logo_geo
მაკა რაზმაძე: ომში, ექსტრემალურ სიტუაციაში, პომადას ვისვამდი
- +

28 აგვისტო. 2018. 23:27

 

 

ტელეწამყვან და ჟურნალისტ მაკა რაზმაძის გადაცემა „პრიორიტეტი“ ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში დაიხურა. მაკა ამჟამად კამერებს მიღმა დარჩა, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ტელეეკრანზე სულ მალე ისევ გამოჩნდება. ზაფხულის პერიოდი მისთვის საკმაოდ ცუდ მოგონებებთან ასოცირდება. ხოლო, რის გამო ვერ შეძლო მან პირადი ცხოვრების აწყობა, რას ნანობს ყველაზე მეტად და როგორ შემორჩა მის სხეულს ომის ნაკვალევი, ამაზე თავად მოგიყვებათ.


ზაფხულის პერიოდი დადებით ემოციებთან, კარგ განწყობასთან ასოცირდება, თუმცა, შენს შემთხვევაში პირიქითაა, ის შენში ცუდ მოგონებებს აღძრავს და ნეგატიურ მოვლენებთანაა დაკავშირებული. ხომ არ ვცდები?


– მართალია, ყოველი ზაფხულის მოსვლა ჩემში ცუდ მოგონებებს აღძრავს. 14 აგვისტო, ომის დაწყება და ჩემი, ერთადერთი ძმის, გიორგის გარდაცვალება... ჩემი ძმა 3 ივლისს წავიდა ომში და 6 ივლისს დაიღუპა. ყოველთვის მიჭირს ამ თემაზე საუბარი. მისი სიკვდილით ჩემთვის სამყარო ამოტრიალდა და სანამ ცოცხალი ვარ, ეს ჩემი ყველაზე დიდი ტკივილი იქნება. მისი ამქვეყნიდან წასვლით ჩემთვის ყველაფერი დასრულდა. იმ წუთიდან, როცა მისი გარდაცვალება გავიგე, ჩემი ცხოვრებაც დასრულდა. მამაც, სრულიად ჯანმრთელი, მის სიკვდილს რამდენიმე თვეში გადაყვა. სხვათა შორის, სანამ გიორგის გარდაცვალებას გავიგებდი, იმ ღამით სიზმარი ვნახე, წინა კბილი მომძვრა და ძალიან მეტკინა. შეშფოთებულმა გავიღვიძე, საწოლზე წამოვჯექი და ზუსტად ვიცოდი, რაღაც ცუდი უნდა გამეგო, დიდი უბედურება. შინაგანად ვიგრძენი გიორგის გარდაცვალება და რამდენიმე წუთში გავიგე კიდეც. 18 წლის იყო. ომში ისე გაიპარა, მანამდე იარაღიც კი არ სჭერია ხელში. მე გმირი ბიჭის და ვარ და მიმაჩნია, ყველა გმირია, ვინც აფხაზეთის ომი გამოიარა, დაიღუპა, დაიჭრა ან ცოცხალი გადარჩა. გიორგიმ სიკვდილის შემდეგ მიიღო „გორგასლის ორდენი“, ის გმირია, საამაყოა, თუმცა, ჩემ გვერდით აღარ არის. 


აფხაზეთის ომში შენც იყავი და ამბობენ, სასწაულებრივად გადაურჩი სიკვდილს. თუმცა, არც შენ გჭერია იარაღი. აცნობიერებდი, რომ შეიძლებოდა, ტყვიის მსხვერპლი შენც გამხდარიყავი?


– დიახ, როგორც ჟურნალისტი, მეც ვიყავი აფხაზეთის ომში და ეს ჩემი ვალი იყო. თუმცა, არც მე მჭერია იარაღი, კამერა და მიკროფონი იყო ჩემი იარაღი. ყოფილა შემთხვევა, ჩემ გვერდით მყოფი გასულა და აღარ დაბრუნებულა. მერე გაგვიგია, რომ ტყვია მოხვდა და დაიღუპა. ეს ძალიან რთული გადასატანია, ფსიქიკაზე მოქმედებს და ტვინში ილექება. მაგრამ, როცა ხელში კამერა გიჭირავს და ამით იბრძვი, არ გეშინია, მიუხედავად იმისა, რომ ხედავ, ტყვია მოდის და მის ზუზუნს ყურთან გრძნობ. თუმცა იყო მომენტები, როცა ექსტრემალური სიტუაცია იქმნებოდა და ამ დროს მე ვიღებდი სარკეს და პომადის წასმას ვიწყებდი.


ომში სარკე და პომადა რად გინდოდა?


– ვფიქრობდი, თუ მოვკვდი, რომ მიპოვიან, ლამაზი ხომ უნდა ვიყო-მეთქი. ბევრჯერ ჩავხედე სიკვდილს თვალებში, დავიჭერი კიდეც და ჩემს ხერხემალზე ახლაც არის გამავალი ტყვიის „შრამი“. 


ესე იგი, ნატყვიარი შენს სხეულს ახლაც ამჩნევია?


– კი, ასეა. ჩემს სხეულს ორი ნატყვიარი ამჩნევია. სიკვდილს გადავურჩი და ეს „შრამი“ ომის ნაკვალევად დამრჩა. 


თქვი, არასდროს მჭერია იარაღი ხელშიო. აბა, ყველას მხედრიონელი რატომ ჰგონიხარ?


– ვინც ამბობს, მაკა მხედრიონელიაო, ზუსტად იცის, რომ ეს ასე არ არის. არ ვიცი, რატომ გამივრცელეს ეს ჭორი. ჯაბა იოსელიანი ინსტიტუტში ჩემი პედაგოგი გახლდათ და მას იქიდან ვიცნობდი. მისი დაც ჩემი ლექტორი იყო, ქალბატონი ლილი იოსელიანი და მათ ოჯახთან ახლოს ვიყავი. დავიღალე იმის მტკიცებით, რომ მხედრიონელი არ ვარ და ხელში იარაღი არასდროს მჭერია.  ახლა აღარც ვამტკიცებ. ვინც ამას იგონებს, ძალიან კარგად იცის, რომ სინამდვილეში, ეს ასე არ არის. სხვათა შორის, ჭორის ობიექტი იშვიათად ვარ, რადგან ისეთი ცხოვრება არ მქონია, ჩემზე ეჭორავათ.


საკმაოდ რთული გზა გამოიარე, მთელი ახალგაზრდობა კამერით ხელში აფხაზეთის, სამაჩაბლოს, სამოქალაქო ომებში გაატარე. აქტიური ჟურნალისტი იყავი, მუდმივად პოლიტიკურ პროცესებში ჩართული. ფიქრობ, რომ ამ ყველაფერმა შენი პირადი ცხოვრება შეიწირა?


– სხვათა შორის, იმდენად ვიყავი  საქმეში ჩართული, იმის აღქმა და გააზრება, რომ წარმატებული ვიყავი, ვერც კი მოვასწარი. როცა აქტიურად ვჩანდი ეკრანზე და ქუჩაში ადამიანები მაკვირდებოდნენ, ვფიქრობდი, ალბათ ნაცნობია-მეთქი. ვერ აღვიქვამდი, რომ ეს ჩემი წარმატებული კარიერის ნიშანი იყო, მოგვიანებით გავაცნობიერე. რაც შეეხება პირად ცხოვრებას, რაც მე მჭირს, ვერაფერს და ვერავის გადავაბრალებ. ჩემი პირადი არაფერს შეუწირია, უბრალოდ, მე ვარ ასეთი ტიპი, რომ სხვა რამეს გადავაკალი თავი და რაც ქალისთვის მთავარია – ოჯახის შექმნა, სამწუხაროდ, გამომეპარა. ახლა რომ შემეძლოს დროის დაბრუნება, პირველ რიგში, აქეთ-იქით მიმოვიხედავდი, დავინახავდი ჩემს მეორე ნახევარს და ოჯახს შევქმნიდი. სულ მამაკაცების გარემოცვაში ვიყავი, თუმცა ისეთი მენტალიტეტი მქონდა, რომ ისინი ჩემი მეგობრები იყვნენ და მათ არ უნდა გავპრანჭვოდი. მთელი ცხოვრება ვფიქრობდი, რომ ქალმა ერთხელ უნდა შექმნა ოჯახი და როცა ის ერთი გამოჩნდება, ამას მიხვდები.

 
თუმცა, იყო შენს ცხოვრებაში სიყვარული. ხომ გამოჩნდა ის ერთი? 


–  ნეტავ არ გამოჩენილიყო. ამ თემაზე საუბარს ვერიდები, არ მინდა. მანამდეც, მეცხრე კლასში ვიყავი, რომ მომიტაცეს და ერთ საათში, უკან გამოვიქეცი. ერთ-ერთ გადაცემაში ვთქვი, 43 წლის ასაკში მქონდა საყვარელ მამაკაცთან პირველი სექსუალური ურთიერთობა-მეთქი და ამაზე ქილიკი დაიწყეს. მერე კი, ვიფიქრე, ეს რამ მათქმევინა-მეთქი. არ მიყვარს პირად თემებზე საუბარი. მე ისეთი თაობის წარმომადგენელი ვარ, ვისთვისაც ეს მისაღები იყო, ახლაც არ უკვირთ. თუმცა, ამ თაობისთვის შოკის მომგვრელი და არქაულია. 


წარმატებული, პოპულარული გოგო იყავი, ტელეეკრანზე ჩანდი, ყველა გცნობდა. ალბათ, ბევრი თაყვანისმცემელი ბიჭიც გყავდა და საჩუქრებითაც განებივრებდნენ. ხომ არ ვცდები?


– რა თქმა უნდა, იყვნენ თაყვანისმცემლები და მათ შორის, დღეს საკმაოდ ცნობადი ადამიანები. არ დამავიწყდება, ვიღაც ყოველდღე ფერად ვარდებს მიგზავნიდა, ერთი მოდიოდა და მინდვრის ყვავილები მოჰქონდა. ეს, რასაკვირველია, რომანტიკულია, მაგრამ როცა არ გიყვარს, ეს რომანტიკაც კარგავს ფასს. მოკლედ, გათამამებული ვიყავი მამაკაცების ყურადღებით, მაგრამ, ალბათ, სადღაც მეც დავუშვი შეცდომა და დღეს ჩემს გვერდით საყვარელი მამაკაცი არ დგას. 


როგორ იწყება შენი დილა მას შემდეგ, რაც გადაცემა „პრიორიტეტი“ დაიხურა და საყვარელ საქმეს ჩამოშორდი? მართალია, რომ გადაცემის დახურვის შემდეგ, დეპრესია გქონდა?


– მიუხედავად ამდენი ტკივილის, ღალატის, უსიამოვნებებისა, მაინც მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, ვისაც დილით, გათენება უხარია. სხვათა შორის, ფენიქსივით ვარ, აღდგენადი ადამიანი და ეს იმის  ბრალია, რომ ბოღმას გულში არ ვიტოვებ. თუ გული მატკინეს, რამდენიმე დღე ვიკეტები, მარტო ვაანალიზებ სიტუაციას, „გადავხარშავ“ და ერთ კვირაში გამოვდივარ სიტუაციიდან. გადაცემა რომ დაიხურა, დეპრესიაში არ ჩავვარდნილვარ, დეპრესიული ტიპი არ ვარ. უბრალოდ, მთელი ჩემი ძალა, ენერგია ჩავდე მასში და ამაზე მწყდება გული. რასაც ვაკეთებდი, ძალიან მიყვარდა, ვაფასებდი გუნდს, ვისათან ერთადაც ვმუშაობდი და ზუსტად ვიცი, როდესმე გული აუცილებლად დასწყდებათ მათი საქციელის გამო. სულ ვამბობ, ბევრად უკეთესი კარიერა მექნებოდა, ყველაფერი ჩემთვის რომ მნდომოდა, მეგლიჯა სხვებისთვის და ფეხით მეღო კარი. პირიქით, ვინც მიყვარს, იმას ვატარებ წინ. წარმატებულ და რეიტინგულ გადაცემას რომ დაგიხურავენ და ქუჩაში დარჩები, ეს, უბრალოდ, დასჯაა. 


ადამიანი რომ  შეგხედავს, ნაზი და ქალური ხარ. თუმცა, შენს გადაცემებში, რესპონდენტების ისეთი „ბრძოლები“ გამოიარე და ისე დგებოდი მათ შორის, არ გეშინოდა. მგონი, ერთადერთი ქართველი ჟურნალისტი ხარ, რომელმაც ამ კადრებით, მთელი მსოფლიოს წამყვანი ტელეარხები მოიარე, არა?


– რესპონდენტები რომ დაეტაკებოდნენ ერთმანეთს და ატყდებოდა ტყაპა-ტყუპი, შუაში ვდგებოდი და ბევრიც მომხვედრია, თუმცა ესეც ექსტრემია. თან, შუა ჩხუბის დროს, შუაში რომ ვიდექი და ვაშველებდი, ქალური ინსტინქტი მერთვებოდა და თმას ვისწორებდი. რომ მითხრეს, ბრიუს ვილისი აკეთებს შენს პაროდიასო, ვიფიქრე, მეხუმრებიან-მეთქი და აღმოჩნდა, მთელი მსოფლიო, თმას ჩემსავით ისწორებდა.


შენს კარიერულ ცხოვრებაში არის სიახლეები? გავიგე, კვლავ აპირებ ტელეეკრანზე გამოჩენას და ეს მართალია?


– დიახ, რამდენიმე შემოთავაზება მქონდა და მოლაპარაკების სტადიაში ვარ. ასე რომ, სულ მალე იმედია, ტელევიზიის ეთერით კვლავ მიხილავთ. 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი