logo_geo
ზურაბ ბიგვავა: მებრალება სააკაშვილი, რადგან...
- +

11 იანვარი. 2017. 15:19


 


სოციოლოგი ზურაბ ბიგვავა მიიჩნევს, რომ „ნაციონალური მოძრაობის" ორად გაყოფის შემდგომ, მხარდამჭერთა რიცხვი ბოკერია-ბაქრაძის ფრთას უფრო მოაკლდება, ვიდრე ექსპრეზიდენტ სააკაშვილის გუნდს.


მისი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ბოკერიას გუნდი ინტელექტუალურ ელიტად მიიჩნევა, ამომრჩეველი არჩევანს მაინც სააკაშვილზე გააკეთებს, როგორც პარტიის ლიდერსა და ქარიზმატულ მმართველზე. ბიგვავა იმასაც ამბობს, რომ შესაძლოა ბოკერიას ჯგუფმა პოლიტიკა შეცვალოს და ეს ახალი ძალების მოსაზიდად გამოიყენოს.


„ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე მოვლენებსა და პერსპექტივაში მოსალოდნელ შედეგებზე „რეზონანსი" ზურაბ ბიგვავას ესაუბრა.

 

- უკანასნელ დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ "ნაციონალური მოძრაობა" უახლოეს დღეებში ორად გაიყოფა. თქვენი შეფასებით, რომელ ფრთას ექნება საზოგადოების უფრო მეტი მხარდაჭერა და როგორ გადანაწილდება მათი ელექტორატი?


- პრინციპში, ის ნაწილი, რომელსაც ბოკერია-ბაქრაძის ფრთას უწოდებენ, ყველაზე კრეატიულ, განათლებულ და მოაზროვნე ჯგუფად მიიჩნევა და ამიტომაცაა, რომ მათ „ნაციონალური მოძრაობის" ელიტას ეძახდნენ. გასაკვირი არაა, რომ მათ იდეოლოგიურად მდგრად და ჩამოყალიბებულ ადამიანებად მოიაზრებენ. პრაქტიკულად, ეს ჯგუფი იყო პარტიის ლიდერთა ნაწილი და ამის მიზეზზე უკვე გესაუბრეთ.


თუკი ეს ადამიანები ცალკე გამოვლენ, რეალურად მათი მხარდამჭერები შესაძლოა შემცირდეს კიდეც, რადგან ისინი „ნაცმოძრაობასთან" ერთად წარმოადგენდნენ ელიტას. 500 ათას ამომრჩეველზე აპელირებისას არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ის ხალხია, რომელიც მათ მხარდამჭერებად სულაც არ მიიჩნევიან, არამედ მიიჩნევიან მიშა სააკაშვილის ამომრჩევლებად, როგორც პარტიის მამისა და ლიდერისა.


თავის დროზე დიდ ლიდერებს ყველა ასე უყურებდა და მათ შორის, შევარდნაძესაც და გამსახურდიასაც. ასეა მიშას შემთხვევაშიც და შესაბამისად, ეს ხალხი იმ ადამიანების მხარდამჭერები უფრო იქნებიან, რომლებიც 7 ათასიან ყრილობას აკეთებენ. მიუხედავად ამ შეფასებისა, დიდი შანსია, რომ ბოკერიას ინტელექტუალური ფრთის გარეშე, ეს ხალხი დაიბნეს კიდევაც.

 

- ახსენეთ, რომ ბოკერიას ფრთა ინტელექტუალებით გამოირჩევა. თქვენი აზრით, ეს ფაქტორი არ იქონიებს გავლენას ახალი მხარდამჭერების მოპოვების თვალსაზისით?


- საერთოდ დიდ ელექტორატში ასეთ ინტელექტუალურ ელიტას ძალიან მცირე ადამიანთა რიცხვი უჭერს მხარს. საზოგადოების დიდი ნაწილი სააკაშვილისნაირ ქარიზმატულ და აგრესიულ ლიდერს ირჩევს და ეს ასე ხდებოდა ყოველთვის. თუმცა შესაძლოა ეს მუხტი გაქრეს კიდეც, ვინაიდან თავად სააკაშვილს აქვს ცუდი პერიოდი და ის ნელ-ნელა ქრება. სიმართლე გითხრათ, ძალიან მებრალება სააკაშვილი, რადგან მას კარგი მომავალი არ უჩანს.


- ასეთ შემთხვევაში რა მოხდება, თუკი სააკაშვილი, როგორც ლიდერი გაქრება? რამდენად მოსალოდნელია მისი მხარდამჭერები მეორე ფრთისკენ გადანაწილდნენ?


- არანაირად, სააკაშვილის მომხრე არასოდეს გახდება ბოკერიას მხარდამჭერი, ისევე როგორც კირკიტაძისა ელენე ხოშტარიასი. მათ სხვადასხვა იდეოლოგია და მენტალობა გააჩნიათ. მათ მომხრეებს შორის არსებითი, იდეოლოგიური განსხვავებაა. ეს ამ მოვლენების მთავარი ფაქტორია და არა მათი საუბარი იმის შესახებ, რომ გარკვეულ საკითხებზე აქვთ აზრთა სხვაობა აქვთ. თუმცა, არაა გამორიცხული ბოკერიას ფრთამ სხვა გზა აირჩიოს და საამისოდ კურსი შეცვალოს.


ამ ლოგიკით რესპუბლიკელებსაც ჰყავდათ ამომჩეველი, მაგრამ ხომ ხედავთ ახლა ოპოზიციაში გადავიდნენ. ესენიც ასე იქნებიან, ეს ორი ნაწილი ღრმა ოპოზიციურ პაექრობაში იქნება, თუმცა ეს ცუდი არაა. შესაძლოა ბოკერია-ბაქრაძის ნაწილმა სააკაშვილის მეთაურობით ჩადენილი შეცდომები გააცნობიეროს და მის კრიტიკაზე აგებით ახალი ძალა მოიზიდოს. საბოლოო ჯამში, ახალი ძალების მიზიდვამ შესაძლოა საკმაოდ ნორმალური ოპოზიციური ძალაც კი შემქნას, რომლის ლიდერიც ბოკერია იქნება. თუმცა, ეს ისევ და ისევ მათზე იქნება დამოკიდებული.

 

- საბოლოოდ, რომელ ძალას ექნება მთავარი ოპოზიციური ძალის ნიშა?


- ვფიქრობ, ორივეს ექნება ოპოზიციური ძალის ნიშა, თუმცა ამას ერთმანეთში ვერ გაიყოფენ. საბოლოოდ კი, მომავალი არჩევნები აჩვენებს, რომელი უფრო მთავარი და წამყვანი ძალაა. არც ისაა გამორიცხული, არც ერთი ძალა არ წავიდეს წინ და ასპარეზზე სულ სხვა მოთამაშე გამოჩნდეს. ასეთ შემთხვევაში "ნაციონალური მოძრაობა" მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს დაკარგავს. ამ გადმოსახედიდან კი როგორც გითხარით, სააკაშვილის მომხრეთა რიცხვი გაცილებით მეტია, იმ ადამიანებისა, რომელთაც მისი მმართველობის დროს უფრო მეტი სიკეთე დაინახა, დასაქმდა და ნეგატივი ვერ შეამჩნია.


 

სალომე სარიშვილი



 

big_banner
არქივი