logo_geo
გაიცანით 23 წლის ანანო ვეკუა, რომელიც პირველი ქართველი მეღვინე გოგოა სამხრეთ აფრიკაში
- +

11 დეკემბერი. 2018. 11:27

 

23 წლის ანანო ვეკუა მეღვინეობას აგრარულ უნივერსიტეტში დაეუფლა. ამბობს, რომ ოჯახში ამ პროფესიის არავინ ჰყოლია. ამჟამად სამხრეთ აფრიკაში უმსხვილეს ღვინის კომპანიაში მუშაობს - გამოცდილებას იღებს. ყველა ოპერაციაში ჩართულია და, ფაქტობრივად, მთელ ციკლში - ყურძნის მიღებით დაწყებული, ღვინის ჩამოსხმით დასრულებული - ყველაფერში მონაწილეობს. რა განსხვავებაა აფრიკულსა და ქართულ ღვინოს შორის და სამხრეთ აფრიკაში მიღებულ გამოცდილებას საქართველოში როგორ გამოიყენებს, ანანო თავად მოგიყვებათ.

 

- აგრარული უნივერსიტეტის მეღვინეობა-მევენახეობის ფაკულტეტი დავამთავრე.

ახლა მაგისტრატურის სტუდენტი ვარ, პარალელურად ვმუშაობ მსხვილ ქართულ მეღვინეობის კომპანიაში.

 

- სამხრეთ აფრიკაში როგორ მოხვდი?

 

- არსებობს პროექტი, რომლის ფარგლებში შესაძლებლობა მომეცა, სამხრეთ აფრიკაში სიდიდით მეორე ღვინის კომპანიაში, „რობერტსონში“ მემუშავა. აქ ახლა რთველია, 60 ათასი ტონა ყურძნის აღებას ვაპირებთ. ყველა პროცესში ჩართული ვარ, ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი ვისწავლო.

 

- მეღვინეობა გოგოსთვის ცოტა უჩვეულო პროფესიაა.

 

- ერთ-ერთი მიზეზი, რატომაც ეს პროფესია ავირჩიე, სწორედ იმ სტერეოტიპის დამსხვრევა იყო, რომ ღვინო კაცების საქმეა. ბევრს უკვირდა ჩემი გადაწყვეტილება. ძალიან მომწონს ღვინის კულტურა, მაინტერესებს ამ სასმლის შესაქმნელი ურთულესი მიკრობიოლოგიური და ქიმიური პროცესები. სინამდვილეში ეს პროფესია ძალიან აზარტულია, განუწყვეტელი ექსპერიმენტები და რისკებია. ალბათ, ეს გამოწვევები ხდის ამ საქმეს საინტერესოს. ძალიან სტრესულიც არის, მაგრამ პასუხისმგებლობის გრძნობა არ მაძლევს მოდუნების უფლებას.

 

- სამხრეთ აფრიკაში როგორი ყურძენი და ვენახი აქვთ, ჰგავს ჩვენსას?

 

- აქ ძალიან მშრალი კლიმატია და დიდი ფართობები, ფაქტობრივად, გამოუსადეგარია სოფლის მეურნეობისთვის, მაგრამ მაინც ძალიან ბევრი ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ - ყვავილები, მარცვლეული კულტურები, მევენახეობა-მეღვინეობა წამყვანი დარგებია. ვენახის ფართობი ჯამში დაახლოებით 100 ათასი ჰექტარია. ახალი მეღვინეობის ქვეყნად ითვლება, თუმცა 2016 წლის მონაცემებით, მეშვიდე ადგილზეა მსოფლიოში მწარმოებლებს შორის.

 

მეღვინეები მთელი წლის განმავლობაში ხშირ-ხშირად ხვდებიან მევენახეებს, რათა ზუსტად ისეთი პროდუქტი მიიღონ, სასურველი ღვინისთვის როგორიც სჭირდებათ.

 

- რა ჯიშები მოდის?

 

- ძირითადად, ფრანგული, რამდენიმე გერმანულიც შემხვდა. კაბერნე-სოვინიონი, მერლო, სირა, სოვინიონ-ბლანი, შარდონე, გევუირცტრამინერი და სხვ.

 

საქართველოში ცოტას თუ იპოვით ასე მოვლილ ვენახებს. რა თქმა უნდა, ნიადაგიდან და კლიმატიდან გამომდინარე, ვენახის გაშენებისა და მოვლის სისტემა ჩვენგან განსხვავებულია.

 

- დაწურვის ტექნოლოგია და ღვინის დაყენების წესიც საინტერესოა.

 

- ძირითადი ხაზი მაინც იგივეა, როგორიც ჩვენთან (ქვევრის ტექნოლოგიას არ ვგულისხმობ), მაგრამ დეტალებში არის სხვაობა, რაც საბოლოოდ პროდუქტს განსხვავებულსა და განსაკუთრებულს ხდის.

 

აქ სწორედ ამ დეტალებს ვსწავლობ, რომ შევადარო და შემდეგ ქართულ ჯიშებზე ვცადო.

 

- კონკრეტულად, სად ხარ, რა ენაზე ურთიერთობთ?

 

- კეიპტაუნის ახლოს, ქალაქ რობერტსონში ვცხოვრობ. აქ 11 ოფიციალური ენა აქვთ. ზოგი აფრიკაანსზე ლაპარაკობს, ზოგი კოსაზე, ზოგიც - ზულუზე, მაგრამ ერთმანეთის მაინც ესმით. ინგლისური საბაზისო დონეზე უმრავლესობამ იცის, ბევრიც ძალიან კარგი ინგლისურით საუბრობს. მოკლედ, კომუნიკაცია არ ჭირს.

 

მხიარული ხალხია და მიუხედავად იმისა, რომ უმეტესობა მძიმე პირობებში ცხოვრობს, მაინც სულ ცეკვის ხასიათზე არიან. აქ რაგბია პოპულარული და ქათმის შეწვა ნაკვერჩხალზე.

 

- რამ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება?

 

- საწარმოს სიდიდემ, თან, კარგი სისტემა აქვთ და პასუხისმგებლობები სწორად არის გადანაწილებული.

 

- იმ გამოცდილებას, რასაც მანდ მიიღებ, საქართველოში როგორ გამოიყენებ?

 

- ჩემთვის აქაური გამოცდილება მეტად მნიშვნელოვანია. სულ ვფიქრობ, რა შეიძლება გამოვიყენო საქართველოში, რა უფრო გამიმარტივებს მუშაობს, რა გახდის უფრო ღირებულსა და ხარისხიანს ჩვენს პროდუქტს. ყურძნის ჯიშების თავისებურებებსა და პოტენციალზე ძალიან ბევრი რამ გავიგე. მაქვს ჩემი ფავორიტი ქართული ჯიშები, რომელთა სახელებიც ბევრისთვის უცნობია, მაგალითად, რაჭული მცვივანი, ცივვაზი, ბუზა.

 

ჯერ არა მაქვს იმდენი გამოცდილება, რომ რაღაც ფორმულასავით ჩამოვაყალიბო, მეღვინისთვის მთავარი რა არის. თუმცა, რასაც მივხვდი, ეს არის ნებისყოფა, „კარგი ცხვირი“, მოტივაცია და მუდმივად ექსპერიმენტირება.

 

- რა გეგმები გაქვს?

 

- მინდა, მქონდეს ვენახი პატარა მარანთან ერთად. მაგალითად, კონდოლში, საფერავისთვის საუკეთესო ტერუარი სწორედ კონდოლია, ან თუნდაც რაჭაში ვიქონიებდი.

 

გეგმები კი მაქვს, მაგრამ, როგორც წესი, ყველაფერი იცვლება. შარშან ვერც ვიფიქრებდი, რომ სამხრეთ აფრიკაში რთველზე ვიქნებოდი, ან ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის წევრი გავხდებოდი. იმდენად სწრაფად მზარდი და მოქნილი დარგია, გეგმები ხშირად იცვლება. აფრიკის შემდეგ სასწავლებლად ევროპის რომელიმე ღვინის ქვეყანაში წასვლა და კარგი პრაქტიკა ნამდვილად მჭირდება.

 

 

ლალი ფაცია

 

 

 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი