logo_geo
ზაალ ჩიქობავა: ბავშვებმა თავი შეკრული ოჯახის ნაწილად უნდა იგრძნონ
- +

24 დეკემბერი. 2018. 15:33

 

 

შვილებთან მიდგომასა და მათთან ურთიერთობის ემოციებზე მსახიობმა ზაალ ჩიქობავამ mshoblebi.ge-სთან ინტერვიუში ისაუბრა:

 

- მამა 33 წლის ასაკში გავხდი…

 

- თუმცა, რამდენადაც ვიცი, სანამ თქვენი ბიოლოგიური შვილი დაიბადებოდა, გქონდათ მამობის გამოცდილება თქვენი მეუღლის შვილთან...

 

- კი, ასეა... 5 წლის იყო ერეკლე, როცა მე ამ ოჯახში შევედი, მას შემდეგ ჩემთან იზრდება. სამწუხაროდ, მას მამა საკმაოდ ადრე დაეღუპა, არ ახსოვს. მე და ერეკლეს მეგობრულ-მამაშვილური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა, მიხარია, რომ ჩვენს შორის არაა ისეთი თემები, რომელზეც ვერ ვისაუბრებთ.

 

- რაც შეხება ნიცას, რამდენად იყავით მის აღზრდაში ჩართული, დრო, სამსახური თუ გაძლევდათ ამის საშუალებას, გარდა ამისა, ზოგჯერ მამაკაცებს უჭირთ ჩვილ ბავშვებთან კონტაქტი...

 

- სამსახურებრივად ყოველთვის დაკავებული ვარ, დრო ცოტაა და ვერ ვუთმობ იმდენს, რამდენიც საჭიროა. განათლება, სწავლა, მეცადინეობა, წაყვანა-წამოყვანა – ეს საკითხები უფრო ბებოს აქვს შეთავსებული, თუმცა, ზოგადად, იმ მოვლენების საქმის კურსში ვარ, რაც მათ ცხოვრებაში ხდება. ვიცი, რა ინტერესები აქვთ, სად, რას და როგორ სწავლობენ. მაგალითად, ნიცა ახლა მუსიკითაა დაკავებული, ხან ბალეტი აინტერესებდა, ხან - ტანვარჯიში, ახლა მუსიკა გახდა მისი ინტერესის სფერო. მართალია, დაკავებულები ვართ, მაგრამ ის, რაც ბავშვმა მშობლისგან გამომდინარე უნდა იცოდეს, თუნდაც ცხოვრებაზე, ურთიერთობებზე, სულიერებაზე, არ აკლიათ და ამ ყველაფერზე საუბარს მეც და დედამისიც მაინც ვახერხებთ. მე თვითონაც ასე გავიზარდე და ჩემს შვილებთანაც ეს მიდგომა მაქვს, რომ არ მინდა, იყვნენ ჩაკეტილები, მირჩევნია თავისუფლად იაზროვნონ, იყვნენ დამოუკიდებლები და გარკვეული კონტროლი ჰქონდეთ ჩვენგან.

 

 

- კონტროლი, სიმკაცრე, რამდენად საჭიროა ბავშვებთან?

 

- ეს საკითხი დამოკიდებულია ბავშვზე, რამდენად საჭიროებს სიმკაცრეს. ჩვენს შემთხვევაში ვერ ვიტყვი, რომ დაგვჭირვებია განსაკუთრებული სიმკაცრე, რომელიმეს მიმართ. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ისე ცხოვრობენ, რომ დიდ საყვედურს არ იმსახურებენ, არ არიან მომთხოვნები, არ აქვთ ზედმეტი პრეტენზიები.

 

- თქვენი მიდგომები შვილებისადმი ჰგავს იმ მეთოდებს, რითაც თავად გზრდიდნენ?

 

- მგონია, რომ ეს საკითხი გენეტიკურად გადადის. მეც დაახლოებით ის ურთიერთობა მაქვს შვილებთან, რაც ჩემს მშობლებს ჰქონდათ ჩემ მიმართ. ოჯახში სამი ბიჭი ვიყავით, მშობლებს კი, მოგეხსენებათ, ბიჭების მიმართ მღელვარე შეგრძნებები გააჩნიათ, რადგან ბიჭია და მეტი სიფრთხილეა საჭირო, რომ არ დაირღვეს მშობელსა და შვილს შორის ურთიერთობა. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ლაღად გავიზარდეთ და მეც ანალოგიურად ვუდგები ჩემს შვილებს. შეიძლება ჩემი მშობლები მეტს მიკეთებდნენ და მე ნაკლებს ვუკეთებ შვილებს, ამის აწონ-დაწონვა ძნელია, მაგრამ შინაგანი დამოკიდებულება, მგონია, რომ ზუსტად ისეთი მაქვს, რაც ჩემს მშობლებს ჰქონდათ.

 

- თქვენ თუ გაქვთ მღელვარე შეგრძნებები ერეკლესთან მიმართებაში, მით უმეტეს, რომ გარდატეხის ასაკშია...

 

- ახლა განსაკუთრებით საყურადღებოა, ალბათ კიდევ ერთი-ორი წელი და მერე უკვე თავის კალაპოტში ჩაჯდება. 16-17 წლიდან 22 წლამდე ისეთი პერიოდია, როცა მშობელი სულ ღელავ, როცა სახლში იგვიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ასე თუ ისე ვიცით, სადაა, რითაა დაკავებული და ეს გარკვეულ სიმშვიდეს გვანიჭებს, რაც არ უნდა იყოს, სანამ სახლში არ შემოვა, შინაგანად მაინც ვღელავთ.

 

 

- შვილებთან მიმართებაში რამ შეიძლება გაგაბრაზოთ?

 

- ტყუილმა. იმიტომ, რომ მერე ნდობას კარგავ. სულ ვთხოვ ხოლმე შვილებს, რომ არ მოვატყუოთ ერთმანეთი, ვილაპარაკოთ ის, რაც არის და როგორც არის. ჯობია, ითქვას სიმართლე, ვიდრე მერე მივიღოთ უარესი შედეგი.

 

- დასასრულ, გვითხარით, ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის შვილებთან ურთიერთობაში?

 

- ყურადღება, ოღონდ ეს არ უნდა იყოს ზედმეტი და შემაწუხებელი, არ უნდა მოახვიო თავზე შენი აზრი და იდეა, მაგრამ ამავდროულად მისი ცხოვრების მაჯის ცემაზე ხელი სულ უნდა გეკიდოს, რომ შემდეგ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდეს ცხოვრებაში. უშეცდომოდ ვერავინ ვცხოვრობთ, ასე არ ხდება, შეცდომებსაც დაუშვებენ ალბათ, მაგრამ უნდა ვეცადოთ, მინიშნებები, მაგალითები, ცხოვრებისეული საუბრები გავუზიაროთ, რათა შედარებით ნაკლები შეცდომებით იცხოვრონ. გარდა ამისა, ბავშვები არ უნდა იყვნენ მოწყვეტილი იმ გარემოს, სადაც ტრიალებენ მშობლები, მათ უნდა ჰქონდეთ ურთიერთობა შენს მეგობრებთან, ნათესავებთან, იმ წრესთან, სადაც შენ ხარ და მათთან კონტაქტი არ უდა დაკარგონ, ცალკე ტიპად არ უნდა ჩამოყალიბდნენ. ბავშვებმა თავი შეკრული ოჯახის ნაწილად უნდა იგრძნონ.

 

 

ციცი ომანიძე

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი