logo_geo
ქეთევან ლაშხი: ბედნიერებაა, ემსახურებოდე საქმეს, რომელიც გიყვარს და იბრძოლო სიცოცხლისთვის
- +

29 აგვისტო. 2018. 00:04

 

 

კედლებზე ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, სასიამოვნო მუსიკა, განათებული სივრცე, კეთილგანწყობილი გარემო, პროფესიონალი ექიმები, საუკეთესო სამედიცინო აპარატურა, ერთადერთი და უნიკალურიც კი. ევროპულ კლინიკებშიც კი ვერ იპოვით ისეთ მძლავრ მატერიალურ-ტექნიკურ ბაზასა და ინტელექტუალურ პოტენციალს, როგორც თავმოყრილია აქ – კლინიკური მედიცინის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტში, რომელსაც თბილისში, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთაც თოდუას კლინიკის სახელით უფრო იცნობენ. ჩვენი ჟურნალი დღეს ამ კლინიკის ერთ-ერთი სტრატეგიული განყოფილების ხელმძღვანელს, ქალბატონ ქეთევან ლაშხს ეწვია. ექიმი-რადიოლოგი, ევროპის რადიოლოგთა ასოციაციის წევრი, საქართველოს სახელმწიფო პრემიისა და მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გრიგოლ მუხაძის  სახელობის პრემიის ლაურეატი, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი აქ ინსტიტუტის დაარსების დღიდან მუშაობს.


ქეთევან ლაშხი: ბედნიერებაა, ემსახურებოდე საქმეს, რომელიც გიყვარს, იბრძოლო სიცოცხლისთვის, იყო გულწრფელი იმ ადამიანების წინაშე, ვისაც შენი სჯერა. თავად კი მუდმივად განვითარდე, ისწავლო რაღაც ახალი. ძალიან გამიმართლა – გამიმართლა, რომ ვარ ისეთი სკოლის წარმომადგენელი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. 


ქალბატონო ქეთევან, თქვენ ერთ-ერთი პირველთაგანი იყავით, ვინც საქართველოში მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიის დანერგვაში იღებდა მონაწილეობას. ამ ინსტიტუტში როგორ მოხვდით?


– მინდა გითხრათ, რადიოლოგობაზე დიდად არ მიოცნებია, სამედიცინო ინსტიტუტში სწავლისას კარდიოლოგია მიტაცებდა და ასეც გადავწყვიტე – კარდიოლოგი გავხდი, მაგრამ ბატონ ფრიდონთან შეხვედრამ ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. 1991 წელს, როდესაც ბატონი ფრიდონი მოსკოვიდან დაბრუნდა და საქართველოში გადაწყვიტა რადიოლოგიის აღორძინება, აქ მხოლოდ ნახევრად გათხრილი საძირკვლისა და ყუთებში შეფუთული კომპიუტერული ტომოგაფის ანაბარა ვიყავით – საოცრად რთულ დროს სამოქალაქო ომისა და საყოველთაო ნგრევით გარშემორტყმულები. არავის სჯეროდა, რომ ამ საქმიდან რამე გამოვიდოდა, მაგრამ დიდმა შრომამ, მონდომებამ და ენთუზიაზმმა თავისი ნაყოფი გამოიღო. დღეს ჩემთვის ეს ინსტიტუტი ცხოვრების ნაწილია, რასაც აქ გატარებული  მრავალი წელი და ძალიან ბევრი აწ წასული მეგობრისა და ოჯახის წევრის სახელი უკავშირდება, მათ შორის მამაჩემის, რომელიც ასევე, იდგა ამ ინსტიტუტის დაარსების სათავეში.   


როგორ აგრძელებს კლინიკური მედიცინის სამეცნიერო კვლევითი ცენტრი  მისი  სულისჩამდგმელის, ბატონი ფრიდონ თოდუას გარეშე მუშაობას?


– ბატონი ფრიდონის ამქვეყნიდან წასვლა უდიდესი შოკი იყო ყველასთვის. სხვა უამრავ ღირსებასთან ერთად მისი ერთ-ერთი მთავარი დამსახურება ის არის, რომ შექმნა ძლიერი კოლექტივი და კარგად გათვალა ყველა მომენტი, მათ შორის ისიც, თუ როგორ გააგრძელებდა ინსტიტუტი მის გარეშე მუშაობას. ბატონმა ფრიდონმა დატოვა ის ადამიანები, რომლებმაც ძალიან კარგად იციან მისი მუშაობის სტილი და მოთხოვნა.  ჩვენ, ვინც მასთან ერთად დავიწყეთ ამ ინსტიტუტში მუშაობა და მისი გამოზრდილები ვართ, მთლიანად გავითავისეთ მისი უმკაცრესი მოთხოვნები, დღემდე ვმუშაობთ საკუთარ თავზე და მუდმივად ძიებისა და შემეცნების  პროცესში ვართ. ბატონი ფრიდონის სიცოცხლეში დაგეგმილი ძალიან ბევრი პროექტი, მისი გარდაცვალების შემდეგ წარმატებით განხორციელდა.


რომელ მნიშვნელოვან პროექტებს გამოყოფთ?


– ახლახან გაეშვა უახლესი, ძვირფასი აპარატი – პეტკატე, რომელიც იკვლევს მთელ ორგანიზმს სხვადასხვა ონკოლოგიური დაავადებების გავრცელების არეალის დასადგენად (არის თუ არა მეტასტაზები, არის თუ არა მკურნალობის ფონზე დარჩენილი რაიმე სიმსივნური წარმონაქმნი, მოხდა თუ არა მისი გავრცელება ძვლებსა და ლიმფურ კვანძებში ან სხვა ორგანოებში). დასაწყისში გვეხმარებიან უცხოელი სპეციალიტები, რომლებიც ჩამოვიდნენ და ჩვენთან ერთად დიდი წარმატებით ატარებენ გამოკვლევებს. ისინი აღფრთოვანებული არიან ჩვენი განყოფილების მუშაობით. 
გარდა ამისა, დაგეგმილია ორი ძალიან დიდი პროექტი, ერთი ეხება მაგნიტურ-რეზონანსულ ტომოგრაფიას – სრულიად ახალი, 2018 წლის, რიგით მეექვსე აპარატი იდგმება. მისი მთავარი ღირსება ახალი,  დახვეწილი და გაუმჯობესებული პროგრამებია, რომლებიც უფრო აზუსტებს სტრუქტურულ ცვლილებებს და მეტად  უახლოვდება  მორფოლოგიურ დიაგნოზს. ხდება სიმსივნური  წარმონაქმნების აღმოჩენა და გავრცელების დადგენა სხვადასხვა, უფრო დახვეწილი და თანამედრივე რეჟიმების  გამოყენებით. დაიდგა  და ფუნქციონირებს 2018 წელს გამოშვებული უფრო სწრაფი და მრავალფუნქციური კომპიუტერული ტომოგრაფი. ეს დიდი პროექტები, კიდევ უფრო გააუმჯობესებს პაციენტთა კვლევისა და მკურნლობის ხარისხს და კიდევ მეტად  დაგვაახლოებს ევროპულ სტანდარტებს.  


რა განსაკუთრებული პირობებია საჭირო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფის გამართული მუშაობისთვის?


– ყველას საყურადღებოდ უნდა ითქვას, რომ მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია  კვლევის ის მეთოდია, რომელიც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აპარატურის გამართულობასა და პროგრამულ უზრუნველყოფაზე. არის სპეციალური სამსახური, რომელმაც ეს პროგრამები უნდა მოიყვანოს წესრიგში და შეუსაბამოს ექიმის მოთხოვნებს, რათა ავადმყოფზე მორგებული კვლევით შედარებით მოკლე დროში მოხდეს მაღალი ხარისხისა და ინფორმატიულობის მიღწევა. ამიტომ, ამ სპეციალისტის არსებობა ყველასთვის აუცილებელია, რადგან მხოლოდ შიშველი აპარატი, მინიმალური პროგრამებით, ინფორმაციის თვალსაზრისით, პრაქტიკულად, ულტრაბგერითი კვლევით მიღებული შედეგების იდენტურია. ჩვენს ინსტიტუტს ჰყავს სპეციალისტი, რომელიც ახლა უკვე სამ თვეში ერთხელ ჩამოდის და ექიმებთან ერთად ასწორებს და ხვეწს კვლევის, ეგრეთ წოდებულ, პროტოკოლს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. 


ქალბატონო ქეთევან, თქვენ, ინსტიტუტში დაარსების დღიდან მოღვაწეობთ, მოწმე ხართ, როგორც გაიზარდა და განვითარდა მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. რას იტყვით, ინტელექტუალურ შემადგენლობაზე – ადამიანებზე, რომლებიც თქვენ გვერდით არიან?


– ჩვენი ინსტიტუტი გამოირჩევა საუკეთესო პროფესიონალებით. მაგნიტო-რეზონანსული განყოფილება დაკომპლექტებულია იმ ადამიანებით, რომლებმაც საქართველოში ამ დარგში მუშაობა ჯერ კიდევ 25 წლის წინ დაიწყეს და საამაყოა, რომ სწორედ ეს სპეციალისტები დარჩნენ ჩვენი ინსტიტუტის ერთგულები და არსად წასულან. ყოველთვის ვცდილობთ, მოვიზიდოთ, შევინარჩუნოთ და განვავითაროთ მონდომებული და საქმისთვის თავდადებული ადამიანები.


ამ ინსტიტუტში აქტიურად მიმდინარეობს სასწავლო პროცესი, აქ ძალიან ბევრი სპეციალისტი ემზადება, რომლებიც დარგის მიმართ ინტერესის გამოჩენის შემთხვევაში, ჩვენი დიდი გუნდის წევრები ხდებიან. ეს ყველასთვის მომგებიანია. ჯერ კიდევ ბატონი ფრიდონის სიცოცხლეშივე ძალიან ბევრი ახალგაზრდა სპეციალისტი დასაქმნდა ჩვენთან და ამაშიც ჩანს, რომ მას ძალიან გონივრული და  გათვლილი ნაბიჯები ჰქონდა. 
ინოვაცია, პროფესიონალიზმი და ხარისხი – ეს არის ის სამი ძირითადი კომპონენტი, რომლებიც დღიდან დაარსებისა, განაპირობებს კლინიკის უპირობო ლიდერობას საქართველოს სამედიცინო ბაზარზე. გამიმართლა, რომ ვარ ისეთი სკოლის წარმომადგენელი, რომელსაც ანალოგი არ აქვს. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ინსტიტუტი მხოლოდ საუკეთესო პროფესიონალებით არის დაკომპლექტებული და ნამდვილად დიდი სიამოვნება და სიამაყეა – გქონდეს ამბიცია, იყო ერთ-ერთი საუკეთესოთა შორის, მუდმივად იდგე თანამედროვე მოთხოვნათა სიმაღლეზე და ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ ამ ადამიანებსაც ეამაყებოდეთ შენ გვერდით დგომა! 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი