logo_geo
როგორ დავაღწიოთ თავი ბანკის ჭარბ ვალებს და რა უნდა გავითვალისწინოთ სესხის აღების დროს
- +

27 ნოემბერი. 2018. 02:48

 

 

საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს საფინანსო სექტორის ვალი აქვს. ბოლო წლების მონაცემებით, „კრედიტინფოში“ ჩანაწერების რაოდენობა, რომელიც როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების სასესხო ვალდებულებების მონაცემებს ასახავს, მილიონობით არის გაზრდილი. ბოლო ინფორმაციით, ბანკის ვალი აქვს საქართველოს მოსახლეობის თითქმის 70%-ს. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები 2-3 და უფრო მეტი კრედიტით სარგებლობენ. თუ გავითვალისწინებთ, რომ 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდებზე ბანკები სესხს არ გასცემენ და 70 წლის ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვისაც კრედიტების გაცემა შეზღუდულია, ზრდასრული მოსახლეობის 2/3-ზე მეტი საბანკო სესხების ბადეშია გახვეული.

 

რატომ ვიღებთ ჭარბი რაოდენობით სესხებს, ვისთვის ნიშნავს საქართველოში სესხის აღება გაღარიბებას და როგორ უნდა მოვახდინოთ ჩვენი შემოსავლების კალკულაცია ეკონომიკური თეორიების ცოდნის გარეშე, რომ შემოსავალზე მეტი ვალით გაბანკროტების საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდეთ? ამ შეკითხვებით ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორს, პროფესორ ლია ელიავას გავესაუბრეთ. 

 

– როგორ ვეხვევით საბანკო სესხების ბადეში?

 

– ეს არის სოციალური და ეკონომიკური ფაქტორები, რაც განაპირობებს იმ ადამიანთა მაღალ რიცხვს, რომელთაც აქვთ ჭარბი საკრედიტო დავალიანებები. ადამიანი თავისი სურვილების დაკმაყოფილების პროცესში ხშირად იღებს უზარმაზარ ვალს, ისინი აკეთებენ ყველაფერს იმისთვის, რომ მიიღონ ის, რაც უნდათ. როცა არ გაქვს იმდენი ფული, დაიკმაყოფილო სურვილები და გაქვს შესაძლებლობა, გადადო ხარჯი მომავლისთვის, ადამიანის ბუნება ისეთია, დღევანდელ კვერცხს აირჩევს, დღეს იყიდის მაცივარს, გამოცვლის ძველ ტელევიზორს და არა რამდენიმე თვის შემდეგ, როცა დანაზოგს გააკეთებს. სამწუხაროდ, ჩვენს საზოგადოებაში ბევრი არ არის ისეთი, ვისაც შეუძლია აიღოს ხელფასი, წავიდეს მაღაზიაში და იყიდოს 2000 ლარის ღირებულების მაცივარი ან ტელევიზორი, ამიტომაც ფიქრობს, რომ სესხი არის საუკეთესო გამოსავალი და ეს ხშირ შემთხვევაში, მართლაც ასეა. სწორედ ადამიანის ამ ბუნებაზეა აგებული კომერციული ბანკების საკრედიტო საქმიანობა. ბოლო რამდენიმე წელია, ჩვენი მოსახლეობა ინტენსიურად დადის უცხოეთში და როცა მათი ცხოვრების დონეს ჩვენსას ადარებს, იმას აღარ ფიქრობს, რა არის მათი შემოსავალი. უბრალოდ, უჩნდება სურვილი, იცხოვროს უკეთესად. და აქ დასაძრახი არაფერია, მაგრამ იმისთვის, რომ უკეთესად იცხოვრო, გჭირდება ძალიან მყარი მატერიალური საფუძველი. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობა თავის ყოფით პრობლემებს სესხების მეშვეობით იგვარებს, და ხშირად არა მარტო ერთი, რამდენიმე სესხი აქვს,  მას შეუძლია მოემსახუროს ამ სესხებს თავისი შემოსავლით. ასეთ ქვეყნებში ადამიანებს შეუძლიათ დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნილებები სესხის მეშვეობით და ეს არ ხდება პრობლემა და ტრაგედია. საქართველოში, სამწუხაროდ, სხვა სიტუაციაა. როდესაც ისეთი ღარიბი საზოგადოების წევრი ხარ, რომლის კეთილდღეობის დონე ძალიან ნელი ტემპით იზრდება, ეს ბევრ რისკთან არის დაკავშირებული. ჩვენთან სესხის აღება მოსახლეობის გარკვეული სეგმენტისთვის ნიშნავს გაღარიბებას. როდესაც იძულებული ხდები, მცირე შემოსავლების გამო საკუთარ თავსა და ოჯახის წევრებს დააკლო საკვების, ტანსაცმლის თანხა, არ დახარჯო ზედმეტი ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, მოიკლო აუცილებელი სასიცოცხლო ფუნქციები და თანხის ნაწილი გადადო საკრედიტო დავალიანების გადახდაზე, ეს ძალიან რთულია. სამწუხაროდ, მოსახლეობა ვერ ერევა ამ ხარჯს და ამიტომაც ვეხვევით ასე მძიმედ საბანკო სესხებში.

 

ჭარბვალიანობის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია სიღარიბე. სამწუხაროდ, საქართველო ჯერ კიდევ მსოფლიოს უღარიბეს ქვეყანათა რიცხვშია, საერთაშორისო სავალუტო ფონდს შემუშავებული აქვს სპეციალური „სიღარიბის დაძლევის პროგრამა“ საქართველოსთვის, რომელიც ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს იყო მიღებული და ახლანდელი ხელისუფლების ზრუნვის ობიექტს წარმოადგენს. ფაქტობრივად, ჩვენ 15 წელიწადია სიღარიბეს ვებრძვით, თუმცა არა წარმატებულად – ამ ბრძოლის „შედეგია“ ის 600 000 ადამიანი, რომელიც ვერ ემსახურება თავის დავალიანებებს. თუ გამოვრიცხავთ ურჩ გადამხდელებს, რომელთაც არ სურთ თავიანთი საკრედიტო დავალიანებების დაფარვა, დანარჩენი კატეგორია არის პატიოსანი გადამხდელი, რომლებიც ვერ იხდიან დავალიანებებს, ვინაიდან მათი ხარჯი აღემატება შემოსავალს. ბანკები მოსახლეობისგან ისრუტავენ ფულს და მათ ტოვებენ საარსებო მინიმუმის გარეშე. ეს ის ადამიანები არიან, რომელთაც არ შეუძლიათ თავიანთი დავალიანების გადახდა, თორემ არსებობს კიდევ თითქმის ამ რაოდენობის ადამიანების კატეგორია, რომლებიც გაჭირვებით, მაგრამ იხდიან საკრედიტო დავალიანებებს. საკრედიტო დავალიანებების ასეთი მაღალი მაჩვენებელი მომდინარეობს ქვეყნის სიღარიბის დონიდან, რომლის განმსაზღვრელია შემოსავლების სიმცირე, ფასების მაღალი დონე, მნიშვნელოვანი ფაქტორია, საპროცენტო განაკვეთისა და ასევე, გადასახადების მაღალი დონე. საქართველოში მოსახლეობას აქვს ძალიან მაღალი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც იყო 20%, მაგრამ საპენსიო რეფორმის მიღების შემდეგ ხდება 22%. ეს, ფაქტობრივად, ნიშნავს იმას, რომ თქვენ სამი თვე მუშაობთ უფასოდ და თქვენს ნამუშევარს აძლევთ სახელმწიფოს. სხვა მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებს აღარ ჩამოვთვლი, ეს და სხვა რიგი ფაქტორები განაპირობებს ქვეყნის სიღარიბეს. ამ ფონზე ასეთი ოდენობის მოვალის არსებობა სულაც არ არის გასაკვირი. ფული ძირითადად დიდ ქალაქებში ტრიალებს – თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, რეგიონებში და სოფლებში შემოსავლების დონე ბევრად უფრო დაბალია, იმ ადამიანთა უმეტესობა, რომელიც ვერ ახერხებს საკრედიტო დავალიანების გასტუმრებას, რეგიონისა და სოფლის მოსახლეობაზე მოდის. შესაბამისად, როდესაც ვსაუბრობთ ჭარბვალიანობაზე, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ეს არის შედეგი და მასთან ბრძოლა იქნება ნაკლებად ეფექტიანი, თუ არ იქნა ბრძოლა სიღარიბის მიზეზებთან.              

 

– მხოლოდ სიღარიბეს თუ არ დავაბრალებთ და იმ არაგონივრულ სესხებსაც გავითვალისწინებთ, რაც აქვს ბევრ მოქალაქეს, ალბათ, ჩვენშიც არის პრობლემა. როცა სესხს ვიღებთ კოსმეტიკური პროცედურებისთვის, მოგზაურობისთვის, ბოლო თაობის მობილური ტელეფონისთვის, რაც არ წარმოადგენს განსაკუთრებულ აუცილებლობას, იმისთვისაც უნდა ვიყოთ მზად, რომ ამ მოთხოვნებს მცირე შემოსავლების პირობებში პირველადი მოხმარების საგნები შეეწირება.

 

– როდესაც სესხს იღებენ სამკურნალოდ, შვილების განათლებისთვის, რაც ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირებულია, სასწავლო სესხების დიდი ოდენობით გაცემას ვგულისხმობ, ანუ იმ საჭიროებებზე, რომლის გარეშეც ოჯახის სამომავლო განვითარების პერსპექტივა არ არსებობს, ეს, რა თქმა უნდა, გამართლებულია. ეს არის ადამიანების ის კატეგორია, რომლებიც ცდილობენ, გაიუმჯობესონ და მოიგვარონ აუცილებელი ყოფითი ან თუნდაც ჯანმრთელობის პრობლემები. სესხები, რომლებიც მოიხმარება, როგორც ფუფუნების დანიშნულების მქონე სესხები, მაშინ, როდესაც ჩვენი შემოსავალი მის დაფარვას რისკის ქვეშ აყენებს, რა თქმა უნდა, არაგონივრულია. არის ადამიანების კატეგორია, რომლთაც სურთ არ ჩამორჩნენ ტენდენციებს, არ გამოიყურებოდნენ სხვის თვალში უარესად, იყვნენ მოდურები, რომ საუბრობდნენ მათზე, რითაც იკმაყოფილებენ თვითშეფასებას. როცა თავს წარმოაჩენენ წარმატებულ ადამიანებად, ეს ცუდი სულ არ არის, მით უფრო, რომ მთელი მარკეტინგული მანქანა ამაზე მუშაობს, აიძულოს მოსახლეობა, იყიდოს და მოიხმაროს უფრო  მეტი. მარკეტინგის უნიკალური თვისება იმაშიც მდგომარეობს, რომ ის ადვილად გიძვრება ჯიბეში, მოგწონს რეკლამა, გჯერა, რომ შენ ის გჭირდება და ბუნებრივია, ეხვევი ვალებში.

 

– თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ასეთი სარეკლამო კამპანია დღემდე  აქტუალურია თავად საბანკო სექტორისგან, ძნელია, გაუძლო ცდუნებას, როცა ბანკები თითქმის გაჩეჩებენ წლების განმავლობაში სესხს ყოველგვარი დასაბუთების გარეშე. 

 

–  სწორედ ამ „შეჩეჩებული სესხების“ დამსახურებაა ის შედეგები, რაც დადგა. კომერციული ბანკები, ფაქტობრივად, აიძულებდნენ მომხმარებელს სესხის აღებას. ეს იყო აქამდეც და, ალბათ, ასე იქნება მომავალშიც, კომერციულ ბანკებს აქვთ ჭარბი ფული, რომელიც მოითხოვს დაბანდებას. ბანკი  ფულს ვერ გააჩერებს და, ბუნებრივია, როდესაც კლიენტი არ მიდის ბანკთან, ბანკი იძულებული ხდება, თვითონ „მივიდეს“ კლიენტთან უთვალავი სარეკლამო შეთავაზებით. ჩვენ გვაქვს ასეთი პრაქტიკაც, საკმაოდ ძლიერი ბანკები,  ფაქტობრივად, გასცემდნენ ონლაინსესხებს, როდესაც აკეთებდნენ შეთავაზებას, მომხმარებელს საიტზე გაეფორმებინა სასესხო ხელშეკრულება. სწორედ ამ ტიპის სესხების, რომლებიც არაფრითაა გამაგრებული, შეზღუდვა მოხდა ეროვნული ბანკის რეგულაციების შედეგად. ბანკები ამ აკრძალვით გარკვეულ შემოსავალს კარგავენ, მის ანაზღაურებას, რა თქმა უნდა, მსესხებლის ხარჯზე შეეცდებიან. ბანკი, როგორც ბიზნესსტრუქტურა, არანაირად არ არის შეშფოთებული იმით, მოსახლეობა გადაიხდის თუ არა აღებულ სესხს, ეს მეორეხარისხოვანია. მთავარია, დააბანდონ ფული და მიიღონ შემოსავალი. აქ არანაირ სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბარი არაა. ნებისმიერ სასესხო ვალდებულებას ახლავს ბევრი რისკ-ფაქტორი, მათ შორის შემოსავლების დაკარგვის ალბათობა. შეიძლება სესხით წამოვიწყოთ ბიზნესი, რომელიც ვერ აღმოჩნდება წარმატებული, ან ვიყიდოთ სახლი და სამსახურიდან გაგვათავისუფლონ. მაღალი რისკ-ფაქტორები სოციალური პრობლემაა, რაც დამახასიათებელია ღარიბი საზოგადოებისთვის და რაც არის წინაპირობა იმ მოცემულობისა, რაც გვაქვს. ამას, რა თქმა უნდა, აცნობიერებენ საბანკო სექტორშიც, რაც არის კიდეც გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც ჩვენთან სესხებზე ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთებია.  

 

– ეს, როგორც  ცნობილია, ღარიბი ქვეყნების ხვედრია. 

 

– დიახ, ეს არის ყველა ღარიბი და ჩამორჩენილი ქვეყნების პრობლემა, სადაც სახელმწიფო ინსტიტუციები სუსტია და მწირია საკანონმდებლო ბაზა. სესხებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი განპირობებულია ორი ფაქტორით. შედარებით ობიექტური ფაქტორია, კომერციული ბანკების მიერ რისკების გათვლა, ისინი ზრდიან მაქსიმალურად საპროცენტო განაკვეთს, რომ რაღაც ანაზღაურება მაინც მიიღონ, თუ სესხი არ იქნება გადახდილი. გამოდის, რომ კეთილსინდისიერი მსესხებელი იხდის არაკეთილსინდისიერი მსესხებლის სესხსაც, თან იხდის პროცენტიანად. ფაქტობრივად, კომერციული ბანკები არაფერს კარგავენ, როდესაც სესხების ნაწილის ამოღება ვერ ხდება. ამის გარდა, მნიშვნელოვანი ფაქტორია ბანკების მარეგულირებლის  სუსტი რეგულაციები, რომლებიც, ფაქტობრივად, ხელს უწყობენ  კომერციულ ბანკებს, გაზარდონ საპროცენტო განაკვეთები სამევახშეო საპროცენტო განაკვეთების დონემდე. ბევრ ქვეყანაში არსებობს სპეციალური შეზღუდვები, რომელთა მიხედვითაც ამ უფლებას არ მისცემენ არც ერთ კომერციულ ბანკს. ჩვენთან ასეთი რეგულაციები არ არსებობს.

 

– მომზადებულია და დაანონსებულია ახალი რეგულაციების პაკეტი, რომელიც, როგორც ამბობენ, უახლოესი პერიოდიდან  შევა ძალაში.

 

– რეგულაციები, რა თქმა უნდა, აუცილებელია, მაგრამ სიღარიბის ამ ფონზე, ამ რეგულაციებით შეზღუდვა კატეგორიულად არასწორი მგონია. ეს იქნება საკმაოდ მძიმე შეზღუდვები იმ პირებისთვის, რომელთაც უნდათ სესხის აღება, დაბალშემოსავლიანი მოსახლეობისთვის ფული იქნება ხელმიუწვდომელი, ისინი ვერ იყიდიან ახალ საყოფაცხოვრებო ნივთებს, იპოთეკურ სესხზე ლაპარაკიც ზედმეტია. ასეთი შეზღუდვა არ უნდა უწესდებოდეს ახალგაზრდა ოჯახს, მათ  უნდა შეეძლოთ ბინის ყიდვა იპოთეკური სესხით, რადგან ამის გარეშე ისინი ვერ შეძლებენ საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, შვილების გაჩენას. როცა ახალგაზრდა ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, გაზარდოს საკუთარი კეთილდღეობა, ამით საფრთხე ექმნება დემოგრაფიასაც, რაც ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა. ამ რეგულაციების ამოქმედების შემდეგ ადამიანების ნაწილი, ვისაც ექნება სურვილი, აიღოს სესხი, ალბათ, გადაინაცვლებს შავ ბაზარზე, შესაბამისად, ამით ვერ დავიცავთ მომხმარებელს ჭარბი ვალისგან, თუმცა სტატისტიკური მონაცემები ჭარბვალიანობასთან დაკავშირებით ნამდვილად უკეთესი გვექნება.

 

– რომელია ყველაზე დიდი რისკის შემცველი საბანკო სესხები მომხმარებლისთვის? 

 

– ყველაზე დიდი ფინანსური წნეხი მომხმარებლისთვის არის საკრედიტო ბარათები, მათი მაღალი პროცენტიდან და დაფარვის მექანიზმიდან გამომდინარე. საკრედიტო ბარათზე დარიცხული თანხა არის სესხი, რომელსაც არ გააჩნია მიზნობრიობა. თუ იღებთ იპოთეკურ ან ავტოსესხს, კომერციული ბანკი გიკონტროლებთ ამ თანხის მიზნობრიობას. საკრედიტო ბარათის შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ, ეს თანხა გახარჯოთ თქვენი სურვილისამებრ, ბანკთან შეთანხმების გარეშე. რისკ-ფაქტორების გამო, კომერციული ბანკი ამ პროდუქტზე აწესებს საკმაოდ მაღალ სარგებელს. საკრედიტო ბარათის არსი განვითარებულ, ძლიერი ეკონომიკის ქვეყნებში განსხვავებულია. უცხოეთში შესაძლებელია, საკრედიტო ბარათი მიბმული იყოს სახელფასო ანგარიშზე და შემოსავლები ავტომატურად გადაირიცხოს საკრედიტო ბარათის ანგარიშზე, რომელიც გახარჯულია სახელფასო ბარათის დახარჯვის შემდეგ. შესაბამისად, როდესაც შემოსავალი გადადის ამ ბარათზე, მათ არ უწევთ სისტემატურად ფულის შეგროვება გახარჯული თანხის ასანაზღაურებლად, საკრედიტო ბარათები მათთვის არ არის ფინანსური წნეხი. ჩვენი ბანკები, გარდა ფიზიკური პირების დაკრედიტებისა, ეწევიან ძალიან ბევრ სხვა სახის მომსახურებას ბიზნესისთვის, მათთვის კომერციული ბანკების მომსახურება საკმაოდ ძვირია. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში პროდუქტზე ფასები მაღალია, ფასში დაახლოებით 70% არის ბანკის მომსახურების ხარჯი. ეს ძალიან სახიფათოა როგორც ბიზნესისთვის, მთლიანად ეკონომიკისთვის. ჩვენს კომერციულ ბანკებს მომხმარებლისთვის 200-ზე მეტი საკრედიტო პროდუქტი აქვთ, უცხოეთში ბანკები ბევრად მეტ პროდუქტს სთავაზობენ მომხმარებელს. იქ მომსახურების სპექტრი უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე საქართველოში, რაც მოაქვს ძლიერ ეკონომიკას. უცხოეთში არის სპეციალიზებული, კონკრეტულად ერთი სახის პროდუქტზე მომუშავე ბანკები. რა მოთხოვნილებაც მატულობს, ბანკიც იმ პროდუქტს სთავაზობს და ითვისებს ახალი საქმიანობის სფეროს, რაც თავისთავად კარგია. მიუღებელია მიდგომა, როცა კომერციული ბანკებისგან ქმნიან მონსტრებს, და რომ არა ბანკები, საქართველო აყვავდებოდა. ეს ასე არ არის. კომერციული ბანკი არის ბიზნესი და მას აქვს ერთადერთი მიზანი, მიიღოს რაც შეიძლება მეტი მოგება. მათზე არის დამოკიდებული ეკონომიკის გამართული ფუნქციონირება. შესაბამისად, როგორ რეგულირებასაც დაუწესებ კომერციულ ბანკებს, ისე იმუშავებენ ისინი. თუ ვინმეს არ მოწონს, რაც ხდება საქართველოს საბანკო სფეროში, ეს კითხვები ეროვნულ ბანკთან უნდა დაისვას, რომელმაც დაუშვა ორი მონსტრი ბანკი და ნულოვანი კონკურენცია საბანკო ბაზარზე. თუ ჩვენთან ბანკების ძირითადი შემოსავალი არის საკრედიტო საქმიანობა, უცხოეთში ბანკების ძირითადი შემოსავალი შეიძლება იყოს სატრასტო ფონდების მართვა, ან როდესაც ბანკები ეწევიან მხოლოდ ძვირფასი თვლების, ქვების, ლითონის შენახვას, ჩვენთან ეს ჯერ ფანტასტიკის დონეზეა. საქართველოში ვერ შეინახავთ სტანდარტიზებულ ოქროს კომერციულ ბანკში, არ მაქვს მხედველობაში საბანკო ყუთები, სადაც რა დევს, ხშირად კაცმა არ იცის.      

 

– ოქროს ლოდები იყოს და მოვუძებნით ადგილს... როდესაც ეკონომიკური თეორიები არ  ვიცით, როგორ მოვახდინოთ ჩვენი შემოსავლისა და ხარჯის სწორი კალკულაცია, რომ ჭარბი სესხებით გაბანკროტებამდე არ მივიდეთ?

 

– იმის ცოდნა, როგორ გაანაწილო შენი შემოსავალი და ხარჯი, ეკონომიკური თეორიების დიდ ცოდნას არ მოითხოვს. იმისთვის, რომ ჭარბი სესხებით გაკოტრებამდე არ მივიდეთ, აუცილებელია, მოვახდინოთ ჩვენი შემოსავლისა და ხარჯის მუდმივი აღწერა. ფაქტობრივად, უნდა გადავიქცეთ ჩვენი ოჯახების ბუღალტრებად და ვაწარმოოთ კალკულაცია. თუ ყველა შემოსავალს გვერდით მივუწერთ ყველა ხარჯს, მათ შორის საბანკო ხარჯსაც გაითვლით, რისკებისგან თავს დაიცავთ. სხვადასხვა ეფექტი აქვს, როცა თვლი შენს ხარჯებს და როდესაც საფულიდან იღებ ფულს. როდესაც საკუთარ ბიუჯეტს მართავ და სწორად გაქვს გაწერილი, შეძლებთ გათვალოთ, რამდენი სესხი აიღოთ და რა საპროცენტო განაკვეთით. ისიც კი წინასწარ უნდა იცოდეთ, როგორია ჯარიმა სასესხო პირობების დარღვევის დროს, ესეც შეყვანილი უნდა გქონდეთ თქვენს ბიუჯეტში იმ შემთხვევისთვის, როცა რომელიმე თვეს გადასახადის გადახდას ვერ შეძლებთ. თავიდან ამ სახის კალკულაცია რთულია, თუმცა ყოველი შემოსავლისა და ხარჯის აღწერა თავიდან აგარიდებთ საფრთხეს, თქვენ შეძლებთ საკუთარი ცხოვრების მართვას, რადგან იქამდე, სანამ გაქვს სესხი, შენ გმართავს ბანკი.  დავალიანების მქონე ადამიანს მხრებზე აწევს მძიმე მორალური ტვირთი, რომელიც ვლინდება ყველაფერში, მათ შორის ცხოვრების წესში. კრედიტი  მძიმე ფსიქოლოგიური წნეხია, რომელიც ჩვენ თვითონ შეგვიძლია შევიმსუბუქოთ ჩვენი ფინანსების მკაცრი აღრიცხვითა და მართვით. მაგალითად, თუ ოჯახი აპირებს შენაძენის გაკეთებას 3-6 თვის შემდეგ, ფინანსების სწორი მართვით შესაძლებელია მცირე დანაზოგის გაკეთება და ამის შემდეგ პატარა სესხის აღებაც, რაც ბევრად ამსუბუქებს მდგომარეობას. როდესაც ამბობენ, რომ ჩვენ დაზოგვის კულტურა არ გვაქვს, ეს დაბალი შემოსავლებიდან გამომდინარეობს, მაგრამ, თუ ხარჯები სწორად იქნა გაწერილი, საინტერესო აღმოჩენებს გააკეთებთ, მათ შორის იმდენ არასაჭირო ხარჯს იპოვით, რომ საკუთარ ბიუჯეტს აუცილებლად გადახედავთ. ეს განსაკუთრებით ქალებს ეხება. არსებობს გამოთქმა, კაცი მზადაა, გადაიხადოს ორჯერ მეტი იმ ნივთში, რომელიც მას სჭირდება, ქალი მზადაა, გადაიხადოს ნახევარი იმ ნივთში, რომელიც მას არ სჭირდება. როგორც წესი, მხარჯველების უმეტესობა ქალბატონია, მარკეტინგის რეკლამებიც უფრო მეტად ქალებზეა გათვლილი. ასე რომ, თუ  მეტად ვკონცენტრირდებით, რა ვიყიდოთ ზედმეტი, რა არ გვჭირდება, რა შეიძლება გადაიყაროს და არასდროს გამოგვადგეს, რაც კარგად ჩანს ჩანაწერებში, და არ „ჩანს“ საფულის გახსნის დროს, ჭარბ საბანკო სესხებსაც თავს დავაღწევთ.        

 

 

ავტორი: თამუნა დალაქიშვილი

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი