logo_geo
გენრიეტა გაგოშიძე: მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემი მეუღლეც მეან-გინეკოლგები ვართ, შვილი 7 წლის განმავლობაში არ გვყავდა...
- +

5 დეკემბერი. 2018. 14:49

 

საქართველოში სულ რამდენიმე გინეკოლოგ-ექოსკოპისტია, რომელთან ვიზიტიც ხალხმრავლობის გამო რთულად დასაგეგმია, სამაგიეროდ, პაციენტებმა იციან, რომ სანდო ხელში ხვდებიან და ექნებათ დასკვნა, რომელსაც გადამოწმება არ დასჭირდება. გინეკოლოგ-ექოსკოპისტ გენრიეტა გაგოშიძეს დიდი წარდგენა არ სჭირდება, რადგან მისი გვარ-სახელი ტოპ ექსოკოპისტების სამეულშია. საინტერესო და მრავალმხრივი კარიერული გზა აქვს გავლილი, ჩერნობილის კატასტროფის შემდეგ, უკრაინის გენეტიკურ ცენტრში ნამუშევარ ექიმს, აქ აღიარება სწორედ მისმა სწორად დასმულმა დიაგნოზებმა მოუტანა.

 

ქალბატონი გენრიეტას მეუღლეც გინეკოლოგია, მიუხედავად ამისა, 7 წელი შვილი არ უჩნდებოდათ, ახლა კი ორი გოგონა ჰყავთ - 10 და 12 წლის. ცნობილ ექიმს კარიერულ და მშობლურ საკითხებზე ვესაუბრეთ.

 

- რამ განაპირობა თქვენი პროფესიული არჩევანი?

 

- როდესაც პატარა ვიყავი და ჩემი ბიძაშვილები ცივდებოდნენ, ცუდად ხდებოდნენ, ჩემი დედიკო ყოველთვის დაეძებდა ანტიბიოტიკს. დავალებული ჰქონდა, რომ მოეპოვებინა ამპიცილინი, რომელიც ახალი შემოსული იყო და დეფიციტში გახლდათ. როგორც ჩანს, ეს ჩემზე გავლენას ახდენდა, რადგან ვფიქრობდი, გავხდები ექიმი და უფასოდ მივცემ ბავშვებს ამ ამპიცილინს-თქო (იღიმის). გარდა ამისა, კლასში ყოველთვის მე ვიყავი ექიმი. წინათ სკოლაში, კლასიდან ერთ-ერთს აუცილებლად უნდა შეეთავსებინა ექიმის ფუნქცია, რაც გულისხმობდა იმას, რომ პირველადი დახმარების ნივთები უნდა ჰქონოდა მას. მქონდა მარლისგან შეკერილი თეთრი ჩანთა წითელი ჯვრით და თუ ბავშვი ხელს, ფეხს იტკენდა, აღმოვუჩენდი ხოლმე პირველად დახმარებას. პატარაობიდან ექიმის როლში ვიყავი და ისე გავითავისე, რომ მერე არც კი მიფიქრია რომელიმე სხვა სპეციალობაზე, არჩევანის სახითაც არ განმიხილავს სხვა რამ, ისე გავხდი ექიმი.

 

- რამდენი წელია ამ სფეროში ხართ?

 

- 18 წელი.

 

- ამ პერიოდის განმავლობაში ვითარდება ყველაფერი და ბუნებრივია, მედიცინაც ფეხს უწყობს განვითარებას, ალბათ შეიცვალა მიდგომებიც, არა?

 

- რასაკვირველია, ასეა. მე მუშაობა დავიწყე უკრაინაში, ეს იყო ჩერნობილის კატასტროფის შემდგომი პერიოდი, როცა ხალხი ჯერ კიდე იმკიდა ჩერნობილის შედეგებს. კლინიკური გენეტიკისა და პერენატალური დიაგნოსტიკის ცენტრში ვმუშაობდი, 3-მილიონიან მოსახლეობაში მხოლოდ ეს ერთი გენეტიკური ცენტრი იყო, სადაც თავს იყრიდნენ ადამიანები განვითარების თანდაყოლილი მანკებით. იქ მქონდა უდიდესი პოტენციალი იმისა, რომ გავმხდარიყავი ძალიან კარგი ექიმი, იმდენად რამდენადაც გენეტიკური პათოლოგიების უმეტესობასთან პირდაპირი შეხება მქონდა. მახსოვს, ერთი სამარშრუტო ტაქსი სავსე იყო ადამიანებით, რომელსაც ნუნანის პათოლოგია ჰქონდათ, ყველა ნუნანი იყო, რამ შეიძლება დაგავიწყოს ეგ მომენტი. გენეტიკურ ცენტრში კორიდორში რომ გავივლიდი, დავინახავდი საბავშვო ეტლს, ჩავიხედავდი მოსაფერებლად და მხვდებოდა პატარა ხელების და ფეხების მქონე სხეული, რომელსაც ჰქონდა დიდი კაცის თავი, ზრდასრულის სახე, წვერით და ყველაფრით...  უკრაინაში მუშაობისას თითქმის ყველანაირი პათოლოგია ვნახე, როგორც მუცლადმყოფ ნაყოფზე, ასევე უკვე დაბადებულ ადამიანებზე.

 

- რთული არ იყო იქ მუშაობა?

 

- ეჩვევა ყველაფერს ადამიანი. თავიდან მართლა გაფართოებული თვალებით ვუყურებდი ყველაფერ ამას, იმიტომ რომ არ არსებობდა პაციენტი პათოლოგიის გარეშე, გენეტიკურ ცენტრში იყრიდნენ თავს მხოლოდ გენეტიკურად დაავადებული ადამიანები. ეს ჩემთვის დიდი გაკვეთილი იყო. საქართველოში რომ ჩამოვედი და პირველი პაციენტი მივიღე, ვთქვი, რა უნდა დავუწერო, ამას ხომ დიაგნოზი არ აქვს, არაფერი არ სჭირდა, ყველაფერი ნორმაში ჰქონდა და გაოცებული ვიყავი. მე ისეთები მქონდა გამოვლილი, ეს ჩემთვის გასაოცარი იყო. უკრაინაში გავლილი ეს დიდი სკოლა წითელ ხაზად სდევს ჩემს კარიერას.

 

- რატომ წამოხვედით უკრაინიდან?

 

- ეს უკვე ოჯახური ამბავია, ჩემი მეუღლის გადაწყვეტილება იყო ასეთი. ერთად ვმუშაობდით უკრაინაში, მე გენეტიკურ ცენტრში, ის - ოპერატორულ გინეკოლოგიაში. საქართველოში ზაფხულის არდადეგებზე ჩამოვედით და განაცხადა, ჩვენ აქ ვრჩებით, აქაც დავიმკვიდრებთ თავსო. იმდენად მოულოდნელი იყო, რომ პირადი ნივთებიც კი არ მქონდა წამოღებული, მერე გამოგვიგზავნეს.

 

- უკრაინაში აწყობილი კარიერის შემდეგ, საქართველოში ხელახლა უნდა დაგემკვიდრებინათ თავი...

 

- კი, ასე იყო, მაგრამ არ გამჭირვებია დამკვიდრება. ქართველმა ადამიანმა ცუდის და კარგის გარჩევა და შემოწმება იცის. თუ ექიმი უკვე სახელგანთქმულია და ცნობადია, მაშინ მას არ ამოწმებენ, მაგრამ თუ უცნობი ხარ, იმ წუთშივე გარბის პაციენტი გადასამოწმებლად და როცა ჩემი დასმული დიაგნოზი დასტურდებოდა, ნდობაც ჩნდებოდა ხალხში, მერე და მერე უკვე გადამოწმების საჭიროებასაც ვეღარ ხედავდნენ. სხვათა შორის, კოლეგებმაც თვითონვე მოისურვეს ჩემი გაცნობა, დაინტერესდნენ, ვინ შემოიჭრა მათ სივრცეში, ასეთ დიაგნოზებს რომ სვამდა და გვერდში დამიდგნენ.

 

-  რა ასაკში შეგეძინათ პირველი შვილი?.

 

- მიუხედავად იმისა, რომ მეც და ჩემი მეუღლეც, ორივე მეან-გინეკოლოგები ვართ და მოდგმაშიც უამრავი მეან-გინეკოლოგი გვყავს, დედამთილიც, მამამთილიც... შვილი 7 წლის განმავლობაში არ გვყავდა. ძალიან რთული პერიოდი გავიარე. უკვე საკმაოდ ცნობილი ექოსკოპისტი ვიყავი, მიწევდა ბევრ ხალხთან, ორსულებთან ურთიერთობა და ამ დროს თავად სულ ვნატრობდი მათ მდგომარეობაში ყოფნას და ორსულობას.

 

- ძალიან რთული იქნებოდა...

 

- სიხარულს მანიჭებდა თითოეული ორსულის ნახვა, მათ ვეფერებოდი ხოლმე და სხვათა შორის, დღემდე ასე ვარ, ყველა ბავშვი მიყვარს და გულით ვეფერები თითოეულ ორსულს. მოკლედ, 7 წლის მერე შეგვეძინა პირველი შვილი და მეორე შვილიც მალე გვაჩუქა ღმერთმა.

 

ოჯახთან ერთად

 

- 7-წლიანი მოლოდინის შემდეგ, ნანატრი შვილი რომ გაგიჩნდათ, წარმომიდგენია, როგორი გახარებულ იქნებოდით..

 

- ჩემს პირველ შვილს ცოტა რთულ პირობებში მოუწია ყოფნამ, იმიტომ რომ დედა მთლიანად მასზე იყო მობილიზებული. მახსოვს, საწოვარა არ გვიძლებდა ორ კვირაზე მეტ ხანს, ვიყავი სტერილიზაციებში, ხარშვებში, საწოვარა სულ ნაფლეთებად იქცეოდა ხოლმე, ღამის საწოვარა სხვა გვქონდა, დღის - სხვა. ამ ყველაფერს იმიტომ ვყვები, რომ როცა დღეს ვხედავ, რომელიმე დედა დიდი თვალებით უყურებს შვილს, ვეუბნები, სწრაფადვე მიაყოლე მეორე ბავშვი. რომ არა მეორე შვილი, მე შეიძლება, ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვყოფილიყავი. ჩემი მკურნალი აღმოჩნდა მეორე შვილი, რომელმაც გააქარწყლა და თავის ადგილზე დაალაგა ყველაფერი და მეც გავხდი ჩვეულებრივი დედა, ექიმი დედა.

 

- ძალიან საინტერესოა, როგორია, როცა დედა ექიმია და ამ დროს ბავშვი არის ავად. ყველას გვეშინია შვილის ავადმყოფობის, მაგრამ ამ დროს ექიმობა თითქოს ფარია, არა?

 

- კი, მაგრამ არსებობს მეორე მხარეც. როცა დედა არ არის ექიმი, პროფესიონალი, ის თავიდანვე საფრთხეებს ვერ ხედავს და ვერ აანალიზებს, მაშინ როცა ჩვენ, ექიმებმა დასაწყისშივე ვიცით, რა შეიძლება ამას მოჰყვეს. ბოლომდე ვუღრმავდებით სადამდე შეიძლება მივიდეს ესა თუ ის პრობლემა და საკმაოდ რთულ სიტუაციაში ვვარდებით, თუმცა, თავს უნდა შემოვუძახოთ და ხშირად ვეუბნები ხოლმე საკუთარ თავს, ასე არ იქნება, კარგად დამთავრდება ყველაფერი. ნებისმიერ, ელემენტარულ რაღაცაზე შეიძლება ააგო ადამიანმა მოვლენის შესაძლო განვითარება. ასე რომ, ექიმი დედა ცუდიც არის და კარგიც. კარგია იმიტომ, რომ დროულად შეუძლია, დიაგნოსტიკა მოახდინოს, თუმცა ზოგადად, დედებს ისეთი ინტუიცია აქვთ, რომ ისინიც არაჩვეულებრივად ართმევენ თავს ამ ყველაფერს. ზოგიერთი არაექიმი დედა ისეთი განსწავლულია, ბევრი პროფესიონალი ვერ შეედრება.

 

- თავად რამდენად საუბრობთ საკუთარ შვილებთან სამედიცინო თემებზე...

 

- ჩემმა შვილებმა ამ საკითხში ძალიან ბევრი იციან, ხან ჩემი მეუღლე საუბრობს პაციენტთან და იმას მოკრავენ ყურს, ხან მე ვსაუბრობ და ესმით. იმდენი რამ აქვთ შეგროვილი ამ ყურმოკრული განათლებით, რომ საკმაოდ კარგად ერკვევიან ბევრ საკითხში.

 

 

ციცი ომანიძე

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი