logo_geo
რეჟისორ ბაცო კალატოზიშვილის სევდიანი ისტორია
- +

6 თებერვალი. 2019. 14:16

 

 

 

მის დაბადებამდე დედამისს, ქალბატონ ნანას, ყველა ექიმი ეუბნებოდა, რომ ბიჭს გააჩენდა და შვილს 5-10 ივლისის პერიოდში მოავლენდა ქვეყანას. ბავშვის დაბადებამდე რამდენიმე თვით ადრე, დიდმა ბებომ, დარეჯან ჯანდიერმა, გინდა თუ არა, კალაურში უნდა წავიდე მატარებლითო, – ამოიჩემა და უკვე ვაგონში ასულმა ფეხმძიმე რძალს უთხრა: ნანა, შენ გოგო გაგიჩნდება, 19 ივლისს, 11-ის ნახევარზე, მე კი ვერ მოვესწრები ამას, მაგრამ დაარქვი ჩემი სახელი და ბედნიერი იქნება. დარეჯან ჯანდიერი ჩავიდა კალაურში, დაალაგა სახლი, შუა ოთახში დადგა ტახტი, დაწვა და „დაიძინა“. ის ისე წავიდა ამქვეყნიდან, შვილთაშვილის დაბადებას ვერ მოესწრო. ზუსტად იმ დღეს და იმ საათზე, რაც დიდმა ბებომ „დაიბარა“,  დაიბადა გოგო. გამზრდელმა ბებომ ბავშვი ხელში აიყვანა და მოეფერა: „მოდი ჩემთან, ჩემო ბაცო, ბაცო, ბაცუნა“. ოჯახის მეგობრებმა, რა დროს დარეჯანია, ახლა ვინ არქმევს შვილს დარეჯანსო და მამამ გადაწყვიტა „დ“ ასოზე დაწყებული რომელიმე სახელი შეერჩია. დაარქვეს დალი, თუმცა მას ყველა ბაცოდ იცნობს.

 

დალი (ბაცო) კალატოზიშვილი, რეჟისორი სპექტაკლებისა: „არის ასეთი სიყვარული“, „ქალაქში დადის მანიაკი“, „ფორსმაჟორი“ და ა.შ. დღეს ჩვენი ბაცო ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს, უსახლკაროა, უმუშევარი, მეგობრების ამარა დარჩენილი. ამ ბოლო დროს მომავალ მსახიობებს ამზადებს. „მთელი ცხოვრება ვფიქრობ, რომ არ დამარქვეს დარეჯანი, ამიტომაა რომ ჩემი ცხოვრების გზა არ ყოფილა ადვილი, – ასე დაიწყო ჩემთან საუბარი ბაცომ, – ამასწინათ ისტერიკაში ჩავვარდი, ლამის დეპრესია დამეწყო, ისევ უნდა ავიბარგო და გადავიდე, ისევ უნდა ვეძებო ბინა, სადაც იქნება ავეჯი, ჭურჭელი, მე ხომ არაფერი მაქვს,  საკუთარი ტანსაცმლის გარდა“… ბაცო იმ ეზოში ცხოვრობს ქირით, სადაც, ოდესღაც, დიდი ნიკო ფიროსმანი ცხოვრობდა, კიბის ქვეშ. ცოტა ხანში ბინა უნდა დაცალოს და ახალ მისამართზე გადავიდეს…

 

„თენგიზის გარდაცვალების ერთი წლისთავზე თეატრმცოდნე ვახტანგ ქართველიშვილმა თეატრში მოიყვანა დალი კალატოზიშვილი, რომელიც დღემდე  ჩემი ოჯახის წევრია. იმ შავბნელ წლებში, რომელიც ქვეყანაში იდგა და შესაბამისად თეატრშიც სუფევდა, მან ყველაფერს გაუძლო და თეატრისთვის ყველაფერს აკეთებდა“, – ასე აფასებს ზაირა ჩანტლაძე ბაცოს თეატრში მოღვაწეობას.

 

- მარჯანიშვილის თეატრიდან დავიწყე, შემდეგ იყო მუსკომედია, ხოლო  თენგიზის გარდაცვალების შემდეგ ჩანტლაძის თეატრში გადავედი. ვახო ქართველიშვილმა,  ჩემმა  პედაგოგმა და მეგობარმა, რომელიც სამხატვრო ხელმძღვანელი იყო, მთხოვა, დამეწყო სუფთა ფურცლიდან. დავიწყე და დღეს ამაყი ვარ იმით, რომ 15 წლის მანძილზე ყველაფერი გავაკეთე თეატრისთვის. ბოლოს მთავარი რეჟისორი ვიყავი. ბევრი სპექტაკლი დავდგი, ვიმუშავე გრანტზეც. ეს იყო გოკა გაბაშვილის მინისტრობის დროს. გამოაცხადეს გრანტი 300 ათასის ოდენობით, რაც ძალიან დიდი თანხა იყო, თეატრისთვის ჰაერი. სკოლის შემდეგ ამდენი არ მიმეცადინია, კონსტიტუცია, კანონები, ყველა საკითხი შევისწავლე და პროექტი გავაკეთე. პროექტმა გაიმარჯვა, გრანტი მოვიგეთ და ამ დროს გავიგე, რომ თურმე ერთი თვით ადრე, თეატრი ლიკვიდირებულია. რა თქმა უნდა, გრანტი დაიკარგა.

 

- მახსოვს ის პერიოდი, ჩანტლაძის თეატრი რომ გააუქმეს. სააკაშვილისა და შენი გზები ოდესმე თუ გადაკვეთილა?

 

_ როდესაც საკრებულოს თავმჯდომარე იყო მიხეილ სააკაშვილი, არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა ჩვენს შორის.  ამ ინციდენტამდე ზურაბ ჟვანიამ ერთ ოჯახში მოიყვანა  სააკაშვილი.  ახალი ჩამოსული იყო ამერიკიდან, მე ვნახე მიშას ჭამის კულტურა, როგორ აიღო ხელით ტორტი, ხორცი, გაგლიჯა გოჭის ნაჭერი, ერთად ჭამდა კიტრს, პომიდორს, ფხალს, გოჭის ხორცს და ტორტს. მივხვდი, არანორმალური რომ იყო, ვერ მოვითმინე და … ვუწოდე. უხერხულად ცხვირი მოიწმინდა და წავიდა. ამის შემდეგ „კინოს სახლში“ შემხვდა, ფილმს უყურებდა.  როგორც კი დავინახე, ეგრევე მივახალე, მე შენ ხომ გითხარი, რაც ხარ, წადი აქედან-მეთქი. წავიდა. მესამე „შეხვედრა“ თეატრში მოხდა. სპექტაკლზე მოვიდა. „კმარელები“ და ვიღაცები ახლდნენ თან. მეუბნება: თქვენ შენობა არა გაქვთ, მოგცემთ. ყველაფერს გაგიკეთებთ. თქვენ არ იცით, როგორ მიყვარდა თენგიზ ჩანტლაძე, ოღონდ ერთი თხოვნა მაქვს, ძალიან მაგარი ხალხი ხომ გჭირდებაო, მე შემოგთავაზებთ  და…  „შაბათის შოუს“ ბიჭები შემომთავაზა. რატომ-მეთქი, – ვკითხე და კლოუნები არიანო. შენზე დიდი კლოუნი არ არსებობს დედამიწაზე-მეთქი, – ვუთხარი. უკანმოუხედავად გავარდა და ამის შემდეგ ძალიან მაგრად „დაგვეხმარა“, ერთ თვეში თეატრი ლიკვიდირებული იყო. რა გრანტი, რის დაფინანსება, რა დახმარება, აღარ არის ჩვენი და ასევე მეტეხის თეატრი. სანდრო მრევლიშვილიც დაპირისპირებული იყო მიშასთან…

 

- ვინ იცის, რომ არ ყოფილიყავი ასეთი ხისტი…

 

 - დღემდე რამდენიმე მსახიობი ამბობს, რომ არა შენ, სამსახური მაინც გვექნებოდაო. „მედიკების სახლში“ ვიყავით შეკედლებული, ვფეთქავდით… მოკლედ, ამის შემდეგ ვიყავი სრულიად მიუღებელი. ერთხელ, თამაზ გოგაძემ შემომთავაზა, ახმეტელის თეატრში გადამეტანა „ქალაქში დადის მანიაკი“ –  გინდ ძველი მსახიობები მოიყვანე, გინდ ახლები აიყვანე, დადგი სპექტაკლი, იმუშავეო. ვუთხარი, პრობლემები არ შეგექმნას-მეთქი და რა პრობლემები, რას ამბობო… ერთი თვის შემდეგ მირეკავს და მეუბნება, შენი გვარი რომ წაიკითხა, გიგიმ საბუთები გადმომიყარა, გიჟები ხომ არა ხართო. გადის რაღაც პერიოდი,  მირეკავს გიგი უგულავას თანაშემწე და მეუბნება: ახმეტელის თეატრიდან შემოთავაზებული წინადადება ძალაშიაო. ვკითხე, გიგი მანდ არის-მეთქი, კიო.  რაკი მანდ დგას, ხელი აწიე და „გააკეთე“ „ვიქტორია“, ახლა ცერა თითი შუაში მოათავსე და შენს შეფს აჩვენე-მეთქი.

 

- სხვაგვარადაც შეიძლებოდა, ბაცო.

 

- არა, სხვაგვარად არ შემეძლო. ვარიანტი არ იყო, უგულავას არ დავეხმარებოდი. მე ჩემს საქმეს ვერ გავაკეთებდი, მიუხედავად იმისა, მენატრებოდა თეატრი, ვერ ვიმუშავებდი. სანაკოევს რომ შემოუხაზა მიშამ ქურთა-თამარაშენი, მითხრეს, წამოდი და კულტურის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე იქნები, კარგი ხელფასი, პრემია გექნება, დილით მანქანა წაგიყვანს, საღამოს თბილისში იქნებიო. ვიკითხე, კაი, ვთქვათ, წამოვედი, რა უნდა გავაკეთო-მეთქი და პირველი „ღონისძიება“ რა იყო, იცი? დათო კირკიტაძე უნდა ჩამოსულიყო. ჰოდა, დავემშვიდობე, არ წავედი. აქ საქმე იმაზე კი არაა –  დედა, რა მაგარი ვარ. არა, უბრალოდ ვერ გავაკეთებდი საქმეს, როცა ნაძალადევად აკეთებ, არაფერი გამოგდის, ეს ხომ შემოქმედებაა. ვერ ვისუნთქებდი, ვერ დავიძინებდი. იმასაც ვერ ვიტყვი, არ ვიცი, რას ვიზამდი, მე რომ მყოლოდა შვილი, დედა, მამა. არ ვიცი, რას ვიზამდი, სახლში რომ მყოლოდა ადამიანი, ვინც იქნებოდა ჩემზე დამოკიდებული. ზუსტად ვიცი, რასაც გავაკეთებდი… იმავეს! ასე დასრულდა ჩემი და სააკაშვილის „ურთიერთობა“. ვზივარ სახლში, მეგობრები რომ არა, ვერ ვიარსებებდი. ერთი დღე არ გამთიშვია ტელეფონი, შუქი, გაზი, წყალი. მოდიოდნენ ჩემი მეგობრები, მოჰქონდათ საჭმელი, ეს იყო სასწაული. დომინოს პრინციპივითაა, ერთხელ თუ გაფუჭდება საქმე, მერე მიყვება ყველაფერი.  გადავწყვიტე, გამეყიდა ბინა. ყველაფერი გავყიდე და გადავედი ნაქირავებში… აღარ ღირს დეტალებზე საუბარი. არც მინდა, ეს ისტორია საჯაროდ გამოვიტანო განსახილველად. ისევ ჩემი მეგობრების დიდი ძალისხმევით ვცხოვრობ.

 

- ახლა რას აკეთებ?

 

- ჩვენი პროფესია არის უმადური, ჰაერში გამოკიდებული პროფესია, მაგრამ მას ახლავს სულის ზეიმი, რომელსაც ამქვეყნად არაფერი შეედრება. სცენაზე ტოვებ ოფლს, სისხლს და ბოლოს იღებ ტაშს. აი, ეს ტაში არის სულის ზეიმი, ამას არაფერი შეედრება… ახლა მაქვს ახალგაზრდებთან ურთიერთობა. ხშირად ვკამათობთ, მაგრამ აქვთ ნიჭი, მოგყვებიან, აქ მხოლოდ ლექსიკა ხომ არ არის, ლექსის კითხვა ხომ არ არის? მსიამოვნებს აბიტურიენტებთან მუშაობა, ღვთის წყალობით, მყვანან. ძალიან შევეჩვიე თავისუფლებას, რამდენ ხანსაც მინდა ვმუშაობ, ხანდახან ღამის სამ საათამდე. არაჩვეულებრივი თაობა მოდის. იყო თუ არა შემოთავაზებები? იყო, რაღაც იყო, მაგრამ უკვე სურვილი აღარ მაქვს. 10 წელია თეატრში ფეხი არ შემიდგამს, იქ რომ მივიდე, თეატრის მონატრება არ მომასვენებს. მე ხომ მოწამლული ვარ სცენით, იქაური მტვერი აღარ დამაძინებს, თავდაცვის ინსტინქტია ერთგვარი და ალბათ, ამიტომაა, რომ საინფორმაციო საშუალებებით ვადევნებ თვალს თეატრის ცხოვრებას. ბავშვებთან ურთიერთობით ვივსებ დანაკლისს. ეს არ არის ჩვეულებრივი მეცადინეობა. ეს არის მთელი თეატრი. ჩვენ ბევრს ვსწავლობთ აქ, ჩათვალე, რომ პატარა სტუდია მაქვს.

 

- ხეზე ასვლას ასწავლი…

 

- არა, ხეზე ასვლა თავად უნდა ისწავლონ.

 

- ნაქირავებში ცხოვრობ…

 

- პრინციპში სოციალურად დაუცველი ვარ, მაქვს მხოლოდ სამოსი და მეტი არაფერი. ვქირაობ ისეთ ბინას, სადაც ავეჯი დამხვდება, ტელევიზორი. მოკლედ, არაფერი მაქვს, მაგრამ მყვანან მეგობრები, რომლებიც მიხდიან ბინის ქირას, მყვანან აბიტურიენტები. არასდროს მიმიმართავს არც მერიისთვის და არც გამგეობისთვის, არასდროს ამიღია არანაირი სტიპენდია. იყო პერიოდი, იმაზე მეტად, ვიდრე დღეს, მიჭირდა, მაგრამ ვერ გავაკეთე სოციალურად დაუცველის სტატუსი, განა თავი ვერ მოვაბი, არა…  უბრალოდ, ახლა მოსწავლეები მყავს და თავი გამაქვს, არიან ადამიანები, რომელთაც შემოსავალი საერთოდ არა აქვთ. მე თავი ასე თუ ისე გამაქვს და არ იქნება სამართლიანი, ჩემზე გაჭირვებულს მოვაკლო. კი, შემეძლო მეთქვა, მოსწავლე არ მყავს, მაგრამ სინდისთან არ ვიქნებოდი მართალი. დიაბეტი მაქვს, პენსია, ყველა დეტალი მესადაგება, მაგრამ არა, ვერა.

 

- შევცვალოთ თემა. ყველაზე მეტად მუშაობა ვისთან მოგწონდა?

 

- „ფორსმაჟორში“  ხათუნა იოსელიანი მოვიწვიე, ახალბედა ნინიკო ბაქარიძე და კახა სამუშია. დიდი მოწონება და დიდი ქოქოლაც დაიმსახურა სპექტაკლმა „ბატონებო, ჩვენ ვხუმრობთ“. ალეკო ბეგალიშვილი სადიპლომოზე რომ ვნახე, ეგრევე წამოვიყვანე. მერე, როცა ყველაფერი აირია, გავუშვი მუსკომედიაში, შენი ასე უმოქმედოდ გაჩერება არ შეიძლება-მეთქი. სპექტაკლში „ქალაქში დადის მანიაკი“, მთავარ როლს თამაშობდა მაიკო ხორნაული. უსაყვარლესი, უნიჭიერესი. დავდგი ლაშა ბუღაძის „თეატრი“, რომელიც პრემიერის მერე მოვხსენი, მივხვდი, რომ შეცდომა დავუშვი. ლაშა კარგად წერს, არც სპექტაკლი გამოსულა ცუდი, მაგრამ სცენაზე რომ ვნახე, მივხვდი, რომ ეს არ იყო ჩემი, არც გავუშვი, მერე ყველაფრის ნგრევა დაიწყო.

 

- ვისთან გიჭირდა მუშაობა და პირიქით?

 

- ყველაზე მეტად ნოდარ ხუციშვილთან მიჭირდა მუშაობა. ხანდახან ძალიან არასერიოზულად უდგებოდა საქმეს, ხან კი იყო „კანფეტი“. ხასიათის კაცია, ძალიან ვერკინებოდით ერთმანეთს. ხათუნა იოსელიანია არაჩვეულებრივი, პირველკლასელივით გისმენს, არასდროს იგვიანებს. ზაირა ჩანტლაძე, თენგიზის ცოლი, გადასარევი ქალი.

 

 - ყველაზე კარგი რომელი სპექტაკლი გამოგივიდა?

 

- ალბათ, „ქალაქში დადის მანიაკი“.  სამკაციანი სპექტაკლი იყო, მაიკო ხორნაული, ნოდარ ხუციშვილი და ნატო გიორგაძე თამაშობდნენ, მაგრამ არ გბეზრდებოდა ყურება. სცენარი  იძლეოდა საშუალებას, მსახიობებს იმპროვიზაციულად ეთამაშათ, არც ერთი სპექტაკლი ერთმანეთს არ ჰგავდა.

 

- ვისთან იმუშავებდი?

 

- ნინო კასრაძესთან. არასდროს მიმუშავია ნინოსთან, ძალიან მაინტერესებს. დიდი სიამოვნებით ვიმუშავებდი მერაბ ნინიძესთან, ზაზა პაპუაშვილთან. ადრე ვისთანაც ვმუშაობდი, ყველასთან. რას დავდგამდი? კომედიას. იცი, რას მივხვდი? ადამიანის ატირება არის ძალიან ადვილი, საქართველოს ნაკრები გოლს გაიტანს – მეტირება, ქართველი მოიგებს – მეტირება. მაგრამ მაყურებელი გულიანად გააცინო, ისე, რომ არ ჩაიხადო, ეს არის ძალიან ძნელი. ძალიან მინდა გულიანად გავაცინო ჩემნაირი, შენნაირი მაყურებელი.

 

- კურიოზები გაიხსენე…

 

- ასე არ მახსენდება… კარგი… ჩემი და მამუკა კიკალეიშვილის ლეგენდარული ურთიერთობიდან ერთ ეპიზოდს გავიხსენებ:  მამუკა არის თეატრის დირექტორი, მე მთავარი რეჟისორი. რაღაც დოკუმენტი იყო შესავსები. ბაცო, მიდი, გადახედე და თუ რამეა, გაასწორეო, – მითხრა. არაფრით არ შემეძლო გადახედვა, ვერ ვიტან ხაზებს, ხაზის გასწვრივ წერას. ჯერ ეგონა, ვხუმრობდი, ბოლოს მიხვდა, რომ არ ვიგონებდი და მეუბნება: ბაცო, მივხვდი, რატომ არ გათხოვდი, ხელის მოწერა არ შეგიძლია გრაფაში და ამიტომ.

 

- და ბოლოს, სიყვარულის შესახებ.

 

- ჰოოო… სკოლაში ვიყავი ძალიან შეყვარებული, ისე ძალიან, რომ „კალაპოტიდან ამოვვარდი“, ძალიან ავურიე. შეყვარებამდე „სკოლის თვალი“ ვიყავი, კარგად ვსწავლობდი… ძალიან კარგი ბიჭი იყო, არც შემომხედა და  სწავლას დავანებე თავი, ისე ავურიე, რომ ისტორიაში ორიანი გამომყვა, საერთოდ ვერ ვსწავლობდი. მერე გადამიარა, დედაჩემმაც დამიცაცხანა და ისევ შევუდექი სწავლას. აი, ეს იყო პირველი სიყვარული. შემდეგ იყო იანიკ კორჩინსკი, პოლონელი, შეუდარებლად უკრავდა. ლიძავაში გავიცანი. ძალიან ჰგავდა ჟან ლუი ტრენტინიანს, უბრალოდ, იანიკი უფრო მაღალი იყო. ძალიან მალე დაიწყო რომანი. საბჭოთა კავშირში ხშირად ჩამოდიოდა. ძალიან სერიოზული ურთიერთობა გვქონდა, მამამისიც ჩამოვიდა, ოჯახი გაიცნო.

 

რაჭაში ვიყავი ჩემს მეგობართან, იანიკი ციმბირისკენ იყო წასული გასტროლებზე. 5 აგვისტოს იყო დაბადებული და 3 აგვისტოს  უნდა ჩამოსულიყო, დაბადების დღე ერთად უნდა აღგვენიშნა. 28 წლის უნდა გამხდარიყო, მე ამ დროს 20-ის ვიყავი. რატომღაც ავფორიაქდი, ადრე წამოვედი რაჭიდან, თბილისში ჩამოსულს მხვდება იანიკის ძმაკაცი… გასტროლებიდან ჩამოსულა ადრე, რომ გაუგია, რაჭაში ვიყავი, მანქანით წამოსულა, ცხინვალის გადასახვევთან იპოვეს მანქანაში, საჭეზე თავდადებული, ინფარქტი მოუვიდა. აი, ასე დასრულდა ეს ისტორია. ასე არავინ მყვარებია. ძალიან კარგი ადამიანი იყო, ძალიან. მერე ხომ იცი, რომ ადრი ყველას… ძალიან კარგი ზღაპარი იყო ის ორი წელი, დამთავრდა…

 

P.S. ბაცოს სახლიდან გამოსულს, რაღაცნაირი სევდა გამომყვა. ვიცი, რას ნიშნავს რამდენიმე ჩანთით თბილისის ქუჩებში სიარული, ბინის ძებნა, თვიდან თვემდე შიშით ცხოვრება – ვაითუ, ვერ გადავიხადო ბინის ქირა. ვიცი, რას ნიშნავს უმუშევრობა, საყვარელ საქმესთან „გამომშვიდობება“. ალბათ ეს სევდა დიდხანს გამყვება, დიდხანს, ვიდრე ბაცოს საკუთარი ჭერი არ ექნება და ეგებ, ოდესმე კულტურის სამინისტრო დაფიქრდეს და ბაცოსაც მისცეს სტიპენდია?  ეგებ ვინმემ მოიფიქროს და ბაცოსაც მისცეს ჭერი, იმედი ხომ ბოლოს კვდება, ვინ იცის, რა მოხდება.

 

 

 

მოამზადა დარეჯან მეფარიშვილმა

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი