logo_geo
„ტერორისტთა მუქარა ნამდვილად რეალური იყო“ - ინტერვიუ კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელთან
- +

19 ნოემბერი. 2018. 17:02

 

საქმის მთავარმა მოწმეებმა - მესაზღვრეებმა ჩვენება შეცვალეს და განაცხადეს, რომ საბრძოლო მასალა ჩატაევს­ არ ჰქონია და ის ჩაუდეს. სამწუხაროა, რომ თავის დროზე ჩატაევის დევნა დაიწყო არა ტერორიზმის, არამედ იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების მუხლით, რომელიც არ ითვალისწინებს მკაცრ სასჯელს

 

ჩვენი თითქმის ერთწლიანი მცდელობის შემდეგ კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი ირაკლი ჩიმაკაძე ინტერვიუზე დაგვთანხმდა და საშუალება მოგვეცა ვისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რომელთა მიმართ საზოგადოების ინტერესი არ ნელდება. 21 ნოემბერს ერთი წელი სრულდება თბილისში ბერი გაბრიელ

 

სალოსის გამზირზე ჩატარებული გახმაურებული ანტიტერორისტული ოპერაციიდან, რა დროსაც ლიკვიდირებული იყო ტერორისტული ორგანიზაცია "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთი ლიდერი აჰმედ ჩატაევი, იგივე "ცალხელა აჰმედი" და მისი უახლოესი გარემოცვის წევრები: იბრაჰიმ ადაშევი (აბუ-ჰურეირა) და ასლანბეკ სოლტაჰმედოვი. რა თქმა უნდა, ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა "ჩატაევის საქმე" იყო, თუმცა არც 2012-2016 წლებში პანკისის ხეობასა და მაღალმთიან გურია-აჭარაში განვითარებული მოვლენები დავივიწყეთ.

 

ლაფანყურის სპეცოპერაცია

 

 

2012 წლის ლაფანყურის მოვლენებმა საზოგადოება ახალი მოცემულობის წინაშე დააყენა - ის, რაც აქამდე მხოლოდ ყურმოკვრით ვიცოდით, რეალური აღმოჩნდა - შეიარაღებული ჯგუფი დაღესტნის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა "კავკასიის ემირატთან" ერთად საბრძოლველად.

 

ასევე აქტიური იყო ვერსია, რომ ამ პროცესების უკან სპეცსამსახურების ინტერესებიც იდგა. სახელდებოდა რამდენიმე პირიც, მათ შორის, აჰმედ ჩატაევიც, რომელიც იმ დროისთვის ახალმა ხელისუფლებამ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა და მოგვიანებით ქვეყნიდანაც გაუშვა იმ ბიოგრაფიის გათვალისწინებით, რომელიც იმხანად ჩატ­აევს ჰქონდა (მანამდე ჩატაევი არაერთ ქვეყანაში დაუკავებიათ მძიმე ბრალდებით, როგორიცაა იარაღის უკანონო ტარება, ასაფეთქებელი მოწყობილობის შენახვა-დამზადება და ა.შ.).

 

- ხომ არ იჩქარა ხელისუფლებამ მისი გათავისუფლება და იყო თუ არა საქართველოს კონტრტერორისტ­ულ ცენტრთან ამ თემაზე კონსულტაციები?

 

ირაკლი ჩიმაკაძე, კონტრტერორისტული ცენტრის ხელმძღვანელი: უპირველესად მინდა მივესალმო "კვირის პალიტრის" მკითხველს და გითხრათ, რომ წლებია ვკითხულობ თქვენს სტატიებს...

 

რაც შეეხება ლაფანყურს, ამ თანამდებობაზე 2012 წლის ნოემბრიდან დავინიშნე. ჩვენი ერთი თანამშრომელი პირადად შეხვდა ჯგუფს, რათა დაერწმუნებინა, დაეყარათ იარაღი­ და ჩაგვბარებოდნენ. ტყეში იყო აჰმედ ჩატაევიც. სავარაუდოდ, ჩატაევი წაიყვანეს, რათა ჯგუფის უფრო აგრესიული ნაწილი დაეყოლიებინა იარაღის დაყრაზე, მაგ­რამ მოხდა შეტაკება, რა დროსაც შვიდი მებრძოლი მოკლეს.

 

მსხვერპლი იყო ჩვენს რიგებშიც, გადარჩენილმა ათმა მებრძოლმა მოახერხა (გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, დეტალებზე ვერ ვისაუბრებ) საქართველოდან გასვლა. ნაწილი სირიაში წავიდა, ნაწილი რუსეთში, სადაც დააკავეს კიდეც, ხოლო ნაწილი მოხვდა ევროპაში. სირიაში მყოფთაგან უმეტესობა დაიღუპა, მათ შორის ცნობილი საველე მეთაური გიორგი კუშტანაშვილი.

 

ჩატაევის გათავისუფლება არ იყო ჩვენი პრეროგატივა, ეს იყო მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელმაც იმსჯელა არსებული მტკიცებულებების საფუძველზე და ჩატაევის­ ბიოგრაფია ვერ გახდებოდა განხილვის საგანი. მოსამართლე მხოლოდ მსჯელობდა იმ კონკრეტულ ფაქტებზე, რომლებიც სისხლის სამართლის საქმეში იდო.

 

როგორც იცით, საქმის მთავარმა მოწმეებმა - მესაზღვრეებმა ჩვენება შეცვალეს და განაცხადეს, რომ საბრძოლო მასალა ჩატაევს­ არ ჰქონია და ის ჩაუდეს. სამწუხაროა, რომ თავის დროზე ჩატაევის დევნა დაიწყო არა ტერორიზმის, არამედ იარაღის უკანონოდ შენახვა-ტარების მუხლით, რომელიც არ ითვალისწინებს მკაცრ სასჯელს.

 

ჩვენთვის ნამდვილად არ უკითხავთ, უნდა დაეტოვებინათ თუ არა აჰმედ ჩატაევი ციხეში. ეს იყო მოსამართლის ერთპიროვნული გადაწყვეტილება და სურვილის შემთხვევაშიც კი ვერ ჩავერეოდით.

 

სკოლის მერხიდან ჯიჰადში

 

- 2012 წლის ბოლოს დაიწყო და მომდევნო წლებში მასშტაბური სახე მიიღო სირიაში­ ჯიჰადში მონაწილეობის მსურველი ახალგაზრ­დების გადინებამ. საქმე იქამდე მივიდა, რომ 2015 წლის გაზაფხულზე, პირდაპირ სკოლის მერხიდან წავიდნენ არასრულწლოვნები­ სირი­აში საომრად. გახშირდა საპატარძლოების გაგზავნის შემთხვევებიც. სახელმწიფომ პროცესში ჩარევა მხოლოდ 2015 წლის ზაფხუ­ლში დაიწყო. დაგვიანებული ხომ არ იყო ეს? სანამ სახელმწიფო დუმდა, ეს პრობლემა გასცდა­ პანკისის საზღვრებს. ყარაჯალიდან­ ორი ქალიც გაემგზავრა ჯიჰადში მონაწილეობისთვის. ამასთან, "ისლა­მურ ხალიფატში" უკვე არსებობდა­ ე.წ. აჭარული ფრთა, რომელშიც გურიიდან და მაღალმთიანი აჭარიდან მებრძოლები გაერთიანდნენ.

 

- პანკისის ხეობასა და მაღალმთიან აჭარაში კომპაქტურად სახლობს მაჰმადიანი მოსახლეობა და დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა სტერეოტიპი, თითქოს იქ ყველა რადიკალიზებულია და ცდილობს გაერთიანდეს რომელიმე ტერორისტულ ორგანიზაციაში. ეს სიცრუეა! ჩვენი დაკვირვებით, მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის რადიკალიზმი უცხოა. მოვლენები, რომლებიც 2011 წელს სირიაში განვითარდა, მსოფლიოს მოედო. ვერ ვიტყვით, რომ ისინი სირიაში მიდიოდნენ გამორჩენის მიზნით, მიდიოდნენ იმ იდეოლოგიის გავლენით, რომლითაც "ისლამური სახელმწიფო" ინტერნეტით ახალგაზრდების რეკრუტირებას ახდენდა. სირიაში რამდენიმე პირის ჩასვლამ განაპირობა ის, რომ ახალგაზრდობის ნაწილი მათ კვალს დაადგა.

 

- თქვენ გულისხმობთ ე.წ. პირველ ტალღას?

 

- დიახ. იმ დროს სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა წავიდა საბრძოლო მოქმედებებში ჩასართავად. თუმცა, როცა ადგილზე ნახეს ვითარება, ბევრს არც უბრძოლია, ისე დაბრუნდა შინ.

 

- და როგორი რეალობა ნახეს სირიაში?

 

- იქ არ იბრძოდა მხოლოდ "სირიის თავისუფალი არმია" (ასადის შეიარაღებული ოპოზიცია. - ავტ.), არამედ იყო სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფება. საკუთარი თვალით ნახეს ის სადამსჯელო ოპერაციები, რომლებსაც ჯიჰადისტები მშვიდობიან მოსახლეობაში ატარებდნენ - ეს იყო ტყვეების წამება, დახოცვა, ქალებით ვაჭრობა და ა.შ. რა თქმა უნდა, იყვნენ ისეთებიც, რომლებიც არ დაბრუნდნენ საქართველოში.

 

 

წითელი ბარათი ტერორიზმს

 

- 2014 წლის ზაფხულში შეიქმნა "ისლამ­ური ხალიფატი", რომლის სისასტიკესაც ანალოგი არ მოეძებნება თანამედროვე ისტორიაში. ვინაიდან მის რიგებში ჩვენი თანამოქალაქეებიც აღმოჩნდნენ, დიდი საფრთხე დავინახეთ. ამიტომ 2014 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ ინიცირებული იყო კანონპროექტი. სისხლის სამართლის კოდექსს დაემატა რამდენიმე მუხლი და გამკაცრდა კანონმდებლობა იმ პირთა მიმართ, რომლებიც სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე გაწევრებული არიან ტერორისტულ ორგანიზაციაში, ან უჭერენ მხარს.

 

კანონმდებლობის შეცვლამ საშუალება მოგვცა დაგვეკავებინა "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერი პირები საქართველოში, რის შედეგადაც, ფაქტობრივად, აღარ დაფიქსირებულა სირიაში საბრძოლველად გამგზავრების ფაქტები. ასევე შემცირდა "ისლამური სახელმწიფოს" მხარდამჭერ პირთა რიცხვიც. ამ ცვლილებებმა საშუალება მოგვცა დაგვეკავებინა ის პირები, რომლებიც გაწევრებული იყვნენ ტერორისტულ ორგანიზაციებში და საქართველოში ბრუნდებოდნენ. ამით აღვკვეთეთ ტერორისტული ორგანიზაციების წევრების - საქართველოს მოქალაქეების ქვეყანაში დაბრუნება. სტრატეგიულ პარტნიორებთან ინფორმაციას მუდმივად ვცვლით, რაც საშუალებას გვაძლევს მაქსიმალურად აღვკვეთოთ ტერორისტული ორგანიზაციების წევრების ტრანზიტული გადაადგილება საქართველოს ტერიტორიაზე.

 

ფაქტია, საქართველოში ტერორისტული აქტი არ მომხდარა და ეს დიდწილად სწორედ ჩვენი სამსახურის მუშაობის შედეგია. შემიძლია მოვიყვანო ჩვენი პარტნიორების შეფასებებიც ჩვენი სამსახურის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2017 წლის ანგარიშში. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ტერორიზმთან ბრძოლაში წამყვან უწყებად დასახელდა და ითქვა, რომ სამსახური კარგად აღჭურვილი და მომზადებულია. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით, საქართველოს მთავრობას ტერორიზმის შემთხვევების გამოვლენა, შეკავება და მათზე სათანადოდ რეაგირება შეუძლია.

 

- ზემოთ საფრთხე ახსენეთ, საქართველოსაც ემუქრებოდა?

- ლაპარაკი არ არის მხოლოდ საქართველოზე, ლაპარაკია გლობალურ საფრთხეზე. შესაძლებელი იყო, რომ ჩვენს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში მოეწყოთ ტერაქტები. სამართლებრივი საფუძველი რომ გვქონოდა სისხლის სამართლის დევნის დაწყებისა, ამ კატეგორიის პირები სამართლებრივ ჩარჩოებში მოექცნენ და თუ დაფიქსირდებიან სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, მათ საერთაშორისო ნორმების შესაბამისად დააკავებენ. შემდეგ მოხდება მათი ექსტრადირება საქართველოში და პასუხისგებაში მიეცემიან!

 

- გყავთ თუ არა სირიაში მყოფი მოქალაქეები იდენტიფიცირებული და რამდენი მოქალაქეა ამ დროისთვის საბრძოლო მოქმედების ზონაში?

 

- ჩვენი ინფორმაციით, ამ დროისთვის სირიაში საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობს 15 საქართველოს მოქალაქე, 43 დაღუპულია.

 

2012 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს მოქალაქეები სირიაში საომრად მიემგზავრებოდნენ, ვმუშაობთ იმ პირთა ვინაობის დასადგენად, რომლებიც კონფლიქტის ზონაში­ იმყოფებოდნენ. გვაქვს მტკიცე­ბულებები, თუმცა ამაზე საჯაროდ ვერ ვისაუბრებ. კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა ამისთვის დიდი შრომა გასწიეს.

 

"ხალიფატის" ემისარი

 

 

- 2015 წლის ივნისში პანკისში ჩატარდა პირველი ანტიტერორისტული ოპერაცია და დააკავეს აიუფ ბორჩაშვილი...

 

- დიახ, ეს იყო პირველი ანტიტერორ­ისტული ოპერაცია "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ. 2014 წლის ზაფხულში,­ ანუ "ხალიფატის" გამოცხადების შემდეგ, საქართველოს ერთი მოქალაქე აგვისტოში გაემგზავრა სირიაში, თუმცა საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა არ მიუღია. ის ერთი თვის შემდეგ დაბრუნდა და აქტიურად ჩაერთო "ხალიფატისთვის" მოხალისეების გადაბირებაში - ის ახალი ჯამაათის შექმნას ცდილობდა. რა თქმა უნდა, ამ ხნის განმავლობაში ვაკვირდებოდით აიუფ ბორჩაშვილს და მას შემდეგ, რაც შევაგროვეთ სათანადო მტკი­ცებულებები, 2015 წლის 13 ივნისს ჩავატარეთ ანტიტერორისტული სპეცოპერაცია და დავაკავეთ, დავაპატიმრეთ ის პირებიც, რომლებიც­ მისი დავალებით სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" რიგებში­ საბრძოლველად მიემგზავრებოდნენ.

 

- იმხანად ცნობილი გახდა, რომ ბორჩაშვილი უკვე გადაბირებულ ახალგაზრდებს ფინანსურადაც უზრუნველყოფდა. მას "ხალიფატი" აფინანსებდა თუ ადგილობრივი მხარდამჭერები?

 

- საქართველოში ახალგაზრდების რეკრუტირება ხდებოდა "ისლამური სახელმწიფოს" ფულით, რომლის ნაკლებობასაც იმ დროისთვის "ხალიფატი" ნამდვილად არ განიცდიდა.

 

"ხალიფატს" ფულის მიმოქცევის უამრავი მეთოდი ჰქონდა, თუმცა მათ "არსენალში" უსაფრთხო საბანკო გადარიცხვების მეთოდი ჯერ კიდევ არ იყო. ამ უაღრესად დახვეწილ მექანიზმს მოგვიანებით, 2017 წლის ნოემბერში გადავაწყდით.

 

"ისლამურ ხალიფატს" საქართველოში ფილიალი არასდროს ექნება!

 

- ჩემთვის ასევე ცნობილია, რომ 2015 წლის შემოდგომაზე კიდევ ერთი ანტიტერორისტული ოპერაცია ჩატარდა, ამჯერად მაღალმთიან აჭარაში. ამან ცხადყო, რომ "ისლამურ სახელმწიფოს" მხარდამჭერები არა მხოლოდ პანკისის ხეობაში, არამედ აჭარასა და გურიაშიც ჰყავდა. ეს იყო ერთიანი ჯგუფი, თუ ისინი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად მოქმედებდნენ? შესაძლებელია თუ არა, რომ "ისლამურ ხალიფატს" საქართველოში "ფილიალი" ჰქონოდა?

 

- ეს იყო ერთიანი ჯგუფი, რომელზეც ჩვენ აიუფ ბორჩაშვილისგან გავედით, თუმცა მანამდეც გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია. მისი დაკავების შემდეგ ამოვიღეთ სხვადასხვა მტკიცებულება - ჩანაწერები, ფოტო და ვიდეომასალები. ამის შემდეგ დავიწყეთ მეორე ჯგუფზე მუშაობა და დავრწმუნდით, რომ ეს ჯგუფი ნამდვილად "ხალიფატის" იდეოლოგიის გამტარებელი გახლდათ. ასევე დავადგინეთ რამდენიმე პირის ვინაობა, რომლებიც სირიაში წასვლას გეგმავდნენ. გარდა ამისა, მათ ჰქონდათ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ტერაქტების მოწყობის დავალებაც. მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ ერთდროულად შევედით ყველა მისამართზე. ჩავატარეთ ჩხრეკა და დავაკავეთ ის პირები, რომლებიც "ისლამურ ხალიფატთან" კავშირში იყვნენ მხილებული. მინდა დაგარწმუნოთ, რომ "ისლამურ ხალიფატს" საქართველოში ფილიალი არასდროს ექნება!

 

- ვინ აძლევდა დავალებებს, "ისლამური სახელმწიფოს" ხელმძღვანელობა?

 

- გვქონდა ინფორმაცია, რომ ის პირები, რომლებიც იმ დროს სირიაში იმყოფებოდნენ (მცირე ნაწილი ახლაც იქ არის), ინტერნეტით იძლეოდნენ დავალებებს.

ერთი ასეთი ყველასთვის ცნობილი თამაზ ჭაღალიძეა. ის თავადაც აჭარის რეგიონიდანაა და უშუალოდ ჰქონდა კონტაქტი გურია-აჭარის ჯგუფთან. ცნობილია მისი მუქარაც. ის მხარდამჭერებისგან ითხოვდა ქრისტიანების განადგურებას.

 

"2015 წლიდან ჩატაევს კვალდაკვალ მივყვებოდით"

 

 

- აიუფ ბორჩაშვილის დაკავების შემდეგ­ აჰმედ ჩატაევმა, რომლის შესახებ დიდხანს არაფერი იყო ცნობილი, მოულოდნელად მუქარა გამოუგზავნა ხელისუფლებას, რომელმაც ის ციხიდან გაუშვა. სხვათა შორის,­ "კვირის პალიტრამ" ეს მუქარა მოიპოვა და გავასაჯაროეთ კიდეც. რამდენად საფრთხის შემცველი იყო ეს შეტყობინება და მანამდე გყავდათ თუ არა ჩატაევი ყურადღების არეალში?

 

- დიახ, ის მუქარა, რომელიც "კვირის პალ­იტრამ" გაასაჯაროვა, ნამდვილად რეალური იყო. ის არა მარტო აიუფის, არამედ სხვა დაკავებული პირების უპირობო გათავისუფლებასაც გვთხოვდა და ამისთვის ერთ კვირას გვაძლევდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, გვემუქრებოდა, რომ ჩატარდებოდა ტერაქტები საქართველოში.

 

როგორც კი ეს შეტყობინება მივიღეთ, დავიწყეთ კანონით გათვალისწინებუ­ლი მუხლებით მისი დევნა. ასევე ჩავატარეთ საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები, რომლებზეც სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ვერ ვისაუბრებ, თუმცა ვიტყვი, რომ ბევრი გავაკეთეთ მისი ადგილსამყოფლის დასადგენად. 2015 წლიდან, ფაქტობრივად, კვალდაკვალ მივყვებოდით. 2016 წელს დავადგინეთ ზუსტი ადგილსამყოფელი, ის სირიაში იყო. ამის შემდეგ წელიწადი და 5 თვე ვერსად ვპოულობდით. კონტაქტს არავისთან ამყარებდა, არც მეგობრებთან, არც ნათესავებთან (ერთხანს ხმაც გავრცელდა, რომ სირიაში დაიღუპა. - ავტ.). ამის შემდეგ ჩავატარეთ ოპერატიული კომბინაცია, რის შედეგადაც დავადგინეთ, რომ ის ცოცხალი იყო, თუმცა სად იმყოფებოდა, დანამდვილებით არ ვიცოდით. ეჭვი გვქონდა ორ ქვეყანაზე, სადაც სირიიდან გამოსული მებრძოლები იყრიდნენ თავს - ქვეყნებს მიზეზთა გამო ვერ დავასახელებ.

 

- ჩატაევი 2017 წელს გამოჩნდა საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ 21-22 ნოემბრის სპეცოპერაციიდან წელიწადი სრულდება, საზოგადოებისთვის ბევრი არაფერია ცნობილი. "კვირის პალიტრამ" ზაფხულში თავის მკითხველს შესთავაზა ჟურნალისტური გამოძიება, რომელზეც, მე როგორც ავტორმა, 7-8 თვე ვიმუშავე, ამიტომ ჩემთვის ორმაგად მნიშვნელოვანია ვიცოდე, რამდენად "ახლოს" მივედი სიმართლესთან. პირდაპირ გკითხავთ, იცოდით, რომ აჰმედ ჩატაევი თბილისში იყო?

 

- გეტყვით, რომ სიმართლესთან ძალიან ახლოს მიხვედით. თუმცა, სანამ უშუალოდ კითხვაზე გაგცემთ პასუხს, მინდა კიდევ ერთხელ ქედი მოვიხარო ჩვენი დაღუპული სპეცრაზმელის, ვანო გოლაშვილის ხსოვნის წინაშე და მადლობა ვუთხრა გმირობისთვის. მინდა პირობა მივცე მის ოჯახს, რომ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით.

 

რაც შეეხება კითხვას, ვიცოდით თუ არა, რომ ჩატაევი თბილისში იყო, რა თქმა უნდა, არა. არსად დაფიქსირებულა და არც ჩვენი თვალთახედვის არეში მოხვედრილა. ჩატაევმა შესანიშნავად იცოდა, რომ საქართველოში ეძებდნენ და სისხლისსამართლებრივად დევნიდნენ.

 

 

 

- საიდან იცოდა?

 

- ისედაც ცხადი იყო, რომ მუქარა, რომელიც ხელისუფლებას გამოუგზავნა, რეაგირების გარეშე არ დარჩებოდა. გარდა ამისა, ის მსოფლიოს ყველაზე საშიშ ტერორისტთა ნუსხაში იყო შეყვანილი და საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში, მის მიმართ ყველა სათანადო ღონისძიება ჩატარდებოდა. ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად აქტიურად ვმუშაობდით და გვქონდა ინფორმაცია, რომ ჩატაევს, რომელიც "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ იდეოლოგად ითვლებოდა, არაერთ ქვეყანაში ჰქონდა დაგეგმილი ტერაქტები, მათ შორის საქართველოშიც. თუმცა, ვინმეს რომ სცოდნოდა, ჩატაევს 21 ნოემბერს თბილისში აღმოვაჩენდით, მსგავსი რამ წარმოუდგენელი იყო.

 

- თქვენი საუბრიდან ჩანს, რომ არ არსებოდა მიზეზი, რის გამოც ხელისუფლება ჩატაევს შეიფარებდა, მას ყველა შემთხვევაში დააპატიმრებდნენ?

 

- მე არ ვიცი სახელმწიფო, რომელიც ითანამშრომლებს ტერორისტებთან. ან რა მიზეზი უნდა გვქონოდა, რომ ჩატაევი შემოგვეყვანა და მფარველობა გაგვეწია მისთვის? ეს აბსურდია! ჩვენ ბევრი ბრალდება მოვისმინეთ, იმასაც ამბობდნენ, იმიტომ ჩამოიყვანეს, ქისტებთან ურთიერთობა დაელაგებინათ, თავის დროზეც ამ მიზნით ჩამოიყვანეს და ახლაცო. ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა ილაპარაკოს ქისტებთან ვინმემ შუამავლის მეშვეობით? ქისტებმა ქართული კარგად იციან და მეტად შეგნებული ხალხია. ჩვენზე ნაკლებად არ უყვართ საქართველო და მზად არიან ნებისმიერ­ დროს დაიცვან მტრისგან.

 

გაწელილი მოლაპარაკებები და შტურმის გადაწყვეტილება...

 

- 21 ნოემბერს, მას შემდეგ, რაც ნახეთ, რომ ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე კორპუსში გამაგრებულებმა გახსნეს ცეცხლი, რამდენად დროულად ამუშავდა ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი, რომელიც მთელ რიგ ღონისძიებებს მოიცავს, მაგალითად, მოსახლეობის ევაკუაციას, უსაფრთხო ზონების შექმნას და ა.შ.

 

- გვქონდა ინფორმაცია, რომ იმ ბინაში იმყოფებოდნენ ჩრდილოკავკასიელები, თუმცა კონკრეტულად ვინ, არ ვიცოდით. მიღებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა ისინი შეიარაღებული ყოფილიყვნენ. ამის დასაზუსტებლად ადგილზე გავუშვით ჯგუფები, მათ შორის სპეცრაზმელებიც - თანამშროლების უსაფრთხოების მიზნით ყოველთვის ვაყოლებთ მათ.

 

როდესაც ერთი პირი გარეთ დავაკავეთ (შოაიფ ბორზიევი. - ავტ.), მას ცეცხლსასროლი იარაღი მზად ჰქონდა და დაკავების დროს სცადა კიდეც ესროლა ჩვენი თანამშრომლებისთვის. ეს ყველაფერი მიანიშნებდა, რომ ბინაში კარგად შეიარაღებული და თავზე ხელაღებული პირები იყვნენ. თუმცა რამდენი ან რა რაოდენობის იარაღი­ ჰქონდათ, არ ვიცოდით. ასევე არ ვიცოდით, რომელი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ, ან თუ იყვნენ საერთოდ. როცა ცეცხლი გახსნეს, ეჭვს აღარ იწვევდა, რომ სერიოზულ ჯგუფთან გვქონდა საქმე და უკან არაფერზე დაიხევდნენ.

 

რაც შეეხება ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმს, სტრატეგიულ პარტნიორებთან ერთად ყოველწლიურად გავდიოდით თეორიულ სწავლებას. შეიარაღებულ შეტაკებაში მონაწილეობა და გადაწყვეტილების დროულად მიღება საკმაოდ რთული აღმოჩნდა. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რასაც ჩვენი შიდა დებულება ითვალისწინებდა. საქმეს ისიც ართულებდა, რომ ის ადგილი მჭიდროდ არის დასახლებული და მოსახლეობის დროული ევაკუაცია იყო საჭირო. საქმეში ჩართული იყვნენ არა მარტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, არამედ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული დანაყოფებიც.

 

მინდა მადლობა გადავუხადო საპატრულო და კრიმინალურ პოლიციას, რომლის თანამშრომლებმა სწრაფად შემოსაზღვრეს რამდენიმე უსაფრთხოების ზონა, ჯანდაცვის სამინისტროს, რომელმაც დროულად გამოგზავნა სასწრაფო დახმარების მანქანები დაჭრილების გადასაყვანად, და განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო მეხანძრე-მაშველების თავდადება - ისინი ინტენსიური სროლის დროს აქრობდნენ ხანძარს, რათა ცეცხლი მთელ კორპუსს არ მოსდებოდა, ამასთან, სადარბაზოში ხომ ჩვენი სპეცრაზმელები იდგნენ.

 

- ტერორისტებთან მოლაპარაკებაც სწორედ დროის მოსაგებად დაიწყო?

 

- მოლაპარაკება მართლაც იყო. ტერორისტებთან მოლაპარაკება მსოფლიო პრაქტიკაა, მიუხედავად იმისა, ჰყავთ თუ არა მძევლები. საბედნიეროდ, მათ მძევლები არ ჰყავდათ...

 

 

- მძევლების აყვანის საფრთხე რამდენად რეალური იყო?

 

- რა თქმა უნდა, საფრთხე იყო, თუმცა ჩვენ მოვასწარით და მთელი სართული გადავკეტეთ, სპეცრაზმის თანამშრომლებმა შეზღუდეს მოძრაობა მთელ კორპუსშიც. თავდაპირველად, კარგა ხანს ვითხოვდით სახლში შესვლას და ჩხრეკის ჩატარებას, ასევე გვინდოდა ბინაში მყოფების იდენტიფიცირება. როდესაც ჩვენს მოთხოვნებზე შიგნიდან ცეცხლით გვიპასუხეს, დავიწყეთ მეზობელი სადარბაზოებიდან და ახლომდებარე კორპუსებიდან მოსახლეობის ევაკუაცია, რასაც დიდი დრო სჭირდებოდა, ამიტომ მოლაპარაკება მაქსიმალურად გავაჭიანურეთ. მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი რომ არ იყო, სწორედ ამის შედეგია. მაშინ გავიგეთ, რომ ბინაში მყოფები "ისლამური ხალიფატის" მებრძოლები იყვნენ.

 

- არც მაშინ გაგიჩნდათ ეჭვი, რომ ბინაში შესაძლოა აჰმედ ჩატაევიც ყოფილიყო?

 

- ამის შემდეგ ეჭვი შეიძლება აბუ-ბაქრ ალ-ბაღდადზეც ("ხალიფატის" მეთაური. - ავტ.) კი გვქონოდა. 10-20 კაცი, რომლებიც "ხალიფატის" რიგებში იბრძოდა, შესაძლოა დაბრუნებულიყო და ფარულად ეცხოვრა საქართველოს ტერიტორიაზე. ზუსტი გათვლა, რომ აუცილებლად ჩატაევი უნდა ყოფილიყო, არ გვქონდა. მის ხმას კარგად ვიცნობდით და როდესაც ტელეფონით მოლაპარაკება მიმდინარეობდა, მისი ხმა ნამდვილად არ ისმოდა. ჩვენი მოსაუბრე ადაშევი ან სოლტაჰმედოვი უნდა ყოფილიყო...

 

- ლაპარაკია პირზე, ვინც თავს მანსურად მოიხსენიებდა?

 

- დიახ, ასეა.

 

- როდის მიიღეთ შტურმის გადაწყვეტილება?

 

- პოლიტიკოსები და ექსპერტები ხშირად აცხადებენ, რომ თითქოს სპეცოპერაცია ორი დღე მიმდინარეობდა.

 

მოლაპარაკება 6-7 საათს გაგრძელდა. 22 ნოემბერს, გამთენიისას, 05.00 საათზე საბოლოოდ დავრწმუნდით, რომ ისინი არ ჩაგვბარდებოდნენ. თავადაც აცხადებდნენ, "ხალიფატის" მებრძოლები ვართ, გვირჩევნია დავიხოცოთ, თქვენც დაგხოცოთ, ვიდრე ჩაგბარდეთო. იყო სხვა მუქარაც, თუ რამე დაგვემართება, არც თქვენ დაგტოვებენ ცოცხლებსო. მას შემდეგ, რაც დავრწმუნდით, რომ მოსახლეობა ევაკუირებული იყო და უსაფრთხოების ზომებიც სათანადოდ დაცული, გადავწყვიტეთ შტურმის 06:00 საათზე დაწყება. შტურმს რამდენიმე ფაზა ჰქონდა. ფაზებს შორის ვრეკავდით ტერორისტებთან, რათა დაგვერწმუნებინა, დაეყარათ იარაღი. თუმცა ჩვენს ზარს უკვე აღარ პასუხობდნენ. მიუხედავად ამისა, მათთან დაკავშირების მცდელობა არ შეგვიწყვეტია. სპეციალური ღონისძიება ჯამში 12 საათი გაგრძელდა, ბოლოს მათთან დაკავშირება შუადღის 15:00-დან 16:00 საათამდე კიდევ ერთხელ ვცადეთ, თუმცა ზარი არ შედიოდა... ამის შემდეგ დაიგეგმა ოპერაციის დასკვნითი ფაზა და რაც მოხდა, ყველამ კარგად ვნახეთ - ორი მებრძოლი ლიკვიდირებულია, ხოლო აჰმედ ჩატაევმა თავი აიფეთქა.

 

- მოლაპარაკების დროს ბინაში მყოფები ამბობდნენ, რომ მარტონი არ იყვნენ, რაც იმას ნიშნავდა, რომ შესაძლებელი იყო ქალაქის კიდევ რამდენიმე ლოკაცია ცეცხლის კერად გადაექციათ. როგორ ახერხებდით სპეცოპერაციის პარალელურად ქალაქის გაკონტროლებას?

 

- რა თქმა უნდა, საფრთხე რეალური იყო. ამასთან, უკვე გვქონდა ინფორმაცია, რომ "ხალიფატის" მებრძოლებს შესაძლოა საქართველოში მხარდამჭერები ჰყოლოდათ და მოწოდების შემთხვევაში პროცესში ჩაერთვებოდნენ. ეს კიდევ უფრო სწრაფ და სწორ გადაწყვეტილებებს ითხოვდა. გარეთ, მესამე უსაფრთხოების ზონაში, ტარდებოდა შესაბამისი სამძებრო ღონისძიებები.

 

საეჭვო პირის დაფიქსირების შემთხვევაში, მას აჩერებდნენ. ასე იყო მთელ ქალაქში. თავდაუზოგავად მუშაობდა კრიმინალური პოლიცია. ამ დაძაბულ ვითარებაში მოქალაქეებმა უფრო მეტი პასუხისმგებლობა იგრძნეს და ნებისმიერი საეჭვო სიტუაციის შემჩნევისას რეკავდნენ 112-ზე, ამით ჩვენს დახმარებას ცდილობდნენ. მართალია, ბევრი ზარი ცრუგანგაში აღმოჩნდა, მაგრამ მოსახლეობის ასეთი აქტიურობა მისასალმებელი იყო.

 

- 23 ნოემბერს საზოგადოებისთვის ცნობილი შეიქნა, რომ პირი, რომელმაც თავი აიფეთქა, სავარაუდოდ, ჩატაევი იყო. თუმცა მისი ცხედარი ისეთ მდგომარეობაში იყო, რომ ამოცნობა ჭირდა. ბოლო დროს განიხილება ვერსია, რომ ჩატაევის ცხედარი არ იყო იქ და ის დღესაც ცოცხალია.

 

- გარწმუნებთ, ჩატაევი ნამდვილად მკვდარია! აფეთქებიდან ზუსტად ერთ წუთში მე მივედი შემთხვევის ადგილზე.

 

მაშინვე დავინახე რაღაც საგანი, რომელიც ფეხის პროთეზს ჰგავდა. მაშინ ვიეჭვე, რომ შესაძლოა ჩატაევის ყოფილიყო, თუმცა დამტკიცებაც ჭირდა, რადგან ცხედრისგან მხოლოდ რამდენიმე ფრაგმენტი იყო დარჩენილი და მისი იდენტიფიცირება, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახლდათ. ოთახი, სადაც, სავარაუდოდ, ჩატაევს ეძინა, ხანძარს გადაურჩა. იქ ტყვიები და ხელყუმბარის რამდენიმე ნამსხვრევი ეყარა. სწორედ იქ აღმოვაჩინეთ ჩატაევის კომპიუტერიც. ხშირად უთქვამთ, სახლში ყველაფერი დაიწვა, მათ შორის კომპიუტერიცო, თუმცა ეს სიმართლე არ არის - უამრავი მტკიცებულება ამოვიღეთ, მათ შორის ელექტრომატარებლებიდან, ტელეფონებიდან... სწორედ იმ ოთახში ვნახეთ ხელ-ფეხის პროთეზი, რაზეც გარკვევით ეწერა "დავიდ მაიერი". ეჭვს აღარ იწვევდა, რომ ეს იყო ჩატაევის პროთეზი, რადგან მან ავსტრიაში ლტოლვილის სტატუსი სწორედ დავიდ მაიერის სახელით მიიღო. პროთეზი მისთვის 2013 წელს დაუმზადებიათ.

 

ეს იქაურმა კოლეგებმაც დაგვიდასტურეს. გვქონდა ჩატაევის დნმ-იც, რომელიც ერთ-ერთ ჰოსპიტალში იყო შენახული. შემთხვევის ადგილზე ნაპოვნი ჩატაევის ხელის მტევნითა და თითის ანაბეჭდის შედარებით ოფიციალურად დადასტურდა, რომ პირი, რომელმაც შაჰიდის ქამრით თავი აიფეთქა, აჰმედ ჩატაევი იყო.

 

"შეიძლება ფიქრობდნენ, რომ ისეთ რამეს გააკეთებდნენ, რაც შეაზანზარებდა არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპასაც"

 

- ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დამთავრების შემდეგ, პირველი კითხვა, რომელიც საზოგადოებას შიშთან ერთად გაუჩნდა, იყო, რა უნდოდა ჩატაევს საქართველოში და როგორ მოახერხა ერთ-ერთმა ყველაზე საშიშმა ტერორისტმა, რომელსაც ნახევარი მსოფლიოს სპეცსამსახურები ფეხდაფეხ დაჰყვებოდნენ, იარაღის მთელი არსენალით ქალაქის ცენტრში უსაფრთხოდ დაბინავება? ამასთან, გაჩნდა ეჭვი, რომ ჩატაევი ქართულმა სპეცსამსახურებმა ჩამოიყვანეს გარკვეული ინტერესის გამო და მერე მუხანათურად მოკლეს. სხვათა შორის, ამ ვერსიას ისიც ამყარებს, რომ ჩატაევი ცხოვრობდა­ იმ ბინაში, რომელიც ანტიტერორისტული ცენტრის თანამშრომლების კონტროლქვეშ იყო და ჩატაევი იქ შემთხვევით ვერ მოხვდებოდა.

 

- 2015 წელს ის ბინა გავჩხრიკეთ აიუფ ბორჩაშვილის კავშირების დადგენისა­ თუ გამოვლენის მიზნით. ბინა დროდადრო ქირავდებოდა და მაშინაც გაქირავებული იყო, როცა ჩვენ შევედით.

 

ვფიქრობ, ამ სახლში დაბინავება თავად ჩატაევის შეცდომა იყო. მის ადგილას ნამდვილად არ შევიდოდი იქ, სადაც უშიშროების სამსახურს ჩხრეკა აქვს ჩატარებული და სადაც ადრე საეჭვო პირი ცხოვრობდა.

 

საიდან აღმოჩნდა იქ იარაღი? კახეთის ტყის მასივიდან (არა პანკისის ხეობიდან), სამალავიდან არის წამოღებული, რომელიც ერთ დროს ჩრდილო კავკასიაში გადამსვლელ მეომრებს ეკუთვნოდა. ჩვენ ამის ბევრი მტკიცებულება გვაქვს ფოტოების სახით, ასევე გვყავს მოწმე, რომელიც მოგვიყვა, როგორ ამოიღეს სამალავიდან ავტომატები თუ ხელყუმბარები და თბილისში მისამართზე მიიტანეს. თავად სამალავთან ტერორისტების ტელეფონებში აღმოჩენილმა ფოტოებმა მიგვიყვანა...

 

- რა უნდოდა ჩატაევს საქართველოში?

 

- არც ერთი დაკავებული არ იძლევა ჩვენებას, რა გეგმები ჰქონდა ჩატაევს საქართველოში. ჩვენ გვქონდა ოპერატიული ინფორმაცია, მათ შორის, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისგანაც, რომ ჩატაევი ტერორისტულ აქტებს გეგმავდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც, რაც მოგვიანებით, უკვე აბუ-ჯიჰადისა და ჩატაევის აუდიოგზავნილებით დადასტურდა. არ ვიცი, ის გზავნილები როგორ მოიპოვეთ, მაგრამ ფაქტია, თქვენ გაასაჯაროეთ. ირკვევა, რომ ჩატაევს დავალებული ჰქონდა ხალხის მოძიება და ტერაქტების მომზადება საქართველოში, ასევე თურქეთშიც და მასობრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ბევრი უცხოელი ტურისტია.

 

- მათ შორის ამერიკელებიც...

 

- დიახ, ამერიკელებიც...

 

- თუმცა ჩვენ მიერ გასაჯაროებულ აუდიოგზავნილებში არის ერთი საინტერესო დეტალი - აბუ-ჯიჰადი ჩატაევს ესაუბრება მხოლოდ­ თურქეთზე, ხოლო საქართველოს რატომღაც ჩატაევი თავად სთავაზობს... ხომ არ იდგა საქართველოში ჩატაევის მოსალოდნელი აქტივობების უკან არა "ისლამური ხალიფატი", არამედ რომელიმე ქვეყნის სპეცსამსახური ან ორივე ერთად? ჩატაევი ხომ ყოველთვის ასოცირდებოდა სპეცსამსახურებთან?

 

- ვერსიები არის, თუმცა მტკიცებულებები - არა. მტკიცებით ფორმაში ვერ ვისაუბრებ იმაზე, თუ რომელი დიდი ქვეყნის სპეცსამსახური იდგა ჩატაევის უკან. გამორიცხული არ არის, რომ საქართველოში აქტივობით თავად ჩატაევიც ყოფილიყო დაინტერესებული - ჩვენ ვფლობდით ოპერატიულ ინფორმაციას, რომ ბოლო დროს მას გაუფუჭდა ურთიერთობა "ისლამური ხალიფატის" ხელმძღვანელობასთან, ამიტომ რეაბილიტაციისთვის ეცდებოდა­ ტერორისტული აქტივობით თავის გამოჩენას იმ ქვეყნებში, სადაც კავშირები ჰქონდა.

 

- ეს ის პერიოდია, როდესაც ახლოვდება საბავშვო "ევროვიზია" და "აბრეშუმის გზის" სამიტი. დამეთანხმებით, ორივე მასშტაბური ღონისძიება იყო, მაღალი რანგის უცხოელი სტუმრებით. იქნებ ტერორისტთა სამიზნე სწორედ ეს ღონისძიებები იყო?

 

- არ გამოვრიცხავ, რომ საფრთხე სწორედ აქ ყოფილიყო, სავსებით შესაძლებელია ეს ჯგუფი რომელიმე შენობაში შევარდნილიყო. შეიძლება ფიქრობდნენ­, რომ ისეთ რამეს გააკეთებდნენ, რაც შეაზანზარებდა არა მარტო საქართველოს, არამედ ევროპასაც.

 

- ოფიციალური ვერსიით, ჩატაევი არალეგალურად შემოვიდა თურქეთიდან ე.წ. მწვანე ზოლით, სადაც ის, ჩვენი ინფორმაციით, ბოლო 6 თვე იზმითში ცხოვრობდა. გასაგებია, რომ ჩვენი საზღვრის დიდი ნაწილი დაუცველია და ის როგორღაც "შემოგვეპარა", მაგრამ როგორ "გამოეპარა" თურქეთის ძლიერ სპეცსამსახურებს? ძნელი დასაჯერებელია, ტერორისტი, რომელიც ჯერ სტამბოლის ათათურქის აეროპორტის ტერაქტის, ხოლო 2017 წლის 1-ლ იანვარს ღამის კლუბში ტერაქტის ორგანიზებაში იყო ეჭვმიტანილი, ასე თავისუფ­ლად ცხოვრობდა და გადაადგილდებოდა ქვეყნის ტერიტორიაზე? შთაბეჭდილება მრჩება,­ რომ თურქულმა სპეცსამსახურებმა ის უბრალოდ გამოუშვეს.

 

- კატეგორიულად გამოვრიცხავ ამ ვერსიას. ჩვენ თურქ კოლეგებთან კარგი ურთიერთობა გვაქვს ყველა სფეროში, ჩატაევის საქმეშიც აქტიურად ვითანამშრომლეთ. მოდი, ნუღარ ვიდავებთ, თუ როგორ შემოვიდა ჩატაევი საქართველოში. ეს სასამართლომ უკვე დაადგინა - ჩატაევი თურქეთის ტერიტორიაზე საზღვრამდე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა მანქანით და შემდეგ რამდენიმე დღე იარა ტყის მასივებით, ის არალეგალურად გადმოვიდა საქართველოს ტერიტორიაზე. გარდა იმისა, რომ ამას თავად დაკავებული პირები აფიქსირებენ ჩვენებებში, ჩატაევის თურქეთში ყოფნას ადასტურებს მოგვიანებით თურქეთში, ქალაქ ხოფაში დაკავებული ჩატაევის გარემოცვის წევრის, გოჩა საღინაძის მეუღლეც. ის ჩვენებაში აცხადებს, რომ საქართველოში გადმოსვლის წინ ჩატაევმა რამდენიმე პირთან ერთად ღამე მათთან გაათია. საზღვრამდე მგზავრობისას ჩატაევის მანქანას წინ უძღოდა ერთი მანქანა, რომელსაც გზაზე ჟანდარმების დანახვა უნდა შეეტყობინებინა. ჩვენებიდან ჩანს, რომ ისინი გზაში ძალიან ფრთხილობდნენ. რაიმე შეთანხმება რომ ყოფილიყო, საზღვრამდე უსაფრთხოდ მიაცილებდნენ.

 

სპეცოპერაცია პანკისში

 

- 26 დეკემბერს ერთდროულად პანკისის ხეობასა და თბილისში კიდევ ერთი ანტიტერორისტული სპეცოპერაცია ჩატარდა. თქვენ დააკავეთ ჩატაევის ხელშემწყობი პირები. აღმოჩნდა, რომ ისინი იმდენად "უწყინარი" ადამიანები იყვნენ (ქვისმთლელი, ხელოსანი, სტუდენტი, მეურნე და ა.შ.), ძნელი დასაჯერებელი იყო, რომ მსოფლიო ტერორისტს მათთან რაიმე კავშირი ჰქონოდა. როგორ გავიდა გამოძიება ამ პირებზე?

 

- მტკიცებულებებში, რომლებიც ბინიდან ამოვიღეთ, იყო ჩანაწერები, რის საფუძველზეც მტკიცდებოდა, რომ რამდენიმე პირი დაკავშირებული იყო ჩატაევის ჯგუფთან. ერთი თვის განმავლობაში ჩვენმა თანამშრომლებმა ბევრი ღამე გაათენეს და დიდი ჯაფა გასწიეს ამ პირების დასადგენად. მოვიპოვეთ მტკიცებულებები, მათ შორის, ვიდეოკამერებიდან, ასევე ფულადი გზავნილები. განსაზღვრულ თანხას დაკავებულ პირებს ერთდროულად უგზავნიდნენ. ერთ-ერთი გამომგზავნი პირის იდენტიფიცირება ახლახან მოხერხდა - ის ჩატაევის ძმის ცოლი (ჩატაევის ძმაც "ხალიფატის" მებრძოლია) ზარემა მურზაფეროვაა. ის სპეცოპერაციამდე 4-5 თვის განმავლობაში რამდენიმე გადმორიცხვას აკეთებს ერთდროულად ხიზირ მარგოშვილთან, ტოლიკ ბერძენიშვილსა და თემირლან მაჩალიკაშვილთან.

 

- სოლიდური თანხები იგზავნებოდა?

 

- არა, დიდი თანხები ნამდვილად არ იყო. ყველამ კარგად იცის, როცა დიდი თანხა ირიცხება, საეჭვოა, ბანკი აჩერებს ტრანზაქციას და საქმეში მონიტორინგის სამსახური ერთვება, მოწმდება თანხის წარმომავლობა და ა.შ. მსოფლიოში უკვე ცნობილია, რომ ტერორიზმის დაფინანსების დიდი წილი სწორედ საბანკო გადარიცხვებზე მოდის. ბოლო დროს "ხალიფატმა" ძალიან დახვეწა ფულადი გადარიცხვების მექანიზმი, სპეციალურად არჩევენ ისეთ პირებს, რომლებიც არასდროს მოხვედრილან სპეცსამსახურების თვალთახედვის არეალში, სუფთა წარსული აქვთ და ყურადღებას არ მიიქცევენ. გადმორიცხვებს აკეთებდნენ ასევე სხვა პირებიც, რომელთა იდენტიფიცირებაზეც ვმუშაობთ. ვინაიდან ისინი საქართველოს მოქალაქეები არ არიან, დახმარებისთვის პარტნიორებს მივმართეთ. დაკავებული პირების სახელზე თანხებს რიცხავდა ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ლიკვიდირებული იბრაჰიმ ადაშევის მეუღლე აზა არცუევაც.

 

გარდა ამისა, ბინა ვარკეთილში, სადაც ჩატაევის ჩამოსვლამდე სოლტაჰმედოვი და შოაიფ ბორზიევი ცხოვრობდნენ, მაჩალიკაშვილმა და მარგოშვილმა დაიქირავეს. მარგოშვილს, რომელსაც თბილისში სამსახურიც კი არ გააჩნდა, გაუგებარია, რაში სჭირდებოდა თვეების განმავლობაში ბინის დაქირავება? საფუძვლიანი მტკიცებულებები გვქონდა მაჩალიკაშვილზეც, მათ შორის, იმდროინდელი სატელეფონო ზარები, როდესაც ჩატაევი და მისი ჯგუფის წევრები საქართველოში შემოდიან, მის სახელზე გაფორმებული სიმბარათები, მამამისის სახელზე გაფორმებული სიმბარათები, ტელეფონები, რომლებსაც ისინი კონსპირაციისთვის ერთმანეთში ხშირად ცვლიდნენ, ფულადი გზავნილები და ა.შ.

 

 

გარდა ამისა, იკვეთება, რომ ჯგუფის ყველა წევრი, მაგალითად, გორნაკაშვილი, რომელმაც ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ბინა გააქირავა, დაკავშირებულია ჩატაევთან, ასევე იდოიძეც, რომელიც თურქეთში ჩავიდა. ისიც უნდა ითქვას, რომ მათ თურქეთში ჩასვლის ნამდვილი მიზეზი არ იცოდნენ, თუმცა, როცა იქ ჩატაევი ნახეს, ვალდებული იყვნენ, საქართველოში ჩამოსვლის შემდეგ განეცხადებინათ. არც ერთ დაკავებულ პირს არც სპეცოპერაციამდე და არც მის შემდეგ გამოძიებასთან თანამშრომლობის სურვილი არ გამოუთქვამს. გარდა­ იმისა, რომ მათ ჩატაევი ერთად ჩამოიყვანეს, სპეცოპერაციის შემდგომაც განაგრძობდნენ ურთიერთობას. მაგალითად, ერთმანეთს უგზავნიდნენ ცხედრების ფოტოებს. ასევე გვაქვს ვიდეომასალა, რომელიც იმ ბინაშია გადაღებული, და ბევრი სხვა მტკიცებულებაც, რომლებზეც ახლა ვერ ვისაუბრებ. ვიმეორებ, ეს არის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოში წარვადგინეთ და ამის საფუძველზე მივიღეთ მოსამართლის განჩინება. სწორედ განჩინებით შევედით ბინების გასაჩხრეკად. ასე რომ, გავრცელებული აზრი, თითქოს ჩვენ 26 დეკემბერს, პანკისის სპეცოპერაციის დროს, სადღაც არასწორად შევედით, სიცრუეა!

 

საბედისწერო გასროლა

 

- დანარჩენებისგან განსხვავებით, თემირლან მაჩალიკაშვილს სასამართლოში თავის მართლების შესაძლებლობა არ მიეცა, ის 26 დეკემბერს სპეცოპერაციის დროს სასიკვდილოდ დაჭრეს და მამამისი დღემდე ქუჩაში ეძებს სამართალს. მოგვიანებით, მედიაში გაჩნდა ვიდეოკამერიდან ამოღებული ფირი, სადაც თემირლან მაჩალიკაშვილი სპეცოპერაციისას მოკლულ პირებთან ერთად ტელეფონების მაღაზიაში ჩანს. სიმართლე გითხრათ, მხოლოდ ამ ფირით და მედიაში აქა-იქ ფრაგმენტულად გასაჯაროებული მტკიცებულებებით მაჩალიკაშვილის კავშირი ტერორიზმის ხელშემწყობ ჯგუფთან ნაკლებად დამაჯერებელია. რატომ არ ასაჯაროებს გამოძიება მის ხელთ არსებულ მტკი­ცებულებებს, თუ მართლაც აქვს, როდესაც­ მაჩალიკაშვილის ეპიზოდის ტრაგიკულად დასრულების გამო საზოგადოების ინტერესი ჯერაც არ განელებულა?

 

- კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვიტყვი - ერთი თვის განმავლობაში უამრავი მტკიცებულება შევაგროვეთ, რომ ეს პირები დაგვეკავებინა. საფუძვლიანი მტკიცებულებები რომ არ გვქონოდა, სასამართლო არ მიიღებდა ბინების ჩხრეკის განჩინებას. მტკიცებულებების განსაზღვრულ ნაწილზე უკვე ვისაუბრე, და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს იყო მაჩალიკაშვილის სახელზე გამოგზავნილი ფულადი გზავნილები, მობილური ტელეფონის საგარანტიო ფურცლები, ასევე ჩატაევის მიერ მაჩალიკაშვილის სახელზე გაფორმებულ ნომერზე განხორციელებული ზარი. ასევე კოლეგების დახმარებით მოვახერხეთ სატელეფონო მიმოწერის აღდგენა, სადაც ნათლად ჩანს, თუ როგორ თანაუგრძნობს მაჩალიკაშვილი თვითმკვლელ ტერორისტებს და თითქოს ისიც მზად არის გარკვეულ ეტაპზე მსგავსი ქმედება თავადაც ჩაიდინოს. დღესაც ვმუშაობთ. საქმე დახურული არ არის, აგვისტოში ჩვენ ჩატაევის ჯგუფის კიდევ ერთი წევრი დავაკავეთ...

 

- რუსლან შავაძე?

 

- დიახ. სპეცოპერაციის შემდეგ ის ტყეში იმალებოდა და როგორც კი გამოვიდა, იმ დღესვე დავაკავეთ...

 

- პანკისის სპეცოპერაციის დღესვე გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს ნახევრად მძინარე მაჩალიკაშვილს იმიტომ ესროლეს, რომ ხელში ხელყუმბარა ეკავა და შესაძლოა აემოქმედებინა. ოჯახის წევრების თქმით, ხელყუმბარა სახლში არავის უნახავს და ის თემირლანს "ჩაუდეს". მოგვიანებით ადვოკატებმა გაასაჯაროეს ექსპერტიზის დასკვნა, სადაც გარკვევით წერია, რომ ხელყუმბარაზე მაჩალიკაშვილის თითის ანაბეჭდები არ აღმოჩნდა, რამაც უფრო გაამყარა "ჩადების" ვერსია. და მაინც, რა მოხდა 26 დეკემბერს მაჩალიკაშვილების ოჯახში?

 

- გამოძიება არ დასრულებულა, ამიტომ პასუხისგან თავს შევიკავებ.

 

- რატომ არ აღმოჩნდა თითის ანაბეჭდები ხელყუმბარაზე?

 

- ხელყუმბარაზე ნანახი თითის ანაბეჭდი მართლაც არ იყო საკმარისი პირის იდენტიფიცირებისთვის, თუმცა იმავე ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ ხელყუმბარაზე აღმოჩნდა ბიოლოგიური მასალა, რომელიც მაჩალიკაშვილის იდენტურია...

 

- ანუ?

 

- ხელყუმბარაზე დაფიქსირებულია მაჩალიკაშვილის დნმ-ის კვალი. როგორც უკვე გითხარით, გამოძიება დასრულებული არ არის და ამიტომ საქმესთან დაკავშირებით, კითხვას ვერ ვუპასუხებ.

 

- რადგან თემირლან მაჩალიკაშვილს ბრალი არ წაუყენეს, შესაბამისად ის უდანაშაულოა. რატომ არ წაუყენეს, მით უმეტეს, როგორც თქვენ ამბობთ, მისი ბრალეულობის მტკიცებულებები გქონიათ?

 

- როდესაც პირს ბრალს წაუყენებენ, ის უნდა აცნობიერებდეს და საღ გონებაზე იყოს. თემირლან მაჩალიკაშვილი სასამართლოს განჩინებით დააკავეს. ბრალდების შესახებ დადგენილების წარდგენა და გაცნობა მაშინ შეიძლება, როცა დაკავებული პირი აღიქვამს და აცნობიერებს ბრალდებას, ასევე იცის ის უფლებები, რომლებიც ბრალდებულს აქვს. აქედან გამომდინარე, თუკი ადამიანი უგონოდ არის, ფაქტობრივად, ბრალს ვერ წაუყენებ, ასევე ვერ წაუყენებდნენ ბრალს გარდაცვალების შემდგომ, ვინაიდან ეს გარემოება უკვე სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის ერთ-ერთი საფუძველია.

 

- მაჩალიკაშვილები აცხადებენ, რომ ჩატაევთან მათ ოჯახს არანაირი­ კავშირი არ ჰქონია, შესაბამისად, არც თემირლანს.

 

- ნახავდით პრესაშიც და მეც გიდასტურებთ, რომ არა მხოლოდ ნაცნობობა­ აკავშირებდათ, თემირლანის დედა და ჩატაევის მეუღლე ნათესავები არიან.

 

- არაერთხელ ითქვა, რომ სპეცოპერაციას უშუალოდ ხელმძღვანელობდა სუს-ის უფროსის უკვე ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი. მაჩალიკაშვილების განცხადებით,­ ის ნახეს სპეცოპერაციის შემდგომ სახლში..

 

- ეს ტყუილია. არათუ გოგაშვილი, მეც კი არ ვყოფილვარ იმ დღეს პანკისში. დაკავების სპეცოპერაციებს­ სამსახურის პირველი პირები არ ესწრებიან. როგორ ფიქრობთ, ჩემი ხელმძღვანელები იქ რომ ყოფილიყვნენ, მე თბილისში ვიქნებოდი?

 

- ვინ იყო მთავარი დამაკავშირებელი რგოლი ჯგუფსა და ჩატაევს შორის, ანატოლი ბერძენიშვილი?

 

- ანატოლი ბერძენიშვილი ვერ იქნებოდა. იმ დროისთვის ეს იყო ორი პირი - ხიზირ მარგოშვილი და რუსლან ალდამოვი. ორივეს ახლო ურთიერთობა ჰქონდა ჩატაევთან. მოგეხსენებათ, ალდამოვი ერთხანს ავსტრიაში ცხოვრობდა და ჩატაევს სწორედ იქ დაუახლოვდა. თავის მხრივ, მარგოშვილი ჩატაევს მაშინ დაუმეგობრდა, როცა ის საქართველოში ცხოვრობდა. ამ ორ პირზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძალიან აქტიურობდნენ - ალდამოვს ურთიერთობა ჰქონდა ჩოფანაშვილთან, გორნაკაშვილსა და იდოიძესთან, მარგოშვილს კი მაჩალიკაშვილსა და ბერძენიშვილთან.

 

- თქვენი თქმით, ჩატაევი ენდობოდა ზემოხსენებულ პირებს, თუმცა საქართველოში ჩამოსვლის გეგმებზე რატომღაც ტოლიკ ბერძენიშვილს ესაუბრებოდა. სურვილი, რომ საქართველოში გამოზამთრება უნდოდა, მისი პირით­ შემოგითვალათ...

 

- ამაზე ნამდვილად ვერ ვისაუბრებ. ჩვენი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, უამრავ ადამიანს ვხვდებით და დიდძალ ინფორმაციას ვიღებთ, რომელსაც ვამოწმებთ, არის თუ არა რეალური.

 

მინდა ყველამ იცოდეს, სახელმწიფო, არც ახლა და არც სამომავლოდ, არ ითანამშრომლებს ტერორისტებთან. მათ საქართველოში მხოლოდ დაკავება და სასჯელი ელით.

 

უკანასკნელი მეკავშირე

 

- მას შემდეგ, რაც ჩატაევის ჯგუფის ბოლო წევრი რუსლან შავაძე დააკავეთ, შეიძლება ითქვას, რომ სწორედ შავაძე იყო ჩატაევის მეგზური აჭარის მთებში?

 

- რუსლან შავაძემ, როცა სირიაში საბრძოლველად მიდიოდა, საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადაკვეთა, თავად ამ რეგიონიდანაა და სავარაუდოდ, კარგად იცოდა ის ბილიკები და ადგილები, სადაც საზღვარი იმ დროისთვის ყველაზე ნაკლებად იყო დაცული. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სწორედ მან შემოიყვანა ჩატაევის ჯგუფი უსაფრთხოდ საქართველოში. თუ ის გამოძიებასთან ითანამშრომლებს­ და ჩვენებას მოგვცემს, საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ჩატაევის საქმეზე დაკავებულ პირთა წინააღმდეგ არსებული ყველა მტკიცებულება სასამართლომ გაითვალისწინა და დღეს ისინი სასჯელს იხდიან.

 

დასასრულ, კიდევ ერთხელ მინდა ვუთხრა მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომლებიც გასული წლის 21-22 ნოემბერს საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად დაგვეხმარნენ ტერორიზმის საფრთხის აცილებაში.

 

 

 ავტორი: ნინო ბურჭულაძე

 

 

 

big_banner
არქივი