logo_geo
ზუზუ ბეჟაშვილის მეუღლე: ვნანობ და შევცვლიდი იმას, რომ...
- +

19 სექტემბერი. 2018. 20:56

 

 

ზუზუ ბეჟაშვილის გარდაცვალებამ მთელ საქართველოს დასწყვიტა გული, მაგრამ მის ცხოვრებაში იყო ერთი ადამიანი, ვისაც ზუზუ განსაკუთრებით დააკლდა, ეს მისი მეუღლე თამარ ორაგველიძეა, რომელიც ზუზუს გარდაცვალების დროს სტამბულში იმყოფებოდა. ზუზუსა და თავის სიყვარულის ისტორიას და მასთან დაკავშირებულ ამბებს თამარ ორაგველიძე ჩვენთან იხსენებს.

 

თამარ ორაგველიძე: ორ წელზე მეტია, რაც ერთმანეთი წვეულებაზე, საერთო სამეგობრო წრეში გავიცანით და კარგი მეგობრები ვიყავით. რადგან მე საქართველოში არ ვცხოვრობდი, ამ მეგობრობამ სოციალურ ქსელში გადაინაცვლა. მე პერიოდულად ჩამოვდიოდი და ერთმანეთს ვხვდებოდით. თავიდან იმდენად კარგი მეგობრები ვიყავით, რომ ჩემს პირადსაც ვუყვებოდი. დამინახა და უცებ შევუყვარდი-შემიყვარდა, ასე არ ყოფილა, შემდეგ გავიდა პერიოდი და მივხვდი, რომ ეს არ იყო უბრალოდ მეგობრობა. სიყვარული ისე შემოდის, არ გვეკითხება, თავისით მოვიდა. მისგანაც ანალოგიურად ვიგრძენი და ყოველგვარი სიტყვების გარეშე ორივე მივხვდით, რომ ეს მეგობრობაზე ცოტა მეტი იყო. შემდეგ იყო სიყვარულის ახსნები – მითხრა, მიყვარხარო და მეც ვუთხარი...

 

– ქორწინება როგორ გადაწყვიტეთ?

 

– ქორწინება სპონტანურად გადავწყვიტეთ. რა თქმა უნდა, გეგმაში გვქონდა, მაგრამ იმ დროს, როცა ხელი მოვაწერეთ, ამისთვის არცერთი არ ვიყავით მზად. ხუმრობით მითხრა, ბარემ თბილისში ხარ, რატომ უნდა გადავდოთო და ჰო-მეთქი – მეც ხუმრობაში ავყევი და ეს ხუმრობა სერიოზულში გადავიდა. იუსტიციის სახლში რომ მივედით, აღმოჩნდა, რომ პასპორტი სახლში დამრჩენია. მაგაზე ბევრი ვიცინეთ. ზუზუმ იცოდა, რომ მოწყვეტილი ყვავილი არ მიყვარს და ხელმოწერაზე ყვავილები არ მოუტანია. მეჯვარე დასცინოდა, უყვავილოდ როგორ მოხვედიო. მე კი ზუზს ვიცავდი, აბა, ქოთნით ხომ არ მოვიდოდა-მეთქი. ჩვენს ქორწინებას ჩემი ოჯახის წევრებიც ძალიან კარგად შეხვდნენ, ყველას ძალიან უყვარდა. როცა ვმეგობრობდით, ზუზუს დედა, ქალბატონი ციალა მაშინ გავიცანი, ოფიციალური გაცნობა არ გვქონია.

 

– ასეთი სერიოზული გადაწყვეტილება, როგორიც ქორწინებაა,  ზუზუს თქვენამდე არასდროს მიუღია, რას გეუბნებოდათ, რა მოსწონდა თქვენში განსაკუთრებულად?

 

– გარდა იმისა, რომ გრძნობა გაჩნდა, მეუბნებოდა, რომ ძალიან კარგად გრძნობდა ჩემთან თავს, ძალიან კომფორტულად და თავისუფლად. ამბობდა, რომ განსხვავებული ვიყავი იმ გოგოებისგან, ვინც მის ცხოვრებაში ყოფილა. ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებულები ვიყავით და რაც მე მასში ყველაზე მეტად მომწონდა, ის იყო, რომ როგორ ცუდ ხასიათზეც უნდა ყოფილიყო, იუმორით იყო სავსე, არასდროს კარგავდა იუმორს. იყო უკეთილშობილესი ადამიანი. საოცარი, იშვიათი გვერდით დგომა იცოდა – ეს ყველას არ შეუძლია. შეიძლება, ვიღაც კარგი მეგობარი იყოს, მაგრამ მას კიდევ სხვა თვისება ჰქონდა, შეეძლო, სრულიად უცხო ადამიანისთვის ბოლო თეთრები გაეღო და დახმარებოდა. ძალიან თბილი და ყურადღებიანი იყო. კარგად უნდა გაგეცნო და თუ კარგად გაიცნობდი, არანაირად არ იყო რთული. ზუზუ რაც იყო, ის იყო. შეიძლება, სპონტანური რაღაცები გაეკეთებინა, უცებ სადღაც დავეპატიჟებინე, ძალიან მიყვარს თეატრი და ბევრჯერ გაუკეთებია სიურპრიზი – ისეთ დროს მოუტანია ბილეთი რომ არ ველოდი. ერთად დიდი დროც არ გაგვიტარებია და რაღაცების გახსენება მიჭირს.

 

– რას განიცდიდა ყველაზე მეტად?

 

– ძალიან განიცდიდა თავის შემოქმედებით პაუზას. დღეს ბევრი ნიჭიერი ადამიანია ზუზუს სიტუაციაში, რომელიც თავის საქმეში ვერ იხარჯება. არანორმალურად უყვარდა თავის საქმე. ნიჭიერიც იყო, იცოდა თავისი თავის ფასი. ამას მეც განვიცდიდი. ნამდვილად ნიჭიერი და შრომისმოყვარე ადამიანი იყო, დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა, განსაკუთრებით თავის საქმეში. თუ იტყოდა, იმას შეასრულებდა კიდეც.

 

– რა გეგმები გქონდათ?

 

– ჩემთან, სტამბოლში ჩამოსვლას აპირებდა. ცოტა ხანს იქ ვიქნებოდით. მე სამსახურისთვის თავის დანებებას ვაპირებდი, ასე უცებ ვერ წამოვედი. უცებ სამსახური დატოვო, ადვილი არ არის. თან, საქართველოშიც ძნელია სამსახურის შოვნა. შემდეგი გაზაფხულისთვის კანადისკენ წასვლა გვქონდა დაგეგმილი, შეიძლება, რომელიმე სხვა ქვეყანაში, ეს იყო მხოლოდ ფიქრისა და გეგმის დონეზე, კონკრეტული ნაბიჯები არ დაგვიგეგმავს, რადგან გვინდოდა, რაღაც პერიოდი ჯერ საქართველოში გვეცხოვრა და ერთად ვყოფილიყავით. მას უჭირდა გადაწყვეტილების მიღება წამოსვლაზე, თავისი პროფესიიდან გამომდინარე უნდოდა, საქართველოში დარჩენილიყო. საზღვარს რომ გადახვალ, უკვე არ ხარ ის, ვინც ხარ...

 

– ბოლოს როგორ დაემშვიდობეთ, წინა დღეებში მისთვის ხომ არ შეგიმჩნევიათ, რომ უხასიათოდ იყო ან სხვანაირი?

 

– შემდეგ ვიხსენებდი... წინა ღამეს ჩვეულებრივი სატელეფონო საუბარი გვქონდა. განსხვავებული არაფერი შემიმჩნევია, ცუდ ხასიათზე არ მომჩვენებია, არც ზედმეტად კარგ ხასიათზე. ჩვეულებრივ ვილაპარაკეთ, დღეში რამდენჯერმე ვურეკავდით ერთმანეთს. ხან იტყოდა, მოდი, ყავა დავლიოთო და კამერას ჩავრთავდით. შეგვეძლო, უსაზღვროდ, საათობით გვესაუბრა. ძალიან კარგი მოლაპარაკე იყო. რაიმე ვიგრძენი-მეთქი, ვერ ვიტყვი. წინა ღამეს ჩვეულებირივ საუბარი გვქონდა სამომავლო გეგმებზე. ვეუბნებოდი, სექტემბრისთვის ჩამოდი-მეთქი. თურქეთში ბევრი დასასვენებელი ადგილია და ვარჩევდით, სად წავსულიყავით. ეჭვის დონეზეც არაფერი მიგრძნია. ოჯახური საუბრები გვქონდა, მეტი კონკრეტული არაფერი. იმ საღამოს რომ ვილაპარაკეთ, ღამით გავთიშე ინტერნეტი, რატომ გავთიშე, არ ვიცი, არასდროს არ ვთიშავ. დილით რომ ჩავრთე უკვე მოსული იყო სამძიმრის წერილები. ეს რა საშინელება იყო, გახსენებაც არ მინდა. ბილეთიც ძლივს ვიშოვე. პირველივე რეისზე გადმოვფრინდი. დოლიძეზე მეგობარი ჰყოლია, ჩემთან არასდროს უხსენებია. პირადად შეიძლება, ბევრ მის მეგობარს არ ვიცნობ, მაგრამ ახლო სამეგობრო გადმოცემით მაინც ვიცი. წარმოდგენა არ მაქვს იქ ვინ იქნებოდა.

 

– ახლა, რაც ზუზუ აღარ არის, მასთან დაკავშირებით თუ ნანობთ რამეს?

 

– ვნანობ და შევცვლიდი იმას, რომ უფრო დიდ დროს გავატარებდი მასთან. არ მეგონა, ასე თუ დამემართებოდა, მაგრამ თუ ზუზუზეა საუბარი, იქაურობას ვეცლები, მინდა, რომ ეს ორი წელი გაქრეს და აღარ მახსოვდეს... არ ვლაპარაკობ ზუზუზე, ვერ ვიხსენებ, მასზე ლაპარაკი რატომღაც არ მსიამოვნებს. უკვე „ფეისბუქზე“ მეგობრებშიც არ მყავს. არ შემიძლია. ყველა მეგობარს უნდა, ზუზუზე თავისი განცდები გამოხატოს, მესმის აბსოლუტურად, მაგრამ მე ვერ ვუძლებ ამას. ჩემს ოჯახშიც ცდილობენ, მასზე არ ილაპარაკონ. ძალიან ბედნიერი ვიყავი მასთან და ახლა ისევე ძლიერ უბედური ვარ მის გარეშე.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი