logo_geo
ანა ყიფიანი: ყველაზე მეტად იმით ვამაყობ, რომ რუსეთის მოქალაქეობა არ მივიღე
- +

27 დეკემბერი. 2018. 00:23

პიანისტი ანა ყიფიანი, რომელმაც პირველი სოლო კონცერტი ორკესტრთან ერთად 5 წლის ასაკში შეასრულა და წარმატებით აგრძელებს თავის კარიერას, საქართველოში მუსიკალური ბიზნესის დიდი მოამაგის, "ბრავო რექორდსის" პრეზიდენტის, ბატონი ზაზა შენგელიას "ფეისბუკ"-გვერდიდან აღმოვაჩინე. "გაიცანით, ეს ულამაზესი გოგონა, კლასიკური მუსიკის ამომავალი ვარსკვლავი, ლონდონის Royal College of Music-ის წარმატებული სტუდენტი და კლასიკური მუსიკის სფეროში, მსოფლიოში ერთადერთი, წამყვანი რექორდ ლეიბლის კონტრაქტორი არტისტი. დაიმახსოვრეთ მისი სახელი და გვარი კარგად, ანა ყიფიანი!" - წერდა ბატონი ზაზა, სურათიდან კი ეს მშვენიერი გოგონა გვიღიმოდა. იმ დღესვე დავუკავშირდი ანას.


- ანა, მუსიკა საიდან მოვიდა თქვენთან, ხელოვანების ოჯახში დაიბადეთ?


- არა, განათლებული მშობლები მყავს და ამით ვამაყობ, მაგრამ ისინი ხელოვნებას არ ემსახურებიან: დედა ექიმია, მამა კი თვითმფრინავ-მშენებელი. თუმცა, ჩემი ოჯახის წევრებიც მუსიკალურები არიან. ჩვენს ჭერქვეშ გამუდმებით ისმოდა სიმღერის, მუსიკის ხმა, მაგრამ მე პირველი ვარ, ვინც ჩვენს ოჯახში მუსიკა პროფესიად აირჩია.

 

- ხუთი წლისამ დაუკარით ორკესტრთან ერთად. ისეთი პატარა იყავით, სკამზე დასადები ბალიში გჭირდებოდათ, ინსტრუმენტს რომ მისწვდენოდით. ვინ აღმოგაჩინათ?

 

- როცა სამწლი-ნახევრის ვიყავი, დედამ გადაწყვიტა, ექსპერიმენტულ ბაღში მივეყვანე, სადაც ფორტეპიანოზე დაკვრასაც ასწავლიდნენ და სიმღერასაც. მალე, ჩემმა მასწავლებელმა, ქალბატონმა ლეილა შელეგიამ დედას დაურეკა, - ვფიქრობ, ნიჭიერთა ათწლედიდან ხალხი უნდა მოვიწვიოთ და თქვენი შვილი მოვასმენინოთო. ასეც მოხდა, ჩემს მოსასმენად ბატონი ზაზა აზმაიფარაშვილი მოიწვიეს და ყველაფერი იმ მოსმენიდან დაიწყო... 5 წლისამ სწორედ ბატონი ზაზას დირიჟორობით შევასრულე ბერკოვიჩის სამნაწილიანი კონცერტი ორკესტრთან ერთად.

- გახსოვთ ის დღე?

 

- არა, არ მახსოვს. ჩემი მეხსიერება ათწლედიდან, ანუ 6 წლის ასაკიდან იწყება. თუმცა, კონცერტის ჩანაწერს ვუყურებ ხოლმე და მეცინება, ისეთი პატარა ვარ.


- პიანისტობას საკმაოდ დიდი შრომა სჭირდება, განსაკუთრებული რეჟიმი, ნებისყოფაც და ძალაც. როგორი იყო პიანისტის ბავშვობა?


- გეთანხმებით, პიანისტს განსაკუთრებული რეჟიმი და დისციპლინა სჭირდება. ვერ დავიბრალებ, რომ ოდესმე საკუთარი ინიციატივით დავმჯდარიყავი ინსტრუმენტთან, რადგან მე ეზოში, თანატოლებთან თამაში მერჩივნა. ფანჯრიდან ვუყურებდი, როგორ თამაშობდნენ, მესმოდა მათი ყიჟინი და მოვთქვამდი, მაგრამ დედა ძალიან მკაცრად იცავდა ჩემს რეჟიმს. ყველაფერი უნდა მოგვესწრო. ვსწავლობდი ენებს, დავდიოდი იპოდრომზე საჯირითოდ, გარდა ამისა, სკოლაშიც კარგად ვსწავლობდი. დღეში დაახლოებით ხუთ საათს მუსიკას ვანდომებდი... დრო რომ არ დამეკარგა, მასწავლებლები შინ მოდიოდნენ და მამეცადინებდნენ. ვერ ვიტყვი, რომ მაშინ ეს მომწონდა, მაგრამ ახლა ვიცი, რამხელა სიკეთე გამიკეთა დედამ.

ნებისმიერი პიანისტის ცხოვრებაში უდიდესი როლი სწორედ მისი ცხოვრების ამ პერიოდს, ბავშვობას აქვს. ბავშვობაში ჩადებული შრომის გამოძახილია შემდეგ მთელი მისი ცხოვრება ხელოვნებაში. ამიტომ დედაჩემის, ნანა ნაყოფიას ღვაწლი, მისი თავდადება შეუფასებელია ჩემთვის.


- მით უფრო, რომ მას არცთუ იოლი ბედი ერგო, ისევე, როგორც ჩვენს ბევრ თანამემამულეს. დედა სოხუმელია...


- დიახ, სოხუმში დაიბადა და გაიზარდა. ომის დროს ის უკვე სტუდენტი იყო და მოსკოვში სწავლობდა მედიცინას. ომი დაიწყო თუ არა, ჩამოვიდა და ბებიაჩემი წამოიყვანა სოხუმიდან. როცა ყველას ეგონა, რომ ომი დამთავრდა, ბებია უკან, სოხუმის სახლში დაბრუნდა. მერე სხვა დევნილებთან, ერთად ჭუბერის გზაც გამოიარა. დიდი ტრაგედია იყო და არის ისევ ის ომი ჩვენი ოჯახისთვის...

- დედა და მამა როდის შეხვდნენ ერთმანეთს?

 

- მე 1994 წელს დავიბადე მოსკოვში. ჩემმა მშობლებმა ერთმანეთი ომის შემდეგ გაიცნეს და საკმაოდ მალე დაქორწინდნენ. მამა, კახა ყიფიანი თბილისელია. მე მათი ერთადერთი შვილი ვარ. როგორც ჩანს, დედაჩემს გამოვლილი უბედურების შემდეგ ორმაგი პასუხისმგებლობის გრძნობა ჰქონდა, ამიტომ მიზნისკენ მტკიცედ მიდიოდა. არც ჩემი უკრაინელი, ძვირფასი ბებია ჩამოუვარდება დედას თავგანწირვაში. მას ყველა ჩემი პედაგოგი იცნობს, რადგან გამუდმებით თან მახლდა.

- ნიჭიერთა ათწლედი პროფესორ ნუცა ჭირაქაძის კლასში დაამთავრეთ. მაშინ უკვე ნათელი იყო, რომ ვუნდერკინდი გოგონასგან უნიჭიერესი პიანისტი დადგა და ნიჭმა სწორი განვითარება პოვა.

 

- დამამთავრებელ წელს ათწლედიდან თელავის ფესტივალზე, ქალბატონ ელისო ვირსალაძის მასტერკლასზე მიმიწვიეს. ჩემდა გასაკვირად, ქალბატონმა ელისომ თავად გამოიჩინა კეთილი ნება და გამოთქვა სურვილი, რომ მის კლასში მესწავლა მოსკოვის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის კონსერვატორიაში. ამაზე ოცნებასაც ვერ გავბედავდი... საბედნიეროდ, ბებიის დამსახურებით, ენა ჩემთვის ბარიერი არ იყო, ერთადერთ პრობლემას ის ქმნიდა, რომ ჩემს მშობლებს არ უნდოდათ ჩემი რუსეთში ყოფნა, მაგრამ რადგან ქალბატონ ელისოსთან უნდა მესწავლა, ამას უნდა შევგუებოდით. ამიტომ მისაღები, ურთულესი გამოცდები წარმატებით ჩავაბარე და ჩემი მოსკოვური ცხოვრებაც დაიწყო.

- დაიწყო და დიდი წარმატებით დამთავრდა, რადგან კონსერვატორია წითელ დიპლომზე დაამთავრეთ, გარდა ამისა, სწორედ სტუდენტობის წლებში გახდით უამრავი პრემიისა და გრან-პრის მფლობელი. საფრანგეთის ახალგაზრდა პიანისტთა ყოველწლიურ საერთაშორისო კონკურსზე კი ერთდროულად Piano Campus ექვსი ჯილდო მოიპოვეთ.

 

- ყველაზე მეტად მაინც იმით ვამაყობ, რომ რუსეთის მოქალაქეობა არ მივიღე. საქმე ის არის, რომ მოსკოვის კონსერვატორია თავის წარჩინებულ სტუდენტებს ყოველგვარი გადასახადის გარეშე აძლევს განათლებას და საკმაოდ სოლიდურ სტიპენდიასაც უნიშნავს, მაგრამ ამისთვის საკუთარ მოქალაქეობაზე უნდა თქვა უარი. რა თქმა უნდა, ჩემს ოჯახს დიდი ტვირთი მოაკლდებოდა თუ ამ ნაბიჯს გადავდგამდი, მაგრამ მე უარი ვთქვი ამაზე და მართალია კრედიტებით, ვალებით და ჩემი მშობლების დიდი ძალისხმევის ფასად, ეს საცდური ღირსეულად დავძლიე. საბედნიეროდ, მესამე კურსზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიანტობა დავიმსახურე და ოჯახმაც ნაწილობრივ ამოისუნთქა... ახლა ლონდონში ვცხოვრობ და მოსკოვიდან მხოლოდ კარგი მახსოვს, რადგან პოზიტივიც, სარგებელიც და ადამიანური ურთიერთობებიც ნამდვილად აღემატებოდა ნეგატივს.
ლონდონის მუსიკის სამეფო კოლეჯში ასპროცენტიანი გრანტით ჩავაბარე და ამით ბედნიერი ვარ. აქ გავაფორმე ის კონტრაქტიც, რომელზეც ბატონი ზაზა საუბრობდა. ეს ფრანგული სააგენტოს, დოიჩე გრამაფონეს პროდიუსერის ინიციატივა გახლდათ. ახლა მას ჩემს აგენტთან აქვს ურთიერთობა და აბსოლუტურად კომფორტულად ვთანამშრომლობთ.

 

- ლონდონში მარტო ცხოვრობთ თუ მშობლებთან ერთად?

 

- არა, დედაზე მიწებებული აღარ ვარ. ეს თავად გადავწყვიტე. მართალია, დედა აპროტესტებდა, მაგრამ მგონი ასე ჯობდა: მასაც საკუთარი თავისთვის მეტი დრო აქვს, მე კი ასე უფრო დამოუკიდებელი გავხდი.

- არ შემიძლია მამაზეც არ გკითხოთ, ქართველ მამებს ხომ თავისი გოგონები განსაკუთრებულად უყვართ...

 

- მე და მამა მეგობრები ვართ. ის იმდენად ენდობა დედას, რომ აღარ სჭირდება მკაცრი იყოს ჩემთან. მოკლედ, დედამ "შავი სამუშაოდან" გაათავისუფლა, მამამ კი სიამოვნებით შეირგო მზრუნველი, მოყვარული, ტკბილი მეგობრის როლი. იდეალური ურთიერთობა გვაქვს, ყველაფერი შემიძლია ვუამბო... თბილისში ჩამოსვლაზე გამუდმებით ვფიქრობ. ჩვენი დედაქალაქი ერთადერთი ქალაქია, სადაც ცხოვრება მინდა. ალბათ, სწავლის დასრულების შემდეგ, თავისუფლად მოვახერხებ დაბრუნებას, დანარჩენ მსოფლიოსთან კი თბილისიდან ვიკონტაქტებ და ვიფრენ.

- უამრავ ქვეყანაში გაქვთ გამართული კონცერტი, რომელი მსმენელია ყველაზე გამორჩეული?


- 7 წლიდან დაწყებული, ბევრგან მოვასწარი დაკვრა, თითქოს მეტ-ნაკლებად მსმენელსაც ვარჩევ, მაგრამ ნაციონალური ნიშნით არა, მუსიკის მოყვარულები ერთმანეთს ძალიან ჰგვანან. ცოტა ხნის წინ ესპანეთში, მონტერეიში, სან-პედროს აუდიტორიაში მქონდა კონცერტი არაპროფესიონალებისთვის. უნდა გენახათ, როგორ მისმენდნენ. მიყვარს მუსიკის მოყვარულებისთვის დაკვრა. ისინი მეტად გამოხატავენ ემოციას, მათ არაფერი აქვთ დასამალი.

- საქართველოში დიდი ხანია არ დაგიკრავთ...

 

- ეს ჩემთვის მტკივნეული თემაა. მართალია, ნიკა რაჭველმა მომიწვია სამი წლის წინ და რახმანინოვის კონცერტი შევასრულე ორკესტრთან ერთად, შემდეგ სახელმწიფო დიასპორის სამინისტრომ გამამართვინა ერთი კონცერტი კონსერვატორიაში, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა...


ჩვენს კოლეჯში ჩინეთიდან და იაპონიიდან ჩამოსული სტუდენტებიც სწავლობენ. აქ როცა ჩამოვიდნენ, უკვე სახელგანთქმულები იყვნენ საკუთარ ქვეყანაში. გამუდმებით მეკითხებიან, რა მაქვს გაკეთებული საქართველოშიო? მე კი ბევრს ვერაფერს ვამბობ და ეს ყველას უკვირს. დიახ, ყველას სჭირდება საკუთარი ქვეყნის მხარდაჭერა, ჩვენთან კი პირიქით ხდება ხოლმე, ჩვენი თანამემამულე ხელოვანები ჯერ საზღვარგარეთ გაითქვამენ სახელს, შემდეგ კი სამშობლოც ამჩნევთ. მომავალ წელს 25 წლის ვხდები და კიდევ უფრო მაღალი რანგის კონკურსებში მივიღებ მონაწილეობას. ვნახოთ, რამდენი დრო დამჭირდება იმისთვის, რომ საქართველოდანაც წამოვიდეს შემოთავაზებები. მე ამისთვის ნებისმიერ დროს ვარ მზად. ისე არ გამიგოთ, თითქოს არავისგან მიგრძნია სითბო საქართველოში. რა თქმა უნდა, იყვნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთი ყურადღებით, სიტყვით, საქმითაც მიადვილებდნენ ჯაფას, მაგრამ მე სულ სხვა ყურადღებაზე ვლაპარაკობ. იმათზე, ვისაც ევალება, რომ ხელოვნების მსახურებს გზის გაკვალვაში დაეხმაროს. თუმცა, მინდა კარგი ამბით დავასრულოთ ინტერვიუ: ორიოდე დღის წინ რუმინეთში, პიანისტების საერთაშორისო კონკურსზე "ფრედერიკ შოპენი" ჟიურის წევრად მიმიწვიეს... დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და იმედი მაქვს სამართლიანი ვიქნები, რადგან თავად ხშირად ვაწყდები უსამართლობას კონკურსებზე.

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი