logo_geo
პაატა გულიაშვილი: ჩვენთან ვარსკვლავობა გოიმების მოგონილია
- +

3 სექტემბერი. 2018. 21:43

 

 

ინტერვიუ ყველაფერზე - ასე უწოდა მსახიობმა პაატა გულიაშვილმა ­ ჩვენს საუბარს. მართლაც ბევრ თემას შევეხეთ. მსახიობის კარიერაზეც ვისაუბრეთ და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზეც. ვფიქრობ, გულახდილი და არცთუ ურიგო საუბარი გამოგვივიდა.

 

- ბავშვობიდან მსახიობობის გარდა­ არაფერზე მიოცნებია. ფაქტობრივად, თელავის თეატრში გავიზარდე.

 

- იმ თეატრში, რომლის ხელმძღვანელიც­ დღეს ხართ.

 

- დიახ. ასე გამოვიდა. ასე დატრიალდა­ ბედის ბორბალი.

 

- წარმატებისთვის ნიჭია საჭიროთუ იღბალი?

 

- ყველა საქმეს სჭირდება ნიჭიერ­ებაც, იღბალიც. და დავამატებდი - ნაცნობობაც. ამა თუ იმ საქმეში "პატრონის" წყალობით მოხვედრილი ადამიანი შეიძლება იყოს­ უნიჭო ნიჭიერი, უიღბლო იღბლიანი... მაგრამ შრომა უმთავრესია! საბოლოოდ გამოჩნდება, ვინ რისი გამკეთებელია. ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანი არ დაიკარგება. ჩემს პროფესიაზე გეტყვით - ბედისწერა­ და იღბალი ჩვენს საქმეში მნიშვნელოვანია, მაგრამ ნიჭი თუ არ გაქვს... იმის თქმა მინდა, რომ საჭიროა "კეთილი თვალი". რეჟისორზეც ბევრია დამოკიდებული - უნდა დაგინახოს, შეგამჩნიოს, რომ ასპარეზზე გამოხვიდე. ასე რომ, ყველაფერი ერთად - ბედისწერა, იღბალი, "პატრონი", ნიჭი... მე აქამდე მოსასვლელად არც ერთი შანსი არ გავუშვი გამოუყენებელი, თუმცა­ თავს წარმატებულად თუ ვარსკვლავად არ მივიჩნევ. ჩვენთან ვარსკვლავობა ვიღაც გოიმების მოგონილი ფრაზაა. ვიცი, ვარსკვლავები რა თანხასაც გამოიმუშავებენ და როგორც ცხოვრობენ... ჩვენ კი მხოლოდ ხალხის სიყვარული გვაქვს.

 

- შრომის გარეშე თუ მიგიღწევიათ წარმატებისთვის? ან იქნებ ლატარია მოგიგიათ?

 

- არა, რა ლატარია, ვინ მომცა მაგის­ ბედი... ერთადერთი ამბავი მახსენდება:­ იყო ერთი სამშენებლო კომპანია, რომელმაც "მზის დარტყმის" ფინალური გადაცემის შემდეგ მშენებარე ბინა მაჩუქა, თუმცა მშენებლობა დღემდე არ დამთავრებულა - აი, ასეთი იღბლიანი ვარ...

 

კომპანიის ხელმძღვანელმა უხერხულად იგრძნო თავი და რაღაც თანხა მომცა, ბინა ვიგირავე­ და 4-5 წელი ვცხოვრობდი... საშინელი პერიოდებიც მახსოვს. ჩემთვის ლანგრით არაფერი მოურთმევიათ.

 

- გარდა თელავის თეატრისა, სად საქმიანობთ?

 

- მაქვს ჩემი პროგრამა - ემიგრა­ნტებისთვის­ ვაწყობ ღონისძიებებს ლექსებ­ით,­­ ანეკდოტებითა და სიმღერებით... ბედი მწყალობს - ბილეთები იყიდება, მაყურებელი მოდის, რაც ჩემი შემოსავლის ერთ-ერთი წყაროა. რუსთაველის თეატრში "თეთრი ბაირაღები"­ 50 წლის შემდეგ უნდა აღადგინოს რობერტ სტურუამ და მე ტიგრან გულოიანს ვთამაშობ. ნოემბრის ბოლოს იქნება პრემიერა... ერთმა გემრიელმა გურჯაანელმა კაცმა ჩემი სახელობის ღვინო ჩამოასხა და ბაზარზ­ე გავიდა ღვინო "პაატა გულიაშვილი". მესივით "არ გავიყიდე", მაგრამ მაინც სასიამოვნო შეგრძნებაა.

 

- რაში გეხმარებათ პოპულარობა და რაში გიშლით ხელს?

 

- პოპულარობას ჩემთვის არასოდეს შეუშლია ხელი. ძილშიც და ცხადშიც, ჩემი ოცნება იყო, ხალხს შევყვარებოდი. როგორ შეიძლება, პოპულარობამ ხელი შემიშალოს, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ რესტორანში ნასვამი ქართველი მოვა და ერთის მაგივრად ათ სიმღერას გამღერებს...

 

ზოგჯერ პატრულსაც დაუხუჭავს თვალი, თუმცა წესების დამრღვევი მძღოლი არ ვარ, ხანდახან მხოლოდ ცოტა სიჩქარეს ვაჭარბებ. ამას წინათ მე და ჩემი შვილი პროდუ­ქტს ვყიდულობდით და ერთმა კარგმა ადამიანმა­ ფული გადაგვიხადა.­ ჩემს შვილს გაუკვირდა, რატომ მოიქცა ასეო. შენ თუ ცნობილი ფეხბურთელი გამოხვალ, მაშინ გაიგებ რატომაც-მეთქი. ასეთი ამბები ალამაზებს ჩემს ცხოვრებას. შეძლებისდაგვარად მეც ვეხმარები ხალხს. უნდა გვიყვარდეს ერთმანეთი. უკვე ყელშია ამოსული ამდენი პოლიტიკა და ბოღმის ფრქვევა.

 

- პოლიტიკა ახსენეთ... ბევრმა ხალხის სიყვარული და პოპულარობა პოლიტიკაში მოსასვლელად შესანიშნავად გამოიყენა. თქვენთვის თუ შემოუთავაზებიათ ასეთ რამ?

 

- როგორ არა, მაგრამ არ ვერევი პოლიტიკაში, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ საჯარო სამსახურის წარმომადგენელი ვარ და თავისთავად ჩამოკიდებული რომელიღაც პოლიტიკურ ყლორტზე - სამინისტროებთან მაქვს ურთიერთობა... თუკი ოდესმე მოვალ პოლიტიკაში, არავის დავპირდები იმას, რისი გაკეთებაც არ შემეძლება... ამ ეტაპზე პოლიტიკისგან შორს ვარ, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ.

 

- საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ფავორიტი თუ გყავთ?

 

- დასახელებულთაგან რამდენიმეს კატეგორიულად არ ვემხრობი. ვნახოთ საბოლოო სია და არჩევანსაც მერე გავაკეთებ.

 

- მარიხუანის საკითხსაც შევეხოთ...

 

- დეკრიმინალიზაციას არ ვემხრობი, მაგრამ ამისთვის ადამიანი ციხეში არ უნდა მიდიოდეს. სხვანაირად უნდა დასაჯონ მომხმარებელი. შრომითაც ხომ ხდება­ დანაშაულის გამოსყიდვა - დაასუფთავებინონ, დაალაგებინონ... რა ვიცი... უნდა გახსნან სარეაბილიტაციო ცენტრებიც.

 

მე მთელი ბავშვობა ვაკეთებდი მაგ ამბ­ავს... საშინელებაა... ქართველი კაცი ჯერ მთვრალი მითხარი და მერე - დაბოლილი... ჰოლანდიაზე რომ ამბობენ, ლეგალიზაციის შემდეგ იყო "ვააუ" და მერე ჩაცხრაო... ეს "ვააუ" დაგვღუპავს ჩვენ! ისედაც გადაშენების გზაზე ვართ!..

 

- აგვისტოს ომის შემდეგ საზოგადოების ნაწილი მძაფრად რეაგირებს ხელოვანების რუსეთში გასტროლებზე. თქვენ რას ფიქრობთ?

 

- რუსეთი ოკუპანტია! რაც შეეხება გასტროლებს, შეიძლება ჩემი აზრი მქონდეს, მაგრამ არავის განვსჯი...

 

ერთ ანეკდოტს მოგიყვებით: კარენ, რატომ არ გამოგყვა ასმიკა ცოლად? - ეკითხება სამველა მეზობელს. ღარიბი ხარო, - პასუხობს გულმოკლული. მერე ვერ უთხარი, რომ ერევანში მილიონერი ბიძა გყამს და იმის ერთადერთი მემკვიდრე ხარ, - გულშემატკივრობს­ სამველა. ვუთხარი და ახლა ასმიკა ჩემი ბიცოლაა...

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი