logo_geo
რა სიახლეები იგეგმება ერთიან ეროვნულ გამოცდებზე? - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
- +

28 თებერვალი. 2019. 13:54

 

 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაგეგმილ რეფორმებს შესაძლოა, კიდევ რამდენიმე სიახლე დაემატოს. მოსალოდნელია, რომ 2024 წლიდან ეროვნული გამოცდების ტესტირება შეიცვლება და აბიტურიენტის ცოდნა სტანდარტთან შესაბამისობაში შემოწმდება. ასევე იგეგმება, ტესტებს ვიდეოდავალებები დაემატოს.

 

კონკრეტულად რა სიახლეებზე მუშაობს შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი, როდის დაიწყება გამოცდები მე-6 და მე-10 კლასებში, როგორ მოიპოვებენ საგრანტო დაფინანსებას აბიტურიენტები, ამ და სხვა საკითხებზე „ინტერპრესნიუსი“ შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ სოფიო გორგოძეს ესაუბრა.

 

- განათლების სამინისტროს მიერ დაგეგმილი ცვლილებებით გაუქმდა მე-11 და მე-12 კლასებში გამოსაშვები გამოცდები და მომავალი წლიდან უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება. ეს იქნება ფუნდამენტური ცვლილება თუ ეს არის რეფორმის პირველი ტალღა, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს რეფორმის სხვა ტალღები?

 

- აუცილებლად უნდა ვთქვათ ის, რომ შეფასების სისტემა და ზოგადად განათლება ყოველთვის არის დიდი ინტერესის საგანი და ყველა ადამიანს თავისი გამოცდილებიდან გამომდინარე ჩამოყალიბებული მოსაზრება აქვს. ჩვენ ყველა ან თავად ვსწავლობდით, ან ჩვენი შვილები სწავლობენ, ყოველთვის ვუკავშირდებით ზოგად საგანმანათლებლო საფეხურს, უმაღლესს, პროფესიულს, ან მასწავლებელი გვყავს სახლში, ან შვილი სკოლის მოსწავლე და აბიტურიენტი. ამიტომაც პირველი, რაც გვინდოდა გაგვეკეთებინა, იყო სისტემური შეფასება, ანუ გადავწყვიტეთ დაგვეგეგმა არსებული საგამოცდო მოდელის კვლევა, გაგვეანალიზებინა სტატისტიკური მონაცემები, შეგვეჯამებინა ის კვლევები, რაც აქამდე ტარდებოდა, გავსაუბრებოდით დაინტერესებულ მხარეებს და გვენახა - სად ვართ. როდესაც უკვე კვლევის პირველი ვერსია მივიღეთ, შედეგები გავაცანით უნივერსიტეტების, სკოლების წარმომადგენლებსა და ექსპერტებს, გარკვეული მოსაზრებები რომ მიგვეღო - რაღაც არასწორად ხომ არ დაინახა მკვლევარმა. კვლევა 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ეხებოდა ორ ძირითად საკითხს - გამოსაშვებ გამოცდებსა და ერთიან ეროვნულ გამოცდებს. რეალობა ასეთია: გვაქვს მინიმუმ 12 ე. წ. მაღალი რისკის გამოცდა - 8 გამოსაშვები და 4 უნივერსიტეტში მისაღები. მაღალი რისკის გამოცდა გულისხმობს, რომ მის შედეგს გადამწყვეტი გავლენა აქვს ჩამბარებელზე, ამ შემთხვევაში სკოლის მოსწავლეების მომავალზე. წლების განმავლობაში სახელმწიფო, სამწუხაროდ, ვერ ახერხებდა იმას, რომ განათლების ხარისხი აემაღლებინა. შეიძლება რაღაც ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ ძალიან ნელა მივდივართ წინ. სკოლების უმეტესობაში არ არის შესაბამისი პირობები, ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები, გამართული ჰიგიენურ-სანიტარული ნორმები და ა.შ. მასწავლებელთა კორპუსს თუ შევხედავთ, 2010 წლიდან დღემდე, სამწუხაროდ, ნახევარზე მეტს ჯერაც არა აქვს დადასტურებული საგნობრივი კომპეტენციები. მიუხედავად ამისა, 12 წლის შემდეგ თუ ვერ ჩააბარებს მოსწავლე 8 მაღალი რისკის გამოცდას და ერთ საგანში მაინც ჩაიჭრება, რჩება ატესტატის გარეშე. აქ ძნელია ლოგიკა დაინახო. როდესაც მასწავლებლებს გადასალახავი ბარიერი მოუხსნეს, ერთ-ერთი არგუმენტი ასეთი იყო: ჩაჭრილი მასწავლებელი არ შეიძლება იყოს სკოლაში. ვფიქრობ, ჩვენ მასწავლებლებს უნდა დავეხმაროთ, რომ განვითარდნენ და არ უნდა მივაკრათ ასეთი იარლიყი. მაგრამ ბავშვებს რას ვერჩით? თუკი გვაქვს მოცემულობა, რომ ვარ მოსწავლე, ვსწავლობ არცთუ ისე კარგ სკოლაში, არცთუ ისე შეძლებული მშობლები მყავს, საგნების ნაწილს კარგად ვსწავლობ, მაგრამ ზოგ საგანს, მაგ. ფიზიკას მასწავლის არასპეციალისტი - ვთქვათ, გეოგრაფიის მასწავლებელი - ამ მოცემულობაში თუ ჩაიჭრები ფიზიკის გამოცდაში, არ მაქვს არც სკოლის ატესტატი და არც შემდგომი განათლების მიღების შესაძლებლობა. ყველას და ყველაფრის მიმართ ლმობიერები ვართ, მაგრამ მოსწავლეს შანსს არ ვაძლევთ. ეს ლოგიკას არის მოკლებული. როცა მასწავლებლებზე, მათ მოტივაციასა და ავტორიტეტზე ვფიქრობთ, ვინმემ იფიქრა ჩაჭრილი მოსწავლის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე? ან ვიცით, საერთოდ, სად არის ეს 40 ათასი ბავშვი, რომლებიც წლების განმავლობაში ერთ საგანში მაინც ჩაიჭრა? რამე პასუხისმგებლობა აიღო სახელმწიფომ ამ ბავშვებზე?!

 

- ახლა რა პასუხისმგებლობას იღებს სახელმწიფო ამ 40 ათას ჩაჭრილ მოსწავლეზე?

 

- უკვე გამოაცხადა განათლების სამინისტრომ, რომ თუ მათ დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმა, ანუ კონკრეტულ საგნებში მასწავლებელმა დადებითად შეაფასა, ისინი ატესტატს მიიღებენ. შესაბამისად, ამ ბავშვებს კვლავ ექნებათ შანსი, მიიღონ სკოლის შემდგომი განათლება ან დასაქმდნენ სკოლის ატესტატით. ჩვენს მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გარკვეული მიზნები ამ გამოცდების შემოღებას უდავოდ ჰქონდა. პოლიტიკოსები მაშინ საუბრობდნენ, რომ უნდა გაზრდილიყო გაკვეთილებზე დასწრება, მეტი პასუხისმგებლობა უნდა ეგრძნოთ სკოლებს, მაგრამ გამოცდების შემოღებით ამ მიზნებს ვერ მივაღწიეთ. ერთი, რასაც ამბობენ, არის ის, რომ ბავშვმა წიგნი მაინც გადაშალა, გამოცდა რომ ჩაებარებინა, მაგრამ, ექსპერტების აზრით, ეს მხოლოდ ორი-სამი თვის მანძილზე, გამოცდამდე მისატანი ცოდნის დაგროვებაზე ორიენტირებული ძალისხმევაა. უნდა გავითვალისწინოთ ისიც, რომ ამ გამოცდების ჩასატარებლად მილიონნახევრიდან 2 მილიონამდე იხარჯებოდა ყოველ წელს. ახლა გამოითვალეთ, რამდენი ფულია დახარჯული 2011 წლიდან მოყოლებული დღემდე. მესმის, რომ რაღაც ეფექტი ჰქონდა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია ეს თანხა გაცილებით ეფექტურად გამოვიყენოთ, ისე, რომ შედეგი გვქონდეს განათლების ხარისხის ზრდის თვალსაზრისით. ზოგადად ის ფაქტი, რომ კომპიუტერზე ადაპტირებული ტესტირება გაკეთდა, ჩვენი ქვეყნისთვის მიღწევაა, მაგრამ ამ პირობებში ასეთი რაოდენობის გამოცდის დანიშვნა, ამდენი ინვესტიციის ჩადება, გაუმართლებელია, რადგან ამას განათლების ხარისხის ზრდის თვალსაზრისით საგრძნობი შედეგი არ მოაქვს.

 

- განათლების ექსპერტების ნაწილის მოსაზრებით, გამოცდების სრულად გაუქმება გამოსავალი არ არის. მათი აზრით, გამოცდები უნდა დარჩენილიყო, თუმცა არ უნდა მომხდარიყო ჩასაბარებელი საგნების დუბლირება გამოსაშვები და ეროვნული გამოცდებისას. გამოცდების სრულად გაუქმება, მათი შეფასებით, არის არა პრობლემის მოგვარება, არამედ ამ პრობლემაზე თვალის დახუჭვა.

 

- თუმცა, ვფიქრობ, რომ აქამდეც მშვენივრად გამოგვდიოდა თვალის დახუჭვა, თუ ეს გვჭირდებოდა, ჩაჭრილი ბავშვების რაოდენობა კი იზრდებოდა. ის, რომ მდგომარეობა ცუდია, საერთაშორისო შეფასებების შედეგებიდანაც ვიცით და, სხვათაშორის, მნიშვნელოვან თანხას ვიხდით ამ საერთაშორისო შეფასებებში იმისათვის, რომ ვნახოთ, სად ვართ - 3 წლის შემდეგ განვვითარდით, თუ ჩამოვრჩით. სასკოლო ციკლის დასასრულს ცენტრალიზებული გამოცდების მოხსნას აკომპენსირებს ის, რომ შეფასებებს ჩვენ სკოლის დონეზე ჩამოვიტანთ და სკოლაში 12 წლის მანძილზე შევამოწმებთ მოსწავლეების ცოდნას, ანუ ჩავატარებთ შეფასებას დაწყებითი და საბაზო საფეხურის ბოლოს. ისე არ იქნება, რომ ხელი ავიღოთ სასწავლო პროცესში მოსწავლის მიღწევების შეფასებაზე. ვეცდებით, ისე ჩავატაროთ ეს შეფასებები, რომ სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესების საშუალება მოგვცეს. საფეხურის ბოლოს შეფასება ინფორმაციას მისცემს მასწავლებელს, მშობელს, დირექტორს - კარგად გაიაზროს, სად არის პრობლემა და როგორ შეიძლება ეს გამოსწორდეს. ვფიქრობთ, მოსწავლეები ამ გამოცდის შედეგად კი არ უნდა ჩავჭრათ, არამედ განვითარების გზა დავანახოთ.

 

- ანუ მე-6 და მე-10 კლასებში ჩატარებული გამოცდა მოსწავლეებს რამდენიმე წლის განმავლობაში არ ჩაჭრის?

 

- დიახ, ასე ვფიქრობთ. დაწყებით საფეხურზე წარმოუდგენელია, რომ ამ გამოცდას განმსაზღვრელი დატვირთვა ჰქონდეს. ამ ეტაპზე ვფიქრობთ, ეს შეფასება დიაგნოსტიკური ხასიათის უნდა იყოს მე-10 კლასშიც. უკვე ვმუშაობთ, რომ მე-10, მე-6 და მე-4 კლასებში მოვამზადოთ შეფასების მექანიზმები, რასაც ჩვენი ცენტრი ცენტრალიზებულად ჩაატარებს.

 

- როდიდან დაიწყება მე-6 და მე-10 კლასებში ეს შეფასება?

 

- მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება პილოტირება. წლის ბოლომდე თუ მოხერხდება, ჩავატარებთ ტესტური დავალებების აპრობირებას, თუ არა და, მომავალი წლისთვის გადავიტანთ ისე, რომ შემდეგ წელს მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩავატაროთ ასეთი შეფასება. წელს, მე-10 კლასის ბოლოს, ეს გამოცდა ვერ ჩატარდება, ამისთვის მზად ჯერ არ ვართ.

 

- როდესაც საუბრობდით საერთაშორისო კვლევებზე, აღნიშნეთ, რომ ამ კვლევების მიხედვით საქართველოს არ აქვს კარგი შედეგები და სურათი არ იცვლება. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ განათლების სამინისტრომ გარკვეული მორატორიუმი გამოაცხადოს რეფორმის პირველი ტალღის დასრულებამდე და არ მიიღოს საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა?

 

- მორატორიუმზე საუბარი ამ ეტაპზე არ ყოფილა. საერთაშორისო კვლევებში მონაწილეობა, მართალია, ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ აუცილებელია, რომ ვნახოთ დინამიკა - რა ხდება ჩვენს ქვეყანაში. 3-4 წელიწადში ერთხელ ტარდება საერთაშორისო საგანმანათლებლო კვლევები და ვფიქრობ, თუ ამ კვლევებში მონაწილეობას გავაგრძელებთ, კარგი იქნება. ეს ასეც არის დაგეგმილი.

 

- რა რეკომენდაციები გაქვთ განათლების სამინისტროს მიმართ ამ შედეგების გასაუმჯობესებლად?

 

- წლების განმავლობაში ამ ცენტრში საკმაოდ კარგად და კომპეტენტურად მზადდებოდა კვლევის ანგარიშები, არაერთი რეკომენდაციაა ამ ანგარიშებში მოცემული, მაგრამ, სამწუხაროდ, ეს რეკომენდაციები არ სრულდებოდა, არ ხდებოდა ინტერვენციების დაგეგმვა. მნიშვნელოვანია, ჩვენ უფრო აქტიურები გავხდეთ. მუდმივად კონტაქტში უნდა ვიყოთ და მუდმივად შევახსენოთ დაინტერესებულ მხარეებს: ასეთი შედეგი რომ გვაქვს, რას ვაკეთებთ? შექმნილია უწყებათაშორისი კომისია და ასეთი საკითხების განხილვა მაქსიმალურად მალე მოხდება.

 

- თქვენი წინამორბედი მაია მიმინოშვილი „ინტერპრესნიუსისთვის“ მიცემულ ინტერვიუში აღნიშნავდა, რომ საქართველოში არასდროს ჩატარებულა მოსწავლეთა მიღწევების შეფასება, რაც მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ჩატარდეს. აპირებთ თუ არა მსგავსი კვლევის ჩატარებას?

 

- ის ტესტირება, რომელსაც მე-6 და მე-10 კლასებში ვაპირებთ, სწორედ მოსწავლეთა მიღწევებს შეაფასებს. ეროვნულ გამოცდაზე აბიტურიენტებს ვამოწმებთ არა სტანდარტის ათვისების თვალსაზრისით, არამედ ერთმანეთს ვადარებთ. შესაძლებელია, მომავალში დაიგეგმოს მოსწავლის შეფასება სტანდარტთან მიმართებაში. ეს კარგია იმიტომ, რომ დღეს უნივერსიტეტების ნაწილი ამბობს, რომ მათთან მისულ სტუდენტს, რომელსაც საგრანტო დაფინანსება აქვს მოპოვებული, არა აქვს შესაბამისი ცოდნა და უნარები. საქმე ის არის, რომ აბიტურიენტებს ვადარებთ ერთმანეთს და საუკეთესოებს ვარჩევთ, მაგრამ ასეთ შემთხვევაში არ ფასდება, რამდენად დაძლიეს მათ საგანმანათლებლო სტანდარტები. ამგვარი შეფასება უკვე სრულიად სხვა ტიპის ტესტების მომზადებას გულისხმობს. უნივერსიტეტს ზუსტად ეცოდინება, კონკრეტულ ბავშვს რომ იღებს, მისი ცოდნა და უნარი რამდენად შეესაბამება დადგენილ სტანდარტს. როგორც უკვე მოგახსენეთ, ამას სხვა ტიპის ტესტებს მომზადება სჭირდება და შესაძლებელია მომავალში ამაზეც ვიფიქროთ. მაგრამ ეს არ არის ერთი და ორი წლის საქმე. ძალიან სწრაფად ეს ვერ მოხერხდება.

 

- შესაძლოა, ეს 2024 წლიდან განხორციელდეს?

 

- შესაძლებელია, არ გამოვრიცხავ.

 

- რაც შეეხება არსებულ ტესტებს. განათლების ექსპერტების ნაწილი ფიქრობს, რომ მაგალითად, ზოგადი უნარების ტესტში ბევრი გაუგებრობა იყო. ასეთი მოსაზრება აქვს მაგალითად, თამარ ჯაყელს. კონკრეტულად გეგმავთ თუ არა რაიმე სახის ცვლილებას ტესტებში? ხომ არ აპირებთ საკითხების გართულებას ან გაიოლებას?

 

- არა მარტო ზოგადი უნარების ტესტის, არამედ სხვა ტესტების შესახებაც გვესმის მსგავსი კრიტიკა. ერთი რამ უნდა განვაცხადო: ის, რომ ზოგადი უნარების გამოცდა არასავალდებულო გამოცდების ნუსხაში გადადის, სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ შინაარსობრივად ტესტი გაუმართავია. ზოგადი უნარების ტესტი წლების მანძილზე მზადდებოდა მაღალი დონის სპეციალისტების მიერ. თუ რომელიმე ექსპერტს აქვს შენიშვნები, ჩამოაყალიბონ, დაგვისაბუთონ და მოგვწერონ, ჩვენ შევეცდებით ეს შენიშვნები ან გავითვალისწინოთ და დავხვეწოთ ტესტი, ან თუ რაიმე გაუგებრობაა, ავუხსნათ. მომავალშიც გავაგრძელებთ ამ ტესტებზე მუშაობას და მათ დახვეწას. ვერ ვიტყვი, რომ არ გაუმჯობესდება და არ დაიხვეწება ტესტები იმ კვლევის საფუძველზე, რომელსაც ყოველწლიურად, გამოცდების ჩატარების შემდეგ, ვაკეთებთ. ტესტების შინაარსისა და ფორმის რადიკალურ ცვლილებაზე საუბარი არ არის. ერთი, რაც შეიძლება ვთქვათ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს ორიენტაცია აღებული აქვს იმაზე, რომ ნებისმიერ საგანში შეფასდეს აბიტურიენტის მაღალი სააზროვნო უნარები და არა მხოლოდ ფაქტობრივი ცოდნა. წელსაც გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა.

 

- მინდა გკითხოთ ინტეგრირებულ გამოცდასთან დაკავშირებით. მაია მიმინოშვილის ხელმძღვანელობის დროს ცენტრი მუშაობდა სპეციალურ ვიდეოდავალებებზე. მოსწავლეს უნდა ენახა ვიდეო და დავალებისთვის აქედან გამომდინარე ეპასუხა. აპირებთ თუ არა ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას და როდის შეიძლება დაემატოს ვიდეოდავალებები ტესტებს?

 

- ცენტრში ნამდვილად იყო დაწყებული მუშაობა გამოცდების სრულად ელექტრონულ ფორმატზე გადასვლის მიმართულებით და ვფიქრობთ, ეს არის მომავალი ამოცანები. მთელი მსოფლიო აქეთ მიდის და ჩვენც უნდა ვცადოთ, რომ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს ვუპასუხოთ. თუმცა, ამას სჭირდება ბევრი მოსამზადებელი სამუშაო და მნიშვნელოვანია მოსწავლეების მზაობაც. ეს რომ წელსვე გავაკეთოთ, ბევრი მოსწავლე ამისთვის მზად არ იქნება. ამ მიმართულებით ვმუშაობთ და შესაძლოა, ჩავატაროთ მცირე ჯგუფთან პილოტირება ამ ტიპის შეფასების მოსამზადებლად წელს, თუმცა ზუსტად ვერ გეტყვით, როდის ჩავატარებთ ფართომასშტაბიან გამოცდას. მთლიანად ელექტრონული სისტემით პილოტირებას ვგეგმავთ უნარების ტესტისათვის. აქ უფრო ადვილია, რადგან ყველა დავალება შემოსახაზია და იქ ჩასაწერი არაფერია. ამიტომ ვაპირებთ ამ მეთოდის გამოცდას და შედეგების საფუძველზე მუშაობის გაგრძელებას. ამ ეტაპზე გამოცდები ჩატარდება ისე, როგორც აქამდე, მაგრამ, როგორც გითხარით, ვმუშაობთ ელექტრონულ ფორმატზეც.

 

- უნარების გამოცდა იყო გარკვეულწილად დაფინანსების განმსაზღვრელი. მაშინ, როდესაც უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება, როგორ გადაწყდება გრანტის საკითხი?

 

- შემოთავაზებული მოდელი განხილვის პროცესშია. მას შემდეგ, რაც იქნება მიღებული გადაწყვეტილება გრანტის განაწილების წესიც დაზუსტდება. ამ ეტაპზე მსჯელობა მიმდინარეობს.

 

- თუ უნივერსიტეტების უმრავლესობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ მეოთხე სავალდებულო გამოცდად უნარები აღარ დაამატოს, შეიძლება მიიღოთ გადაწყვეტილება, რომ უნარების გამოცდა საერთოდ გააუქმოთ?

 

- არა მგონია, ასე მოხდეს. რაც შეეხება მოტივაციას, რომელიც შეიძლება აბიტურიენტს მეოთხე გამოცდის ჩასაბარებლად აღარ ჰქონდეს: ერთ-ერთი გამოსავალი ისიც შეიძლება იყოს, რომ გრანტირების წესი ისე განისაზღვროს, რომ აბიტურიენტმა არ დაკარგოს მოტივაცია, ჩააბაროს სამზე მეტი საგანი, თუ ეს უნივერსიტეტის მიერ არის მოთხოვნილი.

 

- როდის შეიძლება, მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღოთ?

 

- ვფიქრობ, მაქსიმუმ 2 თვე მაინც დასჭირდება, თუმცა, ვცდილობთ, გადაწყვეტილება სწრაფად იქნეს მიღებული.

 

- გრანტის მოპოვების წესიც შეიცვალა. განმარტეთ, რას ეხება ცვლილება.

 

- აბიტურიენტს ახლა შეუძლია, ოთხი გამოცდის გარდა, ჩააბაროს რამდენი გამოცდაც უნდა განუსაზღვრელად. მაგალითად, ჩავაბარე 4 გამოცდა, ვცადე კიდევ 2-ის ჩაბარება და ჩავიჭერი რომელიმე არჩევით საგანში, ავად გავხდი ან ვერ მივედი გამოცდაზე. ამ შემთხვევაში მე გრანტის მიღების შანსს ვკარგავდი. ახალი მიდგომით, ახლა ამ შესაძლებლობას არ ვკარგავ თუ სხვა გამოცდებში დადებითი შედეგი მაქვს. წელს ეს არის ერთადერთი ცვლილება, რაც კანონმდებლობის დონეზე დარეგულირდება.

 

- რადგან წელს უკვე გაუქმებულია გამოსაშვები გამოცდები, ხომ არ იგეგმება ეროვნული გამოცდების გადმოწევა?

 

- ერთიანი ეროვნული გამოცდების თარიღების გადმოწევა არ იგეგმება. მისაღები გამოცდები იმავე პერიოდში ჩატარდება, როგორც ტარდებოდა - ივლისის დასაწყისიდან თვის ბოლომდე.

 

- რაც შეეხება საგამოცდო ცენტრებისა და ქალაქების რაოდენობას, სადაც გამოცდები უნდა ჩატარდეს. ხომ არ იგეგმება ცვლილება?

 

- საგამოცდო ცენტრები შესაძლოა, დავამატოთ. ვითვალისწინებთ იმას, რომ ატესტატი მეტ ბავშვს ექნება, ამიტომ ვფიქრობ, გაიზრდება იმ აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებსაც ეროვნული გამოცდების ჩაბარების შანსი ექნებათ. შესაძლოა, დავამატოთ 2 ან მეტი ცენტრი, ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენი აბიტურიენტი დარეგისტრირდება. რაც შეეხება ქალაქებს, სადაც გამოცდები უნდა ჩავატაროთ, მათი რაოდენობის შემცირება ან გაზრდა ბევრ რამესთან არის დაკავშირებული, ამიტომ რაიმე ცვლილების განხორციელება თუ დაიგეგმება უახლოეს მომავალში გაცნობებთ.

 

- ცოტა ხნის წინ განათლების მინისტრის მოადგილემ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ 2023-24 წლიდან შესაძლოა, გაუქმდეს ეროვნული გამოცდები და ჩატარდეს ერთი კომბინირებული გამოცდა. დაწყებულია თუ არა ამ მიმართულებით მუშაობა და რას გულისხმობს კომბინირებული გამოცდა?

 

-ამ ეტაპზე შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში მსჯელობა, რომ 2024 წელს იყოს მხოლოდ ერთი გამოცდა, არ მიმდინარეობს. შესაძლებელია, გარკვეული მოსაზრებები არსებობდეს ისევე, როგორც შესაძლებელია იყოს ერთი ტიპის გამოცდა და არა ერთი გამოცდა. ვერ დავადასტურებ, რომ განვიხილავთ მხოლოდ ერთი გამოცდის ჩატარებას 2024 წლიდან.

 

- რაც შეეხება მასწავლებელთა შეფასების ახალ სისტემას. განათლების სამინისტროს ინიციატივით, შემუშავდება და დამტკიცდება მასწავლებელთა სერტიფიცირების ახალი მოდელი და სახელფასო პოლიტიკა. მასწავლებლებთან დაკავშირებული სიახლეები გულისხმობს ასევე საგაკვეთილო პროცესში დაკვირვებასა და გამოცდებსაც. რა ტიპის გამოცდა შეიძლება ჩაუტარდეთ მასწავლებლებს?

 

- ამაზე მუშაობს მასწავლებლის სახლი და ისინი ასევე გადიან ჩვენთან გარკვეულ კონსულტაციებს. ვერ გეტყვით, რომ საბოლოო ფორმატზე უკვე ვმუშაობთ გამოცდების მოსამზადებლად. ჩემი მოსაზრება თუ გაინტერესებთ, ეს უნდა იყოს კომპლექსური შეფასება იმ მიზნით, რომ მასწავლებელი ერთი საფეხურიდან მეორეზე უმტკივნეულოდ და სწრაფად გადავიდეს. ეს არ უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთ ტესტს და კომპლექსურად უნდა იყოს შეფასებული მასწავლებლის საქმიანობა.

 

- შეჯამებისას მინდა გკითხოთ თქვენს ხედვებთან დაკავშირებით, რას მიიჩნევთ, რა არის აუცილებლად გასაკეთებელი, რაც რეფორმის ამ ტალღაში ვერ მოხვდა და ზოგადად, გეგმავთ თუ არა შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციას?

 

- ერთი რამ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია: უნდა დავეხმაროთ მასწავლებლებსა და სკოლებს, თავად ისწავლონ - როგორ გააკეთონ და დამოუკიდებლად ჩაატარონ განმავითარებელი და დიაგნოსტიკური შეფასებები. კარგი ტესტების მომზადება არ არის მარტივი. მინდა ჩვენი ცენტრი დაეხმაროს მასწავლებლებს. ჩვენს როლს სწორედ აქ ვხედავ: ცენტრში გვყავს ბევრი მაღალი დონის პროფესიონალი, რომლებმაც ტესტების შედგენა ძალიან კარგად იციან. მართალია, ჩავატარებთ ცენტრალიზებულ ტესტირებებს მე-6 და მე-10 კლასების ბოლოს, მაგრამ ამას ყველა კლასში ვერ გავაკეთებთ. მასწავლებელმა თვითონაც უნდა იცოდეს, როგორ შექმნას შესაფასებელი ტესტები თავის საგანში. რაც შეეხება რეორგანიზაციას, განსაკუთრებული რეორგანიზაცია არ იგეგმება. ვაკეთებთ შიდა შეფასებას, უკეთესი მენეჯმენტი რომ გვქონდეს და უკეთ ვიმუშავოთ. გვინდა გადავერთოთ ეფექტურ მმართველობით სისტემაზე, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცენტრიდან წავლენ თანამშრომლები და სხვები მოვლენ.

 

- როდესაც ხელმძღვანელი პირი იცვლება, ზოგიერთ შემთხვევაში ორგანიზაციას აფასებს აუდიტი. თქვენ ხედავთ თუ არა აუდიტის შემოყვანის საჭიროებას ცენტრში და ხომ არ ამოწმებს ცენტრის რომელიმე პროგრამას სახელმწიფო აუდიტის სამსახური?

 

- ჩვენ აუდიტი არ შემოგვიყვანია, ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე ამის საჭიროება არ იყო. სახელმწიფო აუდიტის სამსახური არც ერთ ჩვენს პროგრამას ამ ეტაპზე არ ამოწმებს.

 

 

თამთა კაკაურიძე

 

 

 

 

წყარო : wyaro
big_banner
არქივი