logo_geo
რობინ შეპარდი: ოპოზიციას შანსი არ აქვს, მთავრობამ კი საკუთარი ღირებულებები მოქმედებებით უნდა დაამტკიცოს!
- +

20 დეკემბერი. 2018. 02:32

 

 

ოპოზიციამ უნდა გააცნობიეროს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობამ საქართველოს პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილის გამარჯვება ლეგიტიმურად შეაფასა და ამ შედეგის შეცვლა პრობლემური იქნება. მეორეს მხრივ კი, თუ მთავრობას დემოკრატიული ღირებულებები აქვს, ყურადღებით უნდა შეისწავლოს ყველა უარყოფითი მხარე, რაც ამ არჩევნებს მოჰყვა და მომავალში ისინი არ გაიმეოროს, ამბობს რობინ შეფარდი. ჰალიფაქსის საერთაშორისო უსაფრთხოების ფორუმის უფროსი მრჩეველი ასევე საუბრობს არჩევნების გავლენაზე საქართველოში დემოკრატიის სიჯანსაღეზე და ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის როლზე ქვეყნის პოლიტიკაში. შეპარდს "ამერიკის ხმის" ჟურნალისტი ია მეურმიშვილი ესაუბრა.

 

ცოტა ხნის წინ საქართველოში ისტორიული საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართა - პირველად ჩატარდა არჩევნების მეორე ტური და ქვეყანამ პირველად აირჩია ქალი პრეზიდენტი. საერთაშორისო თანამეგობრობამ არჩევნების ლეგიტიმურობა სცნო, თუმცა ასევე აღნიშნა, რომ მთავრობამ სახელმწიფო რესურსი გამოიყენა ერთი კანდიდატის სასარგებლოდ. ოპოზიცია აცხადებს, რომ არჩევნების შედეგი არალეგიტიმურია. თქვენ როგორ აფასებთ არჩევნებს?

 

ეუთომ, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა, სხვა ქვეყნებმა არჩევნებზე თქვეს, რომ ეს იყო თავისუფალი, მაგრამ არა ბოლომდე სამართლიანი არჩევნები. ვფიქრობ ეს სწორი შეფასებაა. მეორეს მხრივ, ასეთი გაურკვეველი შეფასების დროს ოპოზიცია, რომელიც მართებულადაა გაბრაზებული მთავრობაზე სახელმწიფო რესურსის ერთი კანდიდატის დასახმარებლად არასამართლიანად გამოყენების გამო, ვერ შეძლებს ასობით ათასი ადამიანის მოტივაციას ქუჩაში გამოსასვლელად. ანუ, ოპოზიციისთვის ეს არ არის ვარდების რევოლუციის მსგავსი მომენტი. ამ არჩევნებში არ იყო პათოლოგიის საკმარისი ხარისხი იმისთვის, რომ ხალხი არჩევნების შედეგების შესატრიალებლად ქუჩაში გამოვიდეს.

 

ოპოზიციამ არაერთი დემონსტრაცია გამართა არჩევნების დასრულების შემდეგ. ერთი მოთხოვნა, რომელიც ამ დემონსტრაციების დროს იქნა წარმოდგენილი ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნაა, რომელიც არჩევნების შედეგებს შეისწავლის. ოპოზიცია ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშნვასაც ითხოვს. მთავრობის პასუხს ოპოზიცია 16 დეკემბრამდე ელოდება. ამ დღეს ზურბიშვილის ინაუგურაციაა დაგეგმილი. რამდენად ეფექტურია თვენი აზრით ეს მიდგომა?

 

ოპოზიციის მიმართ სრული პატივისცემით ვამბობ ამას - რას ნიშნავს ულტიმატუმის ისე წაყენება, რომ არ ამბობ რა მოხდება მაშინ, როცა შენი პირობები არ შესრულდება. თუ ამბობ, რომ არ იცი რას გააკეთებ თუ მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები არ გადადგა, ეს მთავრობას აძლევს იმის ფიქრის საშუალებას, რომ მას დამდგარ შედეგებში პასუხისმგებლობა არ აქვს. შეიძლება ხალხი გამოვიდეს ქუჩაში და ეგაა. არჩევნები ლეგიტიმურად აღიარა ეუთომ, საერთაშორისო თანამეგობრობამ, დაავლეთის ქვეყნებმა, იმ ქვეყნებმა, რომლებსაც ოპოზიცია პატივს სცემს. ამიტომ, გასაკვირი არ არის, რომ ოპოზიციას ამ თამაშის გეგმა არ აქვს. რა შეიძლება იყოს ეს გეგმა? ოპოზიციისთვის ეს ნამდვილი დილემაა. ისინი ძალიან მარტივად შეიძლება გამოჩნდნენ, როგორც ხალხი, რომელიც დემოკრატიულ შედეგებს არ აღიარებს. საერთაშორისო თანამეგობრობამ არ თქვა, რომ არჩევნები გაყალბდა. როცა გაქვს 60-40-ზე თანაფარდობა, შედეგი დამაჯერებელია. ოპოზიციამ შეიძლება პრობლემები შეიქმნას თუ ეცადა იმ შედეგების შეტრიალებას, რომელების მთავრობის მიმართ საკმაოდ ძლიერ მხარდაჭერას ასახავს.

 

მთავრობამ რა როლი უნდა ითამაშოს ასეთ შემთხვევაში? მოსახლეობის დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, გაბრაზებულია. საქართველო ახალგაზრდა დემოკრატიაა, სადაც საზოგადოებში ჯერ ისევ იგრძნობა რევოლუციური შემართება. რა იქნება მთავრობის მხრიდან რეაგირების ყველაზე ეფექტური გზა?

 

გააჩნია რა არის მთავრობის ღირებულებები და რა სურს მას საქართველოსთვის. თუ მთავრობას სოციალური და პოლიტიკური მშვიდობა უნდა, მან მარტივად არ უნდა მიიღოს საერთაშორისო თანამეგობრობის შეფასება, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო. არამედ, უნდა გაითავისოს ის, რომ არჩევნები ბოლომდე სამართლიანი არ იყო. ეს შეფასება მთავრობამ სერიოზულად უნდა აღიქვას. მისი მმართველობის პერიოდში მშვიდობის შესანარჩუნებლად, მთავრობის ინტერესებში შედის ოპოზიციის ზოგიერთი შენიშვნის გათვალისწინება, რომლებიც სრულიად ლეგიტიმურია. მთავრობას შეუძლია მოიწვიოს ეუთო, სხვა დამკვირვებლები და გააკეთოს ყველაფერი იმისთვის, რომ შემდეგი არჩევნები უფრო სამართლიანი იყოს. მაგრამ როგორც აღვნიშნე, ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ რა ღირებულებები აქვს მთავრობას. თუ ისინი ფიქრობენ, რომ მოგებულს ყველაფერი მიაქვს, ჩვენ არჩევნები მოვიგეთ და სოციალურ-პოლიტიკური მშვიდობა არ გვაინტერესებს, მაშინ გააგრძელონ ძველებურად. მაგრამ თუ ფიქრობენ, რომ საქართველო საკუთარ თავთან მართალი იყოს, მაშინ უნდა მიიღოს ის ნეგატიური შეფასებებიც, რომლებიც არჩევნებს მოჰყვა.

 

​საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ძალიან აქტიური იყო წინასაარჩევნო პერიოდში, განსაკუთრებით მეორე რაუნდამე. მიუხედავად იმისა, რომ მას არ უთქვამს, რომ ხელისუფლებაში დაბრუნება სურს, მისი მოტივაცია საკმაოდ ცხადია. რას ფიქრობთ სააკაშვილზე - რა უნდა იყოს მისი როლი დღეს?

 

ბრიტანულ პოლიტიკაში არის ფრაზა, რომელიც ხშირად გამოიყენება - “დრო პოულობს კაცს.” როცა მარგარეტ ტეთჩერი გახდა დიდი ბრიტანეთის პრემიერი ფრაზას მოდიფიცირება გავუკეთეთ და ვამბობდით - “დრო პოულობს ქალს.” დრო პოულობს ადამიანს, რომელიც ქვეყანას საკუთარი ბედის განსაზღვრაში კონკრეტულ მომენტში სჭირდება. სააკაშვილმა საქართველოს პოლიტიკაში ძალიან მნიშვნელოვანი როლი ითამაშა, ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვან დროს.

 

რთულია იმის გადმოცემა, თუ როგორ მოქმედებდა ის ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მის მიმართ უპატივისცემლობის გამოხატვის გარეშე. ჯერ უკრაინელი გახდა, შემდეგ უკრაინელი აღარ იყო... არის თუ არა ისევ ქართველი? ტექნიკურად შეუძლია ისევ გახდეს ქართველი... თუ ჰოლანდიელია? ამაში ჰოლანდიელები არ არიან დარწმუნებული... თუ ბოლომდე ცნობილი არ არის, რომელი ქვეყნის მოქალაქეა ადამიანი, რთულია იცოდე მისი პოზიცია.

 

ვფიქრობ, სააკაშვილს იგივე სირთულე აქვს გადასალახი, რაც სხვა ლიდერებს ხშირად აქვთ. მათ არ იციან როდის წავიდნენ, ვერ აცნობიერებენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნისთვის კარგი საქმეები აქვთ გაკეთებული, ეს მათ არ აძლევს ავტომატურ უფლებას ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მომავალშიც ეკუთვნოდეთ ადგილი. სააკაშვილს საქართველოსთვის პოტენციურად ბევრი კარგი საქმის გაკეთება ჯერ ისევ შეუძლია. ყველაზე კარგი ის იქნება, რომ ის გვერდზე გადგეს და სხვა ლიდერის გაზრდაში შეიტანოს წვლილი.

 

რომ შევაჯამოთ არჩევნებზე თქვენი შეხედულება - საარჩევნო დარღვევების, ოპოზიციის მოქმედებების, მთავრობის დამოკიდებულების, სააკაშვილის ფაქტორის, უკიდურესი პოლარიზების და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით - რას იტყოდით ამ არჩევნების როლზე საქართველოს დემოკრატიული განვითარების გზაზე?

 

ვფიქრობ კარგია, რომ არჩევნები შედგა. საქართველო არ არის რუსეთი. როცა რუსეთში არჩევნები ტარდება, არაფერი იცვლება - ადამიანები ხომ არ იცვლებიან, მაგრამ არც ქვეყნის მართვის პროცესი იცვლება. საქართველოში ბევრი რამ იცვლება, ქვეყანას ჯერ ისევ ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი, მაგრამ პროგრესი უდავოა. საქართველოს მოქალაქები არ უნდა გაჩერდნენ. მესმის, რომ ოპოზიცია გაბრაზებულია, მესმის, რომ საზოგადოებას უკეთესი მომავალი უნდა. მაგრამ ეს არის საუბარი, რომელიც ხალხის დონეზე უნდა შედგეს. ამიტომ, საქართველომ ხელი არ უნდა ჩაიქნიოს და მუშაობა უნდა გააგრძელოს.

 

ჩემი აზრით, ოპოზიციას არანაირი შანსი არ აქვს. საერთაშორისო თანამეგობრობამ არჩევნები ლეგიტიმურად უკვე აღიარა. ოპოზიციამ გრძელვადიანი მიდგომა უნდა შეიმუშავოს. ამერიკაში დემოკრატიის ჩამოყალიბებას 200 წელი დასჭირდა, ბრიტანეთში მაგნა კარტის დაწერიდან დემოკრატიამდე შვიდი საუკუნე გავიდა. მე არ ვამბობ, რომ საქართველომ საუკუნეები უნდა მოიცადოს. ხალხმა უნდა დაინახოს, რომ აქვს პროცესი, რომლითაც შეუძლია მთავრობას უკეთესი მმართველობა მოსთხოვოს. ქართველებმა ხელი არ უნდა ჩაიქნიონ და ოპოზიციამ კი არარეალისტური ამბიციები არ უნდა შეიქმნას იმაზე, რომ ამ არჩევნების შედეგების გაუქმებას შეძლებს.

წყარო : wyaro
big_banner
არქივი