუზეუმში, მკაცრი ბუნებრივი პირობების გამო, ჩასატარებელია მცირე სარემონტო სამუშაოები, უზომო ნალექმა შექმნა  პრობლემები, რის აღმოსაფხვრელადაც უკვე მუშაობს მუნიციპალიტეტი.

 

– ზოგადად, ალბათ რეგიონში, სადაც ქართველობა უმცირესობაშია, არ არის იოლი ცხოვრება და მოღვაწეობა… სამომავლოდ რას გეგმავთ? აპირებთ მანდ მუდმივად დარჩენას?

 

– მე ასე არ ვიტყოდი, უბრალოდ ჩემი ოჯახიდან გამომდინარე, მათი ავტორიტეტის გამო მიადვილდება ყველასთან ურთიერთობა და ეს მაშინაც, როდესაც არ იციან მათი ვინაობაც კი. ნოდარ წულეისკირი იმ დროს საუბრობდა „ყურანის“ ქართულად თარგმნის აუცილებლობაზე, როდესაც მსგავსი განცხადებისათვის, ციხე იყო გამოწერილი, მამაჩემი, ირაკლი შენგელაია კი მუსულმან მესხებს მაშინ იცავდა, როდესაც მათ იძულებით ასახლებდნენ საქართველოდან. მაშინ ერთი მეგობარი მყავდა ფატიმა, აბუზარ ფამფარაშვილის შვილიშვილი, მესხი მუსულმანი გოგონა, რომელთანაც განშორება ძალიან განვიცადე, რადგანაც ბავშვობაში, ნამდვილად არ მყავდა მეგობრები. ამ და სხვა მიზეზების გამო მე თავს ძალიან შინაურულად ვგრძნობ იმ „სხვა“ საზოგადოებაში. მთავარია ერთმანეთთან საურთიერთო ენა – ქართული გვესმოდეს, როდესაც ვცხოვრობთ საქართველოში და ერთმანეთთან სალაპარაკოდ არ გვჭირდებოდეს თარჯიმანი.

 

კარგია, რომ ეს ახალგაზრდა თაობას კარგად ესმის და ეწაფებიან ქართულის შესწავლას, მის სრულყოფას და ერთად ვეზიდებით იმ ტვირთს, რომელსაც ხვალინდელისათვის ზრუნვა ჰქვია, ჩვენი სადღეისო საქმიანობით.

 

სამომავლო პროექტებია განსახორციელებელი. ამგვარი ათამდე პროექტია. თუნდაც ადამიანების შეწუხება მომიხდეს, უნდა განვახორციელო. მთავარია მოვიძიო დამფინანსებლები. გეგმაში მაქვს, რა თქმა უნდა, დისერტაციის დაცვაც, ასვე ვმუშაობ ერთ რომანსა და ერთ სცენარზე.

 

გამიძნელდება ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა, ნადვილად არ ვიცი, ჯერ მეოთხე წელია რაც აქ ვარ, შემიძლია მხოლოდ ის ვთქვა, რომ გარკვეულ ეტაპამდე აქ უნდა ვიყო.

 

 

–  თბილისში, მამასთანაც ჩადიხართ ხოლმე, ანდა სადოქტოროზე სწავლის პერიოდში…  თქვენი ოჯახი არ ვიცი, გაქვთ თუ არა…   მამა ირაკლი შენგელაია ცნობილია ეროვნული მოძრაობიდან… როგორ არის ახლა, რას მოღვაწეობს?

 

– დაუოჯახებელი ვარ, ბაბუამ იცოდა ხოლმე ჩემზე ღიღინით თქმა – „არხეინია ცხოვრება, დავეხეტებით ცალადა“ . მამაჩემი, ირაკლი შენგელაია, პენსიაზეა, სახლშია და წერს სტატიებს, ასევე მუშაობს რომანზე.

 

– ჰობი…

 

– ტყეში ხეტიალი, მუსიკის მოსმენა…

 

–  რას ისურვებდით?

 

– რომ ვიყო ჩემი ოჯახის ღირსეული მემკვიდრე და გამგრძელებელი და, რა თქმა უნდა, შევძლო ჩემი პროექტების განხორციელება.

 

 

ავტორი: თამარ შაიშმელაშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი