logo_geo
„არ წახვიდე, არ დამტოვო...“ - როგორ არის და სად მოღვაწეობს პოპულარული სიმღერის ავტორ-შემსრულებელი
- +

15 სექტემბერი. 2018. 15:08

 

 

ცნობილი შარჟის შემდეგ სიმღერა „არ წახვიდე“ სოციალური ქსელის ყველა მომხმარებელმა ზეპირად ისწავლა. მისი ავტორ-შემსრულებელი გოგიტა გოგიძე ამბობს, რომ სიმღერას არც მანამდე აკლდა რეიტინგი. თუმცა ფაქტია, რომ 8 მილიონი ნახვა youtube-ზე 3 მილიონით სწორედ სოციალურ ქსელში გავრცელებული შარჟის შემდეგ გაიზარდა.

 

გოგიტა ამერიკაში ცხოვრობს. ამბობს რომ საქართველოში ვერ დააფასეს და კარიერის მწვერვალების დაპყრობას ახლა უცხო ქვეყანაში ცდილობს.

 

– გოგიტა თქვენს შესახებ მიამბეთ. სიმღერა თქვენი ძირითადი პროფესიაა?

 

– კი, ასეა. ჩემი პირველი სასცენო ნათლობა 85 წელს შედგა სურამში, ერთ-ერთ სარაიონო ღონისძიებაზე და მის მერე ამ სფეროში ვარ. დავამთავრე მუსიკალური ათწლედი, გორის მუსიკალური სასწავლებელი, კონსერვატორია ვოკალის განხრით და პედაგოგიურ უნივერსიტეტში ვმუშაობდი ხარისხზე მუსიკალური აღზრდის პრობლემები ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში. ასე რომ, ჩემი განთლებისა და მოღვაწეობის ხაზი ერთად, სინქრონულად მოდიოდა.

 

– როგორ მოხდა, რომ აქამდე საქართველოში, როგორც მომღერალს არ გიცნობდით?

 

– მეც ეს მიკვირს. გიამბობთ ჩემს მუსიკალურ გზას და გზადაგზა ძალიან ბევრი ნაცნობი თემა შეგხვდებათ… ვთანამშრომლობდი მხიარულთა და საზრიანთა გუნდებთან, რეჟისურის თვალსაზრისით. ჩემი პირველი სიმღერა იყო „ღამე მე და შენ“. გემახსოვრებათ ეს კლიპი. ალბომიც გამოვუშვი ამ სახელწოდებით. ეს კლიპი აქტიურად ტრიალებდა მაშინ „პირველ სტერეოზე“. პრაქტიკულად ყველამ იცის ეს სიმღერა, მაგრამ არავინ იცის რომ მე შევქმენი და მევე ვასრულებ. შემდეგ ასპარეზზე გაჩნდა რადიო „არ დაიდარდო“, რომელთანაც გახსნის დღიდან ვთანამშრომლობდი. დღესაც ჩემი 15 სიმღერა ტრიალებს ამ რადიოზე. მათ შორის არის „გამიფერადე“. ამ სიმღერაზეც ძალიან კარგი კლიპი გადავიღეთ. დაახლოვებით 150 ადამიანი მონაწილეობს ამ კლიპში. პრაქტიკულად მუსიკალური ფილმის სახე აქვს. ყველა ტელევიზიას შევთავაზეთ, მაგრამ არცერთ თოქშოუში არ მოხდა ამ კლიპის გაშუქება.

 

– რა მიზეზით გითხრეს უარი?

 

– სკანდალი არ არისო, მეუბნებოდნენ პროდიუსერები. თუმცა ძალიან აქტიურად ტრიალებს ეს კლიპი დღემდე ისრაელის ტელევიზიაში… ჩემი სიმღერაა აგრეთვე, ჩემი და თაკო მელიქიშვილის დუეტი – „დაგინახე, ვერ მოგწყვიტე თვალია“, „ჩაგეხუტები“, „ჩემთვის ერთადერთი იქნები“ და ა. შ.

 

– დიდი ხანია ამერიკაში ცხოვრობთ?

 

– მეცხრე თვეა. დეკემბერში წამოვედი საქართველოდან. მანამდე 12 წელი რესტორან „ბაბილოში“ ვმღეროდი. ჩემ სიმღერებს მილიონობით ნახვები აქვს. მიუხედავად ამ ყველაფრისა, არ ვიყავი დაფასებული, პოპულარული. ადამიანის ცხოვრებაში დგება მომენტი როცა გინდა, რომ ამ ყველაფრის შემოქმედს გიცნობდნენ.

 

– თუ საქართველოში ვერ გაგიცნოთ ხალხმა, ამერიკაში როგორ წარმოგედგინათ პოპულარობა?

 

– ამერიკაში უფრო ადვილია შენი საყვარელი საქმით შედეგის მიღება, თუ პროფესიონალი ხარ. წამოვედი თუ არა ცნობილი გავხდი…

 

– ალბათ ქართველი ემიგრანტებისთვის…

 

– დიახ. ემიგრანტები თითქმის ყველა ქვეყანაში მიცნობენ. ჰოლანდიაშიც გახლდით კონცერტებით…

 

– „არ წახვიდე, არ დამტოვო…“, – ამ სიმღერამ ფაქტიურად პოპულარობის პიკს მიაღწია იმ ცნობილი შარჟის შემდეგ…

 

– ამ სიმღერის პრემიერა ჩემ დაბადების დღეზე, 10 ნოემბერს საქართველოდან წამოსვლამდე გავაკეთე. მინდა გითხრათ, რომ შარჟამდე ამ სიმღერას 8 მილონი ნახვა ჰქონდა. ასე რომ, მთლად შარჟს ნუ დავაბრალებთ ამ სიმღერის პოპულარობას.

 

– თქვენ რა რეაქცია გქონდათ ამ შარჟებზე?

 

– ნორმალური. მშვენიერი პიარია. ამის მერე დამირეკა „ვანოს შოუმ“, „სარკემ“, „ნანუკას შოუმ“, აგერ თქვენ მირეკავთ.

 

– მიხრია რომ მე პირველი მოვუყვები ჩემს მკითხველს თქვენ ამბავს… გულსატკენია ასეთი გზით რომ გაგიცნოთ ხალხმა?

 

– არა, რას ამბობთ, პირიქით, ჩვეულებრივი პიარია. ქსელური გახდა ჩემი სიმღერა, ვირუსივით გავრცელა და მოედო მთელ ქალაქს. ის კი არა, იდეაც მომივიდა, ამ სიმღერაზე კლიპს რომ გადავიღებ, ამ ფრაზით დავიწყო, – ვინმე უცხოელს ვათქმევინებ – როგორ ხარ?

 

– გოგიტა, ვინმე კონკრეტულს ეძღვნება ეს სიმღერა?

 

– კონკრეტული პერსონა, სიმღერის ადრესატი არ არსებობს. უბრალოდ მსგავსი განცდები ბევრია ჩემ გარშემო, გლობალურ ჭრილში განვიხილე ეს საკითხი და აღმოჩნდა, რომ ბევრის სათქმელი ვთქვი. ჩემთანაც იყო ალბათ მსგავსი განცდები, მაგრამ უფრო ადრე… ამერიკაში ჩამოსვლიდან 3 თვეში სოლო კონცერტი გავაკეთე ამერიკაში. აქვე უნდა ვთქვა, რომ უამრავი პოზიტიური სიმღერები მაქვს დაწერილი, ბედნიერ წყვილზე, უსასრულო სიყვარულზე, მაგრამ ყველა სიმღერა, რომელიც გაჰიტდა სევდიანი და ნოსტალგიურია რატომღაც.

 

– საქართველოზე არ წერთ? არ გენატრებათ სამშობლო?

 

– როგორ უნდა მომენატროს, ხომ გითხარით, გულნატკენი წამოვედი. თუმცა საქართველოსთან დაკავშირებით ერთი დიდ პროექტს ვამზადებ. ჩემი მეგობარი კომპოზიტორი, ცირა ბზიშვილი მეხმარება, მაგრამ ჯერ დეტალებს ვერ გაგიმხელთ.

 

– რა ჰქვია ჟანრს რომელშიც თქვენ მღერით?

 

– პირობითად შანსონი, რომელსაც ყველაზე მეტი მსმენელი ჰყავს მსოფლიოში. ჩემ სიმღერებში სიმარტივეა, ტექსტშიც და მუსიკაშიც და ამიტომაც შეიყვარა ხალხმა.

 

– ოჯახი გყავთ?

 

– ქორწინებაში ვარ 27 წელია. ჩემი მეუღლე ხათუნა ზვიადაძე გახლავთ. ორი ბიჭი და უმცროსი გოგონა გვყავს. უფროსი, მიშო ფოტოდიზაინერია. აქ მყავს, ახლა მანჰეტენზე „მოდის კვირეულების“ ბუმია და ორ კომპანიასთან თანამშრომლობს. გიორგი 20 წლის არის, „შავი ზღვის უნივერსიტეტში“ სწავლობს საერთაშორისო ურთიერთობებზე. ნატოს სტუდენტურ სამიტზე იყო ახლახანს, ეს მისი მეხუთე სამიტია. განსაკუთრებული პერსონაა მთელი ოჯახისთვის. გოგონა 6 წლის არის და დედასთან ერთად თბილისშია. მალე ჩამოვლენ ჩემთან ყველანი.

 

– ოჯახის წაყვანასაც აპირებთ?

 

– კი. ექსტრაორდინარის სტატუსისთვის ვიბრძოდი და მაღიარა საელჩომ. ახლა უფლება მაქვს ჩემი ოჯახის წევრებიც ჩამოვიყვანო.

 

– ექსტრაორდინარის სტატუსი რას ნიშნავს?

 

– ექსტრაორდინარი ნიშნავს განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვებულ ადამიანს. გული მწყდება რომ, საქართველოში არ მაღიარეს და ამერიკამ მაღიარა.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი