logo_geo
კახა კალაძე: მინდა, უფრო გააქტიურდეს მოსახლეობა და დაგვეხმაროს, რომ მათთან ერთად გადავჭრათ არსებული გამოწვევები
- +

1 ოქტომბერი. 2018. 18:13

 

თბილისის ქუჩებიდან საარჩევნო ურნამდე. კახა კალაძის პოლიტიკური არჩევანი და დედაქალაქის ახალი პოლიტიკა. როგორია მისი პრიორიტეტები, რას იტყვის ხმაურიან რეგულაციებზე, როგორ აფასებს საარჩევნო მარათონს და რატომ ირჩევს სალომე ზურაბიშვილს. ამ და სხვა საინტერესო თემებზე „პრაიმტაიმს“ თბილისის მერი კახა კალაძე ესაუბრა.

 

- ბატონო კახა, თქვენი პრიორიტეტები დედაქალაქთან მიმართებაში სრულიად განსხვავებულია. ადრე თუ ქალაქში თითქოს ყველაფერი, ტროტუარებიც კი, ავტომობილებისთვის კეთდებოდა, ახლა პრიორიტეტული ხდება ფეხით მოსიარულე და მისი ქალაქში კომფორტულად გადაადგილება. თუმცა, რა დრო დასჭირდება, რომ როგორც ბავშვებისთვის, ისე ახალგაზრდა დედებისთვის, მოხუცებულებისთვის, შშმ პირებისთვის თბილისი შეიცვალოს? რა დრო და რა თანხებია საჭირო, რომ რამდენიმე წელში მაინც თბილისი თანამედროვე და ევროპული ქალაქი გახდეს?

 

- მე გამიგია არაერთი ფაქტის შესახებ, როდესაც დედებს უჭირთ ეტლების თავისუფლად გადაადგილება ტროტუარებსა და გზებზე. ხშირ შემთხვევაში ეს საპარკინგე ადგილების გამოა. ეს ნათლად აჩვენებს, რომ აქამდე ქვეითების უსაფრთხო გადაადგილება პრიორიტეტული არ იყო. ახლა პრიორიტეტები შეიცვალა და ჩვენი მიზანია, ქალაქის ინფრასტრუქტურა სწორედ ქვეითების კომფორტზე ორიენტირებული იყოს და არა ავტომანქანების. ამას ემატება ველობილიკებიც, რომელსაც თანდათან ვამატებთ სხვადასხვა ქუჩაზე, მათ შორის კოსტავასა და შარტავაზე და გვსურს, რომ მაქსიმალურად ბევრ ქუჩაზე გაჩნდეს ისინი. ახლა რაც შეეხება ქვეითებს. შეამჩნევდით, რომ ყველა გადასასვლელი, რომელიც კეთდება, ასევე ითვალისწინებს შშმპ-ების გადაადგილების საჭიროებას და აღჭურვილია პანდუსებით. ვამატებთ შუქნიშნებსაც, განსაკუთრებით სკოლების მიმდებარედ. ამის პარალელურად, თანდათან ვამცირებთ ტროტუარებზე არსებულ საპარკინგე ადგილებს, მეტიც: საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების კვალდაკვალ ჩვენ გადავალთ ზონალური პარკირების სისტემაზე, რაც, ჯამში, გამოიწვევს იმას, რომ მეტი ადამიანი იმგზავრებს ავტობუსით, მეტროთი და ნაკლებად გამოიყენებს ავტომანქანას. ამას დაახლოებით 2-3 წელიწადში მივაღწევთ, თუმცა ადამიანების არჩევანი მხოლოდ ჩვენზე არ არის დამოკიდებული. ჩვენ შევქმნით პირობებს, თუმცა ეს როდი ნიშნავს, რომ თბილისში გაქრება საცობები. ნებისმიერ განვითარებულ ქალაქში საკმაოდ ბევრი ავტომანქანაა, თუმცა ჩვენ ეს ყველაფერი თავის კალაპოტში უნდა მოვაქციოთ და ავტომანქანებმა არ უნდა წაგვართვან ტროტუარები. ამ ყველაფერს ძალიან დიდი თანხა სჭირდება, მაგრამ ჩვენ არაერთხელ დაგვიჭირა მხარი ცენტრალურმა ხელისუფლებამ, რამაც მოგვცა საშუალება, მნიშვნელოვანი პროექტები განგვეხორციელებინა.

 

- ტაქსების რეგულაციის თემამ უკმაყოფილება გამოიწვია, ახალი რეგულაციებისთვის, ისე ჩანს, რომ ტაქსის მძღოლები მზად არ არიან. ყველაზე მეტად ავტომობილების თეთრ ფერში გადაღებვის წესი არ მოსწონთ...

 

- სატრანსპორტო პოლიტიკის ერთიან კონტექსტში უნდა განვიხილოთ ტაქსების რეგისტრაციაც. თქვენ იცით, რომ 1 ოქტომბრიდან ქალაქში ვეღარ იმოძრავებს არარეგისტრირებული ტაქსი. ჩვენ 1 აგვისტოდან გამოვაცხადეთ რეგისტრაცია და უკვე 10 000-ზე მეტი ნებართვაა გაცემული. რეგისტრაციის გავლა ტაქსის მომსახურების გაწევის მსურველებს მომავალშიც შეუძლიათ, თუმცა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ თანდათან ეს საკითხი დარეგულირდეს და დედაქალაქში მოძრაობდეს ერთიან ვიზუალურ სტანდარტში მოქცეული ტაქსები. მომავალი წლიდან ამოქმედდება ამ რეგულაციების მომდევნო ეტაპი, რომელიც ითვალისწინებს ტაქსების ფერს – თეთრს, ავტომანქანაზე სარეკლამო სივრცეს, რაც მათთვის გახდება დამატებითი შემოსავალი, თითოეულ ტაქსს ჩვენ უსასყიდლოდ გადავცემთ ტაქსის მანათობელ ნიშანს. რაც შეეხება სხვა ფერის ტაქსების გადაღებვას, მე მესმის, რომ მათთვის ეს გარკვეულ ხარჯთანაა დაკავშირებული, ამიტომ მაქვს ინიციატივა, რომელიც უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი. მომდევნო წლიდანვე ტაქსის მომსახურების ნებართვა არ გაიცემა სამკარიან და მარჯვენასაჭიან ავტომანქანებზე. ეს არის უსაფრთხოების საკითხი და ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს ტაქსის არც ერთი მომხმარებლის უსაფრთხოება.

 

– თქვენ ბევრჯერ თქვით, რომ მარტო ვერაფერს შეცვლით, რომ თბილისელების მხარდაჭერა აუცილებელი ფაქტორია. როგორ ფიქრობთ, შეძელით მათ, ანუ ჩვენს, ხედვებში გარდატეხის შეტანა? რამდენიმე ინიციატივით გამოხვედით, მათ შორის, გარკვეული ქუჩის მაცხოვრებლებს მოუწოდეთ ნაგვის საღამოთი გატანა გადაყრა – საცობები რომ არ შექმნას ნაგვის მანქანებმა უკვე დილით, ისედაც დატვირთულ ვიწრო ქუჩებზე. როგორია შედეგები? საინტერესო ინიციატივა იყო, აგრეთვე, მოუვლელ და დანაგვიანებულ ადგილებზე – ხშირ შემთხვევაში ეს კუსტარული ავტოფარეხებია – ბაღებისა და სკვერების გაკეთება... რამდენად დაინახეთ, რომ მოსახლეობა ამ ინიციატივებით ინტერესდება და ესმის, რომ ეს ყველაფერი მას სჭირდება?

 

– დიახ, იყო რამდენიმე ასეთი ინიციატივა, მათ შორის თქვენ მიერ ჩამოთვლილი და საზოგადოების დიდი ნაწილი ამას სწორად აღიქვამს და აფასებს. ვერ ვიტყვი, რომ საზოგადოების დარწმუნება ყოველთვის ადვილია, თუმცა ჩვენ ვცდილობთ, მათ ისეთი ინიციატივები და გადაწყვეტილებები შევთავაზოთ, რაც მათ ჩართულობას მოითხოვს. ეს ქალაქი მისი მცხოვრებლების გარეშე ვერ განვითარდება. ყველამ უნდა იზრუნოს იმ არეალზე, იმ სივრცეზე, რომელშიც სხვებთან ერთად არსებობა უწევს. არ შეიძლება, რომ ერთი ხელით კანონს არღვევდე, ხოლო მეორე ხელით სოციალურ ქსელში პოსტს წერდე დედაქალაქის განვითარებაზე. მე ყოველდღიურად დავდივარ თბილისის სხვადასხვა უბანში, ზოგჯერ გვიან ღამითაც და ვხედავ, ნამდვილად რა სჭირდება ამ ქალაქს, მაგრამ მინდა კიდევ უფრო გააქტიურდეს მოსახლეობა და დაგვეხმაროს, რომ მათთან ერთად გადავჭრათ არსებული ეკოლოგიური თუ სხვა ტიპის გამოწვევები.

 

– პრიორიტეტების გადაწყობა საკმაოდ რთული პროცესი უნდა იყოს, რა არის ახლა მთავარი პრობლემა, ძველი მიდგომები? რა ფენა უწესებს და კარნახობს დღეს მერიას თამაშის წესებს? ამას იმიტომ გეკითხებით, რომ არის გარკვეული უსამართლობის განცდა. მაშინ, როცა ტრანსპორტში ადიხარ და იქ სიბინძურე გხვდება, ავტობუსი გაუმართავია, მძღოლი უშვერი სიტყვებით იგინება; მაშინ, როცა ვიღაცა კორპუსის წითელ ხაზებში მიწას უბრალოდ ღობავს და ეპატრონება, ბავშვებს კი სათამაშო სივრცე აღარ რჩებათ... ავარიული სახლები, მიწისძვრის შედეგად დაზარალებულები, რომლებიც დღემდე ქირით ცხოვრობენ... ეს პრობლემები ბევრში, ასევე, უსამართლობის განცდას იწვევს, ეს კი მათთვის მარტივად ასე ითარგმნება – არიან ვიღაცები, ვისაც ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ, და დანარჩენები, ვისაც ელემენტარული პირობები არ აქვთ... რას სიტყვით ამაზე?

 

– როდესაც ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია დაიწყო, მაშინაც დავინახე მცდელობა, რომ ვიღაცები ცდილობდნენ, ესარგებლათ რაღაც უპირატესობით, რაც გამოიხატებოდა რომელიმე ჩინოვნიკისა თუ დეპუტატის ნაცნობობაში, მერიის თანამშრომლებთან პირად კავშირებში და ა.შ. როდესაც ეს შევამჩნიე, მაშინვე ვთქვი, რომ ასე ვერ გაგრძელდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წელს 10 ახალი ბაგა-ბაღი შეემატა ქალაქს, ეს საკმარისი არაა და კარგად მესმის, რომ კიდევ ბევრი ბაღი უნდა აშენდეს, რომ მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, მაგრამ მანამდე, ჩემი მერობის პერიოდში გამოვრიცხავ ყოველგვარი ნაცნობობით ასეთი საქმეების მოგვარებას. იგივე ეხება მშენებლობებს. ჩემი მერობის პერიოდში არ გაიცემა ნებართვა, რომელმაც შეიძლება ჩვენს მოქალაქეებს წაართვას მწვანე სივრცე ან საფრთხე შეუქმნას მიმდებარე არეალს. თქვენ ბევრი საკითხი ჩამოთვალეთ, თუმცა ჩემი მიდგომა, ალბათ, ნათელია.

 

ჩვენ ჯერ ფართების დაკანონებით, კოოპერატივებით დაზარალებულებისთვის პროექტების განხორციელების გეგმებით დავიწყეთ, ასევე, ვიწყებთ ე.წ. „ხრუშჩოვკების“ ჩანაცვლების პროექტსაც. თანდათან, პრობლემების იდენტიფიცირების პარალელურად, ვმუშაობთ მათი გადაწყვეტის გზების ძიებაზე. ზოგი უფრო ადრე განხორციელდება, ზოგიც – მოგვიანებით. თუმცა, მთავარი, რაც შეიძლება გითხრათ, ისაა, რომ ამ ყველაფერს მიმართულებას აძლევს ჩემი ამომრჩეველი – ის ხალხი, ვინც მე მერად ამირჩია და ვის წინაშეც მე ვგრძნობ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას.

 

– როგორ შეაფასებდით წინასაარჩევნო მარათონს? „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი მხარდამჭერი პატარა პარტიები „ქართული ოცნების“ მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის ამომრჩეველთან შეხვედრებს შლის, უფრო ზუსტად, არის ჩაშლის მცდელობები. თქვენ ნაციონალებს წარსული უწოდეთ, მართლა ფიქრობთ, რომ ამ არჩევნების შედეგებით სააკაშვილის პარტია წარსულში დარჩება? ეს ერთადერთი დაბრკოლებაც არ არის, იყო ხმაურიანი ინციდენტი ეკლესიასთანაც.  რაღაც თითქოს არის მცდელობა, რომ ეს საარჩევნო მარათონი 2012 წლის დაძაბულ მარათონს დაამსგავსონ... ამ ყველაფერს იმიტომ გეკითხებით, რომ ჩვენ ჯერ მხოლოდ კითხვები გვაქვს, დამაჯერებელი არგუმენტირებული პასუხები – არა.

 

- საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, ნორმალურ ფარგლებში მიმდინარეობს, ჩვენ  ისეთ  ექსცესებსა და უკანონო  ქმედებებს  ვართ შეჩვეული ზოგ-ზოგებისგან  არჩევნების  პერიოდში. რაღაცნაირად „ნაცმოს“ ბრენდად იქცა უმსგავსო ქმედება – იყვნენ  ოპოზიციაში, იყვნენ ხელისუფლებაში თუ იყვნენ აწმყოში თუ წარსულში. მათი ქცევა ერთია – დარბევა, პროვოკაცია, მუშტი-კრივი, წივილ-კივილი. უკვე შთაბეჭდილება იქმნება, სანამ ეს პარტია, რამდენ ნაწილადაც  არ უნდა დაიშალოს, არსებობს, ეს მათი ავტოგრაფია ქართულ დემოკრატიაზე. არა უშავს, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, როგორც  ყოველთვის, რომ მთლიანობაში პროცესი ჯანსაღად წარიმართოს. ერთეულ შემთხვევებს კი, როგორც აქამდე კანონის ძალით ვუმკლავდებოდით, წელსაც იქნება იგივე. რაც შეეხება სამღვდელოებას, კონსტიტუცია მათ ისეთივე მოქალაქეებად განიხილავს, როგორც ჩვენ ყველას. ასე რომ, მათი უფლებები იგივეა – ხმის უფლება, სიტყვის თავისუფლების უფლება და სხვა. ასე რომ, ამ ინსტიტუციის წარმომადგენლების ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში ყველანი აღვიქვამთ ჩვეულებრივად.

 

– რას იტყვით სალომე ზურაბიშვილზე? მას კონკურენტები სერიოზულ ბრალდებებს უყენებენ, აგვისტოს ომზე დაფიქსირებული მისი პოზიციის გამო ცდილობენ, ისე წარმოაჩინონ, რომ „ქართული ოცნების“ კანდიდატი პრორუსია. ცნობილია, რომ მის წამოყენებას გუნდში ყველა არ მიესალმა. სხვა რა არგუმენტები იყო მის საწინააღმდეგოდ? საერთოდ, რატომ სალომე ზურაბიშვილი?

 

– როგორც ჩვენმა ლიდერებმა არაერთგზის განაცხადეს, გუნდში იყო მსჯელობა ჯერ საკუთარ კანდიდატზე, მერე სხვა კანდიდატების განხილვაზე და საბოლოო ჯამში შევჯერდით ზურაბიშვილზე – დამოუკიდებელ კანდიდატზე, რომელმაც კვლავ გამოთქვა სურვილი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე. შეიძლება კონსენსუსის მისაღწევად ჩემს თანაგუნდელებს სხვადასხვა საბაბი ჰქონდათ, თუ რატომ სალომე. მე პირადად ამ  წინადადებას იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ ის არის გამოცდილი დიპლომატი, კარგი დიპლომატიური ბექგრაუნდით და ის ფუნქცია, რაც კონსტიტუციით პრეზიდენტს აკისრია, პირველ რიგში, ითხოვს ამ მიმართულებით კარგ უნარებს. ჩვენმა ქვეყანამ საგარეო პრობლემები კონფრონტაციებით როგორც მოაგვარა, უკვე ვიწვნიეთ. ასე  რომ, ახლა დიპლომატიისა და მანევრირების დროა. ჩემთვის, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქისთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ერთიანობა და ამის მისაღწევად გადადგმულ ნებისმიერ ნაბიჯს, ხელისუფლების ნებისმიერ გადაწყვეტილებას, დიდი მოლოდინებით ვუჭერ მხარს. რაც შეეხება კონკურენტების ე.წ. ბრალდებებს, მგონი, ჩვენს ქვეყანაში არც ამ კონკურენტების ქცევაა ვინმესთვის სიახლე და არც მსგავსი მეთოდებით საარჩევნო მარათონის მიმდინარეობაა სენსაცია, სამწუხაროდ. დადგება დრო, ამ ფაზიდანაც გავალთ, ჩვენ ხომ დემოკრატიული პროცესების მართვაში ახლად ფეხადგმულები ვართ. გზადაგზა ვსწავლობთ ყველაფერს, პოლიტიკოსებიც და საზოგადოებაც. ვინც ამ პროცესს ემიჯნება, ის უბრალოდ წარსულში რჩება და დავიწყებას მიეცემა.

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი