logo_geo
ხათუნა ჟორდანია: ზურას ემუქრებოდნენ, ანასტასიას პამპერსში ნარკოტიკებს ჩაგიდებთო
- +

3 ნოემბერი. 2018. 02:35

 

 

საქართველოში  საპრეზიდენტო არჩევნებია. ვინ გახდება ქვეყნის რიგით მეხუთე პრეზიდენტი, სწორედ, დღეს გადაწყდება. მომღერალი ხათუნა ჟორდანია, ოჯახთან ერთად, პირველი იყო, რომელმაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებას სახალხოდ დაუჭირა მხარი. ის ამ არჩევნებზე მხარს სალომე ზურაბიშვილს უჭერს. ზურაბიშვილი არჩევნებზე კენჭს, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, ისე იყრის, მაგრამ მმართველი გუნდი მხარს უჭერს.


-
ქალბატონო ხათუნა, რატომ უჭერთ მხარს ქართულ ოცნებას და სალომე ზურაბიშვილს

- დავიწყებ „ქართული ოცნებით“, ეს არის ძალა, რომელმაც მოგვაშორა პირსისხლიანი რეჟიმი. ეს ყველაფერი მე მოყოლით და ტელევიზიით არ 

ვიცი, ჩემს ოჯახზე გამოვიარე. 

ორჯერ დააკავეს ჩემი ძმა, მერაბ ჟორდანია. შემდეგ მხოლოდ იმის გამო, რომ ზურა ოპოზიციის მიტინგზე სიტყვით გამოვიდა, ჩვენს ოჯახზე დაიწყო ზეწოლა და რეპრესიები. არ დაგვაკლეს არც დაშინება, არც სახლში შემოვარდნა. უამრავი უსამართლობა და ტერორი ვნახეთ იმ ადამიანებზე, ვინც მხარს არ უჭერდა ნაციონალურ მოძრაობას. გახსოვთ ალბათ ზურა (ხათუნა ჟორდანიას მეუღლე - ზურა ხაჩიძე) კენჭს იყრიდა გაერთიანებული ოპოზიციის სახელით ბორჯომში, რაც იმ არჩევნებში უსამართლობაც ვნახე, არასდროს არ წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან.

არჩევნების ღამეს თითქმის ყველა ჩვენს მხარდამჭერთან ჩამოიარეს, ისე დააშინეს და დაატერორეს, დილით აღარავის უნდოდა სახლიდან გამოსვლა. ასევე, არ დაგავიწყდეთ, როცა ზურა ოპოზიციის მიტინგზე გამოდიოდა, პარალელურად მამამისს შეუვარდნენ სახლში და ეუბნებოდნენ, შენი შვილი რამდენი წუთითაც ილაპარაკებს მიტინგზე, იმდენ წელს მოგისჯითო და რაღაც ჟანგიანი ტყვიები ჩაუდეს. ზურას კიდევაც ემუქრებოდნენ, ანასტასიას პამპერსში ნარკოტიკებს ჩაგიდებთო. აღარაფერს ვამბობ ნინიზე, რომელსაც ყოველ საღამოს პატრულის 5 ეკიპაჟი ცდილობდა, დაეპატიმრებინა. როგორც შემდეგ უკვე გავიგეთ, მათ ეს დავალება უშუალოდ გიორგი გეგეჭკორისგან ჰქონდათ.


- პირადად თუ იცნობთ ბიძინა ივანიშვილს?


- მე ბიძინა ივანიშვილს არც ვიცნობ და არანაირი შეხება არ მქონია. მას იმიტომ ვცემ პატივს, სხვა რომ არაფერი გაეკეთებინა, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმი ჩახსნა. თუმცა, ძალიან კარგად ვიცნობ ბერას, ის ჩემი უმცროსი მეგობარია. როგორც ამბობენ, შვილები ოჯახის სარკეაო. ძალიან დიდ პატივს ვცემ ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ასეთი არაჩვეულებრივი შვილი რომ გაზარდა. რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილს, პატივს ვცემ, მის დიპლომატიურ გამოცდილებას. 

მე ის ჯერ კიდევ იმ დროიდან მომწონს, როცა ერთად ვიდექით ოპოზიციის მიტინგებზე და ერთად ვაპროტესტებდით, მიხეილ სააკაშვილის რეჟიმს. მომწონს ასევე მისი პირდაპირობა. დღეს არჩევანი გვაქვს ისევ იმ ადამიანებსა და სალომე ზურაბიშვილს შორის? გამოსწორდნენ და მოდიან? ხომ მაქვს უფლება არ მჯეროდეს მათი გამოსწორების? არ მჯერა, რომ ისინი ისევ რევანშით არ მობრუნდებიან. აკი, ყველა წინასაარჩევნო მესიჯში, გაისმის მათი მუქარა, ტანში ჟრუანტელი მივლის, როცა მახსენდება ის 9 წელი და არასდროს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან. დაგიმახსოვრებთო გვეუბნებიან და ვინც ამას ამბობს, იმის გასაგონად ვუპასუხებ - კარგად დამიმახსოვრონ. ამასწინათ ძველი ჩანაწერები ვნახე და ყველაფერი ამომიტივტივდა. როგორც კი სხვა აზრი გაგაჩნია, ეგრევე იწყება, რუსეთი, რუსეთის აგენტი და.შ. ეს ხომ ბევრჯერ გავლილი გვაქვს? არ იცვლება არაფერი, წლების წინ ბადრი პატარკაციშვილზე და მის მხარდამჭერებზე იძახეს რუსეთის მხარდამჭერი, რუსეთუმე და მოღალატე. ახლა სალომე ზურაბიშვილზე იძახიან იგივეს ნაციონალები.

- როცავარდების რევოლუციამოხდა, მათ მხარდასაჭერად კლიპი შეიქმნა, სადაც ზურა ხაჩიძე და ნინი ქარსელაძეც იღებდა მონაწილეობას, რატომ შეგეცვალათ აზრი მათზე?

 
- ძალიან ვგულშემატკივრობდით, ისევე როგორც მოსახლეობის უმეტესობა. მეჩვენებოდა მოვიდა ახალგაზრდები სამშობლოს სიყვარულით და შემართებით. მინდა, გითხრათ, ჩემი ძმის დაჭერის მერეც ასე ვფიქრობდი, ახალგაზრდები მოვიდნენ და ძირფესვიანი ცვლილებები უნდა გააკეთონ-მეთქი. რა თქმა უნდა, სუბიექტურად ვთვლიდი, რომ ჩემს ძმასთან მიმართებაში შეცდომა დაუშვეს, რადგან ვთვლი, რომ მასზე მაგარი საქართველოში ფეხბურთში არავინ მეგულება. ისეთი შავი პიარი აუგორეს ჩემს ძმას, ხალხს დააჯერეს, რომ ჩემს ძმას ბიუჯეტის დავალიანება ჰქონდა, იმდროინდელ ფეხბურთის ფედერაციას სახელმწიფოსგან ერთი თეთრი არ მიუღია, ჩემი ძმა უცხოეთში იძიებდა ფინანსებს და ახარჯავდა ფეხბურთს და ნაკრებს. როდესაც ჩემი ძმა მოვიდა ფეხბურთის ფედერაციაში, ფედერაციაში სახელმწიფო ბიუჯეტის 2 მილიონი, თუ მეტი არა და საერთაშირისო უცხოეთის ფედერაციების ორ მილიონამდე ვალი დახვდა. ჩემი ძმის პრეზიდენტობის დროს, ეს ვალები გასტუმრდა, მან ააშენა ნაკრების ბაზა, ფედერაციისთვის ახალი შენობა (რომელშიც დღემდე ფეხბურთის ფედერაციაა განთავსებული), ტრანსპორტი, რომლითაც დღესაც სარგებლობს საქართველოს ნაკრები და ისე წამოვიდა ფედერაციიდან, ბიუჯეტის მიმართ 1 თეთრი არ ჰქონია დავალიანება. 


- ცნობილია, რომ ძალიან მძიმე იყო ის პერიოდი, როცა მერაბ ჟორდანია დააკავეს, როგორ გადალახეთ მაშინდელი სირთულეები? 


- უმძიმესად გადავიტანეთ ეს ყველაფერი და საბედნიეროდ, ოჯახი დამეხმარა. ძალიან მალე ამ ყველაფრის შემდეგ, ჩემმა ძმამ ჰოლანდიაში შეიძინა გავარდნის პირას მყოფი კლუბი - „ვიტესი“, სადაც ბევრ ქართველ ფეხბურთელს მისცა თამაშის შანსი. სააკაშვილის ხელისუფლება ძალიან შეეცადა ჩემი ძმის სახელის გაფუჭებას, მაგრამ პირიქით მოხდა. მას ბევრად უფრო დიდ პატივს სცემენ ჰოლანდიაში, ვიდრე საქართველოში. 

- მერაბ ჟორდანია ჩამოდის საქართველოში?


- ხშირად ჩამოდის, მაგრამ ჩემი ძმისშვილი თამაშობს ჰოლანდიის ერთ-ერთ კლუბში და ჩემი ძმა სულ მასთან არის. ჩემს ოჯახს არანაირი ინტერესი „ქართული ოცნებისგან“ არ აქვს. ეს მხოლოდ ჩვენი სიმპატიები და განწყობაა. მომწონს ბიძინა ივანიშვილი, კახა კალაძე.

რა თქმა უნდა აქვე ვიტყვი ბევრი რამეა რაც არ მომწონს. თუნდაც ეკონომიკა, რომელიც ნელა ვითარდება. მე ვხედავ როგორ უჭირს ადამიანებს. მჯერა ნელნელა ეს ყველაფერი გამოსწორდება. „ქართული ოცნების“ დიდ პლუსად ვთვლი ვიზალიბერალიზაციას. რაც შეეხება დემოკრატიას, წარმოგიდგენიათ ისევ ძველი დრო რომ იყოს, რომელიმე ტელევიზია გაბედავდა ხელისუფლების ისეთ კრიტიკას, რაც დღეს ხდება? უსაფრთხო ქვეყნების ათეულში ვართ, ესეც ამ მთავრობის მიღწევაა. რა თქმა უნდა არის ეკონომიკური ზრდა, მაგრამ საკმარისი არაა. 

მე ოქროს გალიაში კი არ ვზივარ, შეხება მაქვს უკიდურესად გაჭირვებულ ხალხთან, სიღარიბეა ამ ქვეყნის დიდი პრობლემა და უნდა დაჩქარდეს მისი აღმოფხვრა. მინდა მთავრობას ვუსურვო მეტი კომუნიკაცია ხალხთან, რათა უფრო მეტად გაიგონ მათი პრობლემები.

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი