logo_geo
თორნიკე მანძულაშვილი: უკვირთ, როგორ შეიძლება Google-ში მოხვედრა. ჩემი აზრით, ეს რთული არ არის
- +

15 დეკემბერი. 2018. 03:10

23 წლის ქართველი თორნიკე მანძულაშვილი „გუგლის“ თანამშრომელია. ეს საერთაშორისო კომპანიაა, რომელიც საკუთარი სერვისებით ყოველდღიურად ცხოვრებას გვიმარტივებს, პროგრამისტებისთვის კი – საოცნებო სამსახური.


თორნიკე მანძულაშვილი: „გუგლში“ რომ პირველად აპლიკაცია გავგზავნე, პირველ კურსზე ვსწავლობდი –  მათთან მუშაობის დაწყება მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა. მიღებამდე რამდენიმე საფეხური უნდა გაიარო: პირველ რიგში, შენი „სივი“ უნდა მოეწონოთ და თუ ასე მოხდა, ინტერვიუს გინიშნავენ, თუ ეს ეტაპი წარმატებით გაიარე, პროექტზე სამუშაოდ გიშვებენ და ზაფხულის სამ თვეს მათ რომელიმე ოფისში სტაჟიორის ამპლუაში ატარებ. პირველ, მეორე და მესამე კურსზე არ გამომივიდა, მაგრამ მეოთხე ცდაზე ამიყვანეს. სტაჟირების დამთავრების შემდეგ  გეკითხებიან, გინდა თუ არა მუშაობა სრულ განაკვეთზე და თუ გინდა, კიდევ ორ ინტერვიუს გინიშნავენ. უფროსები შეფასებას გიწერენ და შენი აყვანის შესახებ ამ ყველაფრის შედეგების გათვალისწინებით იღებენ გადაწყვეტილებას. 


პირველ სამ ჯერზე რა იყო პრობლემა და ამჯერად რას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა?


– ადრე ოლიმპიადებში ვმონაწილეობდი და შესაბამისად, ამოცანების ამოხსნა შემეძლო. ეს ძალიან დამეხმარა ინტერვიუზე, მაგრამ პირველ კურსზე პროგრამირების კოდის წერის გამოცდილება არ მქონდა და მიზეზი ეს იყო. მეორედ ინტერვიუს ეტაპი გავიარე, მაგრამ პროექტზე რომ გამიშვეს, იქ ვეღარ გავედი, მესამედ ისევ ინტერვიუ ვერ გადავლახე. მეოთხე ცდაზე, უკვე ფსიქოლოგიურადაც სხვანაირად ვიყავი განწყობილი. ამ დროისთვის უკვე ამერიკაში მქონდა გავლილი სტაჟირება. თუ ისე მიუდგები ამ ინტერვიუს, სადაც ორივე მხარე ერთმანეთს აფასებს და მარტო შენ არ ხარ დაინტერესებული მათთვის თავის მოწონებით, თუ საკუთარ თავში დაჯერებული იქნები და სასოწარკვეთას არ მიეცემი, ეს ძალიან კარგია. მეოთხე ცდაზე საერთოდ აღარ ვნერვიულობდი და ამანაც გაამართლა. მანამდე ამერიკაში ექვსი თვე გავდიოდი სტაჟირებას, რაც ჩემს „სივიში“ იდო და ესეც ძალიან გამომადგა. 


როგორი აღმოჩნდა, რეალურად „საოცნებო სამსახური“?


– იდეალურთან მიახლოებული. პირველ რიგში იმიტომ, რომ ის, რასაც შენ აკეთებ, მილიონობით ადამიანზე ახდენს გავლენას. მთელი მსოფლიო „გუგლზეა“ დამოკიდებული და მიხარია, რომ ისეთი კომპანიის ნაწილი ვარ, რომელიც მსოფლიოს უკეთესს ხდის. გარდა ამისა, სამუშაო გარემოს სახით, სრული კომფორტი გვაქვს. სავარჯიშო დარბაზიც გვაქვს, ბევრი პროფესიული კურსი, სხვადასხვა ინტერესების შესაბამისი კლუბები და ასე შემდეგ. ეს კომპანია მიმზიდველია მაღალი ანაზღაურების გამოც. თავიდან შვეიცარიის ოფისში მინდოდა მუშაობა, რადგან ულამაზესი ქვეყანაა, მაგრამ ამ ქვეყნის მთავრობას იმიგრაციასთან დაკავშირებით ცოტა რთული კანონი აქვს, ამიტომ ლონდონში წამოვედი. ჩემი სამუშაო დღე რვა საათს გრძელდება და ნამდვილად არაა დამღლელი, მით უმეტეს, როცა შაბათ-კვირას ვისვენებ. თანამშროლებიც ძალიან კეთილგანწყობილები არიან. ასე მგონია, მსოფლიოს საუკეთესო ხალხი აქ შეიკრიბა. 


ტექნიკური საგნებისადმი ყოველთვის განსაკუთრებული დამოკიდებულება გქონდა?


– კი, ყოველთვის კარგად გამომდიოდა და მიხაროდა კიდეც ამოცანების ამოხსნა.  ბებია მამეცადინებდა მათემატიკაში ოთხი წლიდან და სკოლაში შესვლამდე უკვე ვიცოდი ათასის ფარგლებში მიმატება-გამოკლება. სკოლის მასალას მარტივად გავდიოდი და მერე მასწავლებლები მე უკვე უფრო რთულ ამოცანებს მაძლევდნენ. თავიდან ლია გიგაშვილი მასწავლიდა, შემდეგ ნანა ალბორიშვილი, რომელმაც ვეკუაში გადასვლა მირჩია. მათემატიკას იქ უკვე კოტე კუპატაძე მასწავლიდა. 


იქიდან დაიწყე ოლიმპიადებში გამოცდილების დაგროვება, რამაც ამ შედეგამდე მიგიყვანა?


– მეშვიდე კლასამდე ოლიმპიადების შესახებ არაფერი ვიცოდი. საოლიმპიადო მასალა სკოლისაზე გაცილებით რთული და საინტერესოა და მეშვიდე კლასში საქართველოს მასშტაბით მეხუთე ადგილი ავიღე, ეს იყო პირველი ცდა. მერვეში – მეორე, მეცხრეში უკვე პირველი ადგილი ავიღე. მეცხრე კლასში „მზიურში“, საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში გადავედი. იქ სპეციალურად ინფორმატიკისა და მათემატიკის ოლიმპიადებისთვის გამზადებენ. ორივეს ნაკრებში ვიყავი და ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მაქვს აღებული. 


უნივერსიტეტში რა მიმართულებით განაგრძე სწავლა?


– თავისუფალ უნივერსიტეტში ჩავაბარე მათემატიკისა და კომპიუტერულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე. სამი წელი ვისწავლე, შემდეგ აკადემიური ავიღე ამერიკაში, კომპანია „იმოში“ სტაჟირების გასავლელად, რომელიც „ვაიბერის“ ანალოგია. სამი თვე „გუგლის“ სტაჟირება დაემატა და საქართველოში მათი დამთავრების შემდეგ დავბრუნდი. ივლისში თავისუფალი უნივერსიტეტი დავამთავრე და აგვისტოდან უკვე აქ წამოვედი. პრაქტიკულად, მესამე თვეა, რაც „გუგლში“ ვმუშაობ. ოლიმპიდებში მონაწილეობის შემდეგ უფრო გიმარტივდება იმ ბარიერების გადალახვა, რაც მსგავს კომპანიებშია. ქართველებს, რომლებიც უცხოეთის პრესტიჟულ კომპანიებთან თანამშრომლობენ, ნახევარზე მეტს ოლიმპიადებში მონაწილეობის გამოცდილება აქვს. ბევრი შრომით ამის გარეშეც შეიძლება წარმატების მიღწევა, თუმცა, ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი ტრამპლინია. ლონდონში, „გუგლში“, ორი ქართველი მუშაობს, ერთი – „ფეისბუქში“. ამ კომპანიის მთავარი ოფისები, ძირითადად, ამერიკაშია, „სილიკონის ველზე“ და არაერთ ქართველს იქაც ვიცნობ.


როგორია ხოლმე რეაქციები, როცა შენი სამსახურის შესახებ იგებენ?


– ძალიან უკვირთ, როგორ შეიძლება „გუგლში“ მოხვედრა და უხარიათ, წარმატებებს მისურვებენ ხოლმე. ჩემი აზრით, ძალიან რთული არ არის. თუ მოინდომებ, გამოგივა. „გუგლის“ ყველა სერვისს უმაღლესი ხარისხი აქვს, კარგი დიზაინი, სიჩქარე და როცა ასეთ წარმატებულ პროდუქტთან ასოცირდები, ყველას გენიოსი ჰგონიხარ, სხვა შემთხვევაში, ასეთ კომპანიაში რატომ აგიყვანდნენო. ბანკში რომ გაიგეს, სად ვმუშაობდი, შენ, ალბათ, გენიოსი ხარო, მითხრეს. არა-მეთქი და კოდის წერა როდის ისწავლეო, მკითხეს, მეშვიდე კლასში-მეთქი და ხომ გითხარი, გენიოსი ხარო.

 
ამ ყველაფრის პარალელურად, პირად ცხოვრებაში რა ხდება, ალბათ, ის გოგო, ვინც მოგეწონება, ჭკვიანი უნდა იყოს?


– არ მომწონს ისეთი ადამიანები, რომლებსაც ელემენტარული აზროვნება არ შეუძლიათ ან არ უნდათ. ადამიანი ცნობისმოყვარე უნდა იყოს, შეეძლოს სხვადასხვა საკითხზე მსჯელობა და დებატში შემოსვლა, თუ ამის უნარი არ აქვს, ჩემთვის საინტერესო არ არის. გარდა ამისა, კარგი ადამიანი უნდა იყოს, კეთილი და პოზიტიური. სხვა ადამიანების პატივისცემა შეეძლოს. მინდა, რომ ქართველი იყოს.


– „გუგლია“ პირველი სამსახური თუ აქამდე სხვაგანაც გიმუშავია?


– სკოლა რომ დავამთავრე და ჩავაბარე, ვეკუაში მათემატიკის წრის მასწავლებლად სამი წელი ვმუშაობდი. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ კი, ერთი წელი ინფორმატიკას ვასწავლიდი. 

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი